სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10808

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
იოსავა ლავრენტი მღვდელი სოფ. ბია, ხობი დაატიმრეს 1924წ. იოსავა ლავრენტი მღვდელი სოფ. ბია, ხობი დაატიმრეს 1924წ.
ბმულის კოპირება



გვარი იოსავა სია

ხობი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

204       ბეჭდვა

იოსავა ლავრენტი მღვდელი სოფ. ბია, ხობი დაატიმრეს 1924წ.

ანზორ სიჭინავა, გოგიტა ჩიტაია 


ივანე იოსავა


ხობის მუნიციპალიტეტის 

მერია და საკრებულო

ხობი-თბილისი 2022


წიგნში მოთხრობილია საქართველოში შემოჭრილი საბჭოთა რუსეთის საოკუპაციო ჯართან ბრძოლაში

1921 წლის 24 თებერვალს გმირულად დაღუპული ქართველი ოფიცრის, ივანე იოსავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

This book tells the story of the life and work of Ivane Iosava who died as a hero during the battle with the

occupation army of the Soviet Russia on February 24, 1921


რედაქტორი ია ღადუა

ფილოლოგიის დოქტორი 

 

რეცენზენტი რევაზ პაპუაშვილი

ისტორიის აკადემიური დოქტორი 

 

© ანზორ სიჭინავა, 2022

© გოგიტა ჩიტაია, 2022

გამომცემლობა ,,საარი''

ISBN 978-9941-493-82-9


ეძღვნებათ სამშობლოსთვის დაღუპულთ


 ივანე ლოლი ლავრენტის ძე იოსავა

,,რამდენმა ქართველმა დალია სული ბრძოლის ველზე, რამდენი ჯანით სავსე ადამიანი მოწყდა სამშობლო ცას და შთაინთქა ბრძოლის უფსკრულში, მაგრამ საერთო უბედურებას აორკეცებს ისიც, რომ ზოგჯერ დაუნდობელი ტყვია არ ზოგავს ხალხის მოამაგესაც, სპეტაკი ზნეობისა და მაღალი იდეალის ადამიანსაც''.

გვ3

ამ სტრიქონების ავტორი ივანე (ლოლი) იოსავაა. 1915 წელს ასე დაემშვიდობა ის ომში დაღუპულ გიორგი ხერხეულიძეს. ექვსი წლის შემდეგ ასეთივე სიტყვებით გამოეთხოვნენ სამშობლოსათვის თავშეწირულ ივანე იოსავას მისივე მეგობრები და თანამებრძოლები. 1921 წლის 24 თებერვალს ის, საქართველოში შემოჭრილ საბჭოთა რუსეთის წითელ არმიასთან კოჯრის მიდამოებში ბრძოლებისას, გმირულად დაიღუპა. კომუნისტურმა ხელისუფლებამ ათწლეულების განმავლობაში სამშობლოს დაცვისას დაღუპული გმირების სახელების ხსენებაც კი აკრძალა.

საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ,,ხალხის მტრების'', მივიწყებული გმირების  არაერთი სახელი ,,გაცოცხლდა''. ერთ-ერთი ასეთ გმირის, სამშობლოსთვის დაღუპული 28 წლის ივანე იოსავას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს წინამდებარე წიგნი. იოანე (ივანე, ლოლი) ლავრენტის ძე იოსავა დაიბადა ზუგდიდის მაზრის სოფელ ბიაში (ამჟამად _ ხობის მუნიციპალიტეტი)  1893 წლის 24 ოქტომბერს. 


გვ4

იოსავები ისტორიულ ,,სახობოში'' (ხობის მონასტრის კუთვნილი ტერიტორია) შემავალ უძველეს სოფელ ბიაში ცხოვრობდნენ. აქ მათი სალოცავი იყო ბიის მთავარანგელოზთა ეკლესია.

ბია მთაგორიანი, ლამაზი სოფელია. მას დასავლეთით მდინარე ხობისწყალი ჩამოუდის. სოფლის ყველაზე მაღალ ბორცვზე, რომელსაც ,,ოხვამეფერდს“ (სალოცავის, ეკლესიის ფერდობი) უწოდებენ, წმ. მთავარანგელოზთა სახელობის ქვის ეკლესია დგას.

,,ოხვამეფერდის“ სამხრეთით ცივი, ანკარა წყარო ,,ღარღულა“ მიედინება.

1826 წლის აღწერის მიხედვით, ,,სამთავრო სოფელს ბიას, სდგას საყდარი ქვისა, მთავარანგელოზთა, მაღალს და მშვენიერს გორაზე...“ ამ ტაძრის მღვდელია სტეფანე ცხადაია,  დიაკონი _შიო იოსავა, რომელიც აღზრდილა ხოფის მონასტერის არქიმანდრიტისაგან...ბიაში საუკუნეების განმავლობაში, აგვისტოში, მარიამობის სწორს, დღესასწაულობდნენ ,,მალანურობას'', რომელიც  არაერთ მკვლევარს და მოგზაურს აქვს აღწერილი.

,,მალანურობაზე“ უამრავი სტუმარი და მასპინძელი იკრიბებოდა. იოსავა//იასავა ერთ-ერთი უძველესი ქართული გვარია. ის წარმოშობილია პირსახელისგან ,,იოსე“//,,იოსა“//,,იასე“.

პროფესორ პაატა ცხადაიას მიერ გამოქვეყნებული მასალების მიხედვით, ,,იოსა“ ,,იოსებ“-ის (ან ,,იოსაფ“-ის) შემოკლებული ვარიანტია.

იოსავების გვარის წარმოშობაზე შემორჩენილია თქმულებები.

ბიელი იოსავების მონათხრობის მიხედვით, ისინი რაჭიდან სამეგრელოში ჩასული იაშვილის შთამომავლები არიან. ჩხოროწყუს მუზეუმის ერთ-ერთ დამფუძნებელ გრიგოლ ვლადიმერის ძე შენგელიას (დედამისი ანა მღვდელ პროხორე შიოს ძე იოსავას შვილი იყო) მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, 

იოსავების წინაპრები რაჭიდან ჩამოსული იასანიძეები იყვნენ.

სულიკო ლომჯარიას მიერ გამოცემული წიგნის მიხედვით, გურული, ჭანიეთელი ლომჯარიებიც თავიანთ წინაპრებად იასანიძეებს მიიჩნევენ.

გვ5

იოსავები უძველესი დროიდან საეკლესიო გლეხები, ხობის ღვთისმშობლის მიძინების მონასტრის ყმები იყვნენ.

ხოფის საყდრის თეთრის გამოსაღების დაახლოებით 1550 წელს შედგენილი ნუსხის მიხედვით, დარჩინა და მოგელი იასავებს ემართათ ხოფის ღვთისმშობლის ხატის ბეგარა, თითოეულს-25-25 თეთრი.

1682 წელს წინამძღვარმა ზებედემ მამაძინი იასავა შესწირა ხოფის საყდარს.

აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათოლიკოს ბესარიონის მიერ 1755-1766 წლებს შორის პერიოდში გაჭირდია ხურციასთვის ბოძებული წყალობის წიგნის მიხედვით, საკათალიკოსოს მეღვინეა შაქარ იასავა.

XVIII ს. დამლევს სამეგრელოს მთავარ გრიგოლ დადიანისა და დედოფალ ნინას მიერ ხოფის ღვთისმშობლის ეკლესიისთვის გაჭირდია ხურციას შეწირულობის სიგელის მოწმეთა შორისაა ხელოსანი (მოხელე) კიტინა იასავა.

ხოფის მონასტრის არქიმანდრიტ გრიგოლის (მიქელაძე) მიერ სამეგრელოს მთავარ ლევან დადიანისა და დედოფალ მართას შემწეობით ამ ტაძრის ყმების და მამულების შეკრების 1811 წლის სიგელში ჩაწერილნი არიან უკულია, სვიმონიკა და ჯოღორია იოსავები.

ხოფის მონასტრის არქიმანდრიტ გრიგოლის (მიქელაძე) მიერ საეკლესიო ყმების, ხოსიკა და გელა ხურციებისთვის 1832  წლის 15 აპრილს ბოძებულ წყალობის წიგნის მოწმეთა შორის არიან ხელოსნები: ბოშინა და ბერუკა იოსავები. სიგელი მოწმე მთავარდიაკონ შიო იოსავას დაუწერია.

ხობის მონასტრის ყმებისა და გადასახადების 1857 წლის დავთარში ჩაწერილია ხობსა და ბიაში მცხოვრები 35 კომლი იოსავა, მათ შორის _ ივანე იოსავას წინაპარი ლომიკია ჩუჩუნის ძე იოსავა. მას მონასტრის სასარგებლოდ მართებდა გადაეხადა: ერთი ღორი ან 1 მანეთი და 20 კაპიკი; ექვსი ბათმანი ღომი ან 1 მანეთი და 20 კაპიკი; ხუთი კოკა ღვინო ან 2 მანეთი; ოცდათორმეტი დრამი ძაფი ან 50 კაპიკი; საბოჭი ოთხი ქათამი ან 40 კაპიკი; საპურობო ნახევარი ბათმანი პური ან 10 კაპიკი; ერთი ქათამი ან 10 კაპიკი; სულ _ 5 მანეთი და 50 კაპიკი.

გვ6

ივანე (ლოლი) იოსავას წინაპრები მღვდლები იყვნენ.

ბაბუა, მღვდელი იოანე ლომინის ძე იოსავა ბიის წმინდა მთავარანგელოზთა ეკლესიაში 1845 წლიდან მსახურობდა. 1845 წლის აღწერის მიხედვით, ბიის მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელია შიო ვასილის ძე იოსავა _ 41 წლისა; აქვე დიაკვანია იოანე ლომინის ძე იოსავა _ 28 წლისა, რომელსაც ქართულ ენაზე წერა-კითხვა და საეკლესიო წიგნი უსწავლია ხობის მონასტერში. 1845 წელს ის დიაკვნად აკურთხა სამეგრელოს ეპისკოპოსმა ანტონმა (დადიანი). ამ დროს ბიის ეკლესიის მრევლი იყო 51 კომლი, 340 კაცი, 229 ქალი.

სამეგრელოს ეპარქიის ბიას წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერების მიხედვით მღვდელ იოანე ლომინის ძე 

იოსავას და მის მეუღლეს ელისაბედ ქაქუჩიას ასულ სიჭინავას, 1846 წელს შეეძინათ ბარბარე, 1854 წელს _ ტატიანა, 1858 წელს _ მატრონა, 1862 წელს _ ეპიფანე, 1864 წელს _ ივლიანე, 1868 წელს _ მელანია, 1861 წლის 15 იანვარს _ ლავრენტი. 

ლავრენტი იოსავას ნათლობის საიდუმლო აღასრულა ბიის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელმა შიო იოსავამ, მედავითნე ალექსი სიჭინავასთან ერთად.

ახალდაბადებულის მიმრქმელი იყო თავადი გიგო დავითის ძე წულუკიძე, ნათლობის მოწმე _ დათა გიორგის ძე წულუკიძე.

1862 წლის 15 თებერვალს შავარდენ ლომინის ძე იოსავას შეეძინა თადეოზი, 1864 წელს _ ფილიპე, 1865 წელს _ ოქროპირი, 1869 წელს _ ნინო. 

ნათლობის მოწმე ყოფილა იორდანე ლომინის ძე იოსავა.

იოანე ლომინის ძე იოსავას ჰყოლია ძმები: შავარდენი და იორდანე.

ლავრენტი იოანეს ძე იოსავას ჰყოლია ძმები: ეპიფანე და ივლიანე, დები: ბარბარე, ტატიანა, მატრონა და მელანია; ბიძაშვილები: თადეოზ, ფილიპე, ოქროპირ და ნინო იოსავები.

ლავრენტის ბაბუა, 80 წლის ლომინ (ლომიკია) ჩუჩუნის ძე იოსავა, 1867 წლის 30 იანვარს გარდაცვლილა; წესი აუგიათ: 

ეპისკოპოს გერმანეს, მღვდლებს შიო იოსავას, ანტონ სასანიას, მთავარდიაკონ მაქსიმე სიჭინავას და მედავითნე ალექსი სიჭინავას.

გვ7

იოანე იოსავა 1852 წლიდან 1882 წლამდე ბიის წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელი იყო. ის 1882 წლის 27 დეკემბერს, 65 წლისა, გარდაცვლილა; მას აღსარება ათქმევინა მღვდელმა ოქროპირ ძიძავამ, წესი აუგო ხობის მონასტრის არქიმანდრიტმა ბენიამინმა მონასტრის კრებულითურთ; დაასაფლავეს ,,ამავე ბიის ეკლესიისა შინა“.

მეტრიკულ წიგნში ამ ჩანაწერს ხელს აწერენ მღვდელი შიო იოსავა და მედავითნე ალექსი სიჭინავა.

ბიას მთავარანგელოზთა ეკლესიის მეტრიკული ჩანაწერების მიხედვით, 1891 წლის 8 სექტემბერს ამ ტაძარში ჯვარი დაიწერეს 30 წლის მედავითნე ლავრენტი იოანეს ძე იოსავამ და სამურზაყანოელი აზნაურის პეპუ ზუხბაიას ასულმა 23 წლის ქრისტინემ. ქორწინების საიდუმლო აღასრულეს მღვდელმა ნესტორ სასანიამ მედავითნე ალექსი ჭიჭინაძესთან (სიჭინავა) ერთად. თავმდებნი იყვნენ: ფილიპე ივანეს ძე და ივანე იესეს ძე შონიები, აზნაური ესაია იუტიას ძე ლოლუა და ყარამან ბაკოჩიას ძე ჩხეტია.

1893 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა მღვდელ იოანე იოსავას მეუღლე, პენსიონერი ელისაბედ სიჭინავა, 67 წლისა, მოხუცებულობის გამო. 27 იანვარს მას ანდერძი აუგო მღვდელმა ოქროპირ ძიძავამ.

1893 წლის 24 ოქტომბერს მედავითნე ლავრენტი იოანეს ძე იოსავას და ქრისტინე პეპუს ასულ ზუხბაიას შეეძინათ პირმშო იოანე (ივანე), რომელსაც შინაურები ლოლის ეძახდნენ. მას ხუთი და-


გვ 8

ძმა ჰყავდა: მარიამი, აგრაფინა (ათანასია), ნინო, ალექსანდრა (საშა, ქსენია), ნიკოლოზი (ხუტა).

გურია-სამეგრელოს ეპარქიის მესამე ხორშის წმ. გიორგის და ზედმიწერილი ციზეთის წმ. გიორგის ეკლესიების 1900 წლის საკრებულო უწყებების მიხედვით, აქ მღვდელია ხარიტონ ოქროპირის ძე ძიძავა _ 44 წლისა; დიაკვანია ლავრენტი იოანეს ძე იოსავა, მღვდლის შვილი, რომელსაც უსწავლია სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში, საღვთისმეტყველო წიგნები კი _ხობის მონასტერში.

1880 წლის 5 სექტემბერს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე) ლავრენტი იოსავა მედავითნედ გაამწესა პირველი ქვალონის წმ. გიორგის ეკლესიაში.

1884 წელს ლავრენტი იოსავამ ბიის მთავარანგელოზთა ეკლესიას შესწირა 25 მანეთად ღირებული შანდალი.

1888 წლის 15 თებერვალს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მედავითნე ლავრენტი იოსავა გადაიყვანა ბიის მთავარანგელოზთა ეკლესიაში, 1890 წლის 14 ივნისს კი _ ხორშის წმ. გიორგის ტაძარში.

1894 წლის 23 ივნისს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მედავითნე ლავრენტი იოსავა ხორშის წმ. გიორგის ეკლესიაში 

დიაკვნად აკურთხა.

1900 წლისთვის დიაკვან ლავრენტი იოსავას ჰყავს ცოლი, ქრისტინე პეპუს ასული _ 32 წლისა, შვილები: იოანე 7 წლისა, ათანასია (აგრაფინა) _ 3 წლისა; ორივე შვილი მშობლებთან ცხოვრობდა.


გვ9

ლავრენტი იოსავა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე მესამის სახელზე დაჯილდოებული ყოფილა ვერცხლის სამკერდე მედლით, ვლადიმერის ლენტით.

1900 წლის 12 იანვარს დიაკვანი ლავრენტი იოსავა დაინიშნა ხორშის წმ. გიორგის ეკლესიასთან არსებული საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებლად.

ქუთაისის საისტორიო არქივში დაცულია ქუთაისის გიმნაზიის მოსწავლე ივანე ლავრენტის ძე იოსავას პირადი საქმე. ამ მასალის მიხედვით, ის დაიბადა 1893 წლის 24 ნოემბერს, არის დიაკვნის შვილი. იგი 1902 წლის პირველ სექტემბერს შევიდა ქუთაისის გიმნაზიის უმცროსთა მოსამზადებელ კლასში.

მცირეწლოვან ივანეს ქუთაისში მზრუნველობდა და მეთვალყურეობდა ვერა ნიკოლოზის ასული სიჭინავა, ცნობილი პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის, სპირიდონ ბესარიონის ძე ჯორჯიკიას მეუღლე.

ივანეს მამა, ლავრენტი იოსავა და ვერა სიჭინავა ბიძაშვილ-მამიდაშვილები იყვნენ. სპირიდონ ჯორჯიკია და ვერა სიჭინავა პედაგოგიურ საქმიანობასთან ერთად ნაყოფიერ საზოგადოებრივ მოღვაწეობას ეწეოდნენ. ისინი მშობლიურ სოფელზეც ზრუნავდნენ.

1901 წლის 18 სექტემბერს გაზეთში ,,ივერია“ პედაგოგის, მწერლის ჯაჯუ ჯორჯიკიას მიერ გამოქვეყნებული წერილის მიხედვით, ზუგდიდის მაზრის სოფელ ნოჯიხევში ,,3 სექტემბერს საქალებო ერთკლასიანი სასწავლებელი აკურთხეს, რომელიც ქუთაისის ,,ზავედენიის“ (დაწესებულება) მასწავლებლის ბ-ნის სპირიდონ ბ. ჯორჯიკიას და მისი მეუღლის ვერა ნიკოლოზის ასულის მეცადინეობით იქნა გახსნილი. სკოლა ჯერ-ჯერობით კერძო სახლშია მოთავსებული და მასწავლებლად მოწვეულია ქ-ნი ეკატერინე სიჭინავა, რომელიც აგერ ოთხი წელიწადია მასწავლებლობს“. 

ახალგახსნილი სკოლის ზედამხედველია ხოპის მონასტრის არქიმანდრიტი მამა სიმეონი (აფაქიძე).

1902 წლის 2 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში მცხოვრები ვერა ნიკოლოზის ასული ჯორჯიკია გიმნაზიის დირექტორს სთხოვს ქუთაისის რეალური სასწავლებლიდან მიღებული მოწმობის 

გვ10

საფუძველზე, მისდამი დაქვემდებარებული სასწავლებლის უმცროსთა მოსამზადებელ კლასში მიიღოს მთხოვნელის ნათესავი 9 წლის ივანე იოსავა.

მოწმობის მიხედვით მცირეწლოვან ივანე იოსავას ქუთაისის რეალური სასწავლებლის მოსამზადებელი კლასის უმცროსთა განყოფილებაში დამაკმაყოფილებლად ჩაუბარებია გამოცდები არითმეტიკასა და რუსულ ენაში. მას უსარგებლია სკოლის ბიბლიოთეკის წიგნებით.

1902 წლის 11 სექტემბერს ვერა ჯორჯიკიამ ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვით, ის ვალდებულია მოსწავლეს შეუქმნას სწავლისთვის საჭირო პირობები, დროულად გადაიხადოს სწავლის გადასახადი; თვალყური ადევნოს მოწაფეს, რომ საეკლესიო დღესასწაულებისას ის დაესწროს მღვდელმსახურებას; ეცვას ფორმის სამოსი, ნებადაურთველად არსად წავიდეს, მეფესთან, ან სამეფო ოჯახის წევრებთან შეხვედრისას შეჩერდეს, მოიხადოს ქუდი; განათლების სამინისტროს, კავკასიის სასწავლო ოლქის ხელმძღვანელებთან, მზრუნველებთან, მასწავლებლებთან, აღმზრდელებთან, გუბერნატორთან, მღვდელმთავრებთან შეხვედრისას გამოხატოს მოწიწება; საზოგადოებრივ შეკრებებზე, კონცერტებზე, ცირკში წავიდეს გიმნაზიის ხელმძღვანელებთან შეთანხმებით. ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით სასწავლებელში გამოუცხადებლობისას, საცხოვრებელი ბინის შეცვლისას, დაუყოვნებლივ აცნობოს გიმნაზიის ხელმძღვანელობას; გიმნაზიაში წასვლისას არ წაიღოს დიდი ოდენობით ფული, ძვირფასი ნივთები, არასასწავლო წიგნები; თუ ეს მოხდა, ნივთები დამრიგებელს უნდა ჩააბაროს...

მზრუნველი ვალდებულებას კისრულობდა ეს და გიმნაზიის ხელმძღვანელობის სხვა მოთხოვნები ზუსტად და დაუყოვნებლივ შეესრულებინა.

ივანე იოსავა ქუთაისის გიმნაზიის უმცროსთა მოსამზადებელ კლასში 1902-1903 და 1903-1904 სასწავლო წლებში სწავლობდა.

1903 წლის 3 მარტს სოფელ ბიაში მცხოვრებმა დიაკვანმა ლავრენტი ივანეს ძე იოსავამ თხოვნით მიმართა ქუთაისის გიმნაზიის დირექტორს: ,,ჩემი ხანგრძლივი ავადმყოფობისა და მძიმე ოჯახური პირობების გამო ვერ შევძელი ჩემი შვილის,

გვ11

უმცროსი მოსამზადებელი კლასის მოწაფის ივანე იოსავასთვის საღვთო სჯულის სწავლების ფულის გადახდა“.

განმცხადებელი ითხოვს უფლებას, ადროვონ თანხის გადახდა მარტის ბოლომდე.

ქუთაისის გიმნაზიის 1902-1903 სასწავლო წლის ანგარიშის მიხედვით, მოსწავლე ივანე იოსავას გადახდილი აქვს ამ სასწავლო წლის პირველი და მეორე ნახევრების სწავლის ქირა-25-25 მანეთი.

1904-1905 სასწავლო წელს ივანე იოსავა ქუთაისის გიმნაზიის პირველი კლასის მოსწავლეა.

1903 წლის 31 ოქტომბერს დიაკვანი ლავრენტი იოსავა გადაიყვანეს ქვემო ბიის მაცხოვრის ეკლესიაში.

რედუტ-კალეს (ყულევი) ოლქის ,,ბლაღოჩინ“ (მთავარხუცესი) სამსონ თათარიშვილის მიერ ხელმოწერილი დახასიათების მიხედვით, მან ძალიან კარგად იცის ქართულ და რუსულ ენებზე კითხვა, გალობა, კატეხიზისი, საეკლესიო წესდება, საეკლესიო დოკუმენტების შედგენა. ის არის კარგი ყოფა-ქცევისა; აქვს მამული, უძრავი ქონება და სახლი სოფელ ბიაში.დიაკვანი ლავრენტი იოსავა 1906-1911 წლებში მსახურობდა გურიაში. 1906 წლის 21 მაისს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გიორგიმ (ალადაშვილი) იგი აკურთხა მღვდლად და გაამწესა სოფელ ნიგოითის წმ. გიორგის ეკლესიაში.

1906 წლის 10 დეკემბრიდან მღვდელი ლავრენტი იოსავა ნიგოითის ორკლასიანი სასწავლებლის საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა.

ნიგოითის წმ. გიორგის ეკლესიის 1910 წლის აღწერილობის მიხედვით, მღვდელი ლავრენტი იოსავა ნიგოითის ტაძარში მსახურობს და საღვთო სჯულის მასწავლებელიცაა. ის თავის მწყემსურ მოვალეობას კარგად ასრულებს და ფრიად კარგი ყოფაქცევისაა.

1910 წლის ,,კავკასიის კალენდრის“ მონაცემების მიხედვით, ნიგოითის ეკლესიის ერთ-ერთი მღვდელია ლავრენტი ივანეს ძე იოსავა.

ზუგდიდის მაზრის პრივილეგირებულთა წოდების წარმომადგენლების 1907-1910 წლებში შედგენილ სიაში ჩაწერილია 1861 წელს დაბადებული ლავრენტი ივანეს ძე იოსავა, რომელსაც აქვს ერთი ქცევა მიწა.

გვ12

გაზეთ ,,მნათობის“ 1911 წლის 21 აგვისტოს ცნობით ნიგოითის ეკლესიის მღვდლებს, არსენ ჯორბენაძეს და ლავრენტი იოსავას შორის კონფლიქტის გამო სასულიერო გამოძიება დაუნიშნავთ. გამოძიების მასალების შედეგების საფუძველზე, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის განკარგულებით მღვდელ ჯორბენაძისათვის აუკრძალავთ ოზურგეთის მაზრაში სამსახური, მღვდელი იოსავა კი დაუჯარიმებიათ 5 მანეთითა და 40 კაპიკით.

ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის 1912-1913 სასწავლო წლის ანგარიშის მიხედვით, იმ პირთა შორის, ,,რომელთაც შეასრულეს“ ამ სასწავლებლის კურსი და მიიღეს ,,სიმწიფის მოწმობა“, არის იოანე იოსავა.

1913 წლის 23 ივნისს გაზეთში ,,იმერეთი“, გამოქვეყნებულია იმ პირთა სია, რომლებმაც ,,წელს ქუთაისის სააზნაურო ქართული გიმნაზიის კურსი შეასრულა“. მათ შორისაა ივანე იოსავა.

ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზია უმნიშვნელოვანესი ეროვნული და კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო. აქ ივანე იოსავას ასწავლიდა არაერთი ცნობილი პედაგოგი.

სასწავლებელი დაამთავრა ბევრმა გამოჩენილმა მწერალმა, მეცნიერმა, ხელოვანმა და საზოგადო მოღვაწემ; მათ შორის იყვნენ: ლევან ასათიანი, გიორგი ახვლედიანი, ალექსანდრე გაბესკირია, კონსტანტინე გამსახურდია, აკაკი ვასაძე, ვარლამ თოფურია, სერგო კლდიაშვილი, დავით ლორთქიფანიძე, დიმიტრი მჭედლიძე, ვიქტორ ნოზაძე, დიმიტრი ნორაკიძე, ბესარიონ ჟღენტი, დავით რონდელი, აკაკი ფაღავა, პეტრე ქავთარაძე, ნიკოლოზ შენგელაია, პლატონ შუშანია, დია ჩიანელი, არნოლდ ჩიქობავა, გიორგი წერეთელი, სიმონ ხუნდაძე...ქუთაისის გიმნაზიაში სწავლის წლებში ყალიბდებოდა ივანე იოსავას ეროვნული, ჰუმანისტური, სოციალური და პოლიტიკური შეხედულებები, რაც აისახა მის საქმიანობაში.

გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1913 წელს, ივანე იოსავა ჩაირიცხა პეტროგრადის საიმპერატორო უნივერსიტეტში. სანკტ-პეტერბურგის ცენტრალურ საისტორიო სახელმწიფო

გვ13

არქივში დაცულია პეტროგრადის საიმპერატორო უნივერსიტეტის სტუდენტ ივანე ლავრენტის ძე იოსავას პირადი საქმე (ფონდი 14, აღწერა 3, საქმე 63732), რომელიც 1913 წლით თარიღდება.

ქუთაისის სათავადაზნაურო ქართული გიმნაზიის გამგის მოვალეობის შემსრულებლის მიერ 1914 წლის 20 ოქტომბერს გაცემული მოწმობის მიხედვით, პეტროგრადის უნივერსიტეტის სტუდენტმა ივანე ლავრენტის ძე იოსავამ 1913 წელს დაამთავრა მისდამი დაქვემდებარებული სასწავლებელი, რაზედაც კავკასიის სასწავლო ოლქიდან მიიღო ,,სიმწიფის მოწმობა“.

1914 წლის აღწერის მიხედვით, გურია-სამეგრელოს ეპარქიის ზუგდიდის მაზრის რედუტ-კალეს საბლაღოჩინო ოლქის ბიას მთავარანგელოზთა ეკლესიის მღვდელია ლავრენტი იოსავა, მღვდლის შვილი _ 54 წლისა; მას აქვს მღვდლად კურთხევის სიგელი 1906 წლის 21 მაისისა.

მღვდელ ლავრენტის ჰყავს ცოლი, ქრისტინე პეპუს ასული _ 44 წლისა და შვილები: იოანე, სანკტ-პეტერბურგის (პეტროგრადის) უნივერსიტეტის სტუდენტი, მარიამი, ათანასია (აგრაფინა), ნინა.  ისინი სწავლობენ ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში; უმცროსი შვილები: ალექსანდრა და კონსტანტინე მშობლებთან, სახლში არიან.

,,ბლაღოჩინ“ (მთავარხუცესი) მღვდელ იოანე კანდელაკის დახასიათებით, მღვდელი ლავრენტი იოსავა ძალიან კარგი ყოფაქცევისაა.

1914 წლის 4 ივლისს გაზეთში ,,იმერეთი“ დაბეჭდილია სტუდენტ ივანე იოსავას ღია წერილი სტუდენტების, ჩახუნაშვილისა და ნაცვლიშვილისადმი, რომლითაც ის მათ ცილისწამებისათვის სამედიატორო სასამართლოში იწვევს.

ამავე გაზეთის 8 ივლისის ცნობით, მხარეების მიერ არჩეულმა სამედიატორო სასამართლომ გ. ჭუმბურიძის თავმჯდომარეობით და გრ. ვეშაპიძის, კ. დონდუას, ლ. ქორქაშვილის და ტ. ტაბიძის მედიატორობით განიხილა სტუდენტებს შორის მომხდარი უთანხმოება და დაადგინა: ,,მიუხედავად იმისა, რომ ივანე იოსავამ იცოდა მეორე მხარის საქველმოქმედო საღამო რომ იმართებოდა და მისმა საღამომ ხელი შეუშალა მათ საღამოს, იოსავას საქციელში სასამართლო არ ხედავს არასინდისიერ და ბოროტ განზრახვით ჩადენილ ქიშპობას.

გვ14

სასამართლო აღიარებს, რომ იოსავას მუშაობის დროს ამოქმედებდა მხოლოდ ხელმოკლე ამხანაგის დახმარების სურვილი და ჩ-სა და ნ-ს მიერ მისი უარყოფითი დახასიათება აიხსნება გარეშე პირთა ჩარევით“.

1915-1918 წლებში ივანე იოსავა სწავლობდა წმ. ვლადიმერის სახელობის კიევის უნივერსიტეტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე.

1915 წლის 17 იანვარს გაზეთ ,,იმერეთში“ გამოქვეყნებულია ივანე იოსავას წერილი, რომელიც ეძღვნება ხობში მოღვაწე, ომში დაღუპული მამულიშვილის გიორგი ხერხეულიძის ხსოვნას.

1915 წლის 26 იანვარს (8 თებერვალი, ახ. სტ.) გარდაიცვალა აკაკი წერეთელი.

1915 წლის 15 თებერვალს გაზეთში ,,სამშობლო“ გამოქვეყნებულია რედაქციის წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ გაზეთს აკაკის გარდაცვალების გამო საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან და პირებისაგან უამრავი სამგლოვიარო წერილი და პანაშვიდებზე წარმოთქმული სიტყვა მიუღია: ,,უადგილობის გამო რედაქცია ყველა სიტყვასა და სამგლოვიარო წერილებს ვერ ბეჭდავს“. ასეთებს შორისაა სტუდენტ ივანე იოსავას წარმორთქმული სიტყვაც.

1915 წლის 20 მარტს გაზეთი ,,თანამედროვე აზრი“ იტყობინებოდა, რომ ხობში ,,გადაიხადეს ორმოცის წირვა და პანაშვიდი აკაკის სულის მოსახსენებლად.

პანაშვიდი გადაიხადეს აგრეთვე ს. ნოჯიხევის და ს. ბიის ეკლესიებში ადგილობრივ მასწავლებლებისა და მოწაფეების დასწრებით. ხალხი ყველგან ბლომად დაესწრო. განზრახულია ფონდისათვის ფულის მოგროვება“.

1915 წლის 12 ივნისს გაზეთში ,,სამშობლო'' დაბეჭდილია ბესარიონ ჯორჯიკიას ღია წერილი ნოჯიხევის სოფლის საზოგადოების მამასახლის ბართლომე ცხადაიასადმი, რომლითაც მას იწვევს სამედიატორო სასამართლოში. ავტორი თავის მხრივ მედიატორებად ნიშნავს სტუდენტ ივანე (ლოლი) ლავრენტის ძე იოსავას და ხორგის სოფლის სკოლის მასწავლებელ პლატონ თ. ბერაიას.

1915 წლის 27 ივლისს გარდაიცვალა ვაჟა-ფშაველა. პირველ აგვისტოს გაზეთში ,,სახალხო ფურცელი“ გამოქვეყნებულია

გვ15

ქალაქ ბაქოდან გამოგზავნილი დეპეშა: ,,ვაჟას გარდაცვალების გამო სამშობლოს მწუხარებას ჩვენს მწუხარებას უერთებთ“, რომელსაც ხელს აწერენ კახიანი და ი. იოსავა.

ივანე იოსავა მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში. 1916 წლის 14 მაისს გაზეთი ,,სამშობლო“ იტყობინებოდა, რომ ბრძოლის ველზე სიმამაცისათვის წმ. ანას მესამე ხარისხის ჯვრით დაუჯილდოებიათ იოსავა.

,,პრაპორშჩიკ“ ივანე ლავრენტის ძე იოსავას 1917 წლის 31 მარტს შედგენილი ,,ნამსახურობის სიის“ მიხედვით, ის დაიბადა 1893 წლის 24 ოქტომბერს, არის ქუთაისის გუბერნიაში მცხოვრები, მართლმადიდებელი ქრისტიანი, უმცროსი ოფიცერი.

ივანე იოსავა სწავლობდა კიევის საიმპერატორო უნივერსიტეტსა და ტფილისის ,,პრაპორშჩიკთა“ მესამე სკოლაში. ის სამსახურში მიიღეს ქუთაისის მაზრის სამხედრო ვალდებულთა საკრებულოში და დაინიშნა მეორე მოსამზადებელ სასწავლო ბატალიონში, სადაც სადაც ჩავიდა და ჩაირიცხა 1916 წ. 7 ნოემბრის N171 ბრძანების საფუძველზე.

ივანე იოსავა 1916 წლის 18 ნოემბერს სასწავლებლად მიავლინეს თბილისის ,,პრაპორშჩიკთა“ მესამე სკოლაში, სადაც ჩასვლის შემდეგ 24 ნოემბერს ჩარიცხეს. 1917 წლის 21 იანვარს მან ფიცი დადო.

1917 წლის 16 მარტს ივანე იოსავა, მისი ყოფაქცევის გათვალისწინებით, გადაიყვანეს მეორედან პირველ თანრიგში. 

1917 წლის 28 მარტს სკოლის ხელმძღვანელობის ბრძანებით, მას მიენიჭა უმცროსი უნტერ-ოფიცრის წოდება. ივანე იოსავამ სამხედრო სკოლა დამაკმაყოფილებლად დაამთავრა და კავკასიის სამხედრო ოლქის ხელმძღვანელობის 1917 წლის პირველი აპრილის ბრძანებით, მას მიენიჭა ,,პრაპორშჩიკის“ წოდება, ზემდეგის თანამდებობაზე.

5 ნოემბერს იგი ჩარიცხეს ქვეითთა ოცდამეცხრამეტე სათადარიგო ბრიგადის უფროსის განკარგულებაში.

1917 წლის თებერვალში, რუსეთის იმპერიაში მონარქიული მმართველობის გაუქმების შემდეგ, 11 მარტს ივანე იოსავამ ახალი მთავრობის ერთგულების ფიცი დადო. ის არ ყოფილა დასჯილი და დაჯარიმებული. 

გვ16

ივანე იოსავას ,,ნამსახურობის სიას“ ხელს აწერს თბილისის ,,პრაპორშჩიკთა'' სკოლის მმართველი კაპიტანი ფრუიძე.
1917 წლის 21 მაისს გაზეთში `ჩვენი მეგობარი“ გამოქვეყნებულია ქუთაისის სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო 
პარტიის მუშათა საბჭოს მოლარის ვ. კიკნაველიძის განცხადება, რომლის მიხედვით, ამ ორგანიზაციისათვის ვანო იოსავას 
3 მანეთი შეუწირავს.
ივანე იოსავა საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის წევრი იყო. ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებული იყო არაერთი ქართველი მოღვაწე, მათ შორის: კონსტანტინე გამსახურდია, იოსებ გედევანიშვილი, 
გიორგი ლასხიშვილი, ვახტანგ კოტეტიშვილი, შალვა ნუცუბიძე, გრიგოლ რცხილაძე, დიმიტრი უზნაძე, აკაკი ფაღავა, სამსონ ფირცხელავა, აკაკი შანიძე, იოსებ ყიფშიძე, ლაზარე შურღაია...
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში (1918-1921 წლები) ქ. თბილისის თვითმმართველობის 
არჩევნებისთვის შედგენილ ამომრჩეველთა სიაში ჩაწერილნი არიან: იოანე დიმიტრის (უნდა იყოს ლავრენტის _ ავტ.) ძე 
იოსავა _ 27 წლისა; მარიამ მოსეს ასული იოსავა _ 23 წლისა; მარიამ ლავრენტის ასული იოსავა _ 23 წლისა. მათი მისამართია 
ყიფიანის (მამადავითის) ქუჩა N8-17.
1918 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ივანე იოსავა მთელი არსებით ჩაება ახალგაზრდა რესპუბლიკის თავდაცვის საქმეში. იგი ქართული ჯარის ოფიცერი იყო.
1918 წლის 11 ივლისს გაზეთში ,,სახალხო საქმე“ გამოქვეყნებულია თბილისის კალოუბნის ღვთისმშობლის ეკლესიის დეკანოზ მ. მანასელიძის წერილი. ის მადლობას უხდის ამ ტაძრის მრევლ ლომსაძეს და იოსავას, რომლებსაც კალოუბნის ეკლესიის 400 წლის არსებობის აღსანიშნავად თავიანთი ხარჯით დაუბეჭდავთ ბროშურა.
1918 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს სამხედრო სამინისტროში მოსამსახურე პორუჩიკმა ივანე იოსავამ მიმართა 
ტფილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის რექტორს. ის ითხო

გვ17

ვდა ამ სასწავლებლის ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩარიცხვას, რისთვისაც წარადგინა სამხედრო სამინისტროს მიერ გაცემული 
მოწმობა, რომელშიც შეტანილი იყო მისი ნამსახურობის სიიდან ამოღებული ცნობები.
ივანე იოსავა აღნიშნავდა, რომ ინსტიტუტში სწავლის უფლების მისაღებად გადაიხდიდა 150 მანეთს.
საქართველოს სამხედრო სამინისტროს პირადი შემადგენლობის სამსახურის უფროსის თანაშემწის, კაპიტან გოცირიძის მიერ 1918 წლის პირველ ნოემბერს გაცემული მოწმობის მიხედვით, სამინისტროში მომსახურე პოდპორუჩიკ ივანე ლავრენტის ძე იოსავა არის წმ. ვლადიმირის სახელობის კიევის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი და გაწვეულია სამხედრო სამსახურში სტუდენტების მობილიზაციის წესით 1916 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით.
იოანე იოსავა ტფილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში 1918 წელს ჩაურიცხავთ. ამ სასწავლებლის ეკონომიკის ფაკულტეტის 
სტუდენტთა და თავისუფალ მსმენელთა 1918-1919 სასწავლო წლის სიაში ჩაწერილია სტუდენტი ივანე ლავრენტის ძე იოსავა, 
(მცხოვრები ქ. ტფილისში, მამადავითის ქუჩაზე 17 ნომერში), რომელიც აქ სწავლობდა შემოდგომის სემესტრიდან. მას შეუტანია 1918-1919 სასწავლო წლის მეორე ნახევრისა და 1919-1920 სასწავლო წლის პირველი ნახევრის სწავლის გადასახადი. 

ივანე იოსავა ჩაწერილია ამავე სასწავლებლის 1919-1920 სასწავლო წლის საშემოდგომო სემესტრის სტუდენტთა სიაშიც.
სამხედრო სამსახურში მყოფი პოდპორუჩიკი ივანე იოსავა აქტიურად თანამშრომლობდა საქართველოს დემოკრატიული 
რესპუბლიკის დროინდელ ჟურნალ-გაზეთებში (ამ მასალებს დანართის სახით აქვე გთავაზობთ).

1918 წლის 15 დეკემბერს ჟურნალში ,,რესპუბლიკის ჯარი“ დაბეჭდილია ივანე იოსავას ,,პატარა წერილები“, მიმართული ქართველი ჯარისკაცებისადმი. ავტორი მათ შეახსენებს წინაპარი მეომრების ღვაწლს, რომლებმაც დაიცვეს ერი და მისი კულტურა...
,,თუ არა ასეთი თავგანწირვა, თუ არა ასეთი მსხვერპლი მამულის წინაშე, განსაცვიფრებელი იქნებოდა ის მოვლენა, 

გვ18

რომ ურდოებით გარშემორტყმული პატარა ქვეყანა მრავალ საუკუნეთა განმავლობაში თავის სახეს არ ჰკარგავს და მე-XX 
საუკუნეში, პატარა ერების დღესასწაულის ხანაში, ყველა პატარა ერთა წინ დგას თავისი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობით, 
რომელსაც დაწინაურებული ქვეყნებიც ახლა ესწრაფიან და ხალხთა თავისუფალ კავშირში შედის, როგორც დაწინაურებული 
და პატივცემული ერი, რომელსაც მსოფლიო სამართლიანობის დამყარებაში თავისი თვალსაჩინო წვლილი შეაქვს...“

1918 წლის 22 და 29 დეკემბერს ჟურნალში ,,რესპუბლიკის ჯარი'' გამოქვეყნებულია ივანე იოსავას ვრცელი წერილი: 
,,გლეხთა მოძრაობა სამურზაყანოში“.
ავტორი მკითხველს მოუთხრობს საქართველოს ერთ უმდიდრეს და უმშვენიერეს კუთხეში, სამურზაყანოში ეკონომიკურ და კულტურულ ჩამორჩენილობაზე, ამ მხრივ თავად-აზნაურობის დაქვეითებულობაზე, თურქოფილებსა და საქართველოსთან 
კავშირის მოწინააღმდეგეებზე.
ივანე იოსავა აღნიშნავს, რომ მოქალაქეობრივი ომი, ძმათა ჟლეტა დაასუსტებს სამურზაყანოს. ის ანარქიის ხელშემწყობთა 
და კუთხეებს შორის კავშირის ძირის გამომთხრელთა სასტიკად დასჯის მომხრეა. მისი აზრით, გენერალ გედევანიშვილის 
რაზმის შესვლამ სამურზაყანოში სისხლის დაუღვრელად ჩაახშო მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები და ჯარმა თავისი 
მოვალეობა პირნათლად შეასრულა.
საქართველოს სამხედრო მინისტრის 1919 წლის 21 იანვრის ბრძანებულების მიხედვით, ,,სხვადასხვა გვარი იარაღის 
ოფიცრებს შორის, რომლებიც მივლინებულნი არიან არტილერიასთან და წავლინებულნი არტილერიის საოფიცრო დროებით 
კურსებზე'', არის პოდპორუჩიკი იოსავა.
1919 წლის 26 იანვარს და 2 თებერვალს ჟურნალში ,,რესპუბლიკის ჯარი“ დაბეჭდილია ივანე იოსავას საინტერესო წერილი: 
,,ძველი საქართველოს დამოკიდებულება ინგლის საფრანგეთთან 
(წარსული ისტორიიდან)“, სადაც ის აღნიშნავს, რომ საქართველოს მტრები ყოველ ღონეს ხმარობენ დაუპირდაპირონ საქართველოს ინტერესები ინგლის-საფრანგეთისას. მტრების ცდა 
რასაკვირველია ვერ გამოიღებს მათთვის სასურველ ნაყოფს.

გვ19

წარსულიც გვიმტკიცებს, რომ გაჭირვების დროს საქართველოს არა ერთხელ მიუმართავს ინგლის-საფრანგეთისათვის და მათ 
უარი არ უთქვამთ დახმარებაზე.
ავტორს თავისი თვალსაზრისის დასასაბუთებლად მოჰყავს წარსულის მაგალითები. ის ასკვნის, რომ ევროპის ომში გამარჯვებული ქვეყნები საქართველოს კვლავ ,,გაუმაგრებს ზურგს და მისცემს საშუალებას უშიშრად ააფრიალოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დროშა“.
1919 წლის 23 თებერვალს ივანე იოსავა ,,რესპუბლიკის ჯარში“ გამოქვეყნებულ წერილში მკითხველს მოუთხრობს საქართველოს სახელმწიფოს ბრძოლაზე ახალციხის მაზრაში. ის აღნიშნავს, რომ ,,რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე მხოლოდ საქართველომ შეძლო ნამდვილი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა. სწორედ ეს ვერ მოუნელებიათ ჩვენს მტრებს. რაც უფრო მეტათ მტკიცდება ჩვენში ნებისყოფა დემოკრატიისა, მით უფრო მძაფრდება მტრების თავდასხმა დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.
ახალციხელი ბეგების გამოლაშქრება ერთ ასეთ თავდასხმად უნდა ჩაითვალოს...“
,,...ისინი არაფერს ერიდებიან, ოღონდაც კი, აამხედრონ რესპუბლიკის წინააღმდეგ მთელი მაჰმადიანობა...“
,,...ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვეწევით ახალციხეში არის ბრძოლა დემოკრატიის გამარჯვებისათვის... ეს მხარე ჩვენი ისტორიული კუთხეა. ძველს საქართველოს ახალციხე ყოველთვის ერთგულ დარაჯად უდგა. ვიმედოვნებთ, რომ იგი კიდევ 
დაიცავს დემოკრატიულ საქართველოს ოსმალ ურდოების შემოსევისგან...“
,,...ჩვენი რესპუბლიკა ისევ გამარჯვებული უნდა გამოვიდეს ბრძოლის ველიდან, როგორც სხვა მრავალ ბრძოლიდან გამოსულა“.
აქვე დაბეჭდილ მეორე წერილში _ ,,მიხედეთ განადგურებულ ძმებს!'' ივანე იოსავა აღნიშნავს, რომ ,,...ახალციხის მთა-ველი მოირწყო ქართველების სისხლით... აქ ქართველთა სოფლები გადამწვარია, დიდი წვითა და დაგვით შენაძენი ქონება განადგურებულია. მრავალი ქართველი აიყარა თავისი

გვ20

ბინადრობიდან და გამოეშურა საქართველოს დაცულ კუთხისაკენ...“ იქ დარჩენილთ უბინაობა, სიცივე, ავადმყოფობა, შიმშილი გაწყვეტით ემუქრება.
ავტორი მოუწოდებს ყველას: სახელმწიფოს, საქველმოქმედო საზოგადოებებს, ადამიანებს, თავიანთი წვლილი შეიტანონ განადგურებულ და სიკვდილის ხვედრი ქართველობის გადარჩენაში.
,,სასწრაფოდ შეუდექით შველას!“ _ ამბობს ის.
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში მცხოვრები ძმების, ნოდარ და ოთარ ვასოს ძე ლომსაძეების მონათხრობის მიხედვით, ამ დროს ახალციხის მაზრაში მყოფ ოფიცერ ივანე 
იოსავას სოფელ ჩუნჩხაში, მომხდურისაგან გადამწვარი სახლის ეზოში, უნახავს აცრემლებული ბიჭუნა ვასო ლომსაძე, რომელიც სოფელ ბიაში, თავის მშობლებთან ჩაუყვანია. აქ ბავშვი 
შვილივით აღუზრდიათ; თვრამეტი წლის ვასოს აწყვიტელი (სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში) თუთა ივანიძე შეურთავს ცოლად, ბიაში დაბრუნებულა და აქ დაფუძნებულა.
1919 წლის 23 მარტს ივანე იოსავამ ,,რესპუბლიკის ჯარში“ დაბეჭდა მიმართვა ,,ქართველ ოფიცრებს“. ის კოლეგებს მოუწოდებს, ჩაებან საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მანამდე კი 
,,ჩვენ უნდა ვეცადოთ, გავთავისუფლდეთ ყველა იმ ჩვეულებისაგან, რომელიც ახასიათებდა ძველ რუსის მხედრობას, ჩხუბი, აყალ-მაყალი, გინება, საზოგადო მშვიდობიანობის დარღვევა 
მთვრალ, ღვინით გალეშილ ოფიცრისათვის ჩვეული მოვლენა იყო... თავისუფალ საქართველოში ეს შეუძლებელია და დასაგმობი უნდა იყოს...ჩავუკვირდეთ ჩვენს თავს!“
1919 წელს გაზეთებში: ,,ერთობა“ (20 მარტის) და ,,სახალხო საქმე“ (4 აპრილი) გამოქვეყნებულია ხობის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებლის სასარგებლოდ გაღებულ შემოწირულობათა 
ანგარიში. ტექსტის მიხედვით, ზედა ბიაში შეწირულობა, 19 მანეთი, შეუგროვებია მღვდელ ლავრენტი იოსავას.
სასწავლებლის გამგე ვ. ქობულია და საბჭოს მდივანი ფ. ქარჩავა მადლობას უხდიან შემწირველთ და თანხის შემკრებთ.
1919 წლის ზაფხულში ივანე იოსავა ,,საქართველოს ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების“ გამგეობის თავმჯდომა

გვ21

რედ აირჩიეს. იმდროინდელი მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარებიდან გამომდინარე საზოგადოების ამოცანა იყო 
შეემსუბუქებინა ქართველ ოფიცრებისათვის ეკონომიკური ცხოვრების სიდუხჭირე, დახმარებოდა ოფიცრების ქვრივებს, ობლებს, უწლოვან შვილებსა და ოჯახის სხვა წევრებს, მოხუც მშობლებს.
ამ საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარეებად, როგორც წესი, ინიშნებოდნენ მაღალი რანგის სამხედრო პირები, მათ შორის _ გენერლები. მიუხედავად იმისა, რომ ივანე იოსავა 26 წლის ოფიცერი იყო, ამ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე შეარჩიეს თავისი განათლების, საქმისადმი პატიოსანი, პრინციპული და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების, საზოგადოებაში მისი ავტორიტეტის გათვალისწინებით.
1919 წლის 1 აგვისტოს გაზეთში ,,სახალხო საქმე“ გამოქვეყნებულ წერილში აღნიშნულია, რომ ამ საზოგადოებას დიდი მნიშვნელობა აქვს ჯარისათვის, ოფიცრობისათვის, მაგრამ აქამდე ეს ფუნქცია მას დაკარგული ჰქონდა იქ გამეფებული ბოროტმოქმედებისა და უწესობის გამო. წერილში ვკითხულობთ: ,,ახალი გამგეობა, რომლის სათავეშიცა ბ-ნი ივანე იოსავაა, სულ მცირე ხანია, რაც ჩაუდგა საზოგადოების საქმეებს სათავეში, მაგრამ ამ მცირე ხანშიაც კი, მრავალ მხრივ გაუწმინდა ამ საზოგადოების მოღვაწეობას წინმსვლელობისაკენ ნიადაგი. ყოველ დარგში საგრძნობი რეორგანიზაცია მოხდა და საქმე ისე დადგა, რომ დღეს ნაკლები შესაძლებლობაა ბოროტ-მოქმედებისათვის“.
წიგნში ,,ბრძანებები საქართველოს რესპუბლიკის მთავრობისა სამხედრო პირთა შესახებ“ შეტანილ, 1919 წლის 12 სექტემბრით დათარიღებულ ბრძანებაში, რომელსაც ,,სამხედრო მინისტრის მაგიერ“ ხელს აწერს გენერალი გედევანიშვილი, ვკითხულობთ: ,,ინიშნებიან საარტილერიო დივიზიონში... ლეიტენანტის სახელწოდების მინიჭებით: ...პოდპორუჩიკი იოსავა...''
ოფიცერთა ეკონომიურ საზოგადოებაში რეფორმებს და ვითარების გაჯანსაღების პროცესს არაერთი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა. ახალარჩეული ხელმძღვანელობის საქმიანობაზე ქვეყნდებოდა ცილისმწამებლური წერილები, რომლებზედაც 
1919-1920 წლებში ივანე იოსავამ გაზეთებში ,,სახალხო საქმე''

გვ22

და ,,ერთობა'' გამოაქვეყნა ფაქტებზე დამყარებული პასუხები.
ქართველი ხალხი მხარს უჭერდა თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს რესპუბლიკას. 1919 წლის პირველ ივნისს 
გაზეთი ,,ერთობა“ იტყობინებოდა: ,,ნოჯიხევის მრავალრიცხოვანი კრება 26 მაისის დღესასწაულის გამო სალამს უძღვნის 
რესპუბლიკის მთავრობას, ჯარს, გვარდიას და აღუთქვამს თავდადებულ ბრძოლას დამოუკიდებლობის დასაცავად“.
მიმართვის ტექსტს კრების მინდობილობით ხელს აწერს იოსავა.
1919 წლის 19 ნოემბერს თბილისში გამომავალ გაზეთში ,,ბორბა'' (ბრძოლა) გამოქვეყნებულია ტელეგრამა ზუგდიდიდან, რომლის მიხედვით, ზუგდიდის მაზრის სოფელ ნოჯიხევის მცხოვრებთა მრავალრიცხოვანმა კრებამ 16 ნოემბერს მოისმინა 
დამფუძნებელი კრების წევრ ალექსანდრე ჩიქავას მოხსენება და გულწრფელ სალამს და გამარჯვების სურვილს უძღვნის ხალხის ნების გამომხატველ დამფუძნებელ კრებას და მთავრობას.
კრება მზადაა უკანასკნელ სისხლის წვეთამდე დაიცვას რესპუბლიკა. 
მიმართვას ხელს აწერს კრების თავმჯდომარე იოსავა.
1919 წ. 4 დეკემბერს გაზეთში ,,სახალხო საქმე“ ,,შეუპოვარის'' ხელმოწერით დაიბეჭდა წერილი, რომელშიც ვკითხულობთ: ,,ნახევარ წელზე მეტია, რაც ოფიცერთა ეკონომიურ საზოგადოებას ხელმძღვანელობს გამგეობა ბ. იოსავას თავმჯდომარეობით; 
საერთოდ გამგეობის და კერძოდ ბ. იოსავას მეცადინეობით და დაუღალავი მუშაობით ეკონომიური საზოგადოება გაჯანსაღდა, მოღონიერდა ეკონომიურად და გაიწმინდა ქურდ-ბაცაცებისაგან, რომლებიც უსირცხვილოდ ანიავებდნენ საზოგადოების ქონებას. 
ამ მუშაობაში, ვიმეორებთ, განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ბ. იოსავას, რომელიც შეუპოვრად ამხელდა ბოროტმოქმედებისათვის, თუ სხვა რაიმე დანაშაულისთვის, როგორც დიდ, აგრეთვე პატარა თანამდებობის მქონე პირთ“.
,,სახალხო საქმის“ 1919 წლის 25 დეკემბრის ცნობით, შინაგან და სამხედრო მინისტრის განკარგულებით, გამგეობის წევრები და ივანე იოსავა გადაუყენებიათ თანამდებობიდან და დაუნიშნავთ ახალი გამგეობა.

გვ23 

1920 წლის 11-12 მარტს ,,ერთობაში“ დაბეჭდილი ვრცელი წერილით ,,რედაქციის მიმართ'' ივანე იოსავამ ,,უკანასკნელად უპასუხა“ მასთან და მის თანამოაზრეებთან დაპირისპირებულ ოფიცერთა საეკონომიო საზოგადოების მუშათა და მოსამსახურეთა საბჭოს.
1920 წლის შუა ხანებიდან დაღუპვამდე ივანე იოსავა მსახურობდა ომში დაჭრილ-დასახიჩრებულთა კავშირში.
1920 წლის 7 მაისს საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს შორის დაიდო სამშვიდობო ხელშეკრულება, რომლითაც რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. მიუხედავად ამისა, რუსეთი ემზადებოდა საქართველოს დასაპყრობად.
1921 წლის თებერვალში, საბჭოთა რუსეთის წითელი არმია, ხელშეკრულების პირობების დარღვევით, ვერაგულად 
დაესხა თავს საქართველოს. საქართველოს ჯარმა, მოხალისეებმა გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს მტერს; ამ ომის უმნიშვნელოვანესი ბრძოლები 21-22-23-24 თებერვალს თბილისის მისადგომებთან, კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებში მიმდინარეობდა. 


გვ24

ქართველი მეომრები თავგანწირვით იბრძოდნენ; მათ რამდენჯერმე მოახერხეს მრავალრიცხოვანი და უკეთ შეიარაღებული მტრის უკუქცევა. ამ დროს, მომხდურ დამპყრობელთან კოჯრის მიდამოებში ბრძოლისას, 24 თებერვალს გმირულად დაიღუპა 28 წლის ივანე იოსავა. ის, თანამებრძოლ ოფიცრებთან და იუნკრებთან ერთად, მიხეილის საავადმყოფოში მიუსვენებიათ.
დაღუპული გმირები 9 მარტს თბილისის სამხედრო ტაძრის (ამჟამად-რუსთაველის გამზირი, პარლამენტის შენობა) გალავნის შიგნით დაუკრძალავთ. 
1921 წლის 9 მარტს გაზეთი ,,სოციალისტ-ფედერალისტი“ იუწყებოდა: ,,დღეს მარტის 9-ს ნაშუადღევის 4 საათზე მიხეილის საავადმყოფოდან გამოასვენებენ კოჯრის მიდამოებში დაღუპულ ქართველ მეომართ. დასაფლავება მოხდება სამხედრო ტაძრის გალავანში“.
1921 წლის 10 მარტს მწერალი გიგლა მებუკე გაზეთში ,,სოციალისტ-ფედერალისტი“ იტყობინებოდა: ,,გიგლა მებუკე ღრმა მწუხარებით აუწყებს ამხანაგებს და მეგობრებს ძვირფასი და საყვარელი მეგობრის ვანიჩკა (ივანე) იოსავას კოჯორთან ბრძოლის ველზე დაღუპვას“.
1921 წლის 10 მარტს, ამავე გაზეთში დაბეჭდილია წერილი, რომელსაც ხელ აწერს ,,ერთი ამხანაგთაგანი“: ,,მარტის 9-ს დასაფლავებულ ქართველ მეომართა შორის იყო ძვირფასი ამხანაგი ივანე იოსავა. განსვენებული ერთგული წევრი იყო ჩვენი 
პარტიისა, მოყვარე თავის სამშობლოსი და თავის ხალხისა; თავის პირად მთქმელობისა და უსამართლობის წინააღმდეგ შეუპოვრობის გამო მას ბევრი მტერი ჰყავდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი მეგობარი. და დღეს ეს მეგობრები გულდათუთქული და 
ცხარე ცრემლით დავტირით მის ასე უდროოდ დაღუპვას. მშვიდობით ძვირფასო მეგობარო, უკვდავი იქნება შენი ხსოვნა შენს 
ამხანაგებს შორის“.
დეკანოზი ნიკიტა თალაქვაძე მოგონებებში აღნიშნავდა: `...ასეთი დიდებული პროცესია არ ახსოვს ჯერ ტფილისს! ზღვა ხალხი 
იყო! წინ ჯვარი, შავი ბაირაღი...ქალები წყვილ-წყვილად... ცოცხალი ყვავილებით ხელში... ოთხი გუნდი მგალობელთა!...გავედით ვერის ხიდით რუსთაველის პროსპექტზე... აქედან სამხედრო ტაძრის გა-

გვ25

ლავანში... 33 სამარეს პირი ჰქონდა ღია!.. აქ მეომრებს ანდერძი აუგეთ... მე ვკითხულობდი ანდერძს _ კურთხევანს...ვყვიროდი... ბოლოს... ყველამ დავიჩოქეთ!.. დიადი სურათი იყო!..“

1921 წლის 11 მარტს გაზეთ ,,სოციალისტ-ფედერალისტის“ რედაქტორი თედო ღლონტი წერილში ,,ცრემლები“ მკითხველს 
თავის გულისტკივილს უზიარებდა: ,,ოთხშაბათს საქართველოს დედაქალაქმა სამუდამოდ ჩაიკონა საქართველოს გმირი შვილები: ჩემს სიცოცხლეში არ მოვსწრებივარ ასეთ გლოვის ზარს, ქვეყნის ტირილს და ვაებას.

უსიტყვოდ, უცერემონიოთ, მოუმზადებლად, თვითონ ხალხის სტიქიამ ჩვენს ძვირფას კუბოებს ხელი ჩასჭიდა და 
გამოეფინა რუსთაველის პროსპექტზე...

ტიროდა ყველა, ტიროდა მოხუცი, ახალგაზრდა, ყველა, მთელი ქვეყანა... ჩვენს ძვირფას ხალხთან ერთად ბედნიერება 
მქონდა ცხარე ცრემლები მეფრქვია გმირთა ცხედართა წინაშე. 
განა ერთ წუთსაც დამავიწყდა, რომ ჭირსა შინა გამაგრება, ისე უნდა ვით ქვიტკირსა? რასაკვირველია არა, მაგრამ ვსტიროდი 
მე, ვსტიროდით ყველა...“


გვ26

საბჭოთა რუსეთის მიერ ხელდასხმული საქართველოს სსრ რევკომის თავმჯდომარის მამია ორახელაშვილისა და მდივან 
ლადო დუმბაძის მიერ ხელმოწერილ N1 ბრძანებაში ვკითხულობთ: ,,აჯანყებულ მშრომელთა მასების მიერ ჩამოგდებული 
ყოფილი საქართველოს მთავრობამ ნოე ჟორდანიას მეთაურობით ოფიცერთა და იუნკერთა გუნდების დამარცხების შემდეგ, 
დღეს დასტოვა დედაქალაქი და გადაირბინა დასავლეთ საქართველოში.
საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის რევკომი, შევიდა რა დედაქალაქში, აიღო ხელში სრული სახელმწიფოებრივი ძალაუფლება ბრძანებს: ...ჩამოგდებულ, მაგრამ ჯერ საბოლოოდ არ დამარცხებულ ყოფილ საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მთელი ენერგიით...“ ივანე (ლოლი) იოსავას ბრძოლის ველზე დაღუპვაზე იმდროინდელ პრესაში ვკითხულობთ: 
,,ღრმად დამწუხრებულნი: მარიამ მოსეს ასული, მარიამ და ქსენია ლავრენტის ასულნი აუწყებენ ნათესავთა და ნაცნობთ 
პირველი საყვარელი მეუღლის, ხოლო დანარჩენნი ძვირფასი ძმის ვანიჩქა (ივანე) ლავრენტის ძე იოსავას კოჯორთან ბრძოლის ველზე დაღუპვას, რომლის სულის მოსახსენებლად გადახდილ იქნება პანაშვიდი კვირას, მარტის 20 შუადღის 12 საათზე სამხედრო ტაძრის გალავანში ძმათა სასაფლაოზე“.
,,ომში დაჭრილ და დასახიჩრებულთა კავშირის გამგეობა ღრმა მწუხარებით აუწყებს საზოგადოებას, რომ კვირას, მარტის 20-ს სამხედრო ტაძრის გალავანში ძმათა სასაფლაოზე გადახდილ იქნება პანაშვიდი ამავე კავშირის თანამშრომლის
ივანე (ვანიჩკა) ლავრენტის ძე იოსავას სულის მოსახსენებლად, რომელიც კოჯორთან ბრძოლის 
დროს დაიღუპა“.

გაზეთი ,,სოციალისტ-ფედერალისტი'' 1921 წელი, 20 მარტი, N17

გვ27

ღრმად დამწუხრებული მამა მღვდელი ლავრენტი ივანეს ძე იოსავა, დედა ქრისტინე პეპუ ზუხუბაიას ასული, დები: მარიამ, 
აგრაფინა, ნინო, ალექსანდრა და ძმა კოლია აუწყებენ ნათესავთა და ნაცნობთ ძვირფას და საყვარელ ლოლის (ვანიჩკა) იოსავას გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე გადახდილ იქნება პანაშვიდი სამხედრო ტაძრის გალავანში ძმათა სასაფლაოზე კვირას, აპრილის 3-ს, დღის 12 საათზე“.
,,ღრმად დამწუხრებული მეუღლე მარიამ მოსე გაჩეჩილაძის ასული იოსავასი აუწყებს ნათესავებს, ნაცნობებსა და მეგობრებს, რომ დაუვიწყარ და საყვარელ ქმრის ვანიჩქა (ივანე) იოსავას გარდაცვალებიდან 40 დღის თავზე გადახდილ იქნება პანაშვიდი კვირას, აპრილის 3, დღის 12 საათზე სამხედრო ტაძრის გალავანში ძმათა სასაფლაოზე“.
გაზეთი ,,სოციალისტ-ფედერალისტი“, 1921 წელი, 2-3 აპრილი, N28-29

,,ვანიჩკა იოსავას ხსოვნას

დღეს ამხანაგებო და მეგობრებო ვიგონებთ ძვირფასი ამხანაგის ვანიჩკა (ლოლი) იოსავას ხსოვნას და მივდივართ მის 
საფლავზე ცხარე ცრემლების დასაფრქვევად.

განსვენებული ვანიჩკა ადრე ჩაება საზოგადოებრივ მუშაობაში და თავისი დიდი ნიჭის წყალობით თავის კვალიც 
დაამჩნია. ყველგან ენერგიულად და დაუღალავად მუშაობდა იმ მიზნით, რომ სამსახური გაეწია თავის სამშობლო ქვეყნისთვის, უკანასკნელ ექვსი თვის განმავლობაში განსვენებული მუშაობდა ომში დაჭრილ-დასახიჩრებულთა კავშირში... აქ მისმა ენერგიულმა და დაუზარელმა მუშაობამ კავშირს და მის წევრებს ბევრი სარგებელი მოუტანა, კავშირში მას თავისი დაუღალავი 
მუშაობით დამსახურებული ჰქონდა საერთო პატივისცემა და სიყვარული.

მისი დაკარგვა დიდი დანაკლისია ჩვენთვის, მისი სახით დავკარგეთ ერთი ახალგაზრდა ენერგიით სავსე და დიდი ძლიერი 
ნების მქონე მუშაკი.

გვ28

მშვიდობით, ძვირფასო ვანიჩკა, შენი ბრწყინვალე ხსოვნა უკვდავი იქნება ჩვენთვის.
ყოველთვის პატივისცემით და მოწიწებით მოგიგონებთ და შენს წარსულის მოღვაწეობას საზოგადოებრივ ასპარეზზე მუშაობაში მაგალითად გავიხდით.

მალაქია ანთელავა“
გაზეთი ,,სოციალისტ-ფედერალისტი“, 
1921 წ. 2 აპრილი, N28. 

,,ღრმად დამწუხრებულნი სიდედრი თებრო მარკოზის ასული გაჩეჩილაძისა, ცოლის დები: ნატალია, ელენე, და თამარ 
მოსეს ასულნი გაჩეჩილაძეები აუწყებენ ნათესავთ და ნაცნობთ, რომ ორმოცი დღის წირვა და პანაშვიდი ივანე (ვანიჩქა) იოსავას სულის მოსახსენებლად გადახდილ იქნება აპრილის 3-ს დილის 12 საათზე სამხედრო ტაძარში“.

გაზეთი ,,სოციალისტ-ფედერალისტი“, 
1921 წელი, 3 აპრილი, N29

ივანე (ლოლი) იოსავას მეუღლე იყო მარიამ მოსეს ასული გაჩეჩილაძე. მათ მხოლოდ მცირე ხანს იცხოვრეს ერთად. ისინი 
შვილს ელოდებოდნენ...
სამწუხაროდ, ივანე ვერ მოესწრო ამას. ახალშობილს, რომელიც 1921 წლის 7 აგვისტოს დაიბადა, მამის სახელი ივანე დაარქვეს.

ივანეს (ლოლი) დის, აგრაფინას შვილიშვილის ქალბატონ მზია მეტრეველის მოგონების მიხედვით, ივანეს ახლობლები 
კუკურის ეძახდნენ. ის მამასავით ნიჭიერი იყო; მან კარგი განათლება მიიღო, იცოდა გერმანული და ფრანგული ენები.
მარიამ გაჩეჩილაძის და, ელენე ცნობილი მსახიობისა და საზოგადო მოღვაწის, რამაზ ჩხიკვაძის დედა იყო. ივანე (კუკური) და რამაზი დეიდაშვილები იყვნენ.
საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობის შემდეგ კომუნისტურმა ხელისუფლებამ ანტირელიგიური მოძრაობა გაააჩაღა.
1922 წელს ხელისუფლებამ აღწერა ეკლესია-მონასტრებში 

გვ29

დაცული განძეულობა, მათ შორის _ ბიას წმ. მთავარანგელოზთა ეკლესიაში, სადაც მსახურობდა მღვდელი ლავრენტი იოსავა.
აღწერის ოქმში ვკითხულობთ: ,,სოფელი ბია (ნოჯიხევის თემი), ზუგდიდის მაზრა; 1922 წ. 23 ივნისსა ჩვენ ქვემორე ამისა ხელის მომწერნი თანახმად პ/ბ (პოლიტბიურო _ ავტ.) უფროსის დავალებისა ა/წ 31 მაისსა N745 მოვახდინეთ აღწერა ს. ბიას 
მთავარანგელოზების ეკლესიის განძეულობისა, სადაც დათვალიერების დროს და ეკლესიის ქონების აღწერილობის წიგნშიც 
აღმოჩნდა შემდეგი ძვირფასი ნივთები:
1) ბარძიმი ვერცხლისა _ 1 ცალი; 2) ვერცხლის ვარსკვლავი და ფეშხუმი ვერცხლისა; 3) კოვზი ვერცხლისა; 4) წმ. დავით და 
კონსტანტინეს ხატი ვერცხლისა 1 ცალი, წინა პირი ვერცხლით მოჭედილი და ოქროთი დაფერილი; 5) მარიამ ღვთისმშობლის 
ხატი, წინა პირი ვერცხლით მოჭედილი და ოქროთი დაფერილი, ამ ხატში ჩასმულია სხვადასხვა ფერის ქვის თვლები, მათ შორის ერთი დიდი“.
დოკუმენტს ხელს აწერენ: პ/ბ წარმომადგენელი ვ. ზაქარაია, ბიას ეკლესიის მღვდელი ლავრენტი იოსავა, ნოჯიხევის აღმასკომის თავმჯდომარე ე. ცხადაია.

1923 წელს საბჭოთა ხელისუფლებამ წირვა-ლოცვა ზუგდიდის მაზრის ყველა ეკლესია-მონასტერში აკრძალა, მიუხედავად 
იმისა, რომ საზოგადოება ამას ეწინააღმდეგებოდა. დევნიდნენ, ავიწროებდნენ სასულიერო პირებს, მორწმუნეებს... მათ შორის 
_ მღვდელ ლავრენტი იოსავასაც.

1924 წლის აგვისტოში საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღსადგენად მოხდა საყოველთაო ეროვნული 
აჯანყება, რომელშიც აქტიურად მონაწილეობდნენ ამჟამინდელი ხობის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლები. აჯანყებულ ხობელთა ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო ივანე (ლოლი) იოსავას მეგობარი, სოციალ-ფედერალისტი ბესარიონ ჯორჯიკია.

აჯანყებაში აქტიურად მონაწილეობდა მღვდელი ლავრენტი იოსავაც.

1924 წლის 21 სექტემბერს გაზეთში ,,კომუნისტი'' დაბეჭდილია ვარ. ბიელის წერილი, სადაც ვკითხულობთ: ,,27-28 
აგვისტოს თავად-აზნაურობა წელში გაიმართა. მათ სახეზე 

გვ30

მხიარულების ნიშანი აღიბეჭდა. ძველებურად შემჯდარიყვნენ ცხენებზე და დაჰქროდნენ სოფლად.
28 აგვისტოს დილით შეხვდებოდით სოფლად უცნობ პირებს, რომლებიც რაღაცას ამზადებდნენ. ამავე საღამოს ახმაურდა სოფელი, გამოჩნდნენ თავად-აზნაურები და მემამულენი სამფეროვანი დროშებითა და სიმღერით. რამდენიმე  პარტიული ამხანაგებისათვის იარაღიც აეყარათ.

განსაკუთრებულ გავლენას ახდენდა ბიის სოფლის მღვდელი ლ. იოსავა. ის არწმუნებდა ხალხს, რომ ყველა კუთხეები 
სამეგრელოსი და აგრეთვე ქუთაის-თბილისიც აღებულიაო. მაგრამ მშრომელი მასა გლეხობისა სიჩუმით შეხვდა ამ ამბავს 
და სევდიანად გაიყურებოდა თავის ყანებისაკენ...

გამოჩნდა ცნობილი ბანდიტი ქაჯაია თავისი რაზმით და სამფეროვანი დროშით, ყვიროდა: გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოსო...

ხალხს დაავალეს ვაშას ძახილით შესულიყვნენ ხობში. წინ გაიძღოლეს მღვდლები და უიარაღო ხალხი. ალყა შემოარტყეს ხობს და რამდენიმე ხნის წინააღმდეგობის შემდეგ აიღეს კიდეც...

მაგრამ როდესაც ბედის ჩარხი სხვაფერ შეტრიალდა და როდესაც გაიგეს, რომ მათი საქმე უკვე წაგებული იყო, უგზო-უკვლოდ 
გაიფანტნენ. ხელისუფლების მიერ აღდგენილ იქნა წესიერება...“
შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივში დაცული მასალების მიხედვით, აჯანყების დროს ,,მღვდელი ლავრენტი იოსავა 
ეწეოდა აგიტაციას: ,,შვილებო, მთელი საქართველო ოკუპანტებისაგან გამათავისუფლებელთა ხელშია და საჭიროა ბრძოლა 
საბოლოო გამარჯვებამდე...“

მღვდელი ლავრენტის შთამომავალი, მზია გიორგის ასული მეტრეველი იგონებს ბებიის, აგრაფინას, ბებიის დების, მარიამის, ნინოს და ალექსანდრას მონათხრობს, რომლის მიხედვით, ლავრენტი იოსავაც დაუპატიმრებიათ. მას შვილის, ივანეს (ლოლის) ამხანაგის დახმარებით მოუხერხებია პატიმრობიდან თავის დაღწევა და წვალებით ჩასულა ბიაში.

მღვდელ ლავრენტის შემდეგაც დევნიდნენ, ავიწროებდნენ. ის 1935 წელს გარდაიცვალა და 5 ივნისს დაკრძალეს ბიის მთავარანგელოზთა ეკლესიის ეზოში. 

გვ31

აჯანყების დამარცხების შემდეგ ბოლშევიკებმა გაუსამართლებლად დახვრიტეს ხობელები: კლიმენტი მღვდელ ნიკოლოზის 
ძე სასანია, ვლადიმერ დოლბაია, რაჟდენ ყურაშვილი, გერასიმე კობახიძე; დახვრეტის განაჩენი გამოუტანეს ჯუგუ დადიანს და 
ავქსენტი ჭაჭიას, შემდეგ კი მათ სასჯელი ათწლიანი პატიმრობით შეუცვალეს.

საბჭოთა ხელისუფლებამ თბილისის სამხედრო ტაძარი _ ,,სობორო“ დაანგრია და ამ ადგილას მთავრობის სასახლე ააგო. 
ამ დროს განადგურდა ტაძრის ეზოში მდებარე ქართველ მეომართა საფლავები, მათ შორის _ ივანე (ლოლი) იოსავასი.

ივანე იოსავას დაღუპვის შემდეგ დაბადებული მისი ვაჟი, ივანე (კუკური) ობლობაში გაიზარდა. მან 1938 წელს თბილისში 
წარჩინებით დაამთავრა საშუალო სკოლა; შემდეგ სწავლობდა თბილისის ინდუსტრიულ ინსტიტუტის (ამჟამად-საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) პირველ კურსზე, ქვეითთა სამხედრო სასწავლებელში, 1941 წელს დაამთავრა ჩკალოვის 
მეტყვიამფრქვევეთა სამხედრო სასწავლებელი, მიანიჭეს ლეიტენანტის წოდება და მიავლინეს კიევის სამხედრო ოლქში მეტყვიამფრქვევეთა ბატალიონში.

1941 წლის ივნისის დამლევს ივანე (კუკური) იოსავა გაიწვიეს ომში. ის 8-9 ივლისს, ბრძოლების დროს მძიმედ დაჭრილი 
და გონდაკარგული, შეიპყრეს გერმანელებმა; მოათავსეს ლვოვის ჰოსპიტალში, შემდეგ _ ლვოვის ტყვეთა ბანაკში.

1942 წლის მარტში ი. იოსავა დაავადდა ტიფით, პლევრიტით და ისევ ჰოსპიტალში აღმოჩნდა; აქედან ის გადაიყვანეს 
დუბლინოს ტყვეთა ბანაკში.

ივანე (კუკური) იოსავა 1943 წლის ნოემბერში შევიდა გერმანელთა ხელშეწყობით დაარსებულ ქართულ ეროვნულ 
ლეგიონში, რომლის მიზანი იყო საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა და საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა.

ლეგიონი ვარშავის მახლობლად იყო დაბანაკებული; ი. იოსავა მეტყვიამფრქვევეთა ოცეულს ხელმძღვანელობდა... 1943-
1944 წლებში ის სწავლობდა გერმანული ენის თარჯიმანთა კურსებზე (ბერლინთან) და ოფიცერთა გადამზადების კურსებზე 
(ვარშავა, ტულუზა).

გვ32


ლეგიონში მსახურობდა კავშირგაბმულობის ოცეულის მეთაურად და ბატალიონის თარჯიმნად. საუკეთესო ლეგიონერობისთვის დააჯილდოვეს ბრინჯაოს II ხარისხის მედლით.

1944 წლის იანვრიდან ლეგიონთან ერთად ის საფრანგეთშია; ამერიკელების გამარჯვების შემდეგ, მათ ტყვეობაში აღმოჩნდა; იყო საფრანგეთსა და გერმანიაში _ მარსელის, ლაიპციგის, დრეზდენის ბანაკებში.

საბჭოთა ხელისუფლებისათვის გადასაცემად გადაყვანის დროს ივანე იოსავა გაიქცა და გერმანიის ოკუპაციის ამერიკულ 
ზონას შეაფარა თავი, სადაც მსახურობდა სამზარეულოში.

1945 წლის ივლისში ი. იოსავამ შეიცვალა სახელი და გვარი და გახდა იოზეფ სელი.

გვ33

1946-1947 წლებში მუშაობდა ინგლისელთა სატრანსპორტო პოლიციაში (ქ. ბონი) ,,შავ მუშად'', ბელგიაში, მაღაროში ქვანახშირის მომპოვებლად; მიუნხენის მახლობლად, გლეხის ოჯახში; მკურნალობდა მაინის ფრანკფურტში.

1948 წელს გერმანიის პოლიციამ დააპატიმრა; ამ დროს მას ამერიკელებმა გადაუღეს სურათი.

ი. იოსავა 1948 წლის პირველ დეკემბერს გადასცეს საბჭოთა კავშირის წარმომადგენლებს. 1948 წლის დეკემბერში ის 
დაკითხეს საბჭოთა გამომძიებლებმა.

იმის გამო, რომ პატიმარი უჩიოდა თავის ტკივილს, უცნაურად საუბრობდა, ამბობდა: ,,_ სად ვარ? ცოცხალი ვარ თუ არა? მეჩვენება, რომ ახლა საქართველოში ვარ, სიზმარივით ვხედავ დედას, ნათესავებს, მეგობრებს...“ მას ჩაუტარდა ფსიქიატრიული ექსპერტიზა. 
ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, ი. იოსავა ,,იყო ათლეტური აღნაგობის; გადაუტანია არაერთი ავადმყოფობა: ტიფი, მალარია, ფილტვების ანთება, პლევრიტი; ჩაუტარდა ბუასილის და აპენდიციტის ოპერაციები; სხეულის ორგანოები ნორმალურია, ნერვიული სისტემა დარღვეული არა აქვს...''

1949 წლის 3 აპრილს სამხედრო ნაწილის ტრიბუნალმა დახურულ სხდომაზე ივანე (კუკური) იოსავას სამშობლოს ღალატის ბრალდებით 25 წლით შრომით-გამოსასწორებელ ბანაკში გადასახლება, პირადი ქონების ჩამორთმევა, 5 წლით უფლებების შეზღუდვა მიუსაჯა. მას ჩამოერთვა ლეიტენანტის წოდება.

ივანე (კუკური) იოსავას დედას, მარიამ მოსეს ასულ გაჩეჩილაძეს, რომელიც თბილისში, ბესიკის ქ. N17-ში მეორე მეუღლესთან, ივანე ჯაბუასთან და შვილთან, მზიასთან ცხოვრობდა, გაუუქმდა ყველა შეღავათი და უპირატესობა. მან 1949 წლის 3 
აპრილს მიმართა სამხედრო ტრიბუნალს. ის აღნიშნავდა, რომ შვილისგან ბოლო წერილი 1941 წლის 20 ივნისს მიიღო; მერე 
მასზე არაფერი იცოდა, მიაჩნდა უგზო-უკვლოდ დაკარგულად (შსს არქივში დაცულ მასალებში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა 
შორის ჩაწერილია ვანო ვანოს ძე იოსავა). 
დედა ითხოვდა, მისთვის ეცნობებინათ შვილის ბედიღბალზე.

გვ34

საქმის მასალებში აღნიშნულია, რომ მარიამ გაჩეჩილაძის პირველი ქმარი, ივანე იოსავა იყო ქართული მენშევიკური მთავრობის ოფიცერი, ,,შტაბს კაპიტანი“, რომელიც 1921 წელს, წითელ არმიასთან ბრძოლისას, მოკლეს.

მზია მეტრეველის მონათხრობის მიხედვით, ივანე (კუკური) ივანეს ძე იოსავა გადასახლებიდან დაავადებული XX საუკუნის 
50-იანი წლების მეორე ნახევარში დაბრუნებულა, არ დაოჯახებულა და მალე გარდაცვლილა.

ასე გაანადგურა საბჭოთა ხელისუფლებამ სამშობლოსათვის მოღვაწე თავდადებული იოსავების ოჯახი.
ივანეს (ლოლი) ძმა, კონსტანტინე (ხუტა), რესპუბლიკის დამსახურებული ეკონომისტი და დები: მარიამი, აგრაფინა, 
ნინო, ალექსანდრა თბილისში ცხოვრობდნენ.

ბიაში, მღვდელ ლავრენტის კარ-მიდამოში, მისივე აღზრდილმა, ლოლის მიერ მესხეთიდან ჩამოყვანილმა ვასო ლომსაძემ 
და მისმა მეუღლემ, თუთა ივანიძემ გააგრძელეს ცხოვრება. მათ ოთხი ვაჟი შეეძინათ: გრიშა, ნოდარი, ოთარი და კოტე. ვასო 
მეორე მსოფლიო ომში დაიღუპა და თუთას ეულად მოუწია ობლების გაზრდა. 

დღეს ლომსაძეების შთამომავლები ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში ცხოვრობენ. მღვდელ ლავრენტი იოსავას ოჯახის საძვალეს ისინი პატრონობენ და უვლიან.

საბჭოთა ხელისუფლების წლებში, ათწლეულების განმავლობაში, სამშობლოსათვის თავგანწირულ მამულიშვილთა სახელები 
ტაბუდადებული იყო. მათ თითქოს მივიწყების ბინდი გადაეფარა.

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, ქართულმა საზოგადოებამ მივიწყებული გმირების სახელები საჩინო 
გახადა, რადგან, როგორც პოეტი ამბობდა:
,,გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება!
თქვენთა სახელთა ამაყად წარმოსთქვამს შთამომავლობა!“
2018 წლის თებერვალში თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის სამხრეთ ფასადზე, იმ ადგილთან, სადაც საძმო 
სასაფლაო იყო, 1921 წლის თებერვალში საბჭოთა რუსეთთან ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მეომართა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გაიხსნა, რომელზეც აწერია 15 

გვ35

სახელი და გვარი, მათ შორის _ ივანე იოსავასი. არადა ისინი ბევრნი იყვნენ...

წიგნი გვინდა დავამთავროთ საქართველოსთვის თავშეწირული ივანე (ლოლი) იოსავას სიტყვებით: ,,ერის თავისუფლებისთვის 
სიკვდილი იყო უდიდესი მოვალეობის აღსრულება... საქართველოს საუკეთესო შვილნი შეეწირნენ მის თავისუფლებას...
ქართულ დემოკრატიას არაერთხელ გაუპოხიერებია დედამიწა თავისი სისხლით და უფლებაც აქვს მოითხოვოს თავის 
შვილებისაგან, მომავალში მაინც მოუარონ იმ დიდ განძს, რომელიც შეძენილია დიდი წვითა და დაგვით!''
ჭეშმარიტად!


გვ36

დანართი N1
ღია წერილი

სტ. ჩახუნაშვილს და ნაცვლიშვილს,
რადგანაც ჩემამდი მოაღწია ცნობამ, რომ თქვენ ჩემს შესახებ ცილისწამებას ავრცელებთ, რაც ჩრდილს აყენებს ჩემს პირადობას, გიწვევთ საამხანაგო სასამართლოში, რომელიც განიხილავს მე და თქვენ შორის მომხდარ კონფლიკტის მიზეზებს და მსჯავრს დასდებს თქვენგან გავრცელებულ ხმებს ჩემს შესახებ.
მედიატორებად ვასახელებ სტ. კ. დუნდუას და ლ. ქორქაშვილს. თუ პასუხს ორი დღის განმავლობაში არ მივიღებ, იძულებული ვიქმნები ვრცელი წერილის საშუალებით დავახასიათო თქვენი საქციელი.

ივანე იოსავა.
,,იმერეთი“, 1914 წ. 4 ივლისი, N96 

დანართი N2
პასუხი სტ. ი. იოსავას

დამშვიდებული ვეგებებით თქვენს წინადადებას საამხანაგო სასამართლოს დანიშვნაზე შესახებ ჩვენს შორის მომხდარ უთანხმოების გასარკვევათ. ერთი რამ გვაკვირვებს: რად დაგჭირდათ ჩვენდამი ღია წერილებით მომართვა, როცა თქვენი წერილის საგანზე ჩვენ თქვენზე ადრე მოგეცით ზეპირი წინადადება, ნუთუ არ გესმით, რომ ანდაზა: გაღმა შეედავე, გამოღმა ხელში დაგრჩებაო, ამ შემთხვევაში თქვენთვის გამოუსადეგარია. ჩვენთვის გაუგებარია თქვენგან წამოყენებული ულტიმატუმი: ,,თუ პასუხს ორი დღის განმავლობაში არ მივიღებ, იძულებული ვიქნები ვრცელი წერილის საშუალებით დავახასიათო თქვენი საქციელიო''; ჩვენ კი ერთი კვირაა ვუცდით ამ სამსჯავროს მოწყობას თქვენგან ,,ჰო''-ს თქმით, მაგრამ ასეთს თქვენგან ვერ ვეღირსეთ. ღია წერილში კი მოგერიებიდან თავდასხმაზე გადადიხართ, ვრცელი ეპისტოლეთი გვემუქრებით!

გვ37

ჩვენ ღიმილით ვეგებებით თქვენს მუქარას და ყოველთვის მზათ ვართ სიმართლე აღვადგინოთ. ჩვენის მხრიდან მედიატორებად ვნიშნავთ: გრიგოლ ვეშაპიძეს და ტიტე ტაბიძეს.

სტ. ს. ჩახუნაშვილი, სტ. თ. ნაცვლიშვილი.
,,იმერეთი“, 1914 წ. 5 ივლისი, N97 

დანართი N3
სამედიატორო სასამართლოს დადგენილება

სტუდ. ი. იოსავასა, ჩახუნაშვილისა და ნაცვლიშვილის შორის მომხდარ უსიამოვნების გამო დანიშნულმა სამედიატორო 
სასამართლომ დაადგინა შემდეგი:

1. მიუხედავად იმისა, რომ ი-მ იცოდა ჩ. და ნ.-ს საქველმოქმედო საღამო რომ იმართებოდა და მისმა საღამომ ხელი 
შეუშალა ჩ-სა და ნ-ს საღამოს, სასამართლო არ ხედავს ი-ას 
საქციელში არავითარ არა სინიდისიერ და ბოროტ განზრახვით 
ჩადენილ ქიშპობას.
2. სასამართლო აღიარებს, რომ იოსავას მუშაობის დროს 
ამოქმედებდა მხოლოდ ხელმოკლე ამხანაგის დახმარების სურვილი და ჩ-სა და ნ-ს მიერ მისი უარყოფითი დახასიათება აიხსნება გარეშე პირთა საქმეში ჩარევით.

თავმჯდომარე გ. ჭუბაბრია
მედიატორები: გრ. ვეშაპიძე, კ. დონდუა, ლ. ქორქაშვილი და ტ. ტაბიძე.

,,იმერეთი“, 1914 წ. 8 ივლისი, N99

დანართი N4
გიორგი ხერხეულიძის ხსოვნას

საშინელმა საერთაშორისო ომმა შეიწირა მრავალი მსხვერპლი. რომელ ერისთვის არ არის საგრძნობი ესოდენი დანაკლისი, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენთვის, ქართველებისათვის,

გვ38

მეტად სამძიმოთ რჩება საერთო სამსხვერპლოზე მიტანილი წვლილი.

რამდენმა ქართველმა დალია სული ბრძოლის ველზე, რამდენი ჯანით სავსე ადამიანი მოწყდა სამშობლო ცას და შთაინთქა ბრძოლის უფსკრულში, მაგრამ საერთო უბედურებას აორკეცებს ისიც, რომ ზოგჯერ დაუნდობელი ტყვია არ ზოგავს 
ხალხის მოამაგესაც, სპეტაკ ზნეობისა და და მაღალი იდეალის ადამიანსაც.

ერთ ასეთ გულსაწვავ და განსაკუთრებულად საგრძნობ დაკარგვად ჩვენთვის, ხობელებისთვის გ. მ. ხერხეულიძის სიკვდილი უნდა ჩაითვალოს. თავადი ხერხეულიძე სამსახურის გამო ზუგდიდში იმყოფებოდა. მთელ თავის სამსახურისგან თავისუფალ დროს ის ანდომებდა საზოგადო საქმეს. მისი ინიციატივით დაარსდა ზუგდიდსა და ხობში სამკითხველო. არამც თუ პიონერობა, განსვენებულმა დაარსების შემდეგაც მრავალჯერ და მრავალგზით დახმარების აღმოჩენაც იკისრა.

,,აი საწყალი, მეუბნებოდა ერთ ხობელი ნაცნობი, როგორც მახსოვს, მე და გიორგი დუქან-დუქან დავრბოდით და სამკითხველოსათვის ფულს ვაგროვებდითო“. ხობელებს კარგად ესმით ეს დანაკლისი. 11 იანვარს განსვენებულის სულის მოსახსენებლად გადახდილ იქნა პანაშვიდი მის მიერვე დაარსებულ სამკითხველოს სადგომში. პანაშვიდის გადახდის შემდეგ მამა ნიკოლ. 
სასანიამ გრძნობიერი სიტყვა წარმოთქვა, რომელშიც დამსწრეთ განუმარტა გიორგის ღვაწლი სამკითხველოს დაარსებაში და 
მოუწოდა გიორგის პატივსაცემად ცდილიყვნენ სამკითხველოს საქმის მოწესრიგებას და მის გაფართოებას, რადგანაც ,,განსვენებულის საუკეთესო პატივისცემა იქნება, სთქვა მამა სასანიამ, თუ ხელს შეუწყობთ მის იდეალის განხორციელებას და მის 
ნაშრომს არ დავკარგავთ“-ო.
პანაშვიდს დიდძალი საზოგადოება დაესწრო

ივანე იოსავა
,,იმერეთი'', 1915წ. 17 იანვარი, N9

გვ39

დანართი N5
პატარა წერილები

ისტორიამ ქართველ ჯარისკაცს განსაკუთრებული სასახელო როლი არგუნა.

იმ დროს, როდესაც მთელ დედამიწაზე ჯარისკაცი მხოლოდ იარაღი იყო გაბატონებული კლასების ინტერესების დასაცავად, 
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჯარისკაცი იმედია დემოკრატიისა, თავმდებია, რომ მშრომელ მასას ხელიდან არ 
გაუსხლტება ბრძოლით მოპოვებული თავისუფლება.

ქართველ დემოკრატიას არა ერთხელ გაუპოხიერებია დედამიწა თავისი სისხლით და უფლებაც აქვს მოითხოვოს თავისი შვილებისგან მომავალში მაინც მოუარონ იმ დიდ განძს, რომელიც შეძენილია დიდი წვითა და დაგვით.

ზედმეტი არ იქნება გავახსენო ჩვენს ჯარისკაცებს ის დიადი ღვაწლი, რომელიც მიუძღვით მათ წინაპარ მეომრებს, ხალხის 
შვილებს, ერისა და კულტურის დაცვაში. საქართველო მუდამ ჟამს თავის მდებარეობისა და სიმდიდრის გამო სანატრელი და 
საჯირითო მოედანი იყო გარეშე ძალთათვის.

მოვიგონოთ უძველესი დრო, როდესაც აწ უკვე განსვენებული ,,აზიის ლომი“ თავზარსა სცემდა ჩვენს ქვეყანას, ღვთის რისხვად ევლინებოდა საქართველოს მტარვალთა და უკულტუროთა ქვეყანა-ოსმალეთი. ოსმალეთს თვალსა ჭრიდა განათლების სხივი და ისიც თავის თათებით აქრობდა ამ მაცისკროვნებელ ლამპარს განათლებისას, რომელიც ღვიოდა საქართველოში.

მაგრამ ისტორიის კანონი დაურღვეველია.
საქართველო გადარჩა გადაგვარებას. მის მხსნელად ფეხზე დადგა მთელი ერი ვით ერთი კაცი.

საქართველოს საუკეთესო შვილნი შეეწირენ მის თავისუფლებას.

თავისუფლების და კულტურის სამსხვერპლოზე ქართველმა დედებმა საკუთარი მუცლით ნატარები და ძუძუ ნაწოვი შვილები 
მიიტანეს. ვინ არ იცის ჩვენს ისტორიაში და ლიტერატურაში ათასჯერ ხაზგასმული თვისება ქართველი დედისა: საყვარელი შვილის

გვ40

უსაყვარლესი სამშობლოს სამსხვერპლოზე უცრემლოთ მიტანა.
დედის საყვარელი მხოლოდ ის შვილი-ღა იყო, რომელიც სამშობლოსათვის თავს დადებდა:
ერის თავისუფლებისათვის სიკვდილი იყო უდიდესი მოვალეობის ასრულება.
შინ ლაჩრულად დაბრუნებული შვილი მხოლოდ არცხვენდა ოჯახს; ასეთ ნაძრახ სიცოცხლეს ყოველი დედა შვილის ვაჟკაცურ, მამულისათვის რაინდულ სიკვდილს ამჯობინებდა.
გაიხსენეთ რას ეუბნება დავრდომილი დედა თავის ერთადერთ შვილს: (დედა და შვილი. ილია):

სულზედა დიდი ცოდვა უნდა ედვას დედასა, რომ შვილი ამ დროს არ გაჰგზავნოს ძმათა საშველად,
ღმერთმა გვაშოროს, შვილო ჩემო, იმათ სირცხვილსა, რომ შენ შინ იჯდე, ოდეს სხვანი იხოცებიან,
ვინც მამულისთვის არ იმეტებს თავისა შვილსა მას შვილი თვისი, ჩემო კარგო, არ ჰყვარებია.
ვაჟკაცი იყავ-ჩემი თხოვნა არის მხოლოდ ეს.

ან მეორე ადგილას:

მე ვწუხვარ მარტო მასზედ, რომ ჩემს სიბერესა სანუგეშებლად მხოლოდ ერთი მოეცა შვილი
მე ვწუხვარ მასზედ, რომ ჩემს მამულს ამ ნეტარ დღესა მხოლოდ ერთი-ღა შეაკვდება ჩემგან შობილი.
და მართლაც თუ არ ასეთი თავგანწირვა, თუ არ ასეთი მსხვერპლი მამულის წინაშე, განსაცვიფრებელი იქნებოდა ის 
მოვლენა, რომ ურდოებით გარშემორტყმული პატარა ქვეყანა მრავალ საუკუნეთა განმავლობაში თავის სახეს არ ჰკარგავს და 
მე-XX საუკუნეში, პატარა ერების დღესასწაულის ხანაში, ყველა პატარა ერთა წინ დგას თავისი სახელმწიფოებრივი აღმშენებლობით და ამყარებს ისეთ წესწყობილებას, რომელსაც დაწინაურებული ქვეყნებიც ახლა ესწრაფიან და ხალხთა თავისუფალ კავშირში შედის, როგორც დაწინაურებული და პატივცემული ერი, რომელსაც მსოფლიო სამართლიანობის დამყარებაში თავისი თვალსაჩინო წვლილი შეაქვს.

გვ41

ასეთია მოკლედ ჩვენი წარსული:
მუდმივი ბრძოლა თავისუფლებისათვის საერთაშორისო ძმობისთვის, თანასწორობისა და ერთობისთვის-აი ის ჩირაღდანი, რომელიც ქართველ მებრძოლთ ხელთ ეპყრათ უხსოვარი დროიდან.

მხოლოდ ჩვენი ერის ისტორიის უცოდინართ გაუკვირდებათ, თუ რათ არის ქართველი ერი ასეთი ერთგული დარაჯი 
საერთაშორისო ძმობისა მე-XX საუკუნეში.

ქართველ ერს მემკვიდრეობით გადმოეცა თავისუფლების მოსარჩლეობა; ის ახლაც პირუტეხელი სდგას ბრძოლის ველზე და ისევე რაინდულად იგერიებს ყოველი ჯურის მტრებს, როგორც ამას სჩადიოდა ძველათაც.

რასაკვირველია ჩვენი დრო მე-XV საუკუნე არ არის და ქართველი მებრძოლიც თავისუფლების იდეას სულ სხვა შინაარსს უდებს.
ჩვენი დრო მრავალ შინაარსიანია; ეკონომიურმა უთანასწორობამ და ეკონომიურ ნიადაგზე ბრძოლამ ჩვენი მსოფლმხედველობა გამოსცვალა; დროსა და პირობების მიხედვით მშრომელი საქართველოს მიზანიც იცვლება. ამ იდეალების განხილვა და მისი განსახორციელებელი საშვალებების გარკვევა მოითხოვს დიდ ყურადღებას და ჩვენც მას ცალკე წერილებში შევეხებით.

პოდპორუჩიკი იოსავა
,,რესპუბლიკის ჯარი“, 1918 წელი, 15 დეკემბერი, N3

დანართი N6
გლეხთა მოძრაობა სამურზაყანოში

სამურზაყანო ერთი უმდიდრესი და უმშვენიერესი კუთხეა საქართველოსი. მის სიმდიდრეს განსაკუთრებით თხილი და თუთუნი შეადგენს.
ძნელად თუ იპოვით ისეთ ოჯახს, რომელსაც რამოდენიმე ქცევა მიწა არ ჰქონდეს თხილით გაშენებული, ან რამდენიმე ასი ფუთი თუთუნი არ შემოსდიოდეს წელიწადში.

გვ42

მიუხედავად ამისა, სამურზაყანოელი მაინც არ არის ნივთიერათ კმაყოფილი.

ამის მიზეზი მრავალია და მათ შორის უმთავრესად უნდა ჩაითვალოს გზების უქონლობა და ბაზრის სიშორე, სადაც დამუშავებული თუთუნის ან თხილის გასაღება შეიძლება.

მიუხედავად იმისა, რომ სამურზაყანოელს სიზარმაცეს ვერ დასწამებთ, ნაყოფი მისი მუშაობის მეტათ მცირეა, რადგან მუშაობა მეტათ პრიმიტიულის საშუალებით სწარმოებს. კულტურული ჩამორჩენილობა ამ კუთხისა ერთობ დიდია.
შკოლების უქონლობამ, მონარქისტული მთავრობის ხანგრძლივმა გამარუსებელმა პოლიტიკამ სამურზაყანოელს გაუნათლებლობის დაღი დაასვა.
სამურზაყანოში ვხედავთ ყველა იმ ნიშნებს, რომლებიც ახასიაებენ კულტურულათ ჩამორჩენილ ხალხს.
მაგალითად სამურზაყანოში სისხლის აღების ადათი იმდენად ძლიერია, რომ მისი დარღვევა ხშირად განათლებულ სამურზაყანოელსაც უჭირს.
გაუტანლობა, მტრობა, ადამიანის პიროვნების დაუფასებლობა და სხ. ხშირი მოვლენაა და ერთგვარ თანაგრძნობასაც პოულობს.
არ არის შეგნებული ელემენტარული მოვალეობანი ურთიერთ შორის დამოკიდებულებაში. ერთმანეთთან განწყობილება მხოლოდ ძალით განიზომება. ვინც ძლიერია-ის გავლენიანია.
ძალის წინაშე ქედის მოხრა უაღრესი დამახასიათებელი თვისებაა სამურზაყანოელის. საუბედუროთ, კულტურულ ძალას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, ძალა ფიზიკური, ქონებრივი, აი, რა არის პატივსადები საგანი მისთვის. ასეთ ძალას კი, 
სამურზაყანოში წარმოადგენენ ძველი მემამულე-თავადიშვილები, რომლებსაც დღესაც უძახის გლეხობა ,,კნიაზს“, ,,ვაშე სიატელსტვო“ და სხვა, მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურადაც და იურიდიულადაც დიდი ხანია მოისპო წოდებრივი ბატონობა 
საქართველოს ტერიტორიაზე.
თავად-აზნაურობა კი წარმოადგენს დაქვეითებულ, ჩამორჩენილ წოდებას, რომელსაც არც სურვილი აქვს და მით უფრო არც შეძლება, ხალხში შეიტანოს განათლება და კეთილი რჩევა-დარი-

გვ43

გებით და სწავლით უხელმძღვანელოს სამურზაყანოს მშრომელ მასას. თავად-აზნაურების როლი სამურზაყანოს დაქვეითებაში დიდია და ასეთივე დიდი ღვაწლი მიუძღვის მათი მოძრაობის გაღრმავებაში, რომელსაც ,,სამურზაყანოს ბოლშევიზმს“ ეძახიან.
სიმართლე უნდა ითქვას, რომ სამურზაყანოს გლეხთა მოძრაობა სულ სხვა ხასიათისაა, ვიდრე დუშეთის ან გორის.
თუ დუშეთში მოძრაობას ხელმძღვანელობდენ გზა აბნეული ბოლშევიკები, მეთაურებათ გამოდიოდნენ სხვა ერების წარმომადგენელნი, სამურზაყანოში გლეხთა მოძრაობას ადგილობრივ თავად-აზნაურთა მოქმედების ბეჭედი აზის.

თავისი დრომოჭმული უპირატესობის შესანარჩუნებლათ, ძველი ბატონობის გასამტკიცებლათ და მშრომელთა ძველებურად დამონების მიზნით სამურზაყანოს თავად-აზნაურობა არ დაერიდა უდიდესი დანაშაულის ჩადენას, სამურზაყანოელი გლეხის ღალატს და საქართველოს დემოკრატიული მთავრობის საწინააღმდეგო აჯანყების მოწყობას.

სამურზაყანოს თავადობამ კარგად იცოდა, რომ პირდაპირის საშუალებით ფონს ვერ გავიდოდა. საქართველოს რესპუბლიკის დროებითი სისუსტით უნდოდა ესარგებლა: იმ დროს, როდესაც ერთი ნაწილი მათი ალ. შერვაშიძის მეთაურობით 
ოსმალთ ურდოებს ეპატიჟებოდა, მეორე წინ და წინვე შედგენილი გეგმით ადგილობრივ ასრულებდა თავის საგმირო საქმეს, აჩაღებდა მოქალაქეობრივ ომს, რომ მით სულ სხვა მხარისაკენ მიექცია ხალხის ყურადღება და მისთვის მოულოდნელად ჩაეცა 
ლახვარი ზურგში.

მოქალაქეობრივი ომი, ძმათა ჟლეტა ხომ დაასუსტებს სამურზაყანოს.

მოხდა ის, რაც მოსალოდნელი იყო. ალ. შარვაშიძემ ასკერთა საშვალებით მოისურვა თამასუქების განაღდება, მაგრამ თავადები დამარცხდნენ, დამარცხდნენ ერთგვარათ: ბრძოლის ველზე-გარეშე მტერთან-საქართველოს დემოკრატიულ მთავრობასთან ბრძოლაში და შინაურ ფრონტზეც, რადგან სამურზაყანოელ გლეხს მეხივით თავს დაეცა თურქთა შემოსევა და ისიც მიხვდა, თუ რას უპირებდა მას მოღალატე თავადობა. ხიდი ჩატყდა: თავად-აზნაურობის ნდობა სამუდამოთ დაიკარგა.

გვ44

თავადობა შეშოშმინდა. მას ახლა საშიშროება წამოეტუზა თვალწინ, ეს გახლდათ გლეხების მიერ სამაგიეროს გადახთის შიში: შეშინებულნი სათადარიგო ზომებს შეუდგა, რომ საკუთარი საქმისთვის კანონიერი სახე მიეცა-მთავრობის დამცველი 
რაზმი შეადგინეს, რომელიც სულ ერთიანად თავად-აზნაურებისგან შესდგა.

თავად-აზნაურობამ ააჯანყა ხალხი და როდესაც დანახა, რომ გამოჩხრიკა თავის დასაკლავი დანა, თვითონვე შეუდგა საქმის მოგვარებას! ერთი ნაწილი თავადებისა ,,მთავრობის დამცველ'' რაზმში ,,მოღვაწეობს“, მეორე კი ყაჩაღებს უმეგობრდება. 
ერთის მხრით საქართველოს მთავრობას ერთგულებაში ეფიცებიან, მეორეს მხრით ოსმალოებს ეპატიჟებიან. ესეც ცოტაა.
დენიკინის ჯარსაც სამურზაყანოელი თავადობა დიდის იმედით უცქერის; დამოუკიდებელ სამურზაყანოს მომხრეებსაც შეხვდებით ბრწყინვალეთა წრეში.

ერთი სიტყვით ყველასთან კავშირი, თვით ეშმაკთანაც კი მეგობრობა, ოღონდ საქართველოსთან მოსპონ ყოველგვარი დამოკიდებულება.
აქ კი ყველაფერი აშკარავდება.
საქართველოს დემოკრატიულ მთავრობას გარკვეული პროგრამა აქვს-ცხოვრებაში გაატაროს დემოკრატიული რეფორმები, ძირიან-ფესვიანად მოსპოს ყოველი ნაშთი ძველი დახავსებული წეს-წყობილების.

ასეთი პროგრამა, რასაკვირველია, არ ეჭაშნიკებათ თავადებს... დენიკინი, ოსმალეთი, დამოუკიდებელი სამურზაყანო-ეს ის პირობებია, რომელიც ძალა-უფლებას თავადობას შეუნარჩუნებს.
ასეთი იყო პირობები, როდესაც გენ. გედევანიშვილის რაზმი ეწვია სამურზაყანოს.

პოდპორუჩიკი იოსავა
,,რესპუბლიკის ჯარი“, 1918 წელი, 22 დეკემბერი, N4

გვ45

დანართი N7
გლეხთა მოძრაობა სამურზაყანოში

გედევანიშვილის რაზმის ჩასვლამდე კონიევის ჯარმა გაიარა სამურზაყანო, მაგრამ ეს ჯარი დიდხანს არ გაჩერებულა იქ გზად გავლილმა კონიევის (კონიაშვილი _ ავტ.) ჯარმა დიდი ამაგი დასდო შემდგომ მოსულ ჯარებს. საქართველოს მტრებს 
თავზარი დაეცა გვარდიელების დანახვაზე.
აშკარაა იყო, რომ დემოკრატიული მთავრობა არც ისე უძლური იყო, როგორც ამას ხალხში ავრცელებდნენ თურქოფილები.
გენ. დედევანიშვილის წინ მრავალი რთული საკითხი იდგა გადასაჭრელად;
საჭირო იყო უპირველეს ყოვლისა ხალხისთვის თვალი აეხილა, რომ ხალხს შეძლება ჰქონოდა გაერჩია ვინ იყო მტერი და ვინ მოყვარე. ამასთანავე ერთად საჭირო იყო უდანაშაულო ხალხი არ დაშავებულიყო ჯარის მოქმედების დროს.
მეორე მხრით კი სახელმწიფოს კანონების მთელი სისასტიკით უნდა დასჯილიყო ყველა ის, ვინც შეგნებულათ ხელს უწყობდა ანარქიას და ძირს უთხრიდა სამურზაყანოს და სხვა კუთხეებთან მტკიცე კავშირის დამყარებას.
სამივე ეს საკითხი დიდ შრომას და ფრთხილ ტაქტიკას მოითხოვდენ. მრავალი მიზეზი ეღობებოდა გენ. გედევანიშვილს და ხელს უშლიდა საქმის კეთილად დაგვირგვინებას.
საქართველოს მტრებმა შესძლეს დაერწმუნებიათ ხალხი, რომ მთავრობის მიერ გამოგზავნილი ჯარი, არ დაინდობს არც დანაშაულს და არც უდანაშაულოს, რომ მისთვის სულ ერთია, ოღონდაც ააოხრონ და გაანადგურონ სამურზაყანო; ამით აიხსნება ის გარემოება, რომ კრებებზე ჯარის ჩასვლისას ხალხი ცოტა მოდიოდა და რაც ქონდათ ოჯახში საოჯახო ნივთების გამოუკლებლათ-ტყეში ჰქონდათ გადამალული.
დიდ გაკვირვებას იწვევდენ ხალხში სოციალისტ-გენერლის სიტყვები, რომ ის გამოგზავნილია დემოკრატიული მთავრობის მიერ წესიერების დასამყარებლათ. პირველად არავის სჯეროდა თუ გენერლის ტკბილი, ძმური სიტყვები მოსატყუებლათ არ იყო 

გვ46

თქმულნი. მაგრამ გენ. გედევანიშვილმა გამოიჩინა დიდი გამჭრიახობა და შესძლო დაერწმუნებინა სამურზაყანოელნი, რომ მთავრობა არავითარ ანგარებით არ არის გატაცებული-არამედ მას სურს დაამყაროს მშვიდობიანობა და ამით შეძლება მისცეს 
მშვიდობიან ხალხს თავისუფალი, უშიშარი ცხოვრებისა.
ჯარის მეცადინეობამ გაჭრა და ხალხმა შეხედულება შეიცვალა. უნდობლობა შეიცვალა ნდობით და ბოლოს ყოველ სიტყვას ჯარის ან მთავრობის წარმომადგენლების დიდ ყურადღებით ისმენდენ. ბურუსი იფანტებოდა და სამურზაყანოელ გლეხის მტრის სახე აშკარა ხდებოდა. ამ მხრივ მიზანი მიღწეულია-აშკარაა დღეს ასე ადვილად ვერ დააჯერებენ ჩვენი მტრები სამურზაყანოელ გლეხებს, რომ საქართველოს მთავრობას სურს ბატონყმობის აღდგენა.
მეორე საკითხი უფრო ძნელი მოსაგვარებელი იყო. ყველასათვის ცხადია, რომ საომარი მომზადების წარმოების დროს ძნელია გარჩევა ვინ არის დამნაშავე ან უდანაშაულო. ეს სიძნელეც პარტიზანულმა რაზმმა ჩინებულათ სძლია. მან ყოველი 
ღონე იხმარა საომარი მოქმედება სრულებითაც არ მომხდარიყო. გენ. გედევანიშვილის, მთავრობის წარმომადგენელთა ჩემიასა და ნარაკიძის და სხვათა მეცადინეობით, მოპირდაპირენი ზედიზედ ნებდებოდნენ ჯარს, უბრძოლველად აბარებდენ 
იარაღს.
სისხლის დაუღვრელათ დამთავრდა დიადი საქმე; მოისპო მთავრობის საწინააღმდეგო ორგანიზაციები. დღეს უკვე ორგანიზაციული გამოსვლა საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ არა მგონია შესაძლებელი იყოს, თუ რასაკვირველია მომავლისათვის საჭირო თადარიგს დავიჭერთ.
სამურზაყანოში დამნაშავის პოვნა მეტად გაძნელებულია, რადგანაც პირად ინტერესს, ურთიერთ შორის კერძო ნიადაგზე უკმაყოფილებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს ამ საკითხის გამორკვევის დროს. მაგრამ საერთოდ ეს საკითხი ადგილობრივ დამაკმაყოფილებლათ იქნა გადაჭრილი. ყოველ შემთხვევაში აშკარად ეტყობოდა, რომ მთავრობის წარმომადგენელთ კარგად ჰქონდათ გათვალისწინებული ის ჭეშმარიტება, რომ ჯობია ათი დამნაშავე გაათავისუფლოთ, ვიდრე ერთი უდანაშაულო დასაჯოთ.

გვ47

დასასრულ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ჯარმა თავისი მოვალეობა პირნათლად აასრულა, მაგრამ ამით საქმე გათავებული არ არის. მოგვარებულია მხოლოდ საქმის პირველი ნახევარი.
აუცილებელ საჭიროებას წარმოადგენს განსხვავებული ყურადღება მიექცეს ადგილობრივი მთავრობის მოწყობას. სამურზაყანოში სამწუხაროთ უმეტესი ნაწილი სოფლის კომისრებისა და მილიციონერებისა არიან ყოფილი პოლიციის მსახურნი. 
არიან მათ შორის ისეთებიც, რომელნიც დღე კომისრებთან არიან, ღამე კი ყაჩაღებთან, _ ეს საკითხი თხოულობს ჩვენი მთავრობის განსაკუთრებულ ყურადღებას.
განზრახ არ ვეხებით აქ მიწის საკითხს სამურზაყანოში, რადგანაც ამის შესახებ გვსურს მკითხველს ცალკე წერილით ვესაუბროთ. მხოლოდ აქ საჭიროდ ვრაცხ მივაქციო ყურადღება ვისიც ჯერ არს-დააჩქარონ ამ საკითხის გადაჭრა სამურზაყანოში, რადგანაც ეს ერთი საჭირბოროტო საკითხთაგანია სამურზაყანოელი გლეხისათვის და მისი დროით გადაჭრა დიდად შეუწყობს ხელს საერთო მშვიდობიანობის დამყარებას.
პოდპორ. იოსავა.
,,რესპუბლიკის ჯარი“, 1918 წელი, 29 დეკემბერი, N5

დანართი N8
ძველი საქართველოს დამოკიდებულება 
ინგლის-საფრანგეთთან
(წარსული ისტორიიდან)

ინგლისის ჯარის შემოსვლამ ჩვენში ფრთები შეასხა საქართველოს მტრებს. ისინი ყოველ ღონეს ხმარობენ დაუპირდაპირონ მტრებს საქართველოს ინტერესები ინგლის-საფრანგეთისას და გამოგვიყვანონ ჩვენ მათ მოწინააღმდეგებად. მტრების ცდა რასაკვირველია ვერ გამოიღებს მათთვის სასურველ ნაყოფს. 
ჩვენ არავითარი საბუთი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ ინგლისელები მათს ხმას აყვებიან და საქართველოს ნორჩ რესპუბლიკას მოწინააღმეგეთა რიცხვში მოათავსებენ.

გვ48

წარსულიც გვიმტკიცებს, რომ გაჭირვების დროს საქართველოს არა ერთხელ მიუმართავს ინგლის-საფრანგეთისათვის და მათ უარი არ უთქვამთ დახმარებაზე. აი მაგალითები: როდესაც ვახტანგ მეფე საკუთარი ძმის დაბეზღებით დაატყვევა სპარსეთის შახმა, მან კათოლიკე მოძღვართა რჩევით გადაწყვიტა მიემართა საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV-თვის და ეთხოვა მიეღო საქართველო თავის მფარველობის ქვეშ. ვახტანგს დიდი იმედი ჰქონდა საფრანგეთისა, რადგან საქართველო ერთადერთი 
სახელმწიფო იყო წინა აზიაში, რომელიც მტკიცედ იცავდა ქრისტიანობას. და მას დიდი იმედი ჰქონდა აგრეთვე კათოლიკური სამღვდელოებისა, რომლის გავლენა XVII საუკუნიდან ძლიერ გაიზარდა საქართველოში. გარდა ამისა საფრანგეთის რეალური 
ინტერესებიც მოითხოვდენ საქართველოსთან ურთიერთობის დაჭერას. საფრანგეთს სურდა საქართველოს კათოლიკობა მიეღო და ქართველების შემწეობით მთიულებიც გაექრისტიანებინა. 
საფრანგეთი საქართველოში სავაჭრო ბაზარსაც ეძებდა. ვახტანგ მეფეს კარგად ესმოდა ყველა ეს და პირობას სდებდა ლუდოვიკთან, რომ უზრუნველყოფდა კათოლიკეთა მოძღვრებას და საფრანგეთის აღებ-მიცემობას თავის საზღვრებში. ეს ხელშეკრულება დაახლოებით შემდეგ პირობებს შეიცავდა:

1. ვახტანგ მეფე ითხოვდა საფრანგეთის მფარველობას და თან სურვილს აცხადებდა მიეღო კათოლიკური სარწმუნოება.
2. საქართველოს ხაზინიდან გაღებულ იქნებოდა საკმარისი თანხა, რომ კათოლიკეთა მისიონერებს შეძლება ქონოდათ 
მოექციათ ქისტები, ჩეჩნები და სხვა მთიულები. ამ მიზნის მისაღწევათ საფრანგეთს უნდა ეგზავნა საქართველოში საკმარისი 
რიცხვი მისიონერებისა.
3. ფრანგ ვაჭრებს საქართველოში ეძლეოდათ თავისუფალი ვაჭრობის უფლება. მათ შეეძლოთ გაეტანათ საფრანგეთში 
ყველა ის ნაწარმოები, რომლებსაც იქ გასავალი ექნებოდათ. ამავე გზით ფრანგი ვაჭრები შემოიტანდნენ საქართველოში რაც 
ადგილობრივ იქნებოდა საჭირო.
4. თბილისიდან შავ ზღვამდის საქართველოს სამეფოს ხარჯით გაკეთდებოდა გზა, გაიმართებოდა ფოსტა და სადარაჯო,

გვ49

რომ საფრანგეთის ვაჭრებს თავისუფლად და უშიშრად შეძლებოდათ მიმოსვლა და ვაჭრობა საქართველოში. ასე იქნებოდა მოწყობილი გზა სპარსეთის საზღვრამდისაც. მეფე პირდებოდა საფრანგეთს, რომ თავისი ხარჯითაც გადაზიდავდა სპარსეთში საქონელს. სამაგიეროდ ვახტანგი შემდეგს მოითხოვდა საფრანგეთის მეფისაგან, რომ მას მიეწერა წერილი სპარსეთის ყეინისათვის, რომ ვახტანგი გაენთავისუფლებინათ ტყვეობიდან და საქართველოში დაებრუნებიათ, მას უნდა მოეთხოვა სპარსელებისგან, რომ საქართველოზე ქურდულათ თავდასხმებისათვის თავი დაენებებიათ; ომი საქართველოს საზღვრის გადმოლახვამდის უნდა ყოფილიყო შეტყობინებული საქართველოს მეფისათვის. სპარსეთს ერთხელ და სამუდამოდ უნდა აეღო 
ხელი საქართველოს რბევაზე და ქართველების ძალით გადარჯულებაზე. გათათრებულთაგან, ვისაც სურდა, შეძლება უნდა ქონოდა ქრისტიანობას დაბრუნებოდა. ასეთივე მოთხოვნები უნდა წაეყენებინა საფრანგეთის მეფეს ოსმალებისათვის. ამ 
წერილის მისართმევად და პირადის მოხსენების გასაკეთებლათ ევროპას გაგზავნილ იქნა საბა ორბელიანი.
1712 წელს საბა ორბელიანი ვახტანგ მეფის წერილით და პირობით გაემგზავრა საფრანგეთს. თან ახლდა მისი ძმა ვახტანგ ორბელიანი. საბა და ვახტანგი სტამბოლით გაემგზავრნენ რომს. სტამბოლში მათ მოგზაური რიშარიც შეუერთდა.
1713 წელს რომში, სან ბაზილის მონასტერში ორივე ძმამ კათოლიკობა მიიღო.
1714 წელს საბა ორბელიანი რიშარის თანხლებით წარსდგა საფრანგეთის მეფის ლუდოვიკის წინაშე და მიართვა მას ვახტანგ მეფის წერილი და სთხოვა ყურად ეღო საქართველოს მეფის თხოვნა და დახმარება აღმოეჩინა მისთვის.
ლუდოვიკი დაპირდა დახმარებას. ამ დაპირებით დაიმედებული და მინისტრ პონშანტერნის სიტყვებით გულ გამაგრებული საბა ორბელიანი დაბრუნდა სტამბულს. აქ საბამ ერთი წელი დაჰყო საფრანგეთის კონსულის დე-ზალერის მფარველობის ქვეშ; 
უკანასკნელი შეჰპირდა მას საფრანგეთთან შუამდგომლობას. დიდი ხნის უნაყოფო ლოდინის შემდეგ დაბრუნდა საქართველოში.
იმ ხანებში საფრანგეთში ისე აიწეწა საქმეები, რომ ლუდოვიკს არ სცალოდა საქართველოსათვის 

გვ50

ქართველი მეფის ცდა ვერ დაბოლავდა სასურველად.
მიუხედავად ამისა, მიწერ-მოწერამ ის შედეგი გამოიღო, 
რომ საქართველოს ყოფა-ცხოვრება შეიქმნა კულტურულ ევროპის ყურადღების საგნად.
(დასასრული იქნება)
პოდპ. იოსავა.
,,რესპუბლიკის ჯარი“, 1919 წელი, 26 იანვარი, N8

დანართი N9
ძველი საქართველოს დამოკიდებულება 
ინგლის-საფრანგეთთან
(წარსული ისტორიიდან)

ინგლისისათვისაც მიუმართავს საქართველოს გაჭირვების დროს. ძველად მოიპოვებოდნენ ჩვენში წარჩინებული პირები, რომელთაც სწამდათ საქართველოს დაახლოება ინგლისთან. ერთ ასეთ პიროვნებად ჩვენი ისტორია პაატა ბატონიშვილს 
გვისახავს. პაატა ბატონიშვილმა განათლება პეტრე დიდის სამხედრო სასწავლებელში მიიღო. შემდეგ იგი საფრანგეთის უმაღლეს სამხედრო აკადემიაში სწავლობდა. პაატა ნამყოფი იყო ინგლისშიც და კარგად იცნობდა იქაურ სახელმწიფო ვითარებას. იგი დიდი მომხრე იყო ინგლისთან კავშირისა და ამ აზრს უნერგავდა ერეკლე მეფესაც. მისი სიკვდილის შემდეგ მეფე ერეკლემ მართლაც გადადგა პრაქტიკული ნაბიჯი ინგლისთან დასაახლოვებლათ და მიწერ-მოწერაც გამართა ინგლისის ელჩთან (სპარსეთში).
ერეკლეს ინგლისთან დაახლოებას დიდად შეუწყო ხელი საქართველოს იმდროინდელმა მდგომარეობამ და ერთმა სომეხმა გვარად შიხრიმიანმა (იაკობ), რომელმაც შუამდგომლობა იკისრა ინგლის-საქართველოს შუა.
შიხრიმიანს, როგორც ძლიერ მდიდარ მადრასელ ვაჭარს კავშირი ჰქონდა ინგლისის მთავრობასთან და ერეკლეს დახმარებით სურდა სომხეთის საქმეც მოეგვარებინა. ერეკლე მეფეს 

გვ51

უნდა აღედგინა სომხეთის სამეფო და მიეღო თავის მფარველობის ქვეშ. შიხრიმიანმა ინახულა ინგლისის მთავრობა და დაპირებაც მიიღო საქართველოს შესახებ. შემუშავებულ იქნა პირობა, რომელსაც საქართველო და ინგლისი სდებდნენ ურთიერთ შორის. ერეკლე მეფემ შიხრიმიანს შუამდგომლობისათვის უბოძა ლორის მხარე და თავადიშვილობა და ნება დართო თავისი ყმებით ინდოეთიდან ლორს გადმოსახლებულიყო.
სამწუხაროდ, არც ამ მოლაპარაკებას ეღირსა დამთავრება. მას ხელი შეუშალა შიხრიმიანის სიკვდილმა.
მეტად საინტერესოა ის პირობები, რომელსაც ინგლის-საქართველო სდებდნენ ურთიერთ შორის:
ჩვენ მოგვყავს ზოგიერთი მუხლი ამ პირობისა1:

1. საქართველოს საქრისტიანო სამეფო უნდა გაძლიერდეს და აღორძინდეს. იგი უნდა დაუახლოვდეს ინგლისს და სხვა ევროპიელ სახელმწიფოებს, ქართველები უნდა ეცადონ, რომ ინგლისთან დაახლოებით ისარგებლონ თვითონ და ასარგებლონ 
კავკასიის სხვა ერებიც.
2. ერეკლე მეფე უნდა გამოცხადდეს საქართველოს და სომხეთის მეფედ, უცხო სახელმწიფონი მას პატივს უნდა სცემდნენ, როგორც ღირსეულ მეფეს. ევროპიელებმა საქართველოს დედაქალაქ თბილისში უნდა იყოლიონ ელჩები, საქართველომაც უნდა გაგზავნოს თავის მხრივ ელჩები ევროპის და აზიის სხვადასხვა სახელმწიფო ქალაქებში.
3. საქართველოს სამეფო წესები უნდა შეიცვალოს. თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში უნდა გაკეთდეს ჯარისათვის თავშესაფარი სახლები. უნდა შეიქმნას ჯარი, უნდა დაწესდეს სამსახურის დრო, უნდა დაარსდეს სამხედრო სწავლა, შესდგეს არტილერია. ყველა ამაებისთვის ინგლისიდან იგზავნება სამხედრო პირები (ოფიცრები და სწავლულნი), რომელნიც ამზადებენ ხალხს და ჯარს. 
ჯარს უნდა მიეცეს რიგიანი ტანთსაცმელი და ერთნაირი იარაღი, უნდა დაარსდეს აგრეთვე ქარხნები; ხელოსნები და სხვა ტეხნიკური პერსონალი ინგლისმა უნდა გამოგზავნოს საქართველოში.
1. ამოკრეფილია ზ. ჭ. წიგნებიდან. (ზაქარია ჭიჭინაძე-ავტ.)

გვ52

4. წვრილი საათაბაგოები და სამთავროები უნდა მოისპონ. ერეკლე მეფის გარდა სხვა მეფე არავინ უნდა იყოს საქართველოში, თავად-აზნაურები ყველანი მეფეს უნდა დამორჩილდენ. ტყვის ყიდვა-გაყიდვის უფლება უნდა მოისპოს.
5. თათრებისგან ავაზაკობა, ყაჩაღობა და კაცის კვლა უნდა მოისპოს და დამყარდეს მშვიდობიანობა. ოსმალ-სპარსებთანაც მშვიდობიანი განწყობილება უნდა იქნას აღდგენილი, მათ აღეკრძალებათ ქურდულად ომი და ნავარდობა. მათთან დაარსდება მტკიცე და შეურყეველი ურთიერთობა.
ჩვენ აქ მოვიყვანეთ ზოგიერთი იმ მუხლთაგანი, რომელიც შედიოდა საქართველო-ინგლისის პირობაში.
მკითხველი ამ მუხლებიდან აშკარად დაინახავს, რომ ინგლისის მთავრობას მტკიცედ გადაწყვეტილი ქონდა უზრუნველ 
ეყო საქართველოს სამეფო გარეშე მტერთაგან და ისე მოეწყო მისი შინაური ცხოვრებაც, როგორც ეს ევროპიულ სახელმწიფოებს შეეფერებოდა.
ინგლისი, როგორც მძლავრი სახელმწიფო ესარჩლებოდა მტრის ურდოებით გარშემორტყმულს სუსტ საქართველოს და 
სცდილობდა მისი შინაური ცხოვრების განახლებას.
ეს იყო მეთვრამეტე საუკუნეში. დღეს, როდესაც საქართველომ საკუთარის ძალით შესძლო შინაური ცხოვრების გარდაქმნა, ჩვენ სრულებით არ ვეჭვობთ, რომ ინგლისი კვლავ გაუმაგრებს მას ზურგს და მისცემს საშუალებას უშიშრად ააფრიალოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების დროშა.
პოდპ. ი _ ვა.
,,რესპუბლიკის ჯარი“, 1919 წელი, 2 თებერვალი, N9

დანართი N10
ბრძოლა ახალციხის მაზრაში

მეტად სერიოზული დრო დაუდგა საქართველოს დემოკრატიას. დღიდან, ჩვენი დამოუკიდებლობის გამოცხადებისა, მშრომელი მასა თავდადებული იბრძვის რევოლუციის და სამშობლოს მტრების წინააღმდეგ. მიუხედავად ჩვენი

გვ53

სურვილისა, ჩვენს რესპუბლიკას არ ეღირსა მშვიდობიან პირობებში შემოქმედებითი მუშაობა. არც უნდა გაგვიკვირდეს ეს. რუსეთის იმპერიის ნანგრევებზე მხოლოდ საქართველომ შესძლო ნამდვილი დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა. 
სწორეთ ეს ვერ მოუნელებიათ ჩვენს მტრებს. რაც უფრო მეტათ დამტკიცდება ჩვენში ნებისყოფა დემოკრატიისა, მით უფრო მძაფრდება მტრების თავდასხმა დემოკრატიულ რესპუბლიკაზე.
ახალციხელი ბეგების გამოლაშქრება ერთ ასეთ თავდასხმათ უნდა ჩაითვალოს.
ყველას მოეხსენება, რომ ჩვენმა რესპუბლიკამ უწინარეს ყოვლისა მოსპო წოდებრივი უფლებრივი უპირატესობანი. დღეს აღარ არის აღარც თავადობა, აღარც აზნაურობა-ყველანი მოქალაქეები არიან. საქართველოს მშრომელი მასსა იმდენათ 
გათვითცნობიერებულია, რომ მიუძღვის საზოგადობრივ ცხოვრებას წინ. სულ სხვაა ახალციხის მაზრაში. აქაური მშრომელი მასა მეტად ჩამორჩენილია გონებრივათ. ჯერჯერობით აქ კიდევ დარჩენილა ბეგების წინაშე თრთოლა და მოკრძალება; არ არსებობს მძლავრი მიმდინარეობა, რომელსაც შეეძლებოდა ერთხელ და სამუდამოდ მოესპო ბეგების მეფობა. ასეთ მდგომარეობაში, დემოკრატიული რესპუბლიკის ნაბიჯები უბრძოლველად ვერ გატარდებიან ცხოვრებაში. ბეგები ყოველ ღონეს ხმარობენ, შეინარჩუნონ ადრინდელი მდგომარეობა. ისინი არაფერს არ ერიდებიან ოღონდაც კი აამხედრონ რესპუბლიკის წინააღმდეგ მთელი მაჰმადიანობა. ვერ ურიგდებიან ისინი აგრეთვე მიწის რეფორმის გატარებას.
აი, რამ გამოიწვია ბრძოლა. აი, რა დაედვა სარჩულად არეულობას.
აჯანყებულებმა პოლიტიკური ლოზუნგებიც კი წამოაყენეს, მაგრამ ამით არავინ არ უნდა მოსტყუვდეს, ყველამ უნდა იცოდეს ბეგებისათვის სულ ერთია ვისთან იქნებიან, ოღონდაც კი მფარველმა სახელმწიფომ მათ შეუნარჩუნოს ის უფლებები, 
რომელიც ჰქონდათ ძველადვე.
ახალციხის ფაშების სულისკვეთება აშკარად ირკვევა იმ გარემოებიდანაც, რომ ისინი მზად იყვნენ ეცნოთ საქართველოს

გვ54

ქვეშევრდომობა, თუკი ჩვენი მთავრობა ხელს არ ახლებდა მათ ბატონობას.
როგორც ზემოთ ნათქვამიდან სჩანს, ის ბრძოლა, რომელსაც ჩვენ ვეწევით ახალციხეში არის ბრძოლა დემოკრატიის გამარჯვებისათვის.
რასაკვირველია ახალციხის მაზრას სხვაფრივადაც აქვს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა. ეს მხარე ჩვენი ისტორიული კუთხეა. ძველს საქართველოს ახალციხე ყოველთვის ერთგულ დარაჯად უდგა. ვიმედოვნებთ, რომ იგი კიდევ დაიცავს დემოკრატიულ საქართველოს ოსმალ ურდოების შემოსევისგან. 
ახალციხეში ქართველობა მრავლათაა. მათი მომავალი ერთ საზრუნავ საკითხთაგანს შეადგენს ჩვენთვის. ჩვენი მთავრობა ენერგიულად შეუდგა ამ ავანტიურის ლიკვიდაციას. ჩვენს წინააღმდეგ არ იბრძვის მთელი ახალციხის მაზრა. კათოლიკე და 
მართლმადიდებელი ქართველობა ჩვენს მხარესაა. ახალციხის მაზრის მაჰმადიანობა ორ ნაწილადაა გაყოფილი. ფოცხოვისა და ქვაბლიანის მაჰმადიანობა ჩვენს წინააღმდეგ ილაშქრებს; 
დანარჩენები კი გვებრძვიან; ალბათ სომხობას ნეიტრალიტეტი უჭირავს, უცდიან, ვინ გაიმარჯვებს. აჯანყებულთა შორის ბლომად არიან ასკერებიც და მათ ხელმძღვანელობენ ბეგები და ზოგჯერ ოსმან-აფიცრები. თათრების გამოლაშქრებას ორგანიზაციული ხასიათი აქვს. მათ კარგად აქვთ შეთვისებული ბრძოლის მეთოდი, ეტყობა საომარი გამოცდილება საკმარისად აქვთ. ეს გარემოება გვაიძულებს განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ ახალციხის ფრონტს.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ჯარისკაცების და სარდლების მტკიცე ნება მალე ძლევს რეაქციის მოციქულთ. ჩვენი რესპუბლიკა ისევ გამარჯვებული უნდა გამოვიდეს ბრძოლის ველიდან, როგორც სხვა მრავალ ბრძოლიდან გამოსულა.
პოდ. ი-ვა.
,,რესპუბლიკის ჯარი“, 1919 წელი, 23 თებერვალი, N12

დანართი N11
გვ55

მიხედეთ განადგურებულ ძმებს!
საქართველოს ტატნობზე კვლავ ახალი მტერი ამოტივტივდა. ბეგებმა და მოლებმა თავის უპირატესობათა შესანარჩუნებლად შესძლეს ასკერთა შემწეობით ჩვენს წინააღმდეგ აემხედრებინა ახალციხის მაზრის ნახევარში სამაჰმადიანო ნაწილი.
გაიმართა ბრძოლა და ახალციხის მთა-ველი მოირწყო ქართველების სისხლით.
მაგრამ ეს კიდევ ნახევარი უბედურებაა. მთელი საშინელება, მთელი სიმძაფრე ამ ძმათა შორის მომხდარ შეტაკებისა უდანაშაულო ხალხს დააწვა თავზე და მათი სიცოცხლე, მათი კარ-მიდამო, მათ მიერ ასწლობით აშენებული მამულ-დედული იმსხვერპლა. მე მოგახსენებთ იმ ქართველ სოფლებზე, რომლებიც დღეს ჩვენთან ერთად იბრძვის საქართველოს მტერთა წინააღმდეგ.
აქ ქართველთა სოფლები გადამწვარია, დიდი წვითა და დაგვით შენაძენი ქონება განადგურებულია. მრავალი ქართველი აიყარა თავისი ბინადრობიდან და გამოეშურა საქართველოს დაცულ კუთხისაკენ.
აჯანყებულებმა გადაწვეს სოფელი უდე, სადაც სამას კომლზე მეტი ცხოვრობს ქართველობა. ცეცხლმა შთანთქა მეორე დიდი სოფელი არალი, სადაც ორას კომლზე მეტი ბინადრობაა ქართველებისა. რაც გადაურჩა ცეცხლს, გატაცებულ იქნა მტრების მიერ.
ორი ათასამდე ქართველობა, მშიერ-მწყურვალი უბინოდ ქუჩაში დახეტიალობენ. უგზო-უკვლოთ, უპატრონოთ დარჩენილთ ცხადია გაწყვეტა მოელით. შიშველნი, ისეთ სიცივეებში, როგორიც ახალციხის მაზრაში იცის, ცხადია ათასგვარ საშინელ ავადმყოფობის მსხვერპლნი შეიქნებიან.
საჭიროა მთელი ქართველობის ამოძრავება, გულუხვობა. ასეთ გაჭირვების დროს ნუთუ იქნება ისეთი ოჯახი, რომელიც 
არ შეიტანს თავის წვლილს ამ განადგურებულ და სიკვდილის ხვედრ ქართველობის გადარჩენაში.
ყველაფერი საჭიროა და დაუფასებელი იქნება ლტოლვილებისათვის. გამონაცვალი ტანისამოსი, ძველი ფეხსაცმელები, 

გვ56

თბილეულობა, ფული, ერთი სიტყვით არ შეიძლება რაიმე შემოწირულება იქნეს ამ განადგურებულთათვის ზედმტი. საჭიროა დიდი ყურადღება, ფიცხელი ზომები, რომ გადარჩნენ ჩვენი ძმები. უნდა ამუშავდეს ძველებური ენერგიით საქველმოქმედო 
საზოგადოება. საჭიროა სასწრაფოდ შესდგეს ქალაქებსა და სოფლებში ორგანიზაციები, შეგროვდეს ფული, ნივთები და ფიცხლავ გამოიგზავნოს ბორჯომში.
საზოგადოების გულუხვობა არ კმარა, მთავრობამ ეხლავ უნდა მოაწყოს მათთვის ადგილობრივ თავშესაფარი და სანამ მათი დაბრუნება შეიძლებოდეს, მათი გამოკვება მიიღოს თავის თავზე.
გულცივობისათვის ისტორია პასუხს მოგვთხოვს!
სასწრაფოდ შეუდექით შველას!

პოდპორ. იოსავა.
,,რესპუბლიკის ჯარი“, 1919 წელი, 23 თებერვალი, N12

დანართი N12
ქართველ ოფიცრებს!

მეტად არანორმალურ მდგომარეობაში გვიხდება ქართველ ოფიცრებს მუშაობა. გაჟეჟილს გატეხილი ჯობიაო, იტყვიან; ჩვენც უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ, ქართველ ოფიცრებს მეტად ალმაცერად გვიყურებენ. გონიათ, რომ ჩვენ საზოგადოებრივი ცხოვრების ალღოს აღება არ ძალგვიძს. 
ასეთ აზრს ჩვენს შესახებ, სიმართლე უნდა ითქვას, ერთგვარი ნიადაგი აქვს თვით ჩვენში. ჩვენ თვით არ ვცდილობთ ჩავებათ საზოგადოებრივ ცხოვრებაში; მივიღოთ მონაწილეობა იმ დიად შემოქმედებით მუშაობაში, რომელსაც ჩვენი 
ძმები აწარმოებენ. ჩვენ ისეთივე უფლება გვაქვს მივიღოთ მონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ყველა სხვას. ცურვა ხმელეთზე არავის უსწავლია. სანამ აქტიურ მომუშავედ გამოვიდოდეთ საზოგადოებრივ ასპარეზზე, ჩვენ 
უნდა ვეცადოთ გავთავისუფლდეთ ყველა იმ ზნე-ჩვეულებისაგან, რომელიც ახასიათებდა ძველ რუსის მხედრობას.

გვ57

ჩხუბი, აყალ-მაყალი, გინება, საზოგადო მშვიდობიანობის დარღვევა მთვრალ, ღვინით გალეშილ რუს ოფიცრისათვის ჩვეული მოვლენა იყო. ამას თავისი ასახსნელი მიზეზიც ჰქონდა. მოკლებული ყოველგვარ მოქალაქურ უფლებას, 
ოფიცერი ღვინოში ეძებდა თავგართობას, ზოგი შეგნებულად სიმთვრალეს აკლავდა თავის გულის გოდებას, ზოგიც კი შეუგნებლად ეგუებოდა ბახუსის წვენს. თუ ყველაფერი ეს დასაშვები იყო ძველი წესწყობილების დროს, დღეს, 
თავისუფალ საქართველოში, ეს შეუძლებელია, დასაგმობი უნდა იყოს. ასეთ საქციელს შეუძლია სამუდამოდ ჩირქი მოგვცხოს. უნდა ვეცადოთ, რომ მსგავსი მაგალითები ჩვენში მოისპოს. ამას წინათ ერთი ფრიად სამწუხარო ცნობა იყო მოთავსებული გაზეთებში. ქართულ საზოგადო საკრებულოს მამასახლისთა საბჭოს გადაუწყვეტია ზიზღი გამოუცხადოს ყველა იმ ოფიცრებს, რომელნიც საკრებულოში არღვევენ დამსწრეთა მშვიდობიანობას და მთვრალ-გალეშილნი მხოლოდ იმასღა ფიქრობენ, რომ ვისმე უსიამოვნება და შეურაცხყოფა მიაყენონ. ჩვენდა სავალალოდ ერთი ჯგუფი ოფიცრებისა შეგნებულად თუ შეუგნებლად ჩვენის სახელის გატეხას ხელს უწყობს. შეგნებულმა ნაწილმა ქართველი ოფიცრებისა საჭიროა თავისი მიუდგომელი მსჯავრი დასდოს ასეთ საქციელს. ჩვენი ზნეობრივი მოვალეობაა ასეთ მოვლენებს სათანადო პასუხი გავსცეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა პატიოსანი ნაწილიც ოფიცრებისა ისეთ მდგომარეობაში ჩავარდეს, რომ საზოგადოებაში თავის გამოჩენისა რცხვენოდეს.

ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ჯერ არ მოგვიპოვებია სრული ნდობა დემოკრატიისა და თუ თავიდანვე სახელი გავითქვით როგორც მკლავაძენი, ხალხი დაგვსახავს არა მის მოსარჩლეთ, არამედ მის მესაფლავედ. ჩავუკვირდეთ ჩვენს თავს!

პოდ. იოსავა.
,,რესპუბლიკის ჯარი“, 1919 წელი, 23 მარტი, N16.

გვ58

დანართი N13
ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოება

ყველასათვის ცხადია, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს საერთოდ ჯარისათვის და კერძოდ ოფიცრობისათვის ამ საზოგადოებას, ნამეტურ ამ საზოგადოებას ეს დიდი მნიშვნელობა დღეს აქვს, დღეს, როდესაც ცხოვრება საზღაპროდ გაძვირდა და ჯარში მოსამსახურენი კი სამათხოვრო ჯამაგირს ღებულობენ და მასაც ვერა თავის დროზე. ასეთ შემთხვევაში ეს საზოგადოება დიდ დახმარებას აძლევს ჯარში მოსამსახურეთ და ხელმისაწვდენ ფასებში სანოვაგის თუ სხვა საქონლის მიწოდებით უადვილებს მათ რამდენიმედ მაინც დღევანდელ გართულებულ ცხოვრების მძიმე პირობების გადატანას.

მაგრამ დღემდი ამ საზოგადოებას ეს დიდი მნიშვნელობა დაკარგული ჰქონდა იქ გამეფებულ თუ ბოროტ მოქმედების და თუ უწესოების გამო. ჯერ მთავრობის და შემდეგ თვით საზოგადოების სარევიზიო კომისიებმა ნათლად გამოარკვიეს თუ როგორი არანორმალურ მდგომარეობაში ყოფილა საზოგადოება და როგორ ბოროტმოქმედებას ჰქონია აქ ადგილი. 
ამ საზოგადოების ქონებით მრავალ პირს მოუთბია ხელი და კიდევ მრავალი პირი მოითბობდა, რომ დროზე არ მიქცეოდა მას წევრთა ყურადღება. ახალი გამგეობა, რომლის სათავეშიცა ბ-ნი ი. იოსავაა, სულ მცირე ხანია, რაც ჩაუდგა საზოგადოების საქმეებს სათავეში, მაგრამ ამ მცირე ხანშიაც კი, მრავალ მხრივ გაუწმინდა ამ საზოგადოების მოღვაწეობას წინმსვლელობისაკენ ნიადაგი. ყოველ დარგში საგრძნობი რეორგანიზაცია მოხდა და საქმე ისე დადგა, რომ დღეს ნაკლები შესაძლებლობაა ბოროტმოქმედებისათვის; ამაში უნდა უმადლოდეთ ახალ გამგეობას, რომელსაც სათანადო სიმაღლეზე უკავია ამ საზოგადოების დროშა და რომელიც ენერგიულად მუშაობს. 
სარევიზიო კომისიაც ფხიზელ დარაჯად უდგას საზოგადოებას და თავისი ენერგიული მუშაობით ძალიან უადვილებს გამგეობას მუშაობას.
ამ მოკლე ხანში საზოგადოების წევრთა საგანგებო საზოგადო კრება მოხდება. ამ კრების მოვალეობაა ღირსეულად 

გვ59

დააფასოს ახალი გამგეობის მოღვაწეობა და მით გაამხნეოს და გაახალისოს ის ამ ნაყოფიერ მუშაობაში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ასედაც მოხდება, ვფიქრობთ ახალს გამგეობას არც წევრთა კრება ჩამორჩება და ისიც სათანადო სიმაღლეზე დადგება.

ვინმე.
,,სახალხო საქმე“, 1919 წ. 1 აგვისტო, N590.

დანართი N14
ოფიცერთა ეკონომიურ საზოგ.-ში

ნახევარ წელზე მეტია, რაც ოფიცერთა ეკონომიურ საზოგადოებას ხელმძღვანელობს გამგეობა ბ. იოსავას თავმჯდომარეობით; საერთოდ გამგეობის და კერძოდ ბ. იოსავას მეცადინეობით და დაუღალავი მუშაობით ეკონომიური საზოგადოება გაჯანსაღდა, მოღონიერდა ეკონომიურად და გაიწმინდა ქურდ-ბაცაცებისაგან, რომლებიც უსირცხვილოდ ანიავებდნენ საზოგადოების ქონებას. ამ მუშაობაში, ვიმეორებთ, განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ბ. იოსავას, რომელიც შეუპოვრად ამხელდა ბოროტმოქმედებისათვის, თუ სხვა რაიმე დანაშაულობისათვის, როგორც დიდ, აგრეთვე პატარა თანამდებობის მქონე პირთ. ამ ადამიანს ბოლოხანებში, რამოდენიმე მანდილოსანმა ,,მფარველი ანგელოზების'' კარნახით, მოუნდომეს ინტრიგის ქსელში გაბმა; აღნიშნულმა კამპანიამ კავშირი შეკრა ზოგიერთ საზოგადოების მოსამსახურეთა კავშირის გამგეობის წევრებთან და მოუწადინებიათ ბ. იოსავას თავმჯდომარეობიდან გადაყენება. იოსავას საწინააღმდეგო საბუთებად მოჰყავთ ის, რომ თითქოს მას (იოსავას) ორი მანდილოსანის მიმართ შეუფერებელი საქციელი გამოეჩინოს.
რა დემაგოგიაა... რამდენად უნდა დაკნინდეს ადამიანი, რომ ასეთი ,,ბრალდება'' წაუყენოს იმ კაცს, რომელიც ,,შეუფერებელ მოქცევას“ სამსახურში ყოველთვის ებრძოდა და ბოლოს იძულებული შეიქმნა კიდევაც მოსამსახურეთათვის საჯაროდ 
განეცხადებინა: ,,მე დაუყონებლივ გადავაყენებ სამსახურიდან

გვ60

ისეთ მოსამსახურეს, რომელიც ოფიცერთა ეკონომიურ საზოგადოებას, რესტორანად აქცევსო“. ვისაც სინდისი წმინდა ჰქონდა ამ სიტყვებით შეურაცხყოფა არ უგრძვნია, ხოლო ამავე სიტყვებმა ააპილპილა ისეთები, რომლებიც სამსახურში მართლაც რესტორანში გრძნობენ თავს. მართლაც ზოგიერთი მანდილოსანის საქციელი სამსახურში საზღვარს სცილდება და ჩვენ ვეკითხებით მოსამსახურეთა კავშირის პრეზიდიუმის ზოგიერთ წევრებს: ვის ინტერესებს იცავთ ბატონებო, როდესაც თქვენი მფარველობის ქვეშ ღებულობთ ისეთ წევრებს, რომლებსაც თვითონ თქვენ უნდა ერეკებოდეთ მოსამსახურეთა კავშირიდან?
დაბეჯითებით ლაპარაკობენ, რომ ერთერთ ზემოთხსენებულ მანდილოსანთაგანს ინტიმური კავშირი აქვს ზედამხედველ კომიტეტის ერთ თვალსაჩინო პირთან ბ. ჩ _ ნ. ეს უკანასკნელი ნაწყენი და შეურაცხყოფილი დარჩენილა ბ. იოსავას სამართლიანი შენიშვნით და როგორც `ავი ენები“ ლაპარაკობენ არალეგალურად შესდგომია იოსავას საწინააღმდეგო კამპანიის წარმოებას. საბედნიეროდ სავსებით გამოაშკარავა დაწყებული ,,კლიაუზის“ სარჩული თ. ბ-შვილის ასულმა, რომელმაც პირველად, ,,სხვისი'' შთაგონებით თუ ძალდატანებით იოსავას წინააღმდეგ მისცა ჩვენება, ხოლო შემდგომ აღიარა, შეცდომაში შემიყვანესო. ახალგაზრდა ასული სინდისმა დასაჯა რომ სულფიმის მიღებით უნდოდა ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვა, მაგრამ დროზე მიღებული ზომებით გადარჩენილ იქნა სიკვდილს.
საზოგადოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგიერთ გენერალს და პოლკოვნიკს ვერ მოუნელებია, რომ ოფიცერთა ეკონომიურ საზოგადოების გამგეობას სათავეში უდგას ახალგაზრდა პორუჩიკი და სხვადასხვა გზებით და საშუალებებით ლამობენ მთავრობისა და საზოგადოების თვალში მისი სახელის გაშავებას, რათა ამით საკუთარი საქმე მოაკვარახჭინონ _ გამგეობის თავმჯდომარის სავარძელი იშოვონ.
ჩვენ გვჯერა, რომ პირუთვნელი გამოძიება ამ საქმის შესახებ ნიღაბს ახდის ინტრიგანთა საქმიანობას.

შეუპოვარი.
,,სახალხო საქმე“, 1919 წ. 4 დეკემბერი, N696

გვ61

დანართი N15
(გაზეთის რედაქციის მინაწერი ოფიცერთა ეკონომიური საზოგადოების მუშათა და მოსამსახურეთა საბჭოს წერილზე _ ,,პასუხად ბ-ნ ,,შეუპოვარს'')
ვბეჭდავთ ამ წერილს, რათა საშუალება მივცეთ საბჭოს თავისი აზრის გამოთქმისა. უკვე დანიშნულია გამოძიება და ოქმებს დაუცდით, იქამდე კი ჩვენს გაზეთში კამათს ვსპობთ. 
რაც შეეხება ოფ. ეკ. საზოგადოების ფინანსიურ მდგომარეობას, რამდენადაც ვიცით, ეს მდგომარეობა სრულიად არ არის უნუგეშო, რაც დაადასტურა ამა წლის სექტემბრის დამლევს მომხდარმა საზოგადო კრებამ.
რედ.
,,სახალხო საქმე“, 1919 წ. 7 დეკემბერი, N699

დანართი N16
პასუხად ოფიც. საეკონომიო საზ. მუშა-მოსამს. საბჭოს

,,სახალხო საქმის'' N699 დაბეჭდილია წერილი ჩემს შესახებ ოფიცერთა საეკონომ. საზოგ. მუშათა და მოსამსახურეების საბჭოსი. რადგან ხსენებულ წერილში თითქმის არც ერთი ფაქტი სინამდვილეს არ შეეფერება და ცილისწამებაა, იძულებული ვარ ზოგიერთი რამ განვმარტო.
უპირველეს ყოვლისა მ. და მოსამსახურ. საბჭო ბრძანებს: 
,,ქურდ-ბაცაცების აღმოჩენაში ბ. იოსავას არავითარი ღვაწლი არ მიუძღვის, არამედ, ჩვენ მოსამსახურეთა საბჭომ მოვთხოვეთ ჩვენსავე თანამოსამსახურეთ და მათ მოგვცეს ქურდები და ბ-ნ იოსავას არავითარი მონაწილეობა არ მიუღია ქურდების აღმოჩენაში. მხოლოდ ჩვენს, საბჭოს, წარდგენით დაითხოვა მან ქურდები საზოგადოებიდან“. მე არავითარი სურვილი არ მაქვს თავის ქებით, როგორც ამას საბჭო შვრება, თავი ვიქციო ან სხვას თავი მოვაბეზრო. ვიტყვი მხოლოდ, რომ თუ საზოგადოებაში ჩემი თავმჯდომარეობის დროს ქურდები აღმოუჩენიათ-მხოლოდ გამგეობის საშვალებით და მისი მეცადინეობით. ჩემ მიერ გადა

გვ62

ყენებული იყო მთავარი მაღაზიის ორი პასუხისმგებელი ნოქარი და პასუხისგებაში მიცემულია ქურდობისთვის. ასევე დაემართა 
რუსთველის მაღაზიის ორ პასუხისმგებელ ნოქარს, ცენტრალური საწყობის ნოქარს, სამიტკლო განყოფილების ნოქარსაც და სხვას, მაგრამ ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ საბჭოს რაიმე რეალური ღონისძიება მიეღო ქურდობის აღმოსაფხვრელად ან ქურდების დასასჯელად და აღმოსაჩენად; ერთად ერთი შემთხვევა იყო, როდესაც საბჭოს თავმჯდომარემ პორ. ხარებავამ მომმართა წერილობით (საიდუმლოდ) მიმეღო ზომები ორი ნოქრის წინააღმდეგ და ისიც ყოველ წუთს მემუდარებოდა-არ მეთქვა, რომ რომ ეს დათხოვნა მისი მეოხებით მოხდა. მარტო ლიტონი სიტყვის წამოსროლით მოსამსახურეთა საბჭო ვერაფერს დაამტკიცებს-საჭიროა საბუთები და ასეთს კი ისინი ვერ მოიყვანენ.
მე კი შემიძლია დავამტკიცო, რომ გამგეობას, ჩემის თავმჯდომარეობის დროს დასჭირდა დიდი ჯაფა, რომ ნაწილი ნოქრებისა მაინც გაეხადათ პასუხისმგებელი იმ საქონლისათვის, რომელიც მათ ებარათ. არამც თუ ქურდების აღმოჩენაში, ასეთ მარტივ საქმის მოგვარებაშიც გამგეობამ ვერ ჰპოვა თანაგრძნობა მოსამსახურეთა საბჭოსი; საბჭო ბრძანებს, ვითომ საზოგადოების საქმე უარესდებოდეს ჩემს მოსვლის შემდეგ და 
საზოგადოების არსებობაც, საფრთხეში იყოს ჩავარდნილი და მის დაღუპვას ციფრები ამტკიცებდეს.
ნამდვილად საბჭო ფიქრობს, რომ ყოველ მის სიტყვას სიმართლედ მიიღებენ; მაგრამ საბუთები და წიგნები აი რას ამბობენ. საზოგადოების ვალი (ჩვენს მოსვლამდე) ჩვენს დროს _ სულ 2366,705 მან.
საქონელი, მაღაზიები და საწყობები (ღირებულება) _ 1,700,000 მან.
კასაში და საანგარიშო თანხა _ 600,000 მან.
მოწყობილია ჩემს დროს სატრანსპორტო ნაწილი: ერთი საბარგო ავტომობილი (ბაზ. ფ.) _ 250,000 მან. 8 ცხენი, ფურგონები, მოწყობილობა, ფაეტონი და სხვა (უკანასკნელი ფასი) _ 150,000 მან.
ხე-ტყის ქარხანა, რომელიც შეფასებულია 1,500,000 მან. დაბევებულია და უკვე მიღებული არის ნაწილი ხე-ტყე

გვ63

_ 4,500,000 მან; რომელიც წმინდა შემოსავალს მისცემს საზოგადოებას ტფილისის ფასზე 1,500,000 მანეთს, შეძენილია 
სოფლებში ხორბლეულობა, სიმინდი. ნაყიდია 32,000 ფუთი ნახშირი და მრავალი სხვა.

აქ რასაკვირველია ჩვენ ყველაფერს ვერ ჩამოვთვლით, რაც ჩვენს დროს გავაკეთეთ. სრულებით არ ვახსენებთ იმას, რომ ჩვენს მიერ დიდი ოპერაციაა დაწყებული: 25,000 ხის გადმოცემა საზოგადოებაზე დაწესებულ ფასებში (ეს საქმე მოსაწყობია და გრანდიოზულიც, თუ საზოგადოების მეთაურნი არ დაღუპავენ), რომელიც 15-20 მილიონ მანეთს მოგებას უქადის საზოგადოებას; არ ვახსენებთ არც იმას, რომ საზოგადოებას აქვს უვალო შენობა, ელექტრონის სადგური, ყინულის საკეთებელი ქარხანა და სხვა.
ჩვენ მიერ მოყვანილ ციფრებიდანაც ნათლად სჩანს, რომ საზოგადოებას აქვს ვალი სულ 2,366,000 მან. და მარტო ჩემს დროს შეძენილი აქვს საზოგადოებას უკანასკნელ 6 მილიონამდე საქონელი უძრავი და მოძრავი.
თუ ყველაფერს ვიანგარიშებთ საზოგადოებას დაურჩება რამოდენიმე ათეული მილიონის ქონება და ორი მილიონი ვალი.
სად არის აქ დაღუპვა საბჭოს წევრნო? ვინც საზოგადოების ისტორიას იცნობს _ მათ იციან, რომ მხოლოდ ბოლო დროს მოიდგა ფეხი საზოგადოებამ, ის გაიწმინდა მავნე ელემენტებისაგან (ნაწილი სამწუხაროდ კიდევ არის დარჩენილი; რომელია ეს 
ნაწილი _ რასაკვირველია მოეხსენება საბჭოს) და საზოგადოება არამც თუ არ იღუპება _ უფრო მაგრდება და მეტს საშუალებას პოულობს წევრთა მოთხოვნილების დამაკმაყოფილებლად.
ნუთუ საბჭომ არ იცის, რომ რწმუნებულთა საერთო კრებაზე გამგეობამ (და რასაკვირველია მეც, როგორც ხელმძღვანელმა) მადლობა მიიღო საერთო კრებისგან ნაყოფიერ და სასარგებლო მუშაობისთვის.
განა ჩემს მოსვლის შემდეგ საზოგადოების საქმეები თუ უარესდება _ მე ხომ შვიდი თვეა თავმჯდომარედ ვარ _ ნუთუ არ დაიღუპებოდა ამდენ ხანს?
საბჭო რიხით აღნიშნავს ოთხი მანდილოსნის შეურაცხყოფას და ჩემს მიერ მოსამსახურეთა კოორპორაციისადმი უდიერად მოპყრობას?

გვ64

მოგახსენებთ რაში მდგომარეობს ეს ისტორია:
ოფიცერთა ეკონ. საზოგადოებამ აიღო თავის თავზე სყიდვა ხორბლეულობის-კარტოფილის მუშათა და სახელმწიფო მოსამსახურეთათვის და საამისო ორგანიზაციის მოსაწყობად მე გავემგზავრე ორ გამგეობის წევრთან ერთად კახეთს, დავბრუნდი თუ არა ხუთი დღის შემდეგ კახეთიდან-ჩემთან შემოვიდნენ რამდენიმე მოსამსახურენი და განმიცხადეს, რომ ისინი იძულებულნი არიან თავი დაანებონ სამსახურს, ვინაიდან ჩემს არყოფნის დროს ისეთი ატმოსფერა შექმნილა, რომელიც შეუძლებელს ხდიდა ნორმალურ მუშაობას. მრავალი დაუშვებელი საქციელი, რომელიც ახასიათებს თავისუფალ ცხოვრებას, ჩვეულებაში შემოსულა.
მე ვთხოვე ჩემთან მოსულ მოსამსახურეებს უკანვე წაეღოთ თავისი განცხადება და დავპირდი საჭირო ზომების მიღებას.
ამას ისიც დაუმატეთ, რომ კანტორის მოსამსახურენი, მიუხედავად იმისა, რომ დღეში მხოლოდ ექვს საათს მუშაობენ თავის დროზე სამსახურში არ მოდიოდნენ. ათ საათზე დილას მხოლოდ სამი-ოთხი მოდიოდა სამსახურში და ისინი, რომელნიც უწესობას ახთენდნენ მობრძანდებოდნენ 11 საათზე და ზოგჯერ გვიანაც. 
აშკარა იყო, რომ ჩემს არყოფნის დროს ნორმალური წესი დარღვეული იყო და ისინი, რომელთა დათხოვნის საკითხი გამგეობაში 
რამოდენიმეჯერ დასმული იყო, უწესოებას ახდენთნენ.
მე შევკრიბე კანტორის მოსამსახურენი და მივმართე მათ დაახლოებით შემდეგი სიტყვებით:
,,Господа! я узнал, что в моем отсутствии нарушилась нормальная жизнь. Служащие не приходят въ свое время и этим 
тормозится работа. Помимо опаздиваний мнъ передают что тут бъготния, неприличный смех, щипанья, объятия и чут ли не 
поцълуи. Господа это не относится къ мужчинам-служащим, это относится къ женскому полу и не всему а только части, которую 
конечно вы всъ знаете. Прежде было так что офицерское обшество, стремилось служить, а теперь через это безобразие и служащие уходят и даже члены выписываются. Господа раз навсегда надо забыть что было. Я не дам обратить офицерское обшество в ресторанъ и если нужно будет я 

გვ65

этих безобразников также вышвырну из обшество как вышвырнул 47 человек своей работой къ погибели ведуших обшество.
Моя послъдняя просьба и послъднее предупреждение не повторять того что было допущено и очемъ уже и въ городе говорят“.
(,,ბატონებო! მე გავიგე, რომ ჩემი არყოფნის დროს აქ დაირღვა ნორმალური ცხოვრება. მოსამსახურენი დროზე არ მოდიან და ამით ფერხდება მუშაობა. დაგვიანების გარდა, როგორც მეუბნებიან, აქ მიმორბიან, უწესო სიცილი, ჩქმეტა-პწკენა, ხვევნა და თითქმის კოცნაც კია. ბატონებო, ეს არ ეხებათ მამაკაცებს, მოსამსახურეებს, ეს ეხება მდედრობით სქესს, არა ყველას, არამედ ნაწილს, რომლებსაც, რასაკვირველია თქვენ ყველანი იცნობთ. 
ადრე ასე იყო, რომ ოფიცერთა საზოგადოება ცდილობდა ემსახურა; ამჟამად, ამ უმსგავსობის გამო მოსამსახურენი მიდიან და წევრებიც კი ტოვებენ საზოგადოებას. ბატონებო! 
ერთხელ და სამუდამოდ დავივიწყოთ რაც იყო. მე არ დავუშვებ, რომ ოფიცერთა საზოგადოება რესტორნად გადაიქცეს და თუ საჭირო გახდება, ამ უწესოებს ისევე გავყრი საზოგადოებიდან, როგორც გავყარე 47 თანამშრომელი, რომლებსაც თავიანთი საქმიანობით დაღუპვისკენ მიჰყავდათ ეს საზოგადოება. ჩემი ბოლო თხოვნა და ბოლო გაფრთხილებაა, რომ არ განმეორდეს, რაც მოხდა და რაზეც უკვე საუბრობენ ქალაქში“)1.
.
ამ ლაპარაკის შემდეგ, მე იმავ დღეს გავემგზავრე ბორჯომს-ახალციხეს საზოგადოების სახერხ ქარხნისათვის ხეების 
გამოზიდვის მოსაწყობად (ეს საქმე თუკი არ დაღუპეს _ რამოდენიმე მილიონ მანეთს მოგებას უქადის საზოგადოებას). ერთი 
კვირის შემდეგ მომივიდა დეპეშა ჩამოვსულიყავ საჩქაროდ. 
ჩამოსვლისას შევიტყვე, რომ ჩემთვის ეჩივლათ ზოგიერთებს, საბჭოში, ვითომ იმაში, რაშიც ისინი ვამხილე, მეც ვყოფილიყავი დამნაშავე.
გამოირკვა, რომ იმ დროს, როდესაც მე საზოგადოებისათვის რამოდენიმე მილიონის საქმეს ვაკეთებდი, ჩემს წინააღმდეგ ზოგიერთი ადმინისტრაციის წევრიც კი ინტრიგის ქსელს 
1. თარგმნილია ავტორების მიერ

გვ66

აბავდა. ჩამოსვლისას მოვიხმე საბჭოს თავმჯდომარე ხარებავა და მასთან ერთ-ერთი ბრალმდებელი ქალი, რომელსაც ვკითხე: 
იყო თუ არა შემთხვევა, როდესაც მე მისდამი უპატივცემლობა გამომეჩინოს, ქალმა დაიწყო ტირილი და საბჭოს თავმჯდომარესთან აღიარა, რომ ის აიძულეს ჩემს წინააღმდეგ ეჩვენებინა,  მე მეტი ტანჯვა არ შემიძლიან, სინიდისი მაწუხებს, რომ უბრალოდ ცილი დაგწამეთ, მე ამას გუშინ და გუშინწინაც ვამბობდი და ამისათვის სულემა დავლიეო''; მან იქვე მაგიდაზე დააგდო წერილი და გავიდა კაბინეტიდან. გასვლისას ის წაქცეულა წამლისგან და აქიმობის შემდეგ ძლივს გადაარჩინეს.
საბჭოს სიტყვებიდან სჩანს, ვითომ ჯერ მე დამპირებოდეს ჩვენების შეცვლას თ. ბ-ლის ასული და შემდეგ მოეწამლოს თავი. სინამდვილე კი ასეთია: როდესაც მე მოვიხმე საბჭოს თავმჯდომარე პორ. ხარებავას თანდასწრებით თ. ბ-ლის ასული, მას მაშინ უკვე ჰქონდა მიღებული სულემა, რაც მან მაშინათვე განაცხადა, რაც რასაკვირველია პორ. ხარებავამაც გაიგონა. ეს იყო პირველი დალაპარაკება ჩემი თ. ბ-ლის ასულთან. რაც შეეხება ზეგავლენას და ჩვენების შეცვლის დაპირებას-ეს მტკნარი სიცრუეა და აი რა აჩვენა თ. ბ-მა იმ კომისიას, რომელსაც ჩემი თხოვნით პროფესიონალურ კავშირის და შრომის სამინისტროს მიერ დავალებული ქონდა ამ საქმის გამორკვევა: ,,წერილის შედგენის და მის გადაცემის დროს იოსავაზე ჩემზე არავის არ ჰქონდა გავლენა. ეს წერილი მე დავწერე ჩემი სურვილით და ჩემი სურვილით გადავეცი იოსავას. იოსავასადმი არავითარ უკმაყოფილებას არ ვრგძნობ და მიმაჩნია ის სავსებით თავაზიან ადამიანად“.
მეორე: ვითომ ჩემი მოწინააღმდეგე ქალები გამომეხმოს და მეთხოვოს მათთვის ჩვენების შეცვლა. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს სიყალბეა.
დეკემბრის 6-ს დღით შაბათს, შევიტყვე თუ არა, რომ საბჭო ასეთ სიცრუეს ამბობს, მოვიხმე საბჭოს თავმჯდომარე პორ. ხარებავა და ორ მოწმესთან ვკითხე აქვს თუ არა ცნობა საბჭოს, რომ მე მოვიხმე მოწინააღმდეგე მოსამსახურენი და ვთხოვე მათ ჩვენების შეცვლა.
,,ნამდვილად არ ვიცი, მაგრამ ვიღაცა ამბობდაო'', მიპასუხა 

გვ67

ხარებავამ; მაშინ მე ხარებავას და ორი მოწმის თანდასწრებით გამოვიხმე მოწინააღმდეგე მოსამსახურენი და ხარებავასთან 
ვკითხე _ იყო თუ არა შემთხვევა, როდესაც მე მათ ვთხოვდი ჩვენების შეცვლას. ყველამ ერთხმად განაცხადა, რომ არ ყოფილა ასეთი შემთხვევა. მე მაშინ იქვე მივმართე ხარებავას და მოწმეებთან ვამხილე მისი და მისი ხელმძღვანელების ქვეშ მომუშავე საბჭოს სიყალბე.
საბჭო დიდი რიხით გაიძახის, ვითომ ,,არა ერთი და ორი გასარეკი მოსამსახურეები გაუდევნიათ მათ თავიანთ წრიდან“, მაგრამ ასეთ რიხს სიმაგრე თან არ ახლავს.
არც ერთი მოსამსახურე არ გაუდევნია საბჭოს და ძლიერ ვეჭვობ, ეს მის სურვილს და ცდას შეადგენდეს.
ყოველ შემთხვევაში ერთ-ერთ თვალსაჩინო წევრმა 1000 მანეთი, რომელიც მის სახელზე გამოწერილი იყო ერთი თვის უკან ტელეფონის სამმართველოში შესატანად, შეტანის მაგიერ იჯიბა და როდესაც შევიტყვე და გავკიცხე, თხოვნა დამიწყო მის ჯამაგირის ანგარიშში გამომეწერა ეს 1000 მან. და მით დამეფარა მისი საქციელი, რომელიც საზოგადოების ფულის მითვისებაა. სამწუხაროდ იმ დროს შევიტყვე ეს, როდესაც 
პირადად ჩემთვის უკვე მისი დათხოვნა შეუძლებელი იყო.
ხომ არ იცის ბ. ხარებავამ (საბჭოს თავმჯდომარემ) ვინ არის ეს წევრი? თუ იცის რატომ არ არის ის ამდენ ხანს საბჭოდან განდევნილი?
ყველა ამის შემდეგ ეჭვი მიპყრობს, რომ ყველა ის, ვინც ამ ბოლო დროს ახმაურდა ოფ. საზოგადოების გარშემო, დაინტერესებული იყოს საზოგადოების კეთილდღეობით _ თუ ამაში ვცდები, ესეც მალე გამოჩნდება. საერთოდ შეიძლება იწინასწარმეტყველოს კაცმა, თუ ისე წავიდა ოფიცერთა ეკ. საზოგადოების საქმეები, როგორც ზოგიერთებს სურთ, ორ თვეში მოგონებაღა დარჩება ამ საზოგადოებიდან _ და მაშინ გვიანღა იქნება წარსულ დაღუპულ საქმეებზე წუხილი. საზოგადოების დაღუპვის ნიშნები უკვე სჩანს, რაზეც ჩვენ სხვა დროს და სხვა ადგილას გამოვთქვამთ ჩვენს აზრს.
პორ. ი. ლ. იოსავა

გვ68
გაზეთის რედაქციის მინაწერი: რედაქციას საჭიროდ მიაჩნია ამ დავის გამოსარკვევად სხვა გზა იქმნეს არჩეული და არა პრესა. მით უმეტეს, რომ გამოძიება უკვე დასრულებულია, თუმცა დასკვნა ჯერ არ ვიცით; ვიცით მხოლოდ, რომ ბ-ნი იოსავა და მთელი გამგეობა შინაგან და სამხედრო მინისტრის განკარგულებით თანამდებობიდან არიან გადაყენებულნი და დანიშნულია ახალი გამგეობა. რედ.
,,სახალხო საქმე“, 1919 წ. 25 დეკემბერი, N713.

დანართი N17
წერილი რედაქციის მიმართ
უკანასკნელი პასუხი

გაზ. ,,ერთობის'' N30 და N31-ში მოთავსებულია აფიცერთა საეკონომიო საზოგადოების მოსამსახურეთა საბჭოს წერილი ,,დაგვიანებული პასუხის“ სათაურით. მხოლოდ ის გარემოება, რომ ფართე საზოგადოებამ არ იცის რა მდგომარეობა იყო და 
არის აფიცერთა საზოგადოებაში და მოსამსახურეთა საბჭოს წერილით შეიძლება შეცდომაში შევიდეს, მაიძულებს პასუხი გავცე საბჭოს.
ყოვლის უწინარეს უნდა აღინიშნოს, რომ მოსამსახურეთა საბჭო ვერ არღვევს იმ დებულებებს, რომელნიც მე წამოვაყენე ჩემს წინა წერილში. ვერ წარმომედგინა, თუ მისი წევრები ამდენად დაკნინდებოდნენ და სამართლიანობას ფეხით დაჩრდილავდნენ. უწინარეს ყოვლისა საბჭო აღნიშნავს, რომ მე ვითომც მიზნად დავისახე ,,შეუპოვარის“ დაცვა, რომელმაც საკმარისად გაცოცხა საბჭოელები. არ მესმის რათ ესაჭიროება ,,შეუპოვარს'' ჩემი დაცვა. მე ერთი სიტყვითაც არ მიხსენებია ,,შეუპოვარი“ და გავეცი საბჭოს წერილის იმ ნაწილს პასუხი, რომელიც მე მეხებოდა. მე აზრად მაქვს ძალთა კოორდინაცია მოვახდინო ახლო მომავალში საზოგადო კრებისათვის. ჯერ ერთი, რამდენადაც ვიცი, საზოგადო კრება ჯერ შორს არის და ყოველგვარი დემონსტრაცია, თუნდაც საბჭოს მხრივაც, ნაადრევიააა და მეორე, თუ მე ვახდენ ძალთა კოორდინაციას,

გვ69

რა შუაშია აქ საბჭოს წინააღმდეგ ჩემი გამოლაშქრება? ხომ არ გონია საბჭოს წევრებს, რომ ისინი ძლიერი მოწინააღმდეგენი იქნებიან იმ მომავალ კრებაზე? მე არ ვიცი რას ფიქრობენ საბჭოს წევრები თავის თავზე და მე კი გულახდილად მოვახსენებ მათ, რომ საპარიანცის და ხარებავას ბუნება მე ძლიერ კარგად ვიცი. თანასწორ პირობებში, რწმუნებულთა წინაშე, სადაც ფაქტები და სიმართლეა საჭირო, განა მათი შიში ვინმეს ექნება? მე და ჩემი ამხანაგები მოველით საერთო კრებას, მაგრამ იმიტომ კი არა, რომ მოწყალება გამოვთხოვოთ მას, არამედ იმიტომ, რომ ანგარიში ჩავაბაროთ ამომრჩევლებს და ჩვენი საქმიანობის სწორი და სამართლიანი დაფასება მივიღოთ საზოგადოებიდან გასვლისას მათგან, ვინც თავისი საკუთარი ქონება, საკუთარი საქმე საწარმოოთ ჩაგვაბარა.
საბჭო არ უარყოფს იმ ზომების სინამდვილეს, რომელიც მე გადავდგი ქურდობის აღმოსაფხვრელად და ქურდების დასასჯელად, მხოლოდ აღნიშნავს, რომ ეს მოხდა ,,საბჭოს დაარსებამდეს“, რას ნიშნავს ბატონო საბჭოელებო ეს?
თქვენ აღნიშნავთ, რომ საბჭო არსებობს 20 აგვისტოდან. მე თქვენ გეკითხებით, თქვენამდე არ არსებობდა საბჭო? 
განა თქვენ ბრძანდებით ამ ორგანიზაციის მომწყობნი? ვის ატყუებთ, ან რათ გჭირდებათ თქვენი საბჭოში არჩევით დაიწყოთ საბჭოს ისტორია? თქვენ იბრძვით პირად ნიადაგზე და არა ორგანოს ინტერესებისათვის და კიდევაც იმიტომ გემართებათ ასეთი კურიოზები. საბჭო გამოსთქვამს განცვიფრებას, რომ მე წინა წერილში ნოქარი შეროზიაც არ აღვნიშნე დათხოვნილად. რა შუაშია შეროზია? ეს ნოქარი მე გადავაყენე თანამდებობიდან არა თქვენის მოხსენებით, არამედ გამგეობის წევრების მოხსენებით და მას შემდეგ რაც ის ჩირქსაც კი სცხებდა ზოგიერთ მოსამსახურეს, მაგ. ვითომ მას მიეცეს ბუჰხალტერ მუმლაძისთვის 5000 მანეთი ქრთამი და დავნიშნე რევიზია მის მაღაზიაში. მე შეროზია მხოლოდ გადავაყენე თანამდებობიდან, რადგან რევიზიის დამთავრებამდე შეუძლებელი იყო მისი დათხოვნა და მე კი დამთავრებამდე გაველ საზოგადოებიდან. რა მოხდა ჩემს შემდეგ, მე არ ვიცი და არც შემიძლია შემდგომ ნაბიჯებისათვის პასუხისმ-

გვ70

გებლობის აღება ჩემს თავზე. ყოველ შემთხვევაში თქვენ ვერ დაამტკიცეთ, რომ ხელს უწყობდით გამგეობას აღმოფხვრაში და ვერ დაარღვიეთ ის ბრალდება, რომ ხელის შეწყობის მაგიერ კიდევაც უშლიდით. თუ მეხსიერება არ გღალატობთ (ეს მაინც თქვენს დროს იყო) გაიხსენეთ მოსამსახურეების ის საერთო კრება, სადაც ირჩეოდა გამგეობის წინადადება ნოქრების პასუხისმგებლობის შესახებ, სადაც თქვენ უარყავით იურიდიული და ქონებრივი პასუხისმგებლობა ნოქრებისათვის და შესაძლებლად სცანით მხოლოდ ,,მორალური პასუხისმგებლობა“. ეს არის ბ-ნო ხარებავავ და კამპანიავ ხელისშეწყობა და ბრძოლა ქურდობის აღმოსაფხვრელად?

საბჭო მხოლოდ გაკვრით აღნიშნავს იმ ინციდენტს, რომელიც ჩვენი დავის ღერძი იყო, _ ეს გახლავთ ჩემი ინციდენტი ზოგიერთ მოსამსახურესთან, რომელთაც არ ისურვეს თავიანთი მოვალეობის შეგნება. მე უკვე აღვნიშნე, რომ საბჭოს სიჩუმე ამჟღავნებს მის მახინჯ სახეს და იმ საძრახის როლს, რომელიც ნებსით თუ უნებლიეთ ამ ინციდენტში ითამაშა.
მაგრამ ის რაც აღნიშნა საბჭომ ისიც არ არის სწორი. აღნიშნულია ვითომ თ. ბ _ ლის მოყვანილი სიტყვები მისი უკანასკნელი ჩვენება იყოს. წინა წერილში მე უკვე ვთქვი და ახლაც აღვნიშნავ, რომ თ. ბ -ლმა უკანასკნელი ჩვენება მისცა იმ კომისიას, რომელიც ჩემი თხოვნით დანიშნა შრომის სამინისტრომ და სადაც აღნიშნულმა პირმა განაცხადა, რომ ,,при составлении письма и его передачи Иосава на мения никакого влияния не имъль. Письмо, переданное мною Иосава, я написаль по собственному желанию. По отношению Иосава никакой личной обиды не питаю и считаю его вполнъ коректнымь“. (,,წერილის შედგენისა და იოსავასათვის გადაცემის დროს, ჩემზე არავის ჰქონია გავლენა წერილი დავწერე ჩემი სურვილით და ჩემი სურვილითვე გადავეცი იოსავას. მის მიმართ პიროვნულად ნაწყენი არ ვარ და ის სავსებით თავაზიან ადამიანად მიმაჩნია“).1
გადმოცემულ წერილში კი სავსებით უარყოფილია ის ჭორი, რომელსაც ავრცელებს საბჭო. რაც შეეხება საბჭოს თავმჯდომარე ხარებავას, ჩემი აზრით ხარებავა უნდა გაეძევებინათ სა

1. თარგმნილია ავტორების მიერ.
გვ71

ზოგადოებიდან და არა ხელი დაეფარნათ მის უკუღმართ მუშაობისათვის. ან ვინ გნებავთ ბ-ბო დააჯეროთ, რომ ამ შემთხვევის ,,подотчетныя суммы“-ს (საქვეანგარიშო თანხა) ცხრილში მოთავსება შეიძლება? არ გირჩევნიათ მიმართოთ ნაცად ხერხს, როდესაც მტყუანი ხართ გაჩუმდეთ, ვიდრე ასეთი არგუმენტი მოიყვანოთ? ან რა უნდა მოვთხოვო ისეთ ხელმძღვანელს მოსამსახურეთა საბჭოსას, რომელსაც დასაშვებად მიაჩნია, როდესაც მისი ამხანაგები მსახურებენ და თვითონაც ვალდებულია იმსახუროს იმავ შენობაში სუფრის გარშემო თარიარალე იძახოს?
საბჭო მეკითხება, რას ვიტყვი მე იმის შესახებ, რომ ზოგიერთ გამგეობის წევრს, რომელზეც ჩემს დროს არის გაცემული ფული დღესაც არ დაუბრუნებია. განა საბჭომ არ იცის, რომ მე თანამდებობიდანაც კი გადავაყენე გამგეობის წევრი უვარგისობის გამო, რომ მე მივმართე მინისტრსაც კი ოღონდ მომეშორებინა საზოგადოებისათვის მეორე გამგეობის წევრი, რომელსაც საწყობში დაეკარგა საქონელი? ამ შემთხვევაშიც ჩემი პასუხი კატეგორიულია: მე გამოვთქვამ ჩემს გულისწყრომას თუ კი საბჭოს მიერ აღნიშნული მოვლენა მართლაც არის. მხოლოდ გულახდილად უნდა მოვახსენო საბჭოს, არ მჯერა, რომ ასეთ რამეს მართლაც ჰქონდეს ადგილი.
საბჭო აღნიშნავს ვითომ მე ასი ათასები 15 დღით და მეტიც მქონდეს ჯიბეში საზოგადოების ფული. საბჭო არ თვლის ასეთ მოვლენას გაფლანგვათ, მაგრამ საქმე ამაში როდია. მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს სიყალბეა.
(დასასრული იქნება).
ი. ლ. იოსავა
,,ერთობა“, 1920 წ. 11 მარტი, N57 

დანართი N18
წერილი რედაქციის მიმართ
(დასასრული)

ახლა გადავიდეთ თქვენს მიერ ძველი გამგეობის ოპერაციების დაფასებაზე:
გვ72

მოსამსახურეთა საბჭო დიდათ დაინტერესებულია დააქვეითოს ძველი გამგეობის მუშაობა და ჩემიც, როგორც მისი 
ხელმძღვანელის. მას მოჰყავს მხოლოდ ორი ოპერაცია მთელი ჩვენი შვიდი თვის მუშაობიდან და ისიც ისე არა საკადრისად 
გადამახინჯებულად, რომ ნათლად აშკარავდება მოსამსახურეთა საბჭოს არსება. უწინარეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოს ცნობით ყველა ჩვენს მიერ წარმოებული აპერაცია საზარალო ყოფილა, თუ ასე იყო ბ-ბო სხვას რომ თავი დავანებოთ, რითი გკვებავდით თქვენ, რითი ვეწეოდით ისეთ დიდ ხარჯს როგორც 250,000 მან. თვიური ხარჯია? განა ეს ერთი არ ამტკიცებს, რომ თქვენ სიმართლეს არ ამბობთ?
ავიღოთ ძველი გამგეობის მიერ წარმოებული ოპერაცია-ინგლისელებისაგან საქონლის შეძენა. თქვენ აღნიშნავთ, რომ ჩვენ შევიძინეთ 624,000 მან. საქონელი და ვინაიდან ფული არ გვქონდა, ორი ბანკიდან ვისესხეთ. ბანკებში დღემდე ხარჯი გვქონია 144,000 მანეთი და საქონელმა მოგვცა მოგება მხოლოდ 75,000 მანეთი. ამ ამონაწერიდან აშკარაა, თქვენ ამტკიცებთ, რომ ორი ბანკიდან აღებული ფული მოხმარდა ამ ოპერაციას. ეს არ არის მართალი, რადგანაც ჩვენ ორივე ბანკში ავიღეთ ვალი 1,300000 მ. და ინგლისელებიდან ვიყიდეთ მხოლოდ 624 000 მ. საქონელი. სად წავიდა ბ-ნო საბჭოელებო დანარჩენი ვალი? რათ არ აღნიშნავთ ამ ოპერაციებს, რომელიც გადარჩენილ ფულით და საკუთარი ჩვენი თანხითაც ჩვენ ვაწარმოეთ?
მე არ ვიცი სწორია, თუ არა თქვენს მიერ მოყვანილი ხარჯი, მაგრამ კიდევაც რომ მივიღოთ ის უდავოთ, განა რაც საზოგადოებას ხარჯი აქვს მისი დაფარვა ერთი ოპერაციიდან შეიძლება? ან საიდან ღებულობთ, რომ ინგლისელების საქონელში ოფიც. საზოგადოებამ მოიგოს მხოლოდ 75,000 მან. ან რათ ანგარიშობთ მხოლოდ 15 პროცენტ მოგებას? განა ჩემი წასვლის შემდეგ ამ საქონელზე მარტო 15 პროც. მოგებას ხედავენ? ინგლისელების საქონელი საზოგადოებას 300,000 მან. წმინდა მოგებას დაუტოვებს. საბჭო ამაოდ აღნიშნავს ვითომ ეს ოპერაცია იყო უმთავრესი ოპერაცია. ის შეიქმნა უმთავრესად ჩვენი წასვლის შემდეგ, როდესაც სამი თვის განმავლობაში არაფერი არ არის ნაყიდი. ჩვენ დროს კი ის იყო ერთი ოპერა-

გვ73

ციათაგანი, თითქმის მეორეხარისხოვანი, მაგრამ მომგებიანი და წევრთა მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელი. ჩვენ ბევრი სასარგებლო ოპერაცია ვაწარმოეთ, მაგრამ საბჭო ამას ივიწყებს. რესპუბლიკის მუშათა ორგანიზაციებმა
სავსებით გაიზიარეს ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯები და ნაციონალიზაცია საზოგადოებისათვის უმტკივნეულოდ ჩატარდა. ჩვენს მიერ მიღებულ იქნა რადიკალური ზომები ქურდობის აღმოსაფხვრელად და მოსასპობად. დიდი დავისა და კამათის 
შემდეგ ჩვენ ვაღიარებინეთ პასუხისმგებელ ნოქრების ინსტიტუტის შემოღება. ამის შემდეგ ყოველ დანაკლისს მაღაზიაში ნოქარი აუნაზღაურებს საზოგადოებას ქონებრივად, საწინდრით. 
ცვლილება შევიტანეთ თვით საქმის წარმოებაში, ბუჰგალტერიის მუშაობაში. ის გავამარტივეთ და მეტი სისწორე შევიტანეთ. გარდა ამისა ჩვენ ალღო ავუღეთ ცხოვრებას, მივიღეთ მხედველობაში სახელმწიფოს მდგომარეობა და ოფიცერთა საერთო 
კრებაზე დიდის ბრძოლის შემდეგ გავატარეთ დადგენილება, რომლის ძალით გვარდიელები და სახელმწიფო დაწესებულებების მოხელენი შეიძლება იყვნენ საზოგადოების წევრად, თუკი მოისურვებენ. ამ საკითხის გატარებამ დიდი ბრძოლა გამოიწვია აფიცერთა წრეში. დღესაც კი ჩვენ ვითვლებით ოფიცერთა ინტერესების მოღალატედ და ზოგიერთნი არც მალავენ ამას.
ეს ყველაფერი ჩვენ გავაკეთეთ შვიდი თვის განმავლობაში და ისეთ ატმოსფეროში, როდესაც არ ვიცოდით, მომავალი დღე რას მოგვიტანდა (ყოველ დღე ველოდით, რომ ჩვენი მოწინააღმდეგენი სიურპრიზს მოგვართმევდნენ).
საბჭო მაშინაც ღალატობს სიმართლეს, როდესაც ციფრები უნდა მოიშველიოს. როდესაც ანგარიშობდით საქონელს, მიიღეთ კი მხედველობაში ის საქონელი, რომელიც თბილისს გარეთ გვქონდა? რასაკვირველია არა. ან რომელ პროცენტში მოათავსეთ 
ხე-ტყის ქარხანა, ჩვენს მიერ დამთავრებული ყინულის ქარხანა, საბარგო ნაწილი, ან ელექტრონის ქარხანა, რომელზედაც ჩვენ ამდენი ფული დავხარჯეთ? ან რათ არ გინდათ ბ-ბო ტრანსპორტის ღირებულება ბაზრის ფასზე იანგარიშოთ. ის საქონელი, რომელიც თქვენის თქმით ჩვენ გადმოგვეცა, თქვენს მიერ ხომ არის ბაზრის ფასზე ნაანგარიშევი? კმარა ბ-ბო! გვჯერა რაც გინდათ.

გვ74

ვიცით თქვენი სურვილი და ის საშუალებები, რომელსაც მიმართავთ. მხოლოდ იცოდეთ, ფაქტებს ვერსად გაექცევით, ფაქტები კი ღაღადობენ, რომ არამც თუ ჩვენს დროს, ჩვენს შემდეგაც  ჩვენს მიერ წარმოებული ოპერაციებით არსებობთ.
ი. ლ. იოსავა
,,ერთობა“, 1920 წ. 12 მარტი, N58 

დანართი N19
წერილი რედაქციის მიმართ

ბატონო რედაქტორო! თქვენს პატივცემულ გაზეთის უკანასკნელ ნომრებში დაიბეჭდა ჩემი წერილი ,,უკანასკნელი პასუხის'' სათაურით. ამ წერილის მეორე ნახევარში ზოგიერთი ადგილი არის გამოტოვებული. ამიტომაც უმორჩილესად გთხოვთ აღმიდგინოთ ერთი ადგილი მაინც, რომელსაც ჩემს წერილში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.
ოფიცერთა საეკონომიო საზოგადოების მოსამსახურეთა საბჭო თავის წერილში აღნიშნავს, ვითომ ჩემის დროის გამგეობას სავაჭრო ბანკიდან სესხის აღების დროს ან დაეგირავებიოს სხვისი ქაღალდი, რომელიც ჩვენს საწყობში იყო, ან ბანკი შეეყვანოს რაღაც შეცდომაში.
კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ჩემის თავმჯდომარეობის დროს გამგეობას არასდროს არ დაუგირავებია სხვისი ქაღალდი.
ი. ლ. იოსავა.
,,ერთობა“, 1920 წ. 16 მარტი, N61.

გვ75

SUMMARY
The aforementioned paper is dedicated to the memory of the army officer of the Democratic Republic of Georgia - Ivane (Loli) Iosava, son of 
Lavrenti Iosava…
Ivane Iosava was born in the village of Bia, Zugdidi district (nowadays belongs to Khobi Municipality) on October 24, 1893, in the family of the 
priest Lavrenti Iosava, son of Ioane Iosava and Kristine Zukhbaia, daughter of Pepu Zukhbaia from Samurzaqano. He had four sisters: Mariam, Agraphina, Nino,
and Alexandra, also he had a brother Konstantine (Khuta). Ivane Iosava studied in Kutaisi State Georgian Gymnasium, in The University of Petrograd (nowadays known as Saint Petersburg),
University of Kyiv and Polytechnic Institute of Georgia. Moreover, he graduated from the third Military school of Tbilisi (known as “Praporshik”). He fought in 
the First World War.
He fought in the First World War. From 1917 served in the Georgian Army. In the summer of 1919, he was picked as the chairman of the board 
of the Economic Society of Officers. He also co-operated with the War Wounded and Crippled Association.
In February-March, 1921, the Army of Soviet Russia invaded the Democratic Republic of Georgia.
Officer Ivane Iosava fought as a member of the Georgian Army against the enemy. He died during the battle in Kojori, the surroundings of Tbilisi.
Ivane Iosava was buried in Tbilisi in the cemetery which was located in the yard of the military temple with other Georgian fighters who died 
during the battle.
The Soviet government destroyed the temple and the cemetery of Georgian heroes and built the Government Palace. The Soviet authorities 
prosecuted the priest Lavrenti Iosava, Ivane Iosava’s father. Ivane (Kukuri) Iosava, the only child of Ivane Iosava, was exiled for 25 years. He returned 
sick to his homeland and died soon after.
The family of Iosava who was dedicated to his country and served its homeland was destroyed by the Soviet government.
After the restoration of the state independence, it became possible to provide information about Ivane Iosava and his comrades to the 
public

გვ76


გვ77


გვ78


გვ79


გვ80

გვ81


გვ82


გვ83


 გვ84


გვ85


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 11.04.2024
ბოლო რედაქტირება 18.04.2024
სულ რედაქტირებულია 18





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0