სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12281

მთავარი იუბილარი/ ხსენება

კულტ. მემკვიდრეობა ,ომების ისტორიები, სხვადასხვა
წიგნები
დავით მუმლაძე (ჯარისკაცის ჩანაწერები 1992-93 ომი) ავტ. ლალი ცერაძე დავით მუმლაძე (ჯარისკაცის ჩანაწერები 1992-93 ომი) ავტ. ლალი ცერაძე
ბმულის კოპირება

წიგნები

გვარი ცერაძე სია

ბორჯომი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

163       ბეჭდვა

დავით მუმლაძე (ჯარისკაცის ჩანაწერები 1992-93 ომი) ავტ. ლალი ცერაძე

 ლალი ცერაძის - წიგნიდან "ქართველი ჯრისკაცის ჩანაწერები"


დავით მუმლაძე - „სამშობლოსთვის და მეგობრებისთვის სიცოცხლე არ გვენანებოდა!“

საზოგადოებისათვის უცნობად რჩებიან თავდადებული გმირები, რომლებიც ფიცხელ ომში სულ წინა ხაზზე იყვნენ და სიკვდილს არ უშინდებოდნენ.

ბორჯომის მოხალისეთა რაზმის მეთაური და საქართველოს „მაშველთა კორპუსის“ თავმჯომარე გიგა გელაშვილი ოჩამჩირეში.


აფხზეთში ყველა მეომრისათვის ცნობადი იყო ბორჯომის რაიონის მოხალისეთა რაზმის შემართება, თავდადება და ვაჟკაცური სულისკვეთება. ამ რაზმის მეთაური იყო გიგა გელაშვილი და დავით მუმლაძე კი მისთვის სანდო და დასაყრდენ ჯგუფს ედგა სათავეში.


ბატონი დავითისთვის ძნელი იყო  გადატანილი ბრძოლების შესახებ ჩვენთვის ამბის მოთხრობა. ხანდახან ცრემლიც მოადგებოდა ხოლმე თვალზე, მაგრამ მისი გულით ნათქვამი მჯერა მომავალი თაობისთვის ვაჟკაცური თავდადების მაგალითად გამოდგება. ისიც კარგად ვიცით, რომ ჩვენს ქვეყანაში, საქართველოში გმირების მიმართ თანაგრძნობით და პატივისცემთ მოპყრობა ძალიან ძნელად მოსაპოვებელია.

(ქვევიდან ზევით) უცნობი მეომარი, გიორგი მუმლაძე, თენგიზ სუდაძე. დავით მუმლაძე, თემურ ჭეჭელაშვილი, უცნობი მეომარი, უცნობი მეომარი (შემდეგ მოხვდა ტყევობაში), გოჩა ასანიძე, დავით გელაშვილი, როინი თედიაშვილი, გელა გელაშვილი („ნიკულინა“), უცნობი კორესპოდენტი, იოსებ მღებრიშვილი, თემური ზუმბულიძე.


 და მაინც, გუმარჯოთ ჩვენს თავდადებულ ადამიანებს, ნაღდ ქართველ კაცებს, მეომრებს,  რომელთა ღვაწლი და დაღვრილი სისხლი შეუფასებელია!


დავიბადე 1952 წლის 22 მაისს. დავამთავრე ბორჯომის რაიონის წაღვერის საშუალო სკოლა და შემდეგ სწავლა განვაგრძე თბილისის პოლიტექნიკურ ტექნიკუმში. ჯარში უნგრეთში  ორი წელი ვიმსახურე და  საკმაოდ რთული წრთვნა გავიარე, როგორც ფიზიკურ მომზადებაში, ასევე რადიო-ტექნიკურ დაზვერვაში და ჩემი საქმის სპეციალისტი გავხდი. შემდეგ  კვლავ სწავლა განვაგრძე და ბოლოს ბორჯომის კავშირგაბმულობის კვანძიდან ვაჭრობაში გადავინაცვლე. მალე სხვადასხვა მიზეზების გამო ცოლ-შვილით საცხოვრებლად თბილისში გადმოვედი.

            საბჭოთა კავშირის ნგრევას და დაშლას მოყვა საქართველოში დამოუკიდებლობის და ეროვნულ-გამათავისუფლებელი მოძრობის დაწყება. ხალხი გააქტიურდა და ამას დაემთხვა ეროვნებათაშორისი დაპირისპირება და  სეპარატისტული მისწრაფებების გაღვივება აფხაზეთში და სამაჩაბლოში. აშკარა იყო რომ რაღაც ძალებს სურდათ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების შიდა კონფლიქტით გაღვივებით ქვეყნის დაღუპვა-დანაწევრება. და რა თქმა უნდა ეს იყო რუსეთის სახელმწიფო, რომელშიც  ერთი კომუნისტური ფირმირებიდან მეორე კაპიტალისტურ ფორმირებაში გადასვლის დროს   გარდაქმის ეპოქაში თავად მიმდინარეობდა რთული პოლიტიკური დაპირისპირება. 

            ჩუმი უკმაყოფილება, შეშფოთება, გადაძახილი, ჩურჩული და დაძაბულობა ჩემს მშობლიურ ბორჯომის რაიონსაც დაეტყო. პირველი პიკეტებიც გამოჩნდა.  ჩვენს ზემოთ ოსური თემის სოფლებში მოსახლეობა დაიძაბა, შეშინდა და მასიურად ტოვებდა სახლებს. შინაგანად მე ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვიყავი, რადგან ვგრძნობდი, რომ ეს დაპირისპირება ჩვენს მშვიდობიან თანაცხოვრებას ძირს გამოუთხრიდა და დააქცევდა ქვეყანას.

            ამასთან  სხვადასხვა რეგიონებიდან მოდიოდნენ რაღაც ჯგუფები და მასიურად ეზიდებოდნენ ოსური მოსახლეობის საყოფაცხოვრებო ნივთებს და საქონელსაც კი მოერეკებოდნენ. სიტუაცია სულ უფრო იძაბებოდა. მე და ჩემმა ძმამ მამის ორმოცისთვის ორი ხბო ვიყიდეთ და წამოსვლისას სოფელ ტიმოთესუბანში უკვე პიკეტი დაგვხვდა. პოლიციამ გვკითხა საიდან მოვიდოდით და იმ საუბრიდან მივხვდით, რომ თავად მაშინდელი ხელისუფლება მართავდა პროცესებს.

            იქ მაშინ პირველად დავნახე არაფორმალური სამხედრო ბიჭებიც გამოჩდნენ. რაღაცნაირად მომეწონენ - წარმოსადეგად, ვაჟკაცურად საუბრობდნენ და იქცეოდნენ. მითხრეს რომ „მხედრიონელები“ იყვნენ.

            როდესაც კონფლიქტი დაიწყო აფხაზეთში ჩემი ძმა გიორგი მუმლაძე წინა ხაზზე სოხუმში აღმოჩნდა. იმდენად გამოუცდელი იყო, რომ შემოტევის დაწყების დროს დაშლილი ავტომატი სწრაფად ვეღარ აუწყვია და გულში მომხვდა, რომ მის გვერდით არ ვიყავი. მაშინ შეურაწყოფილადაც ვიგრძენი თავი და გადავწყვიტე აფხაზეთში ბიჭებს მეც გავყოლოდი.

            ასეთად მიმაჩნდა ჩემი მეგობარი, სანდო და ვაჟკაცი მართლაც, რომ დასაყრდენი ადამიანი გიგა გელაშვილი, რომელსაც უკვე ჩამოყალიბებული ქონდა ბორჯომის რაიონის მაცხოვრებლებისაგან თავისი საბრძოლო რაზმი და იმდენად კარგი და შემტევი მეომრების სახელი ქონდათ, რომ თბილისელი და სხვა კუთხეების ბიჭებიც მას უერთდებოდნენ და გიგა კი მათ თავს მე მაბარებდა. მახსენდებიან: ვახტანგ მაჭვარიანი, შიო კობიძე, ზაზა ბეგლარიშვილი, ზურა ზურაბაშვილი, გიო ხუციშვილი და სხვები.

            გიგამ ორჯერ მომარიდა და ბრძოლის ველზე არ წამიყვანა - „საკმარისი არ არისო ოჯახიდან ერთი კაციო? ორივე ძმა ხომ არ წამოხვალთო?!“ თანაც იარაღის ნაკლებობაც იყო.

            ბორჯომელები უკვე გაგრაში ნაომრები იყვნენ და ამ დროს 1992 წლის 30 აგვისტოს  შტურმის დროს დაგვეღუპა ჩვენი გიგა გელაშვილის და დავით ლურსმანაშვილის (ვაწაპიას) სიძე   ვალერი კაპანაძე. მთელი სოფელი ტიროდა და დასტიროდა ვალერის. ამის შემყურე შეწუხებული და განცდებით მივედი გიგასთან და ვუთხარი - „თუ წამიყვან ბრძოლაში წამიყვან, თუ არა და მე სხვა ბიჭებთან ერთად წავალ მეთქი!“ გიგა მიხვდა, რომ ვეღარ არ შემაკავებდა და პირდაპირ ძალის-ძალ როგორც იქნა სოხუმში გადაფრენაზე დავითანხმე.


მაშინ სოხუმიდან გაგრაში მოხვედრა არ იყო ადვილი საქმე, რადგან ვერტმფრენებს მოძრაობას რუსები აკონტროლებდნენ  გუდაუთადან, ყველაფერს ჩხრეკდნენ და გიგამ რაღაცნაირად მაინც მოახერხა  ჩვენი ჯგუფისთვის რუსული ვერტმფრენის დაკავება. საშიშროების და ღალატის ასაცილებლად მფრინავებს კაბინაში თავად წინ ჩაუჯდა   და ყოველ მათ საუბარს და გადაპალარაკებას აკონტროლებდა. ზღვის სიღმეში საკმაოდ შორს გავედით    და იქიდან დავიწყეთ გაგრისკენ ფრენა.


            ჩვენს ოცდახუთკაციან  რაზმში გორის მხედრიონის ბიჭებიც აღმოჩდნენ. შიში და დაძაბულობა რომ მოხსნილიყო გორელებმა შაირობა დაიწყეს და ბორჯომელებიც კარგად აყვნენ. ჩვენი თემური ჭეჭელაშვილი ტოლს არ უდებდათ ლექსაობაში.  კაი გულიანი ბიჭები ჩანდნენ: როინი ძამაშვილი, თემურ ზუმბულიძე, ანატოლი ელოშვილი, გოჩა ასანიძე და კიდევ რამდენიმე ბიჭი. (გვარები არ მახსოვს სამწუხაროდ). მაგათი ხუმრობის შემდეგ ცოტა შიშმა გაგვიარა, ცოტა ფერზეც მოვედით,  რადგან მანქანა ძალიან დაბლა მიფრინავდა და პირდაპირ ზღვის შხეფებში გადიოდა.

ანატოლი ელოშვილი დაკარგ. ოქტომბერი 1992წ. გაგრა (აფხაზეთი) დაბ. გორი (ფოტო ლალი ცერაძე)


როინ ძამაშვილი 1972-92წწ. დაკარგ. გაგრა, აფხაზეთი დაბ. გორი ქართლი (ფოტო ლალი ცერაძე)

გოჩა ასანიძე დაკარგ. ოქტომბერი 1992წ. გაგრა (აფხაზეთი) დაბ. გორი (ფოტო ლალი ცერაძე)

თემურ ზუმბულიძე დაკარგ. ოქტომბერი 1992წ. გაგრა (აფხაზეთი) დაბ. გორი (ფოტო ლალი ცერაძის)


ცოტა ხანში გამოვიდა გიგა, თავზე დაგვადგა ხუმრობით და შეგვძახა - „რას შვრებით ხომ არ გეშინიათო?!“ ხელში იარაღი ეჭირა, რომლითაც მფრინავებს აკონტროლებდა, რომ მათ გუდაუთასკენ არ გადაეხვიათ. რაღაც ეჭვი ქონდა, რომ ინფორმციას გადასცემდნენ.

            გაგრის სტადიონზე დავჯექით. როგორც კი გადავხედეთ სიტუაციას აშკარად ჩანდა, რომ იქ სრული არეულობა და ქაოსი იყო. იქ სამხედრო წესრიგის არაფერი არ ეტყობოდა. ვინ სად დარბოდა, ვინ სად რას აკეთებდა ვერ გაიგებდი.


კარგი მზიანი ამინდი დადგა. იქვე ერთი ფოტოგრაფი დავინახეთ თავისი სამფეხა აპარატით.   სოსო მღებრიშვილმა  მოინდომა - „ბიჭებო, მოდი იქნებ რა გვემართება, სურათი ერთად მაინც გადავიღოთო!“ რაღაც არ მინდოდა ამ სურათის გადაღება და მერე ჩემმაც ძმამ მთხოვა - „რა იცი დათო რა ხდება, წამო გადავიღოთო!“ ისეთი თვალებით შემოხედა, ხათრი ვეღარ გაუტეხე და  მეც  ბიჭებს გვერდიდან მივუჯექი.


            დავბინავდით სასტუმროში და მეორე დღეს გაგვიყვანეს კოლხიდაში  „ბე-ტე-ერ 60 –РВ“ -ით. ჩვენი გორელი მეომრები ვიღაც ადგილობივი ხელმძღვანელის ბრძანებით გამოგვყვეს და დაგვაშორეს. მათთან დარჩნენ ჩვენი ბორჯომელი სოსო მღებრიშვილი და თემურ ჭეჭელაშვილი. გიგამ უბრძანა - „უჩემოდ არ გახვიდეთ შეტევს დროსო და თუ რამე მოხდება ისევ ჩვენი ჯგუფისკენ წამოდითო!“ ამის შემდეგ ჩვენ ისინი, საუბედუროდ, ვეღარ ვნახეთ რადგან მხოლოდ თემურ ჭეჭელაშვილმა მოახერხა ჩვენსკენ გადმონაცვლება, ისინი დღესაც უგზო-უკვლოდ დაკარგულებად ითვლებიან.

სოსო მღებრიშვილი დაკარგ. ოქტომბერი 1992წ. გაგრა (აფხაზეთი) დაბ. ბორჯომი (ფოტო ლალი ცერაძის)

           კოლხიდაში ერთ-ერთ ლამაზად გაწყობილ სახლში ჩვენს ერთ-ერთ ნაწილს პოზიცია ეკავა. სომხის სახლს ეძახდნენ. მე რაციას ჩავუჯექი, მაგრამ აღმოჩნდა რომ კარგად არ მუშაობდა. უცებ ცალმხრივად გავიგონე ინფორმაცია, რომ ქართველები საუბრობდნენ - „სომხის სახლში აფხაზები შემოსულან და გავხსნათ ცეცხლიო!“ შევშფოთდი.


გაგრა


                 გადამცემში  ყვირილი დავიწყე  - „არ გვესროლოთ! ჩვენ ვართ ბორჯომელებიო!“ მაგრამ ამაოდ. გადავწყვიტე როგორმე გამეგებინებინა და ახლა ფანჯარაზე ავძვერი და თეთრი ზეწრის ქნევა დავიწყე -  „არ გვესროლოთ მეთქი!“. მოსაღამოვდა თუ არა და უცებ სეტყვისაწინააღმდეგო „ალზანის“ ჭურვი გამოისროლეს და კიდევ კარგი აგვცდა, მაგრამ  კედელი კი გაგვინგრია. ძალიან შეგვეშინდა. მივცვივდით ფანჯრებს, პოზიცია დავიკავეთ, მაგრამ უკვე მეორე ჭურვის ხმა და დაცემა გაისმა. უკვე  წინა მხარე შემოინგრა კიდეც. ჩანდა, რომ  საქმე სახუმაროდ მართლაც არ იყო. ვყვიროდი - „არიქა, ბიჭებო, მესამე ჭურვი უკვე ჩვენ მოგვხვდება მეთქი!“ გამოვვარდით სახლიდან და მეორე ეზოში გადავცვივდით. და მართლაც ათ წუთში მესამე ჭურვი პირდაპირ ჩვენს სამყოფელს დაეცა. იმ ღამეს ღია ცის ქვეშ კოლხიდაში მოგვიწია გათენება. ჩვენი მეტყვიამრფქვევე ბორჯომელი პაატა გელაშვილი მთელი ღამე ზემოთ მარცხენა მხარეს ისროდა. კარგი მონადირე იყო და გრძნობდა საიდან გვეპარებოდა მტერი.


     გაყინულებმა, გათოშილებმა ის ღამე როგორც იქნა გადავიტანეთ, რადგან ცეცხლის ანთება არ შეიძლებოდა. დილით ასფალტზე ტყვიის შიშინის ხმა შემოგვესმა. ვიღაც გამეტებით გვესროდა. ეტყობა სნაიპერი არ იყო თორემ უეჭველი გაგვარტყავდა.


            ამ დროს „ბე-ტე-ერმა“ შესაცვლელედ სხვა რაზმი შემოიყვანა. ჩვენი ბიჭები როცა გადავიდნენ მე და გიგა გელაშვილმა ტყვია-წამლით სავსე ჩანთები ავწიეთ და გზაზე გადარბენა ვცადეთ. ტყვიების წვიმაში ისევ დამიზნებით გვესროდნენ. გადავვარდით და წავიქეცით კიდეც და როგორც იქნა მივხოხდით „ბე-ტე-ერთან“.


            რაღაც სასტუმროში შევედით. წამოვწექით. მთელი ღამის ღამენათევი ბიჭები მიწვნენ და სროლების ხმებმაც იმატა. გარეთ უკვე ყვირილი გვესმოდა კოლხიდაზე შეტევა დაწყებულიყო. გიგამ რიგში მოგვაწყო და გვითხრა - „მე როგორმე შტაბში გავიქცევი, გავიგებ რა ხდებაო“. როგორც ყველაზე უფროსს დამიტოვა ბიჭები და ჩვენ მას ველოდებოდით. იმ სროლებში ვერც გაიგებდი როდის თენდებოდა და როდის ღამდებოდა.


            გზის პირას ქართველები ცხოვრობდნენ და ოჯახის მასპინძელმა სუფრა გაგვიშალა. გვემშვიდობებოდა. აშკარა იყო, რომ აფხაზები  ქალაქში შემოდიოდნენ.


            გადავინაცვლეთ გაგრის რკინიგზის სადგურში. თუ შემოტევა გაგრძელდებოდა ეს ადგილი აუცილებლად დასაცავი იქნებოდა. გიგამ ნახევარი ბიჭები ჩააყენა წინა მხარეს და  მეომრების მეორე ნახევრით უკანა მხარეში მე ჩავდექი.


            მთელი ღამე არაფერი არ მომხდარა. მარტო სროლების ხმა ისმოდა და თანდათან ხმები მატულობდა. იქ გადიოდა გაგრის მთავარი ტრასის ქუჩა და ხალხი ემატებოდა და ემატებოდა. პიკეტი იყო დაყებული და ზარბაზანიც დადგეს. დილას უკვე შემოტევა დაიწყო და ტრასირის ტყვიები ანათებდა ცას. თანდათან ცეცხლის წვიმა მაღლა პერიმეტრიდან დაბლა დაეშვა და დაეშვა. რამდენიმე ხანში ხალხი გაიკრიფა. ზარბაზანთან ასევე არავინ აღარ იდგა. ცარიელი ადგილი უკვე ჩვენმა ჯგუფმა დაიკავა. რადგან კოორდინაცია საერთოდ დაკარგული იყო, გიგა ისევ შტაბისკენ გაიქცა.


            უცებ ჩვენმა ტანკმა დაძვრა დაიწყო,  მოუმატა სისწრაფეს. არადა უკან ჩვენი გორელები იდგნენ. ვიცოდი უეჭველი დაეჯახებოდათ და თან გასროლასაც აპირებდა. დავიწყე ყვირილი, რომ გასცლოდნენ მანქანას. მაინც ვერ მოვასწარი და გასოლაც გაისმა. დარტყმის ტალღამ ძლიერად გადამაგდო. ერთი ბიჭი დაზიანდა, ყურებიდან სისხლი მოსდიოდა. ჩემს ძმას და ერთ მეომარს ვთხოვე როგორმე გაეყვნათ დაჭრილი. მართლაც მხარში ამოუდგნენ და წაიყვანეს.


            იყო სრული ქაოსი და გნიასი. ჟიგულით დადიოდნენ და ყვიროდნენ - „ჩვენი  ბიჭები იქ იღუპებიან, წავიდეთ, წავიდეთო!“ ვერაფერს ვერ გაიგებდი ვინ სად გარბოდა. ჩვენი ჯგუფი არ იძვროდა, რადგან არც ვიცოდით საით უნდა წავსულიყავით, თან ბრძანებას ვასრულებდით და მეთაურს ველოდებოდით. შემდეგ უკვე მოწინაღმდეგე მოგვიახლოვდა.   პირდაპირ ჩვენ გვესროდა და ტყვიების ხმამ და ხმაურმაც მოიმატა.


            ისეთი დამიზნებით დაგვიშვინეს, რომ გზის მარცხენა მხარე სასაფლაოზე საფლავის ქვის უკან აღმოვჩნდი.  ჩემი ქუდი სადღაც ეკალ-ბარდებში ჩამოკიდებული  დავინახე  და ვიგრძენი მთელი ტანი, სახე და ხელები მეწვოდა. ესევ მოვგროვდით და სროლა სროლით ქალაქკომის შენობისკენ  უკან დახევა დავიწყეთ. ვითათბირეთ - რომ გიგას გარეშე დავრჩით და უნდა გადაგვეწყვიტა რა გვექნა. აფხაზები ტყიდან გვესროდნენ და ჩემი ბავშვობის მეგობარი თემურ ჭეჭელაშვილი  შუბლში დაგვეჭრა და გადასახვევის საშოვნელად მეორე სართულზე ავვარდი. შენობაში მარტო ვიღაც პატარა გოგოღა იყო დარჩენილი. ბინტი ვთხოვე.


            ამ დროს მესმოდა გაგრის ქალაქკომის ვიღაც  ინსტრუქტორი ერთ-ერთ კაბინეტში როგორ ხმამღლა შეშფოთებით ესაუბრებოდა ტელეფონით სახელმწიფოს მეთაურს ედუარდ შევარდნაძეს - „გაგრა ეცემა, ტყიდან გვესვრიან, ჩვენამდეც მოდიანო, აგერ მოისმინეთო“  და ტყვიების ხმას ასმენინებდა.


            მივირბინე ჩემს ბიჭებთამ და დათო გელაშვილს („ჩორნა“) შევძახე - „არ მომშორდე ბოჭო! თორემ შენ რომ რამე მოგივიდეს, მამაშენთან ვერ ჩავალ წაღვერში თქო!“. რაღაც გარაჟი ვნახეთ და იქიდან ავტეხეთ მოწინააღმდეგის მიმართულებით სროლა. მაგრამ ისეთი ინტენსიური ცეცხლის წვიმა წამოვიდა, რომ გარშემო შიშინებდა და დადუღდა ყველაფერი. ტყვიები ბეტონს ხვდობოდა და საშინელი ხმით ფეთქდებოდა. დათომ დამიძახა - „ვაიმე, მე მგონი აქედან ვეღარც გავაღწევთო!“  გავამხნევე - „ნუ გეშინია,  გავალთ მეთქი“. თან ტყვიებიც გვითავდებოდა. უკან დავიხეთ.


            რაღაც ინსპექციის „კლოხოზნიკი“ გვყავდა. ჩვენი მეგობარი ვალერი ჩუბინიძე დაგვიქორწინდა გაგრაში. მისი  ცოლშვილი,  10-12 წლის  ბავშვები ჩავსვით და ძალიან ნელა დავიძარით ქალაქიდან გასასვლელად. მანქანის გვერდზე ხალხი მოგვყვებოდა.


            უცებ საიდანღაც ჩვენი გიგა  გელაშვილი გამოჩნდა და გაგრის ხიდი გადავიარეთ ავედით ტყეში. ტრასაზე რაც მეომრები იდგენენ გაგრის ბატალიონიდან გვინდოდა ტყეში აგვეყვანა და პერიმეტრზე გაგვენაწილებინა. მაგრამ მათ არაფრით არ უნდოდათ წამოსვლა. უნდა აღვნიშნო, რომ რამდენიმე მეომარი ვინც გაგვყვა ისიც გიგა გელაშვილს ჩხუბის და რომ იტყვიან გინებით წავიყვანეთ. გიგა ყვიროდა - „ეს ტყე და ეს გაგრა თქვენი ქალაქი არ არისო?! თქვენ თქვენი სახლის დასაცავად ორი ნაბიჯის გადადგმა არ გინდათ და თბილისელებმა და ბორჯომელებმა უნდა იომონო?!“. ძალით ავიყვანეთ გიგას ინიციატივით და ჩხუბით. ხოო, ასეც ხდებოდა. აშკარად ისეთი დათრგუნული მდგომარეობა ჩანდა ბრძოლა  და შემოტევის მოგერიება გაგვიჭირდებოდა.


გაგრაში ერთი ადგილია ლეღე ჩამოდის იქ ჩავსაფრდით. გადავკეტეთ გზა. გავნაწილდით და სულ ზემოთ ტყეში გიგა ავიდა სამი მეომრით. ღამით მალე სროლა შეწყდა.


დაღლილი ხალხი დაიმშა კიდეც. არანაირი  საკვები არ იყო. ბიჭებმა შემომთავაზეს - ”რაიმეს საშოვნელად მაინც  გავალთო“. მე უარი ვუთხარი - „გიგას უნდა შევუთანხმო მეთქი“. აუყევი ღელეს და ხეობას. ძალიან წვიმდა. ორჯერ გავწურე მაისურის „ტელნიაშკა“ და წვალებით მივაღწიე გიგამდე. მითხრა - „ვისაც არ შეუძლია წავიდეს განთიადისკენო. მე კი აქ უნდა დავრჩე, რადან თუ შემოვლენ აქედან ერთს მაინც გავისვრიო და ჩვენებს ნიშანს მაინც მივცემ და გავაგებინებ რომ აქამდე მოსულები არიანო!“


            იმ ღამეს დავრჩით იმ თქეშში ოთხნი. ჩვენს მეგობარს ბორჯომელ ვოვა ჩაჩანიძეს პლაშ-პალატკა ქონდა და ის გადავიფარეთ, ზურგით მივეყუდეთ ერთმანეთს. ჩვენთან იყო კიდევ ერთი გორელი ბიჭი რომლის სახელი და გვარი სამწუხაროდ არ მახსოვს, მაგრამ სახეზე დიდი ჭრილობის კვალი ეტყობოდა.


            დილას როდესაც მთიდან გზისკენ დავეშვით, მოულოდნელად აფეთქების  ტალღამ მე და გიგა გადაგვყარა. თურმე ჩვენებს გადაუწყვეტიათ კლდის ჩამოშლით გზის გადაკეტვა. მაგრამ მიწა არ ჩამოიშალა და ჩვენ კი გადაგვყარა ეკლებში და მიწა მოგვეყარა. გაბრუებულები ძლივსღა ვმოძრაობდით. სრულიად შემთხვევით გადავრჩით  ცოცხლები.


            გასვლა დავაპირეთ და ეს გორელი ბიჭი არაფრით არ გამოგვყვა - „ჩემი ბიჭები იქ არიანო და ვერ მივატოვებო!“ იქ დაგვხვდა ჯანო ხოშტარიას ძმა შოთა.  გვარდიის ფორმა ეცვა. კონტუზია ქონდა, ყურებიდან სისხლი სდიოდა და მაინც   ისიც იქ დარჩა. მას შემდეგ აღარ გვინახია.


            დაბლა პიკეტზე არავინ აღარ დაგხვდა. ტრასა  დაცარიელებულიყო.


რაღა გაეწყობოდა ფეხით წამოვედით.  რაღაც მანქანა წამოგვეწია და გაგვიყვანა განთიადში. იქ ჩემი ბავშობის მეგობრები მეგულებოდნენ. მაგრამ სანაპიროსთან როგორღაც ჩვენი კატარღა შემოცურდა. დაჭრილი ბიჭები ჩავსვით (თენგიზ სუდაძე გვყავდა ფეხში დაჭრილი) და როგორც კი გადავედით ბაქანზე და უცებ ვიღაც პოლკოვნიკი მოგვარდა ყვირილით - „იარაღი დატოვეთო!“ ჩვენ ვუპასუხეთ - „თუ რეალურია ბრძოლა და წინააღმდეგობა ჩამოვალთ და ვიბრძოლებთ, მაგრამ იარაღს არ დავტოვებთო!“ უკმაყოფილომ ხელი ჩაიქნია და წავიდა.

            ასეთი იყო ჩემი პირველი საბრძოლო ნათლობა.

            შემდეგ გაგრიდან როცა დავბრუნდით ძალიან უხასიათოდ ვიყავი. თან ჩემი შვილების სკოლისკენ  როცა ჩავედი დგებუაძის ქუჩაძე დავინახე  სამხედროები მოძრაობდნენ. გავიგე რომ გაგრის ბრძოლების მონაწილე და ერთ-ერთ ხემძღვანელ მიხეილ მარინაშვილს მოასვენებდნენ. როგორც თქვეს გულის შეტევით დაღუპულიყო. რაღაც არ მესიამოვნა, გულში გავიფიქრე - „ვინც იქ ვიყავით გაგრაში მის ბედს ხომ არ გავიზიარებთ მეთქი“

            გაგრის დაკარგვის შემდეგ ოჩამჩირიდან სოხუმზეც ჩაკეტეს გზა. ფრონტზე მძიმე ვითარება შეიქმნა. 1992 წლის 17 ოქტომბერი იყო.

 სასწრაფოდ იყო საჭირო მოქმედება და რაზმი გავამზადათ. ორი იკარუსით წავედით. ჩვენი ბორჯომელი მოხალისეები ვიყავით. წინ მძღოლის გვერდით მომცრო ტანის ბიჭი შევნიშნე და გიორგი რურუა აღმოჩნდა. იქ ერთი ადგილი იყო ტამიშში „ბოსლებს“ ეძახდნენ, საიდანაც ჩვენ ავტობუსს აფხაზებმა ცეცხლი გაუხსნეს. გადმოვცვივდით და პოზიციები დავიკავეთ. გავხსენით ცეცხლი თუ არა რამდენიმემ ტყისკენ გადაირბინა და გაიქცა.

            წინ წავიწიეთ და ავმოვჩნდი წყალსაწრეტში, სადაც მავთულები იყო გაჭიმული და „ფუგასი“ ასაფეთქებლად გამზადებული დაუტოვებიათ. გადავწყვიტე და გადავყარე ეს მავთულები. გავიხედე და გზაზე გეგონება ქორწილში ლაღად მიდიოდა ორ მეტრიანი კაცი ავტომატმომარჯვებული. მაშინ იქ გავიცანი ჩვენი სამსონ ბრეგვაძე („ბაჭიაც“).

            მივედით ტამიშის ხიდამდე. მარჯვნივ სოფელ კინდღის ასასვლელი იყო. წინ მიგვიძღოდა „ბე-ემ-პე“. რადგან ხიდი აფეთქებული იყო მძღოლმა ნაპირზე გასვლა გვერდის ავლით დააპირა. თურმე დანაღმულ ადგილზე მოხვდა და აფეთქდა კიდეც. ჩვენ მარცხენა მხარეს დავიკავეთ პოზიცია „ბოსელში“. მე და გიგა გელაშვილი გარეთ ვიწექით, ვყარაულობდით პოსტს.

            მთელი ღამე დატვირთული რუსების თვითმფრინავები  დაფრინავდნენ და პროჟექტორებს გვანათებდნენ. რაღაც ეჟვნების ხმები მოისმოდა და ჩვენი მეტყვიამფრქვევეც არ გაჩერებულა. დილას ბიჭებმა  ორი მკვდარი ცხენი ნახეს, ეჟვნები  ქონდათ შებმული. ეტყობა აფხაზები ჩვენს პოზიციას ამოწმებდნენ. არანაირი საკვები და  წყალიც კი არ გვქონდა.  მდინარეშიც მკვდარი საქონელი ეყარა. ისე მწყუროდა მაინც მომიწია  იმ წყლის დალევა  და გადავრჩი.


            რამდენიმე ხანი იმ პოზიციაზე დავრჩით და შემდეგ მერე ავედით სოფელ კინდღში. მეგრული სამზადისი იდგა პატარა ჯარგვალი. ჩვენ აფხაზები გვეგონენ და შევცვივდით შიგნით. შუა ცეცხლზე  ჩამოკიდებული იყო მეგრული ხარჩო. იქ ორმოცლიტრიანი წყლის „ფლიაგები“ ვნახეთ და როგორც იქნა ჭიდან სუფთა წყალი  მოვიმარაგეთ. უცბად ტყიდან სროლა აგვიტეხეს. ბიჭებს სნაიპერი ეგონათ. მე ვხუმრობდი - „რა სნაიპერი, რის სნაიპერი აფხაზი კაცი გვესვრის ერთი სული აქვს რომ წავიდეთ და იქნებ ხარჩო შეხვდეს მეთქი“.

            რამდენიმე ხანში კინდღიდან ჩამოვედით და  სხვა ჯგუფმა შეგვცვალა.

1992 წლის დეკემბერში ბორჯომელები იბრძოდნენ გიგას ხელმღვანელობით სოფელ ლაბრის ასაღებად, რადგან იქიდან აფხაზები ადვილად წვდებოდნენ ოჩამჩირე-სოხუმის გზას. ჩვენმა ბიჭებმა ლაბრაში შტურმი განახორციელეს და პოლიციელების რაზმი ჩააყენეს, მაგრამ, სავალალოდ, მათ მიატოვეს პოზიციები და იარაღიც კი დაყარეს.  მეორედ მოუწიათ ლაბრის გათავისუფლება და ჩემი როცა ჩემი ძმა გიორგი დაბრუნდა ბორჯომში ახალთახალი ავტომატი ეჭირა, რომელებიც სწორედ პოლიციელებს გადაეყარათ.  საერთოდ იარაღი ჭირდა, რადგან თავიდან ქართველებს სკოლებიდან გამოტანილი სასწავლო იარაღები ქონდათ გადაკეთებული და ახალი ყველას ეიმედებოდა.


            ერთი თვე ოჩამჩირეში დავრჩით. გვავარჯიშებდნენ და გვამზადებდნენ ტყვარჩელის ასაღებად. ჩვენ ბორჯომლები უფრო მომზადებულ ბიჭებად ვითვლებოდოთ. თან ტყეს ვიცნობდით მეთევზეები და მონადირეები ვიყავით და ჩვენი იმედი ქონდათ.


            ჩვენ მხედრიონელები უნდა ვყოფილიყავით ცენტრალური დამრტყმელი ძალა ჩხორთოლის მხრიდან. ოჯახიდან დამირეკეს და პრობლემების გამო ჩამოსვლა მთხოვეს და მეორე დღეს გავიგე, რომ ოპერაციის დასაწყებად ბრძანება მოსულიყო. ბიჭები ასულან იმ თოვლში და სიცივეში. ჩვენი გოგი ბარამიძე მიყვებოდა, რომ მათთან ერთად ყოფილა პარლამენტარი გია ბარამიძე. გოგის ფეხზე გაუხდია თავისი ჩექმები და იმ თოვლში „პარტიანკების“ ამარა ჩამოსულა  და მის მოგვარეს ერთხელ არ გაახსენდა ამ გაჭირვებული ბიჭის მოკითხვა. ასეთი პატივისცემა იცოდნენ. გულდასაწყვეტია. სხვა რა უნდა თქვა ადამიანმა. ეს ამდენი წვალებით ასულ ბიჭებს მიუღიათ ბრძანება უკან ოჩამჩირეში დაბრუნებულიყვნენ, რადგან შტურმი არ განახორციელებინეს. ის გვარდიის ნაწილები, რომელთაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა გზიდან შეტევაზე არ გადავიდნენ და მიატოვეს „მხედრიონელები“. და ამ დროს უკვე ქალაქში თეთრი დროშები იყო გადმოფენილი. იმასაც ამბობდნენ რომ რუსეთის გენშტაბი თბილისის დაბომბვით იმუქრებოდა. და აი, ტყვარჩელის აუღებლობამ და ოპერაციის ჩაშლამ რამედნიმე თვეში დაგვაკარგინა- სოხუმი, ოჩამჩირე, გალი და მთლიანად აფხაზეთი.


             რუსეთი ვითომ მშვიდობისმოყვარე ხელშეკრულებებს გვადებინებდა აფხაზებთან და ამ დროს  ამარაგებდა იარაღით, დროს იგებდა და კვლავ შემოტევებს იწყებდნენ.


ბოლოს 1993 წლის 2 ივლისს უკვე ტამიშში გემებით შემოიყვანეს 500 მდე  კბილებამდე შეიარაღებული მედესანტეები და კვლავ გადაკეტეს სოხუმ-ოჩამჩირის გზატკეცილი. მათ ხელმძღვანელობდა რუსის გენერალი ალექსადნრე ლებედი.  ზღვიდან აუყვნენ გზებს და ჩვენმა ნაწილებმა ძალიან დიდ დანაკლისი განიცადეს.


ისევ შევიკრიბეთ მეომარი ბიჭები და ჩვენი შტაბი განლაგდა სოფელ ცაგერაში. შტაბში დაგეგმეს ოპერაცია და ხელმძღვანელად დაინიშნა გლდანის რაზმის მეთაური თორნიკე ქურდაძე. მიზნად დაგვისახეს ტამიშში „პიტომნიკის“ მაიმუნთსაშენის ტერიტორიის განთავისუფლება, სადაც  რუსის ჯარი იდგა.


დავით მუმლაძე


            დილაადრიან დავიწყეთ შეტევა და წავედით ტამიშის მიმართულებით. ორმხივი სროლების დროს დაგვაღამდა კიდეც. ჩვენ ბორჯომელები გზის მარცხენა მხარეს მივიდოდით და ჩენთან ერთად იყვნენ გლდანის მხედრიონის ბიჭები. დაღონებულები ვიყავით, რადგან  მიზანს ვერ მივაღწიეთ.  ჭაობებში და ტალახში ნახოხიალები ვიყავით. ცოტა შევისვენეთ და  შემდეგ შტაბში დამიბარეს და იქ უკვე ცენტალური შტაბიდან გენერალი გუჯარ ყურაშვილი დამხვდა. ბატონმა ჯაბა იოსელიანმა მითხრა ჩამებარებინა შემტევი ჯგუფის მეთაურობა, რადგან იმ დღეს 8 ივლისს თორნიკეს დაბადების დღე იყო. გაერთიანებული ვიყავით ბორჯომის, გლდანის, ლანჩხუთის მხედრიონის, მზვერავების (გია გელოვანის) ბიჭები.  პატარა ასაკის რადისტი მოგვაშველეს „კორექტიროვშჩიკი“. გუჯარ ყურაშვილმა ამისხნა, რომ წინ ორი ტანკი გაგვიძღვებოდა და ჩვენ უკან უნდა მივყოლოდით. ბორჯომელები, მზვერავები, გლდანელები, შემდეგ ლანჩხუთელები და   ზღვის სანაპიროდან უნდა შემოსულიყვნენ ზვიად გამსახურდიას მომხრე ლოთი ქობალიას მეომრები.


            1993 წლის 9 ივლისს დილას ხუთი საათისთვის დავიწყეთ შეტევა. გადავედით ცაგერას ხიდზე, მაგრამ, საუბედუროდ, ეს ორი ტანკი გაჩერდა. ერთი ჩავარდა წყალსაწრეტში და მეორეც აღარ იძვროდა. ტანკისტმა გამოგვიცხადა - „ვერ წავალო, წინ ველი დანაღმული არისო“ და შეტევაზე გადასვლა მძიმე ტექნიკის გარეშე მოგვიწია.  რას ვიზავდით, მივენდეთ ბედისწერას, წავედით წინ და როდესაც პიტომნიკს (მაიმუნთსაშენს) მიუახლოვდით, მოწინააღმდეგემ შეუჩერებელი ცეცხლი გაგვიხსნა კიდეც. კიდევ კარგი წინ ქარსაცავი ზოლი იყო და  წყალსაწრეტში ჩავწექით. ისეთი ცეცხლი იყო რომ რამდენიმე საათი თავის აწევის   საშუალებას საერთოდ არ გვაძლევდნენ.


            როდესაც მზე ამოვიდა, გავთბი თუ არა  და ამ ჭაობში და ტალახში იმ გაგანია სროლაში დაღლილს  არ ჩამძინებია. არ ვიცი რამდენ ხანს მეძინა და მაგრამ როცა გავახილე თვალი, ტანსაცმელზე ნახერხი მეყარა, მოწინააღმდეგის ცეცხლს მთელი ხეები გადაეჭრა. ცოტა ხანში ყბაზე ხელი მოვიკიდე. სისხლი მდიოდა, თავბრუ მეხვეოდა და კოორდინაციაც დამეკაგა. ავტომატზე ჟგუტები მეკეთა, როგორც იქნა ჭრილობა გადავიკარი. ძალიან მძიმე წუთები იყო, ვერც უკან გამოვდივდიოდით და ვერც წინ მივიწევდით.


შტაბთან კავშირი დაიკარგა.  საუბედუროდ, პატარა რადისტი ბიჭი ზალიკო მდინარაძე კორექტირების დროს მოგვიკლეს.  შიგ რაციაში მოარტყეს. ჩემს გვერდზე ლანჩხუთელებს ვუყვიროდი - „მოგვაშველეთ რადიტი მეთქი!“ მაგრამ ვერაფერი გავაგონე.

ზაალ ანზორის ძე მდინარაძე გარდ. 1993წწ სოფ. ტამიში ოჩამჩირე აფხაზეთი დაბ. ლანჩხუთი გურია


            დავრჩით კავშირის გარეშე და შტაბში უკვე გაურკვევლად იყვნენ. სად ვიყავით და რა გვიჭირდა ვერ იგებდნენ. საბედნიეროდ, უკანა მხრიდან ჩვენი რაიონიდან „ავაზას“ ბატალიონში ბორჯომელები და ახალციხელები იყვნენ და მათაც ყავდათ ტექნიკა. სასწრაფოდ  ჩასხდნენ ტანკებში - „ბორჯომელებს უჭირთო!“  და ჩვენს საშველად. წამოვიდნენ. გზის მარცხენა მხრიდან ტექნიკის გუგუნის  ხმა გავიგონე, მივხვდი მოგვეშველენ. რაღაცნაირად  გავმხნევდი და ერთი წამოვიწიე, წამოვდექი  და შევძახე  - „აბა, ბიჭებო, მომყევით მეთქი!“ და ყვირილით და შეძახილებით წინ გავვარდით (ცრემლი მოადგა).


ეს იყო ჩვენი ქართველი ბიჭების თავგანწირვის და შემართების ნამდვილი ვაჟკაცური მაგალითი. გამომყვნენ ჩემი მართლაც რომ ღირსეული, უშიშარი მეომრები.


იქ რაღაც ბეტონის ღობე იყო გარღვეული და იქითკენ ავიღეთ გეზი. დავინახე ორი ცალი ტანკსაწინააღმდეგო მინიქვემეხი ეყარა. ბიჭებს გადავძახე - „არ მიუახლოვდეთ, დანაღმული არ იყოს მეთქი!“ და შეევარდით კიდეც „პიტონმიკში“. ორსართულიანი აგურს შენობა იყო. რამდენიმე ბიჭით მეორე სართულზე ავვარდით. იქ ვერავინ ვერ შევნიშნეთ და მხოლოდ  იარაღი და ტყვია-წამალი ეყარა. როცა ჩამოვედი დავინახე მოწინააღმდეგის ტანკი იდგა. შემოვიდნენ აჩიკო ხოფერიას ჯგუფი, ქუთაისის ჯგუფი, გელოვანის ბიჭები და ლოთი ქობალიას ჯგუფის მეომრები და სხვები.  


            მე კამათი მომიხდა არჩილ ხოფერიასთან - „რატომ არ გამოუშვი რადისტი მეთქი?!“ და ამ დროს გაისმა ყუმართმტყორცნის ხმა და გადაგვიარა ყუმბარამ და ტანკის ძირში აფეთქდა კიდეც. მარჯვენა მხარეს მაღლობიდან ანუარხუდან გესროდნენ. „აბა, ბიჭებო, წავედით, მომყევით მეთქი!“   და ხელახალი შეტევა დავიწყეთ. რუსებს უკვე  სანგრების გათხრა მოესწროთ და რაც შევძელით მოვასუფთავეთ იქაურობა და სოხუმის ტრასას გავუყევით. ვიღაცამ გადმოგვცა რომ შეჩერება იყო საჭირო, უკან  პიტომნიკში ჩამოვბრუნდით და დავბანაკდით.


დაღამდე. საშინლად აცივდა. ამდენ ჭაობში და ტალახში ნახოხიალები მეომრები სულ სველები ვიყავით. ბიჭები ისეთი დაღლილები იყვნენ რომ იარაღს ვიღარ იჭერდნენ ხელში, ავტომატებს ძლივს მოათრევდნენ.


 ძალიან შემეშინდა, რომ თუ აფხაზები შემოგვიტევდნენ მათ წინააღმდეგობას ვერც გავუწევდით. შტაბში ჩასვლა გადავწყვიტე. დიმო სამსონიძე გამომყვა და ფეხით წამოვედით გზა-გზა. შტაბში ვუთხრი - „რომ ცეცხლს ვერ ვანთებთ და მშრალი ხალხი გამაყოლეთ რომ ბიჭები, შევცვალო მეთქი“. ვერ მონახეს სხვები - ოცი კაციც კი ვერ ნახეს. რა გაეწყობოდა. დავატვირთინე მანქანაზე საკვები და სასმელი და ბიჭებთან მანქანით წავედით. გაუნაწლეთ ყველას, მათ შორის ლოთი ქობალიას მეომრებსაც,  რაც შეგვეძლო და დილას უკვე ისეთ დონეზე გაიყინა ხალხი, რომ იქ დარჩენა შეუძლებელი გახდა.


 შტაბიდანაც ბრძანება მოგვივიდა გამოსვლაზე და დავტოვეთ ტერიტორია. მაგრამ მიზანი მიღწეული იყო ოჩამჩირე-სოხუმის ტრასა გაიწმინდა და მედესანტეების ნარჩენებმა ტყვარჩელისკენ გადაინაცვლეს. იმ  გზაზე, რომელზეც იმ ღამეს საკვები მანქანით გამოვიტანეთ, დილას ორი ნაღმი აღმოაჩინეს, როგორ გადავრჩით დღესაც ვერ გამიგია, სწორედ, რომ უფალმა გვიხსნა სიკვდილისაგან.


გამოსვლა დავაპირეთ ზუგდიდიდან. რაღაც მიზეზების გამო ლოთი ქობალიას ისევ ჩაეკეტა გზა. მე მაინც უკან არ დავიხიე და ჩემი ბიჭების გამოყვანა სამეგრელოს გავლით გადავწყვიტე. ზუგდიდთან პიკეტი იდგა. გადაწყვეტილი გვქონდა, რომ იარაღს არაფრით არ დავტოვებდით და თუ საჭირო იქნებოდა ბრძოლით გავიდოდით თბილისისკენ.


პიკეტთან ავტობუსი გავაჩერეთ და ჩამოვედი. მათაც ერთი კაცი გამოეყო და ჩვენსკენ გამოემართა. როცა გაიგო ბორჯომის მხედრიონელები ბრუნდებოდნენ ტამიშიდან  მიცნო, ზუსტად იმით, რომ  როცა საჭმელი ჩავუტანე  შტაბიდან და არ გამიცალკევებია ჩვენი მეომრებისგან და მათაც ვუწილადე საგზალი. დაბრუნდა უკან - და პატარა მაგიდაზე გაშლილი პურ-მარილი გამოგვიტანა - „ერთი ჭიქით დაილოცეთო“. მე არ ვსვავდი და ავტობუსიდან ჩემი ბიჭები ჩამოვიყვანე. მათ საერთო გამარჯვების სადღეგრძელო დალიეს და დაილოცენენ - „ჩვენ არ დაგვავიწყდაო თქვენი ზრუნვა იმ ყინვაში, რომ პური გაგვიტეხეთო“ და ჩამოგვართვეს ხელი და გამოგვიშვეს.


ჩვენი ბორჯომის მხედრიონის გარდა ვერავინ გაბედა ზუგდიდზე გამოვლა და საწყენია, რომ სამოქალაქო ომის დროს ისევ მოგვიწია ერთმანეთისთვის სროლა, როდესაც სოხუმის დაკარგვის შემდეგ  მათ უკვე სამტრედიას შემოუტიეს. სამოქალაქო ომი და სისხლისღვრა ნამდვილად დიდ მოუშუშებელ ჭრილობად და ტრამვად დარჩება ჩვენს ისტორიას.


რაც შეეხება ჩვენი მეომრების შემართებას და თავდადებას, მე ამაყად შემიძლია ვთქვა, რომ ისინი სიცოცხლეს სწირავდნენ ერთმანეთისთვის და სამშობლოსთვის რაღაც ძალიან დიდი სიყვარულით და ერთგულებით. და ვინც შეეცადა მათი თავგანწირვისთვის რამენაირად ჩრდილი მიეყენებინა, ყველა საქართველოს დაუძინებელი მტერი და მოღალატე აღმოჩნდა. და პირადად მე რომ სადმე დამენახა ან ვინმეს შეურაცხოფა ან ძარცვა-გლეჯა  ნამდვილად, თავს ვერ შევიკავებდი, და იქვე ადგილზე გავანადგურებდი.

ნათელი დაადგეთ ჩვენს ძმებს და იმ თავგანწირვას ბადალი ხომ  არა აქვს.


თუ ჩვენს მამულს გადარჩენა უწერია მხოლოდ მათი ალალად დაღვრილი სისხლი და შეწირული სიცოცხლე გვიდევს ზვარაკად უფალთან, რომელთანაც ყველა ჩვენთაგანი ღირსეულად უნდა მივიდეს!


ჩაწერილია 2025 თებერვალში ავტორის ლალი ცერაძის მიერ (აფხაზეთის ომის მკვლევარი)


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 24.04.2026
ბოლო რედაქტირება 25.04.2026
სულ რედაქტირებულია 18




ცერაძე - გვარის 5 ღვთისმსახური

1 0

გივი(ვასილ) ცერაძე 1931-1987წწ. მხატვარი. დაბ. ცხინვალი, სამაჩაბლო.

1 0