ჰოვანეს თუმანიანი დაიბადა 1869 წელს თუმანიანის რაიონის სოფელ დსეღში. დაამთავრა ჯალალოღლის (ახლანდელი სტეფანოვანი) ოთხკლასიანი სასწავლებელი; სწავლობდა თბილისის ნერსესის სემინარიაში (ვერ დაამთარა უსახსრობის გამო).
სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა 1886 წელს (დაიბეჭდა მოთხრობები "ძაღლი და კატა", "უიღბლო ვაჭრები"); ჰ. თუმანიანი მრავალმხრივი შემოქმედი იყო - წერდა ლექსებს, პოემებს და მოთხრობებს. მის ნაწარმოებებში ასახულია სომხეთის სინამდვილისთვის დამახასიათებელი სოციალურ-ფსიქოლოგიური კონფლიქტები, ხალხის ზნე-ჩვეულებანი, სომეხი ხალხის წარსული და აწყმო. მწერლის მოთხრობები "გიქორი" (გამოქვეყნდა 1907 წ.) და სხვ. სომხური პროზის საუკეთესო ნიმუშებია. ფართოდაა ცნობილი მის მიერ სომხური და აღმოსავლური ლეგენდების სიუჟეტზე შექმნილი მრავალი პოემა და ზღაპარი ("ერთი წვეთი თაფლი", გამოქვეყნდა 1909 წ.; "გულადი ნაზარა", გამოქვეყნდა 1912 წ. და სხვ); ჰ. თუმანანი ქართველი და სომეხი ხალხების ძმობა-მეგობრობის თავდადებულ და მგზნებარე დამცველად გამოდიოდა. ამ თემაზე შექმნა მრავალი ლექსი - "შერიგება" (1893 წ.), "საქართველოს სული" (1919 წ.), "საქართველოს პოეტებს" (1919 წ.) და სხვ. მისი ნაწარმოებები თარგმნილია მსოფლიოს ხალხთა მრავალ ენაზე. მისი არაერთი ნაწარმოები თარგმნა ქართულად ი. გრიშაშვილმა (ოვ. თუმანიანი, რჩეული ნაწარმოები, თბ., 1924). სომეხი მწერალი და საზოგადო მოღვაწე.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 5.- თბ., 1980.- გვ. 8