მიხეილ გიორგის ძე ქორიძეს, ხულიგანას 1992 წლის 14 აგვისტოს 21 წელი შეუსრულდა. 27 აგვისტოს ომში წავიდა და სამ დღეში, პირველსავე ბრძოლაში დაიღუპა.
ხულიგანად იცნობდნენ, იცნობდა მთელი თბილისი.
თბილისის 53-ე საშუალო სკოლაში სწავლობდა. სკოლის დროინდელი მეტსახელია ხულიგანა, ალბათ, მოუსვენარი და ცელქი რომ იყო, იმიტომ...
„ძალიან კარგი მეგობარი ჰყავდა - რატი კიკაჩეიშვილი, ომში წასვლის იდეა მას მოსვლია, არადა, ორივე ბიჭი საკმაოდ რომანტიკული ხასიათის იყო. მიშიკომაც გამომიცხადა, კაცი ხომ ვარ, სამშობლოს დაცვა ჩემი მოვალეობაც არისო,“ - იხსენებს მიშიკოს დედა“.
გაზეთი „24 საათი“
ბზიფის ხეობაში, სოფელ კოლხიდასთან მაშველ ძალას დაუგვიანია. ამბობდნენ, ღალატიც იყოო...
„როგორი მწარე იქნებოდა მიშიკოსთვის მის თვალწინ მოკლული რატი კიკაჩეიშვილის დანახვა და როგორი ადვილი იქნებოდა მისთვის რატის შემდეგ, რატის გამო სიკვდილი.“
დათო ტურაშვილი
ხულიგანა ომის ერთ-ერთი პირველი გმირია. ეროვნულ მოძრაობაშიც მონაწილეობდა. ომში რომ წავიდა, მაშინდელი „გეპეის“ მე-5 კურსის სტუდენტი იყო. სტუდენტობის პერიოდში რაგბიმ გაიტაცა. ამ თამაშის წესები - ვაჟკაცობა, ბოლომდე ბრძოლა, მეგობრის გატანა - კარგად მიესადაგებოდა მის ხასიათს.
„სულ პირველობა სურდა, სულ კაპიტნობდა, ერთი ნაბიჯით მაინც მუდამ ყველაზე წინ იყო. ერთგულების, ვაჟკაცობის, სამართლიანობის განსახიერებად მიაჩნდათ. ომშიც პირველი წავიდა, ცეცხლშიც პირველი შევარდა, ვაჟკაცურად იომა და ამქვეყნიდან ვალმოხდილი, პირნათელი წავიდა.
ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც მიშიკო ქორიძისნაირი ლამაზი ბიჭები იბადებიან. უბედურია ის ქვეყანა, სადაც მიშიკო ქორიძისნაირი ლამაზი ბიჭები იმარხებიან.“
თეიმურაზ ქორიძე
„რა უნდა მოესწრო, ან რას უნდა მოსწრებოდა - ოცდაერთის გახდა და ორ კვირაში დაიღუპა. და მაინც მოასწრო და მაინც შეძლო - სახელი დატოვა ლამაზი სულისა და ლამაზი სიკვდილისა, ლამაზი კაცისა და ლამაზი ბიჭისა.
ხულიგანა ჩემთვის იდეალური ქართველს მიახლოებული კაცი იყო - ყველა იმ ღირსებით შემკული, რაც ქართველს უნდა ჰქონდეს, რომ გვიოცნებია, ისეთ ქართველს.
მოკვდნენ ულამზესი ბიჭები, უმშვენიერესი სულის ბიჭები, მოკვდნენ ჩვეულებრივად, ყველაზე კარგები და მართლა საუკეთესოები - გურამ რჩეულიშვილები...
მათ ჩვენს თვალწინ საქართველოს ისტორია შექმნეს, ჩვენთვის და ჩვენს მაგივრად. ჩვენს გადასარჩენად, ჩვენი შვილებისთვის მოკვდნენ.“
დათო ტურაშვილი
1993 წელს საზოგადოება „ხულიგანა“ შეიქმნა, 1996 წელს კი დაარსდა ნორჩ მორაგბეთა კლუბი, სადაც სხვადასხვა ასაკის ბავშვებს წვრთნიან. ყოველწლიურად ნორჩ მორაგბეთა შორის „ხულიგანას“ სახელობის ტურნირი ტარდება. წყარო საქართველოს გმირები
ქორიძე - გამოჩინებული, ოფეთი, ჟონეთი, საჯავახო, ყუმისთავი, ცხუნკური