კახა ხიდეშელი (დრუნჩა)
დაიბადა 1972 წლის 30 მარტს ქ. თბილისში. დაამთავრა 130-ე საშუალო სკოლა. 1992 წელს, ომის დაწყების დროს რაჭაში იმყოფებოდა, როდესაც ტელევიზიიდან გაიგო მეგობრის დაღუპვის შესახებ. კახამ დაუფიქრებლად მიაკითხა ონის რაიონის გამგეობას, რომ მამისონის უღელტეხილზე წასულიყო საზღვრის დასაცავად. გამგებელმა ასაკის გამო უარი უთხრა. კახა ხიდეშელი 20 წლის იყო. ამის მიუხედავად ის მოხალისედ გაიპარა სახლიდან, წავიდა ახალციხეში, მერე კი - სოფელ აჩიგვარაში.
1993 წლის 10 იანვრიდან 30 აპრილამდე მას მიღებული აქვს აქტიური მონაწილეობა შემდეგ საბრძოლო ოპერაციებში: სოფ. აგუბედიის ოპერაცია, სოფ. რეკას ოპერაცია, 15 თებერვლიდან 28 თებერვლამდე ირიცხებოდა 24-ე ბრიგადის რეზერვში. 5 მარტიდან დაღუპვის დღემდე კი იბრძოდა ლაბრის საბრძოლო პოზიციაზე.
1993 წლის 28 აპრილს კახას საბედისწერო დღე დაუდგა. საბრძოლო მოქმედებების დროს დაჭრილი მეგობრის გადარჩენა დააპირა, მაგრამ მეგობრის გამოყვანის დროს სნაიპერმა ესროლა და ორივე სასიკვდილოდ დაიჭრა. 21 წლის კახა ხიდეშელმა სამშობლოსა და მეგობარს შესწირა ყველაზე ძვირფასი - საკუთარი სიცოცხლე. კახა ხიდეშელი არის ჩვენი ქვეყნის გმირი, გმირები კი არ კვდებიან !
წყარო: საქართველოს გმირები
ხიდეშელი - ძეგლევი
ხიდეშლები — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ონის მუნიციპალიტეტში, საკაოს თემში.
