გორკის უმაღლესი სამხედრო სასწავლებლიდან გამოგზავნილი გაყვითლებული ბარათები, დღემდე ინახავს დედის დაბადების დღისათვის მოკრეფილ იებს. იები გახმა, მაგრამ ისინი წერილებში მაინც დევს. ომში დაღუპული შვილის, ბრძოლის ველზე დაღვრილი სისხლის, ორად გაყოფილი ზეცის სიმბოლოდ.
აგვისტოს ომში გმირულად დაღუპული, პოლკოვნიკის, დავით ელიზბარაშვილის დედას, მაინც ჰგონია, რომ მის ცრემლებზეც ია ამოდის, ოღონდ ამჯერად სიცოცხლის სიმბოლოდ-დავითმა ხომ სამი შვილი დაუტოვა სამშობლოს.
„ბავშვობაში ამბობდა, ბევრ შვილს გავზრდიო, სამშობლო და დედა ეყვარებათო. სულ ომობანას თამაშობდა და მუდამ იმარჯვებდა. ყველაზე დიდი გამარჯვება თურმე წინ ელოდა. ცრემლები მახრჩობს, როცა მას და სამშობლოს სხვა ჯარისკაცებს, ომის დაწყებას აბრალებენ“-ამბობს დედა, ანა ახალკაცი.
საქართველოს სამხედრო ძალების მეოთხე ბრიგადის პოლკოვნიკი სახლიდან 29 ივლისს წავიდა. ამის შემდეგ, ის ოჯახის წევრებს აღარ უნახავთ. ახლობლებს ტელეფონით ამშვიდებდა, ეფერებოდა, ანუგეშებდა. 11აგვისტოს, დავით ელიზბარაშვილი, სხვის ნაცვლად სამხედრო დავალების შესასრულებლად წასული, ბრძოლის ველზე მოკლეს.
„ბიჭებისათვის უთქვამს, დაღლილები ხართ, დაისვენეთ, მე წავალ და მალე დავბრუნდებიო. მარტო შესულა დანაღმულ ველზე, მტერმა შეამჩნია და ყველაფერი წამებში დასრულდა. ჩემი შვილი რომ ბუჩქებში არ დაიმალებოდა, ყოველთვის ვიცოდი,“-ყვება დედა.
ახლა დავით ელიზბარაშვილს გმირის წოდება აქვს, სკოლა, რომელშიც სწავლობდა მისი სახელობისაა, ხვალაც მის საფლავზე თანამებრძოლები შეიკრიბებიან.
„სულ რაღაც 37 წლის იყო. იცხოვრა ცოტა და ძალიან ბევრი“-ამბობს ანა ახალკაცი.