Всего визиторов : 52182491
Опубликованных статей : 4458

Главная

კულტურული მემკვიდრეობა/სხვა ღირშესანიშნაობა
კულტურული მემკვიდრეობა
ბარცანა ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX საუკუნეები შილდა, ყვარელი. ყვარელი

1034      

ბარცანა ღვთისმშობლის ეკლესია VIII-IX საუკუნეები შილდა, ყვარელი. ყვარელი

ბარცანა, ღვთისმშობლის ეკლესია - VIII-IX საუკუნეები ჩახაზული ჯვრის ტიპის ორბოძიანი გუმბათიანი ეკლესია კახეთში, ყვარლის რაიონში, სოფ. შილდიდან 4-5 კილომეტრის მანძილზე.

ეკლესია ძლიერ დანგრეულია. მისი აგების შესახებ ცნობები არა გვაქეს, დათარიღებულია ხუროთმოძღვრული მონაცემების მიხედვით. იხსენიება XIV-XVI საუკუნეების საბუთებში (ზოგჯერ, როგორც ვარცანის მონასტერი). დაინგრა, როგორც ჩანს, XVI საუკუნის შემდეგ. შერჩენილი იყო მხატვრობის ფრაგმენტები (გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ პირველი ფენა მხატვრობისა X-XI საუკუნეებისა იყო, მეორე - XVI საუკუნისა).

ეკლესიის ზომები გარედან: დაახლოებით 12,3 x 13,8 მ., სავარაუდო სიმაღლე შიგნით – 14 მეტრამდე Apx. Kax., გვ. 349-354, ტაბ. 260-269.

1970-იან წლებში ეკლესია გამაგრებულ-შეკეთებულ იქნა. ვიკიპედია

შილდის საინტერესო ისტორიულ-ხუროთმოძღვრული ძეგლია ბარცანა. იგი მდებარეობს სოფლის ჩრდილოეთით, კავკასიონის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ჩელთსა და სეფორას შორის გაშლილ ულამაზეს ტერიტორიაზე. აშენებულია X-XI საუკუნეებში. ეკლესიის შემოგარენი ტყითაა დაფარული, ერთ დროს იქ სოფელი ვეძისხევი ყოფილა.
ეკლესია ნაშენია რიყის ქვით, კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი დეტალები შირიმის ქვისაა, გამოყენებულია აგურიც, გეგმით მართკუთხა ნაგებობის გუმბათი ორ თავისუფლად მდგარ ბოძსა და ბოძის აღმოსავლეთ შვერილებს ეყრდნობა. საკურთხევლის აფსიდი ოდნავ ნალისებრი მოხაზულობისაა, მის ორივე მხარეს უაფსიდო სამკვეთელო და სადინაკვნეა, დასავლეთიდან და სამხრეთიდან თაღებით გახსნილი კარიბჭეა.
ეკლესია საკმაოდ დიდი ზომისაა, ცენტრალურ-გუმბათოვანი არქიტექტურული ტიპის. უკანასკნელ ხანებში ჩატარებული რესტავრაციის შედეგად გარედან აღდგენილია, შიგნით კი დღესაც აშკარად ჩანს ფრესკების ნაკვალევი. ეკლესიის ჩრდილოეთით არის ქვევრებით სავსე მარანი, რომელიც გალავნითაა გარშემორტყმული.
ბარცანის მიდამოებში უამრავი ძეგლია, რომელთა უმრავლესობაც XVI საუკუნეშია აშენებული. ესენია: უსანეთი - ბაზილიკის ტიპის; ამაღლების წმინდა გიორგი - ბაზილიკა, აბულას მარანი, სამლოცველო - დარბაზული ტიპის, ვეძისხევის სვეტიცხოველი- სამნავიანი ბაზილიკა; შალიანთ ღთისმშობელი. XVII-XVIII საუკუნეებშია აგებული ორსაყდრები - მცირე ზომის ბაზილიკის ტიპის ორი ეკლესია. ერთ ეკლესიას ჯერ კიდევ ემჩნევა ფრესკების კვალი, შემორჩენილია კვერაანთ, გლახაანთ და ომანაანთ კოშკები.