სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 10421

მთავარი იუბილარი/ ხსენება

ომი/სამხედრო პირი
1918-1921 დამოუკიდებელი საქართველო
ირაკლი ცაგურია 1896წ პოლკოვნიკი. მარტვილი, სამეგრელო.
ბმულის კოპირება

1918-1921 დამოუკიდებელი საქართველო

გვარი ცაგურია სია

მარტვილი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

19       ბეჭდვა

ირაკლი ცაგურია 1896წ პოლკოვნიკი. მარტვილი, სამეგრელო.

სადახლოს უთანასწორო ბრძოლის ბოლოს, 1918 წლის 22 დეკემბერს არტილერიის ბატარეა სომხების ალყაში მოექცა: "ყველაზე მეტი გაჭირვება გამოევლო არტილერისტებს და მათ რაზმს.


ბრძოლა ზარბაზნებით 5 საათამდე გაგრძელებულიყო და როდესაც პოლკოვნიკ ირაკლი ცაგურიას, კოკი კიზირიას და კაპიტან ქარუმიძეს შეეტყოთ, რომ ყუმბარები ელეოდათ, წინდაწინვე გამოეგზავნათ სამი ზარბაზანი, ხოლო ბოლომდე იქ ერთი ზარბაზანი დაეტოვებინათ. მაშინ, როცა საჭირო იყო შრაპნელით მოქმედება მოსეულ მტერზე, უკმარისობისა გამო, გრანატებს ესროდნენ". ოფიცრებმა თავი მოუყარეს 80 ჯარისკაცს და "ხმლით ხელში ხუთჯერ მეტი ძალების წინააღმდეგ საიერიშოდ წინ გაიჭრნენ, კიზირიას ოთხი ტყვია მოხვდა გაუგლიჯა ლითონის ღილი, ბინოკლი და მკლავზე ტამისამოსი. ცაგურია ლომი იყო ამ დროს, გაშიშვლებული ხმლით ხელში შეიჭრა მტრის ბრბოში და როცა მათი მეთაური ოფიცერი და ერთი ჯარისკაცი გაჰკეპა, სხვები დაფრთხნენ და გაიქცნენ. ცაგურია ხიშტით დაჭრეს ხელში და ბარძაყში". არტილერისტებმა ბრძოლით გაიკვალეს გზა და სამშვიდობოს გამოვიდნენ. რამდენიმე დღის შემდეგ ცაგურიას სამთო ბატარეამ ზუსტი ცეცხლით ამოყარა სოფელ ბოლნისთან სანგრებში გამაგრებული სომხები და ხელი შეუწყო შეტევის წარმატებით დასრულებას შულავერის ფრონტის მარჯვენა ფრთაზე.


წყარო: "სახალხო საქმე" (1918 წ. N418) ფოტოზე: ირაკლი ცაგურია.

პ.ს. ზუსტად 100 წლის წინ, 30 დეკემბერს საქართველოს ჯარმა ბრძოლით

1918-1921 წლებში ქართულ შეიარაღებულ ძალებში მრავალი თავდადებული ოფიცერი მსახურობდა. მათ შორის იყო პოლკოვნიკი ირაკლი ცაგურიაც.

ირაკლი ბესარიონის ძე ცაგურიამ სავარაუდოდ 1915 წელს პრაპორშჩიკის წოდებით დაამთავრა პეტროგრადში მიხეილის საარტილერიო სასწავლებელი. სამხედრო სამსახური მან კავკასიის ფრონტზე განაგრძო, კავკასიის მე-2 სამთო-საარტილერიო ბატარეაში.

1916 წელს ირაკლი ცაგურია სპარსეთის ფრონტზე იმყოფება. ის გენერალ ბარათოვის საექსპედიციო კორპუსში იბრძოდა. აქ მან ორჯერ გამოიჩინა თავი.

14 ნოემბერს კავკასიის მე-2 სამთო-ცხენოსანი ბატარეის ოცეულის მეთაურობის დროს ნამაკურომთან (სპარსეთის ფრონტზე) ბრძოლისას გავიდა რა ღია პოზიციაზე, გაუხსნა ცეცხლი მოწინააღმდეგეს და ზუსტი სროლით ჩაჩუმა მტრის ბატარეა. ამ  თავდადებისთვის დაჯილდოვდა გიორგის იარაღით (Георгевское оружие).

19 დეკემბერს შტაბს-კაპიტანი ცაგურია, იმყოფებოდა რა პოლკოვნიკ ბიჩრახოვის[1] რაზმში  და მეთაურობდა კავკასიის მე-2 სამთო-ცხენოსანი ბატარეის ოცეულს, ექვსი კაზაკის თანხლებით თამამად შეიჭრა თურქული კავალერიის მიერ დაკავებულ ქალაქ დოვლეთ-აბადოსში. გაიჭრა ბაღდადის გზაზე და კარტეჩით მოიგერია მოწინააღმდეგის ესკადრონის შემოტევა. დარჩა რა ღია პოზიციაზე, ორი თურქული ბატარეის გამანადგურებელი ცეცხლის ქვეშ, ფეხში დაჭრილი ცაგურია არ ტოვებდა თავის ქვედანაყოფს და პირადად ხელმძღვანელობდა მას. რაზმის მთავარი ამოცანა სწორედ დოვლეთ-აბადის დაკავება იყო, რითაც კორპუსის მთავარ ძალებს ჰამადანის მიმართულებაზე მოქმედება უადვილდებოდათ. ამ ბრძოლის დროს გამოჩენილი მამაცობისათვის შტაბს-კაპიტანი ცაგურია წმ. გიორგის მე-4 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

ირაკლი ცაგურიას პირადი თვისებები კარგად გამოჩნდა 1917 წელს პეტერბურგში მომხდარი ამბისასა.

1917 წლის ზაფხულში შტაბს-კაპიტანი ცაგურია მივლინებით პეტროგრადში  გაიგზავნა. აქ მან მონაწილეობა მიიღო ბოლშევიკების ამბოხების ჩახშობაში. ირაკლი ცაგურიას მოქმედებას პეტროგრადში 1917 წლის 17 ივლისს, დაწვრილებით აღწერს ბორის ნიკიტინი თავის წიგნში „საბედისწერო წლები[2]“, რომელიც 1937 წელს პარიზი გამოიცა.


1917 წლის ივლისში რუსეთის იმპერიის დედაქალაქში არსებული მძიმე ვითარება კიდევ უფრო გაართულა ე.წ. „კერენსკის შეტევის“ ჩაშლამ, ხოლო პეტროგრადის გარნიზონისათვის ფრონტზე გაგზავნის ბრძანების მიცემამ ჯარისკაცების უკმაყოფილებაც გამოიწვია. ქალაქში დროებითი მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლები დაიწყო. 17 ივლისს დემონსტარციაზე 500 ათასამდე კაცი გამოვიდა. მათი ნაწილი შეიარაღებული იყო. ფაქტობრივად ყველაფერი მზად იყო სახელმწიფო გადატრიალებისთვის. დააპატიმრეს მიწათმოქმედების მინისტრი ჩერნოვი. იყო მინისტრ ირაკლი წერეთლის დაკავების მცდელობაც. დროებითი მთავრობის ნაწილი გადადგა, ნაწილი კი ბედს მინდობოდა. განსაკუთრებით ბევრი ხალხი იყო თავრიდის სასახლესთან, სადაც პეტროგრადის დეპუტატთა საბჭო იყო შეკრებილი. სასახლეში იმყოფებოდა ჩვენს მიერ ზემოთ ნახსენები ბორის ნიკიტინიც. პეტროგრადის სამხედრო ოლქის სარდალმა გენერალ-მაიორმა პეტრე პოლოვცოვმა ცხენოსანი არტილერიის პოლკის უფროსს პოლკოვნიკ რებინდერს თავრიდის სასახლესთან მყოფი ბრბოს წინააღმდეგ  კაზაკთა ასეულისა და ორი ზარბაზნის გაგზავნა უბრძანა.

აი როგორ აღწერს მოვლენათა შემდგომ განვითარებას ნიკიტინი, „სასახლის მოედნიდან რაზმი ჩორთით მოდიოდა, როდესაც მოულოდნელად ლიტეინისა და შპალერნაიას ქუჩების კუთხეში,  ლიტეინის ხიდეზე ფინეთის პოლკის ჯარისკაცების მიერ დადგმული ტყვიამფრქვევის ცეცხლის ქვეშ აღმოჩნდა. კაზაკები მიმოიფანტნენ. შევნიშნავ, მსგავს სიტუაციაში სხვანაირად მოქცევა შეუძლებელი იყო. ქუჩაში, ტყვიამფრქვევის პირდაპირი ცეცხლის ქვეშ პირდაპირი შეტევა მცირერიცხოვანი მხედრებისთვის უიმედო საქმეა. რჩება ერთადერთი რამე, დაიმალო მოფარებულ ადგილებში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქუჩებში, სახლების უკან.  იმავე წუთს ორივე ქვემეხი გაჩერდა და კაზაკებმა  მათი სასროლად გამზადება დაიწყეს. ერთ ქვემეხს   ალყა შემოარტყეს აჯანყებული 1-ლი სარეზერვო პოლკის ჯარისკაცებმა. მეორემ, ზურგში მოკლული მხედრით, ლიტეინიდან გაასწრო.  ამ ქვემეხიდან სამი გასროლა განხორციელდა. მას მოხალისე შტაბს-კაპიტანი ცაგურია მეთაურობდა. ცხენოსანი არტილერიის შტაბს-კაპიტანი ცაგურია კავკასიიდან მივლინებით იყო ჩამოსული, პეტროგრადში შემთხვევით მოხვდა. მან თავად გამოთქვა სურვილი რაზმს წაყოლოდა. რამდენადაც ვიცი ამჟამად ბელგიაში ცხოვრობს.

პირველი გასროლისთვის ცაგურიამ, რომელიც მარტო დარჩა ჯარისკაცების გარეშე, ქვემეხი თავად გატენა ხელში მოხვედრილი პირველივე ჭურვით. ესროლა ორასი ნაბიჯის მანძილზე მყოფ ჯარისკაცების ჯგუფს, რომლებიც პირველი ქვემეხის ირგვლივ იყვნენ შეკრებილი. ჭურვი ზუსტად მოხვდა მიზანს და მოწინააღმდეგეს, რომელიც გაიფანტა, სერიოზული ზარალი მიაყენა. ამ დროს ცაგურიასთან მისიანებმა მიირბინეს: გვარდიული სარეზერვო ბატალიონის ქვეიასაულმა ფილიმონოვმა და ვახმისტრმა[3]. მეორე გასროლით ცაგურიამ ჭურვი ჰოჩკისის[4] ქვემეხების მიმართულებით განახორციელა, რომლებიც მას მდ. ნევას ჩრდილოეთ ნაპირიდან ესროდნენ. ბოლო მესამე ჭურვი კშესინსკების[5] სახლის წინ აფეთქდა. იქ უკვე გამოცხადებული იყო ახალი მთავრობა ლენინისა და როშალის მონაწილეობით. ფანჯრებთან მომხდარმა აფეთქებამ ბოლშევიკებს დაანახა, რომ ჩვენ არა მარტო ვარსებობთ არამედ აქტიურადაც ვმოქმედებთ. ამ ეპიზოდის დროს რაზმმა დაკარგა 6 მოკლული და 25 დაჭრილი. ცაგურიამ დაიბრუნა მეორე ქვემეხიც და ნელ-ნელა ხალხიც შემოიკრიბა. ამით რაზმის საბრძოლო მოქმედება დამთავრდა ... რა თქმა უნდა შეუძლებელია ყველა იმ ადგილის ჩამოთვლა სადაც ცალკეული შეტაკებები იყო ... ცხრა საათზე მოვიდა გულადი ცაგურია, მაგრამ მხოლოდ ის მთელი რაზმიდან. ის ნამდვილად „მოვიდა რადაც არ უნდა დაჯდომოდა“ („дошел во что бы то ни стало“). ტყვიებისგან ხმლის ვადა მომძვრალი ქონდა, ქუდი და ტანსაცმელი რამდენიმე ადგილზე გახვრეტილი. განწყობა შესანიშნავი, ტყვიამფრქვევის ცეცხლის ქვეშ მოხვედრის შემდეგ კი ამაღლებულიც. ის საბჭოების პირველივე შემხვედრ დეპუტატებს დაეძგერა და მათი გაშველება მომიწია. მთელი რაზმიდან ცაგურიას თან ახლდნენ დანილა და პეტრე პესტრეცოვები. ორი ძმა, დონის კაზაკთა 1-ლი პოლკიდან ... გადამწყვეტ მომენტში ბრბო შეყოვნდა. შეიძლება დავუშვათ, რომ რაღაც ეტაპამდე მათ ბუტაფორული შაშხანები აჩერებდა, რომლებსაც სასახლის კარებებიდან დავანახებდით ხოლმე. სავარაუდოა, გარკვეული გავლენა იქონია, მაგრამ არა სასახლესთან, არამედ კშესინსკების სახლში შეკრებილ ხელმძღვანელებზე, ლიტეინის ხიდთან განხორციელებულმა მანევრმა, უფრო ზუსტად ცაგურიას გასროლებმა“.

1918 წლიდან ირაკლი ცაგურია ქართული სახელმწიფოს სამსახურშია. როგორც მისი ერთი წერილიდან ირკვევა, მონაწილეობას იღებდა ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში და ბათუმთან მომხდარი შეტაკებისას დაიჭრა კიდეც.

1918 წლის დეკემბერში ირაკლი ცაგურია აქტიურად მონაწილეობს სომხეთთან ომში, როგორც სამთო-ცხენოსანი საარტილერიო ბატარეის უფროსი.  აქ მან კიდევ ერთხელ გამოავლინა შენაერთის კარგი ხელმძღვანელობის უნარი და საოცარი პირადი ვაჟკაცობა.

ცაგურიას ბატარეა გენერალ-მაიორ გიორგი წულუკიძის ხელმძღვანელობით მოქმედ ქვედანაყოფში შედიოდა. ეს შენაერთი, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან, მძიმე თავდაცვით ბრძოლებს აწარმოებდა გაცილებით მრავალრიცხოვან მოწინააღმდეგესთან.  მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია სადგურ სადახლოსთან მიმდინარე ბრძოლა. შექმნილი ურთულესი ვითარების გამო გენერალმა წულუკიძემ 21 დეკემბერს 23 საათსა და 30 წუთზე უკან დახევის ბრძანება გასცა.

აი როგორ აღწერდა გაზეთი „სახალხო საქმე“ ქართველი არტილერისტების უკანდახევას 22 დეკემბერს, „ყველაზე მეტად გაჭირვება გამოევლო არტილერისტებს და მათ რაზმს. ბრძოლა ზარბაზნებით 5 საათამდე გაგრძელებულიყო და როდესაც პოლკ. ცაგურიას და ქარუმიძეს შეეტყოთ, რომ ყუმბარები ელეოდათ, წინდაწინვე გამოეგზავნათ სამი ზარბაზანი, ხოლო ბოლომდე იქ ერთი ზარბაზანი დაეტოვებინათ. მაშინ, როცა საჭირო იყო შრაპნელით მოქმედება მოსულ მტერზე, უკმარისობის გამო, გრანატებს ესროდნენ. როდესაც ქარუმიძეს უნახავს საშიში მდგომარეობა ცაგურიასი, ისიც შეშველებია, ერთად შეკუმშულან 80 მეომარი პ. ცაგურიას მეთაურობით და მგლის ხროვასავით გარს შემორტყმული მტრისთვის თავზარდამცემი შეჭყივლებით ჰკვეთებიან. პოლკ. ცაგურიას მიუგდია ცხენი მოიერიშე სომხებზე, გაუკაფავს ხმლით რამდენიმე კაცი და ასე ბრძოლით უვნებლად გამოსულან სამშვიდობოზე. დაჭრილა ცაგურია ბარძაყსა და ხელში ხიშტით.“

მიუხედავად ჭრილობებისა ირაკლი ცაგურიას საბრძოლო მოქმედებების არეალი არ შეუწყვეტია. 30 დეკემბერს ის თავის ბატარეასთან ერთად ბოლნის-ხაჩინის მიმართულებაზე მებრძოლ ქართულ შენაერთებს უერთდება.

სამწუხაროდ ჯერ-ჯერობით ვერ შევძელით დაგვედგინა პოლკოვნიკ ცაგურიას სამხედრო სამსახურის კონკრეტული დეტალები 1919-1920 წლებში.

1921 წელს კი ის საბჭოთა რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. თბილისთან მიმდინარე ბრძოლის დროს, 24 თებერვალს მე-11 არმიის სარდლობამ ქართული შენაერთების მარცხენა ფრთის შემოვლა განიზრახა. ამ მიზნით  საბჭოთა მე-18 საკავალერიო  დივიზიამ სოფლების: ლილოსა და ნორიოს გავლით ავჭალაზე იერიში სცადა. პოლკოვნიკმა ირაკლი ცაგურიამ საკუთარი ინიციატივით კონტრშეტევა განახორციელა და წითლების ეს მანევრი ჩაშალა.

ქართული კავალერიის ეს კონტრშეტევა ირაკლი ცაგურიამ თავად აღწერა აკაკი კვიტაიშვილისადმი გაგზავნილ პირად წერილში. წერილი მოგვაწოდა და მის წაკითხვაში დაგვეხმარა საფრანგეთში მოღვაწე ისტორიკოსი გიორგი მამულია, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით.

ცაგურია ასე აღწერს მომხდარ შტაკებას: „24 თებერვალს ცხენოსანი ბრიგადა (სახალხო გვარდიის პოლკი და არმიის) სოფელ დიდ-ლილოსთან იდგა. გიორგი ხიმშიაშვილის წასვლის შემდეგ, მე როგორც უფროსი პოლკოვნიკი ავტომატურად პოლკის მეთაური გავხდი. სადილის შემდეგ, ჩვენი მზვერავებისგან შევიტყვეთ, რომ წითლების ცხენოსანი კოლონები წისქვილიდან შორიახლოს, დიდი ლილოს შემოვლით ავჭალისკენ მიდიოდნენ. ინფორმაცია სასწრაფოდ ეცნობა ბრიგადის შტაბს, ხოლო პოლკს ებრძანა სასწრაფოდ დაძრულიყო, რათა ბოლშევიკებისათვის ავჭალის დაკავებაში ხელი შეეშალა. გადავწყვიტე, საბჭოთა კავალერიის თამამ მანევრზე ჩვენი საკავალერიო იერიშით მეპასუხა ... დიდი ლილოს შორიახლოს სახალხო გვარდიის პოლკი თავის ბელადს ვალიკო ჯუღელს შეხვდა, რომელსაც თან პოლკოვნიკი კარგარეთელი ახლდა - სახალხო გვარდიის ბატარეამ დიდი ლილოს მახლობლად მიგვატოვა და ერთი ყუმბარითაც კი არ დაგვეხმარა ... ცხენოსანი ბატარეის არყოფნა მძაფრად იგრძნობოდა. მაღლობიდან, სადაც ჩვენი ბელადი ვალიკო ჯუღელი იდგა, შესანიშნავად ჩანდა ბოლშევიკების კავალერიის მოძრაობა. მისი ავანგარდი უკვე სოფელ ნორიოში შედიოდა - როგორც შემდეგ გაირკვა, მეწინავე რაზმები უკვე ავჭალაში იყვნენ. ბევრი არ მიფიქრია. ნებართვა  ვალიკო ჯუღელს ვთხოვე, ამოვარჩიე ორი საუკეთესო ესკადრონი, 1-ლი და მე-4 და ისე, რომ ერისთავისთვის ნებართვაც არ მითხოვია, ჩორთით დავეშვი წისქვილისკენ, რათა ჟლობას არიერგარდისთვის შემეტია. ჩემი მანევრი ნათლად ჩანდა და ის  წითელმა სარდლობამ შეამჩნია. სოფელ ნორიოსთან დავეწიე ბოლშევიკებს, მაგრამ სამწუხაროდ იერიშის დასაწყისშივე დავიჭერი თოფის ტყვიით. ჟლობა დაიბნა ... მიატოვა ავჭალა, მთელი ცხენოსანი მასა სოფელ ნორიოსთან შეკრიბა და ჩამოაქვეითა. ჩვენ სარდლობას უნარი რომ გამოეჩინა ტფილისიდან ავჭალაზე გამოიყვანდა ძლიერ ქვეით  ნაწილებს. ერისთავის ნაცვლად, რომ ენერგიული უფროსი ყოფილიყო, ჟლობა კატასტროფას ვერ გადაურჩებოდა ... ჟლობას კავალერიის შემოვლითმა მანევრმა გენერალი კვინიტაძე აიძულა ტფილისი დაეტოვებინა - ეს შემოვლითი მანვრი უვნებელყოფილი იყო ჩვენი მამაცური შეტევით. გენერალ კვინიტაძის ადგილზე [სხვას], მეკვშირე ოფიცრად რომ არ ყოლოდა  დამფრთხალი გედევანიშვილი და ერისთავის ადგილზე ენერგიული უფროსი [ყოფილიყო], მე ვამტკიცებ, ნორიოსთან ჟლობა განადგურდებოდა ...  აი მოკლედ თუ რა მოხდა იმ დღეს - მე დავიჭერი იერიშის დაწყებისას და ამან ხალხზე იმოქმედა. დაიჭრა მხოლოდ სამი კაცი. ჟლობა დაბნეული იდგა მთელი ღამე და ადგილიდან დაძვრას ვერ ბედავდა - ტფილისის არც ერთი მატარებელისათვის, რომელიც ავჭალისკენ  და უფრო იქით მიემართებოდა არ იყო გახსნილი ცეცხლი, ისე გამაოგნებლად იმოქმედა ჟლობაზე ჩვენმა მანევრმა. რა მოხდებოდა ჩვენ რომ იქ უფრო ენერგიული ვყოფილიყავით და ვითარების გამოყენება შეგვძლებოდა, ამის შესახებ პირუთვნელი ისტორიკოსი იტყვის“.

საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ ირაკლი ცაგურია ემიგრაციაში არ წავიდა. ბუნებრივია, რომ ისეთი მამულიშვილი და პროფესიონალი სამხედრო როგორიც პოლკოვნიკი ირაკლი ცაგურია იყო ეროვნულ-განმათვისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეობდა.

საბჭოთა ხელისუფლება ცდილობდა ირაკლი ცაგურია დაეპატიმრებინა. ჩეკამ ამ მიზნით პოლკოვნიკ გიორგი ხიმშიაშვილის ძმის, ალექსანდრეს გამოყენებაც კი სცადა. თუმცა საბჭოთა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა პოლკოვნიკ ცაგურიას ხელში ჩაგდება.

            ირაკლი ცაგურია 1924 წლის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. თავდაპირველი გეგმის თანახმად მას ვაზიანი უნდა აეღო და აქედან შეეტია თბილისისთვის.

            ირაკლი ცაგურიამ 1926 წელს ბელგიურ ჟურნალში, „La Revue Belge“ გამოაქვეყნა სტატია, სადაც საუბრობს 1924 წლის აჯანყებაზე და დაწვრილებით ყვება თავის მონაწილეობაზე. „აჯანყების გეგმა იყო შემდეგი: ტფილისის ხელში ჩაგდება ... აჯანყებულები უნდა მისდგომოდნენ ტფილისს სამი მხრიდან: კოჯორიდან მოდიოდა პოლკოვნიკი ჩოლოყაშვილი თავისი რაზმით. საწინააღმდეგო მხრიდან უნდა გამოვსულიყავი მე და პოლკ. ჩოლოყაშვილთან შეერთების შემდეგ, ორივენი ტფილისზე მივდიოდით. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, დუშეთისას, იქ მეთაურობს გლეხი ლასხარაშვილი. ყველაზე ძნელი ამოცანა მე მერგო. უნდა ამეღო, ტფილისიდან 25 ვერსის მანძილზე დაცილებული ვაზიანის პოლიგონი, სადაც იდგა წითელი ჯარი 98 ზარბაზნით ... ჩემს განკარგულებაში მყავდა 300 გლეხი, ყოჩაღნი და ამაყნი ... ჩემი შტაბი იმყოფებოდა პატარძეულში. ვაზიანის კომისარი მოვიდა ჩემთან და მთხოვა გამოვსულიყავი დანიშნულ დროის თორმეტი საათით უფრო ადრე, რადგან სამხედრო წესი გამოცხადდა და ჩვენს მოულოდნელ თავდასხმას შეეძლო გამოეწვია არევ-დარევა მოწინააღმდეგეში. დავთანხმდი ამ წინადადებაზე და საღამოს შვიდ საათზე თორმეტ სოფელში ძალაუფლება გადმოვიდა ჩვენს ხელში - კომუნისტების უფროსობა იქნა დატუსაღებული - ადგილი არ ჰქონია არც ერთ უსამართლობას მათ მიმართ. ჩვენი პროგრამის პირველი ნაწილი ჩინებულად შევასრულეთ. დაგვრჩა მეორე - უფრო ძნელი და უფრო თავაღებული ნაბიჯის გადადგმა - უნდა წავსულიყავით ტფილისზე. საჭირო იყო მთელი არტილერიის ხელში ჩაგდება. ჩვენ ვუახლოვდებოდით მტრის ბანაკს, როდესაც ჩვენი სვლა შენიშნა მტერმა პროჟექტორების საშუალებით. ბატარეიდან ათი კილომეტრის მანძილზე ავუტეხეთ სროლა უკანა მცველებს. გაჩაღდა ბრძოლა. ამ მომენტში მაცნობეს მტრის კავალერიის სამი პოლკის ჩვენსკენ გამომგზავრება, წითლების გასაძლიერებლად.        მდგომარეობა გართულდა. ტყვია-წამალი გვითავდებოდა. იძულებული ვიყავი ჩემიანებისთვის უკან დახევა მებრძანებინა და ღამის სიბნელის გამოყენებით ტყეში შევიხიზნეთ, მაგრამ გვიანღა იყო ... მთელი ეს საერთო აჯანყება ჩაქრობილ იქნა საშინელ სისასტიკით“

            აჯანყების მარცხის შემდეგ ირაკლი ცაგურია ემიგრაციაში წავიდა. ცხოვრობდა ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში. აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ ჟურნალ-გაზეთებთან. აქვეყნებდა წერილებს საკუთარი სახელით და ფსევდონიმებითაც. გარდაიცვალა 1969 წლის 11 ნოემბერში[6].


მიხეილ ბახტაძე

[1]  პოლკოვნიკი ლაზარ ბიჩერახოვი

[2] Б. В. Никитин. „Роковые годы“. http://www.dk1868.ru/history/nikitin4.htm

[3] ვახმისტრი, სამხედრო წოდება

[4] ჰოჩკისი (Hotchkiss et Cie) ფირმა, რომელიც სხვადასხვა სახის იარაღს ამზადებდა. მათ შორის რამდენიმე კალიბრის ქვემეხებსაც. აქ ალბათ იგულისხმება 47 მმ-იანი ქვემეხი.

[5]  იგულისხმება ცნობილი ბალერინას მატილდა კშესინსკაიას სახლი. თებერვლის რევოლუციის შემდეგ ბალერიანამ ეს სახლი დატოვა და ის თვითნებურად დაიკავეს ჯარისკაცებმა, ხოლო შმდეგ ბოლშევიკებმა.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.10.2020
ბოლო რედაქტირება 16.07.2023
სულ რედაქტირებულია 1

ნათია ბოტკოველი
ნათია ბოტკოველი ბოლო რედაქტირება 29.05.2023
სულ რედაქტირებულია 1



გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ნიმუში

2 0

გსურთ ახსოვდეთ შთამომავლობას? ზოგადი ნიმუში ზაქარია (შაქრო) საბას ძე ფეიქრიშვილი 1897-1965წწ დაბ. სოფ. კონდოლი, თელავი

2 0


447 567 დოკუმენტი 1941-1945 სამამულო ომი

1 0


მიხეილ ნიკიფორეს ძე გორბაჩევი 1917-1955წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945), დაბ. თბილისი, ქართლი.

1 0


კონსტანტინე მიხეილის ძე გორბაჩევი 1921-2003წწ სამამულო ომის გმირი (1941-1945) სოხუმი, აფხაზეთი.

1 0


ნიკოლოზ ივანეს ძე გოგიჩაიშვილი 1903-1945წწ 41 წლის, სამამულო ომის გმირი (1941-1945) დაბ. სოფელი ნიგვზიანი, ლანჩხუთი, გურია.

1 0