ვანო გამხიტაშვილი დაბადების ადგილი: სოფელი სამთავისი, კასპის რაიონი. დ. 13 ივლისი, 1973 გ. 12 დეკემბერი, 1999

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი 1995 წელს.
1998 წელს მსოფლიო ნაკრების წევრი სამბოში. საქართველოს სამბოს ფედერაციამ XX საუკუნის საუკეთესო ქართველ სამბისტად აღიარა. ართველი სამბისტი.
წყარო: ვინ ვინაა საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 1998-1999. - გვ. 74; ქართული სპორტის სტატისტიკა: sportstat.gov.ge; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო: msy.gov.ge


საფლავი სამთავისის ეკლესიის ეზო
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1999 - ევროპის ჩემპიონი
1999 - მსოფლიო თასის მფლობელი
1994 - საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში
1992 - ევროპის ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის
1989 - მსოფლიოს ჩემპიონი ჭაბუკთა შორის
მსოფლიოს ჩემპიონატების ხუთგზის მეორე პრიზიორი (1991, 1995-1998)
ევროპის ოთხგზის მეორე პრიზიორი (1993-1996)
ევროპის ორგზის მესამე პრიზიორი (1997, 1998)
მსოფლიოს ჩემპიონატების ორგზის მესამე პრიზიორი (1993, 1994)

ლელოს სტატია
,ეს შენ გეკუთვნოდა, ვანო!“.. რუსი მსოფლიოს ჩემპიონი ჩამოვიდა სამთავისში, მივიდა ქართველი ფალავნის ცხედართან და ოქროს მედალი გულზე დაადო...
სამთავისის დიდებული ტაძარი, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტში, მდინარე ლეხურის სიახლოვეს მდებარეობს – ბევრს გვინახავს. XI საუკუნის ეს თვალსაჩინო ისტორიული ძეგლი, მრავალმხრივაა გამორჩეული, თუმცა აქ საუბარს ტაძრის კულტურულ-არქიტექტურულ ღირებულებებზე არ დავიწყებთ. გვინდა, ტაძრის ეზოში დაკრძალულ სამთავისელ ფალავან ვანო გამხიტაშვილზე მოგიყვეთ.
გამხიტაშვილი ტიტულოვანი სპორტსმენი გახლდათ. სამბოში ევროპის ჩემპიონი და არაერთგზის პრიზიორი, მსოფლიოს ოთხგზის ვიცე–ჩემპიონი და პრიზიორი იყო. მოპოვებული წარმატებების მიუხედავად, ქართული ჭიდაობის დიდ ტრფიალს, ძალიან უნდოდა კარიერაში ქართული ჭიდაობის აბსოლუტური ფალავნის წოდებაც მოეპოვებინა. ეს მიზანი იოლი შესასრულებელი არ ყოფილა, მაგრამ გამხიტაშვილმა საწადელს მაინც მიაღწია. 1994 წელს, საქართველოს აბსოლუტურ ფალავნობაზე, ჩვენს ეროვნულ საჭიდაო სახეობაში უმაღლესი ტიტული დაიმსახურა.
დიდად გაიხარეს სამთავისელებმა და საერთოდ კასპელებმა გამხიტაშვილის წარმატების გამო, რადგან აქ, ამ რეგიონში განსაკუთრებით უყვართ ქართული ჭიდაობა.

1999 წლის 12 დეკემბერს, 26 წლის ვანო გამხიტაშვილის სიცოცხლე ნაადრევად დასრულდა. ფალავანი მშობლიური სოფლიდან ათიოდ კილომეტრში ავტოკატასტროფაში დაიღუპა. ვანოს გარდაცვალების შესახებ ხმა მალე გავრცელდა, მეტადრე სპორტულ საზოგადოებაში. ყველას დაენანა შეუპოვარი მოჭიდავისა და კეთილშობილი ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება.
ვანოს გარდაცვალების შესახებ შეიტყო მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონმა სამბოში რუსმა სერგეი ლაპავოკმა და მაშინვე საქართველოსკენ გამოეშურა. ის გამხიტაშვილის კონკურენტი და ამავე დროს, მეგობარიც გახლდათ. დიახ, სწორედ დიდმა კონკურენციამ, რომელიც ამ ორ სამბისტს შორის გაჩაღებულიყო, მათ შორის მეგობრობაც წარმოშვა. ლაპავოკმა გამხიტაშვილს ორჯერ მოუგო მსოფლიოს ჩემპიონიატის ფინალი, მეორედ ეს ვანოს დაღუპვამდე ერთი წლით ადრე მოხდა – 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე. ამბობენ, იმ ფინალში გამხიტაშვილი უფრო ახლოს იყო გამარჯვებასთან.
ვანო გამხიტაშვილის დაკრძალვის დღეს სერგეი ლაპავოკი ჩამოვიდა სამთავისში. მივიდა ქართველი ფალავნის ცხედართან, მსოფლიოს ჩემპიონის ოქროს მედალი გულზე დაადო და თქვა: ,,ეს შენ გეკუთვნოდა ვანო“. რომელი ქვეყნის წარმომადგენლებიც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, არენაზე პრინციპული მეტოქეების ასეთი მეგობრობა, მართლაც გამოსარჩევი გახლავთ.
სამთავისელებმა სახელოვანი თანასოფლელი ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მართალია, ალავერდივით მაინცდამაინც ჭიდაობის სცენის ამსახველი ფრესკა არაა მათ ტაძარში, მაგრამ სამთავისში, ისტორიული ტაძრის მიმდებარედ, სხვადასხვა რელიგიურ დღესასწაულებზე, ქართული ჭიდაობის შეჯიბრებები ხშირად იმართებოდა.
2013 წლის 13 ივლისს, ვანო გამხიტაშვილის დაბადებს დღეს, სამთავისში ქართული ჭიდაობის ახალი, ღია საჭიდაო არენა გაიხსნა, რომელსაც, რასაკვირველია, ამ სოფლის გამორჩეული ფალავანის სახელი მიანიჭეს. ამავე დღეს სოფელში გამხიტაშვილის ბიუსტიც გახსნეს. სერგეი ლაპავოკი ამჯერადაც ჩამოვიდა საქართველოში და მეგობრის სახელობის საჭიდაო არენის და ბიუსტის გახსნაშიც მიიღო მონაწილეობა, რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მოინახულა მეგობრის საფლავიც.
მას შემდეგ ქართულ ჭიდაობაში ვანო გამხიტაშვილის სახელობის ტურნირი, ყოველი წლის 13 ივლისს, მის დაბადების დღეზე, ტრადიციულად ტარდება სამთავისის ღია საჭიდაო არენაზე.
ეს აღიარებაც ეკუთვნოდა ვანოს...