ჯამბულატ (ჯამბულატ) ტატაშის ძე წერედიანი დაიბადა 1960 წლის 7 ივნისს, გულრიფშის რაიონის სოფელ ქვაბჩარაში (აჟარის სასოფლო საბჭო). დაამთავრა ჩხალთის საშუალო სკოლა.
აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების დროს, ჯამბული ირიცხებოდა საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს მე-2 საარმიო კორპუსის 23-ე მექანიზირებული ბრიგადის სამთო-მსროლელ ბატალიონ „მონადირეს“ რიგებში. პირველი დღიდანვე თავგანწირვით იბრძოდა სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად. როცა ქართული შენაერთები და მოსახლეობა აფხაზეთის ტერიტორიას კოდორის ხეობის გავლით ტოვებდნენ, ჯამბული ყველას ეხმარებოდა. თვითონ ხეობა არ დაუტოვებია, მხოლოდ მშობლები გააგზავნა უღელტეხილის გავლით მესტიაში. ჯამბული ფაქტობრივად, ხეობის დამცველებთან ერთად სანგრებში ცხოვრობდა და დროდადრო აკითხავდა მის სახლში დროებით მყოფ დევნილებს, რომლებიც ყოველდღე იცვლებოდნენ. როცა დევნილთა ნაკადი შეწყდა, ფრონტის ხაზმა უკვე მის სახლთან გადაინაცვლა და იქაურობაც ხეობის დამცველთა ბაზად იქცა, რაც სახლის აფეთქების მიზეზი გახდა.
ჯამბულ წერედიანი 1994 წლის 3 აპრილს, სადაზვერვო ოპერაციის განხორციელების დროს ნაღმზე აფეთქდა და დაიღუპა. დაკრძალულია მესტიის რაიონის სოფელ ლატალში, მაცხოვრის ეკლესიის ეზოში.
ტექსტის აკრიფა თამარ გოგნაძემ სოფ. ღვანკითი თერჯოლა