გაგრის ბატალიონი სრული სია წიგნი საქართველოსათვის
რაჟდენ ოჩიგავა 1956 წლის 13 აგვისტოს ქალაქ გაგრაში დაიბადა.
კოლხიდის საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაირიცხა ქალაქ თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში, მოგვიანებით სწავლობდა ქალაქ მოსკოვში საფინანსო ფაკულტეტზე. იყო მე-3 კურსის სტუდენტი. მუშაობდა ქალაქ გაგრის სასტუმრო"ჟოეკვარაში" მთავარ ეკონომისტად. სამხედრო-სავალდებულო სამსახური მოიხადა ქალაქ ვლადივოსტოკში.
როცა საქართველოს დამოუკიდებლობას და ერთიანობას საფრთხე შეექმნა, 1992 წლის 18 აგვისტოს, რაჟდენ ოჩიგავა ჩაირიცხა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაგრის ბატალიონში. პირველი დღიდან 5 ოქტომბრამდე კაპიტანი რაჟდენ ოჩიგავა იბრძოდა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. პირნათლად ასრულებდა მასზე დაკისრებულ დავალებებს. თანამებრძოლებს შორის სიყვარულითა და ავტორიტეტით სარგებლობდა. ერთგულმა, მამაცმა, საზრიანმა, უშიშარმა არაერთი მაგალითი აჩვენა იმისა, თუ როგორ უნდა იბრძოდეს ქართველი ვაჟკაცი მამულისათვის.
რაჟდენ ოჩიგავა 1993 წლის 5 ოქტომბერს "ხოლოდნაია რეჩკასთან" ბრძოლაში გმირულად დაიღუპა.
საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში გამოჩენილი გმირობის, ვაჟკაცობისა და თავგანწირვისათვის რაჟდენ ოჩიგავა, სიკვდილის შემდეგ დაჯილდოვდა ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენით.
ტექსტი აკრიფა გუგა ლომაძე დაბადებული 2001 წელი სოფელი ოზურგეთი ოზურგეთი