სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11164

მთავარი იუბილარი/ ხსენება

აფხაზეთი სამაჩბლო 1990წ-დან მებრძოლები ვეტერანები შსს
ვეტერანი
თამაზ გოჩაშვილი 1957-2022წწ ვეტერანი მოგონებები თამაზ გოჩაშვილი 1957-2022წწ ვეტერანი მოგონებები
ბმულის კოპირება

ვეტერანი

გვარი გოჩაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

324       ბეჭდვა

თამაზ გოჩაშვილი 1957-2022წწ ვეტერანი მოგონებები

ლალი ცერაძე – ჩემს მიერ გამოსაცემად მზადდება წიგნი “ქართველი ჯარისკაცის ჩანაწერები”. გთავაზობთ თავდაცვის სამინისტოს “სადესანტო-საშტურმო ბატალიონის” (ს/ნ – 43323) მეთაურის მოადგილე მაიორ თამაზ გოჩაშვილის მოგონებას თავისი და თანამებრძოლების საბრძოლო გზის შესახებ.

თამაზ გოჩაშვილი დაიბადა 1957 წლის 8 მაისს თბილისში გარდაიცვალა 04 ოქტომბერი 2022 წელი

იბრძოდა შრომასთნ სოხუმში ძიძარიის ქუჩის ბოლო დამცველი კაცი. დაჭრილი გამოვიდა ხოხვით.


“დე-შე-ბე”-ს მეომრები გამორჩეული იყვნენ თავიანთი სამხედრო წვრთნით, მობილიზებით, უღალატობით, თავდადებითა და პატრიოტიზმით. ყველანაირ გაჭირვებას იტანდნენ, შიმშილსაც და სიცივეს, მაგრამ მათ ერთი გრძნობა – სამშობლოს სიყვარული ყველაფერის გაძლების ძალას აძლევდათ. 


და როდესაც ვუყურე “დე-შე-ბე”-ს ვიდეორგოლს, ცხარე ცრემლით ვიტირე და მივხვდი, ჩვენ ისტორიკოსები ვალში ვართ ამ მეომრებთან, რომ მათ შესახებ ნაკლები იცის ქართულმა საზოგადოებამ, ჩვენმა ახალგაზრდობამ. 


დიდება მათ გმირობას, მათ მოთმინებას და კაცობას.

1993 წლის 2 ივლისს სწორედ სადესანტო-საშტურმო ბატალიონმა  პირველმა მიაყენა გამანადგურებელი დარტყმა ტამიშში გადმოსხმულ დესანტს და რუსების კბილებამდე შეიარაღებულ სპეცნაზს მედგრად დაუხვდა.


დეშებელები მთელი წლის განმავლობაში სოხუმის შემოგარენში პოზიციებზე გადიოდნენ ტყვიების წვიმაში და 1993 წლის 27 სექტემბერს რკინიგზის სადგურის მიმდებარე ქვაფენილი ძიძარიას ქუჩაზე ხომ მათი სისხლით  ალისფრად უხვად გადაიღება და ამ ვაჟკაცებმა სულ ბოლოს დატოვეს მიტოვებული ქალაქი.

დე-შე-ბე” (პირველი ნაწილი)


თამაზ გოჩაშვილი – “1993 წლის 2 ივლისს ტამიშში გადმოსხმულ დესანტს პირველმა “დე-შე-ბემ”  აუგო წესი


აფხაზეთის ომში გაგრის დაცემის შემდეგ ჩავერთე. მივხვდი, რომ საქართველოს ამ რეგიონის შენარჩუნება გაუჭირდებოდა. 1992 წლის ოქტომბერში ჩავედი სოხუმში და აქ გავიცანი დათო თვალჭრელიძე. შემდეგ შემოგვიერთდნენ ბერძენი სლავიკა ქსენოდუხოვი  და სომეხი ლოივა ასატრიანი. პირველად “თეთრი არწივის” სადაზვერვო ათეულში ჩავეწერეთ. მოკლე გასვლებით გავიდიოდით პოზიციებზე. თავიდან ჯერ კიდევ მოხალისეები ვიყავით. დანაყოფებიც არ იყო ჩამოყალიბებული. ვინც იმ წუთში შეიკრიბებოდა, პოზიციაზე ის ჯგუფი გადიოდა.


1993 წლის იანვარ-თებერვლში ვიდექით აძიუბჟაში, ქათმის ფერმების ზემოთ. ჩვენთან ერთად გორელი ბიჭები იყვნენ. მაშინ ჩვენი მეთაური იყო ჯონი ტოკმაევი. ძალიან ცუდ პირობებში ვიმყოფებოდით, აფხაზების ალყაში ფაქტიურად სამიზნედ ვიქეცით. დისლოკაციას ვერ ვტოვებდით და საკვები კი არანაირი არ გვქონდა. ოცდარვა კაცს იმ სიცივეში ჭამა არ უნდოდა?


გამოსავალი არ იყო და გადავწყვიტე, რომ იტყვიან, საველე პირობებში “სანადიროდ”  წასვლა.   ზოგმა თავი შეიკავა წამოყოლისგან. ათი ბიჭი გავიყოლე და გადავედით ზევით აფხაზების რაღაც პატარა სოფლისკენ. ზურგში ფლანგის დაცვისთვის ორი კაცი დავაყენე და სოფლის სახლების გასინჯვა დავიწყეთ. თვალი მოვკარი ერთი სახლიდან ღობეზე ბიჭი გადახტა. ჩვენ სოფლის ბოლომდე გავედით. ვნახეთ რაღაც ბოსელში საქონელი ყავდათ და ერთი მაშინვე დავკალით და საკვებად წამოვიღეთ. ამ დროს  უკვე თურმე აფხაზები ფლანგიდან შემოგვეპარნენ. ჩვენს ყარაულს შეეშინდა სროლა და ხუთი კაცი გამოატარეს. ეს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაგვიჯდა. კიდევ კარგი დროზე დავინახე და “პე-კა” დავაყარე და როგორც იქნა გამოვედით.  ყველამ დიდი სიამოვნებით მიირთვა “ნანადირევი”.  ასე მოვითქვით სული იმ ხორცით.


1993 წლის 14 იანვარს აფხაზებმა ზემო კინდღში  ჩამოაგდეს ჩვენი ვერტმფრენი. 16 იანვარს ცხედრების გამოსატანად შეტევაზე გადავედით. მოწინააღმდეგემ  ჩვენ რაზმს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია. ხევის გავლა ვცადეთ. აფხაზებმა არაფრით არ გაგვატარეს.


საუბედუროდ, დანაკლისი განვიცადეთ და  სამი მეომარი დაგვეღუპა. მათ შორის თამაზ წიკლაური და რამდენიმე კაცი დაიჭრა. ეს ოპერაცია წარუმატებლად დასრულდა. ცხონებული თამაზის ცხედარი ჩამოვასვენე თბილისში და უკან დავბრუნდი.


            დღის წესრიგში დადგა გამოცდილი მეომრებისაგან ბატალიონის შექმნის საკითხი. ბიჭები სპეციალურად იყვნენ შეჩეულები ფიზიკური სიძლიერის და სპეცმონაცემების მიხედვით. ჩვენი მეთაური იყო ლევან ასათიანი (მეტსახელად “პარპრესა”). მე პირველ მოადგილედ დამინიშნეს და ყველანაირად ვზრუნავდით ბატალიონის ფორმირებაზე და აღჭურვაზე, საბრძოლო წვრთნაზე და მობილიზებაზე.


1993 წლის აპრილში დაიწერა ჩვენი ბრძანება და გვეწოდა “სადესანტო-მოიერიშე ბატალიონი”, ანუ რუსული აბრევიატურით “დე-შე-ბე”. ორას კაცამდე ვიყავით. ლევანი კარგი მეთაური გამოდგა, გაწონასწორებული, დაუფიქრებლად არაფერს არ გააკეთებდა, უფრთხილდებოდა ბიჭებს. მოშვების და მოდუნების საშუალებას კი არ გვაძლევდა. თან სამხედრო წვრთნას გავდიოდით და თან ვიბრძოდით.


            ჩვენი მეთაური გვიტარებდა სამხედრო სწავლებებსაც. სხვადასხვა საბრძოლო ვითარებაში გვასწავლიდა ჯგუფის გადაადგილებას, კარატეს და სხვა საბრძოლო ილეთებს, შეტევაზე გადასვლის და უკანდახევის ტაქტიკას, დაცვის გაკეთებას. შემდეგ ინსტრუქტორებიც მოგვიყვანა. თბილისში საპარაშუტო სწავლებაც  და დესანტის გადმოსხმაც კი განვახორციელეთ. ამავე დროს სულ წინა ხაზზე ვიყავით.


ჩვენ დისლოკაცია პატარა ბაბუშერაში, აეროპორტთან გვქონდა. ხოლო დიდ ბაბუშერაში განლაგებული იყო გია ყარყარაშვილის “თეთრი არწივი”. ცეცხლის შეწყვეტის დროს  ე. წ. “პერემირიებისას” ნამდვილი სამხედრო სწავლება ჩავატარეთ და ჩვენი საბრძოლო დავალება – აგვეყვანა “მოწინააღმდეგის” მოენეები და შეტევაზე გადავსულიყავით, წარმატებით განვახორციელეთ. “თეთრი არწივის” შტაბში გია თორაძე და გია ყარარაშვილი “დავაკავეთ”. არ დამავიწყდება ნიძლავზე ფეხბურთიც ვეთამაშეთ  და მოვიგეთ. გია ყარყარაშვილმა, როგორც გამარჯვებულ მხარეს, “ეს-ვე-დე” და “პე-კა” გადმოგვცა.


მაშინ საბრძოლო პოზიციებზე კუტოულისკენ  ვაკეთებდით გასვლებს    და ვცდილობდით არ ჩაკეტილიყო სოხუმი-ოჩამჩირის გზა. მოწინააღმდეგეს გზისკენ ჩამოსვლის საშუალებას არ ვაძლევდით.


ჩვენი ბატალიონისთვის ყველაზე წარმატებული გამოდგა ტამიშში გადმოსხმული დესანტის განადგურება 1993 წლის 2 ივლისს, იმიტომ, რომ დისლოკაციაც და ტაქტიკაც ჩვენით შევარჩიეთ. ბევრმა არ იცის, რომ ტამიშში გადმოსხმული რუსების სპეცბატალიონი პირველივე წუთებში “დე-შე-ბემ” სეროზული მსხვერპლით დააზარალა.


ღამით საწოლებიდან “განგაშით” აგვყარეს. თურმე სოფელ ნაოჭის მხრიდან ნაპირს მოადგა გემი და გადმოსხა დესანტი. დაგვავალეს გზის პერიმეტრის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მტრის განადგურება. ჩვენ ბაბუშერიდან წავედით ზემო კინდღიდან  ტამიშისკენ და კუტოულამდე მარცხენა მხრიდან ე. წ. “წმენდა” უნდა ჩაგვეტარებინა. ჯერ არ ვიცოდით რა რაოდენობის მოწინააღმდეგე და რომელ ადგილზე შეგვხვდებოდა. მიმართულება მივიღეთ და დილაუთენია ფეხით გავეშურეთ და  სადღაც სამი საათი ვიარეთ.


ჩავედით ტამიშის ხიდთან. მარცხნივ მედგა ავთო კოტორაშვილი და მარჯვნივ მურთაზ ძაბირაძე. ავთომ დაინახა, რომ ტრასაზე ერთმა და შემდეგ მეორე კაცმაც გადაირბინა. დაუძახა რუსულად “Стой! кто идет?!” და პასუხი იყო – “Белый Орел.” ჩემმა ავთომ შტერულად შესძახა: “Мы тоже с “Белого Орла”. და ერთი მოვასწარი თქმა  – “ბიჭებო, რუსები არიან მეთქი” და დაგვაყარეს და რა დაგვაყარეს. მეც გაუშვი  ტყვიამფრქვევის მთლიანი მჭიდის ჯერი. ტყვიებმა სულ ახლოს გაგვირბინა და მურთაზ ძაბირაძეც ხელში დაიჭრა. ავთომ გაიყვანა. ჩვენი მეთაური ლევან ასათიანი ყვიროდა – “ბიჭებო, აქ ჩაწოლა არ გვარგებსო, გადავიდეთო”. იქ  ტამიშთან პატარა მდინარე ჩამოდიოდა და იმ ხიდთან ზღვისპირამდე გავიშალეთ. ორმოცადათი კაცი ვიქნებოდით.


ჩვენ არ გვქონდა მძიმე ტექნიკა. ჩვენი ტანკები  კინდღის ასასვლელთან გზაზე უკან დარჩნენ. იარაღიდნ გვქონდა “დე-შე-კა”, “პე-კა”, “ეს-ვე-დე” ყუმბართმტყორცნები და რა თქმა უნდა ავტომატები. უნდა ვთქვა, რომ მოწინააღმდეგე აშკარად დაიბნა და დეზორიენტირებული იყო. ერთი გზაარეული მედესანტე სანგარშიც კი ჩამოგვიხტა შემთხვევით და იქვე მიაცხრილეს ბიჭებმა. ამ ბრძოლაში ჩვენი მხრიდან არავინ დაღუპულა.


კიდევ კარგი ჩვევად მქონდა პოზიციაზე საჭმელი არ მიმქონდა და ტყვია-წამალს კი  ზურგჩანთაში რამდენიმე “ბე-კა”-ს ვილაგებდი. სულ მთლიანად დავაყარეთ რაც კი გაგვაჩნდა. ლევან ასათიანს დაჭრილები გავატანეთ და ვთხოვეთ გამოეგზავნა მძიმე ტექნიკა.


ცოტა ზემოთ მაღლობზე ანუარხუზე იდგნენ “შავნაბადას” ბიჭები. ისინი გვხედავდნენ, მაგრამ  ჩვენ – ვერა. მეტი სიახლოვეს არავინ იყო. მაგრამ შავნაბადელები  თავის პოსტზე იდგნენ და ვერ დაგვეხმარებოდნენ. ეს იყო სტრატეგიული ადგილი, რომელიც აკონტროლებდა მთელ პერიმეტრს. ცხრა ივლისს მოწინააღმდეგემ  მათაც ძლიერად შეუტია და დიდი მცდელობის მუხედავად ბიჭებმა ბოლო წუთამდე თავგანწირვით იომეს და სიმაღლე არ დათმეს. ანუარხუს დამცველების გმირობამ საბოლოოდ ქართული მხარე მომგებიან სიტუაციაში ჩააგდო.


უნდა ვთქვა, რომ მოწინააღმდეგემ სერიოზული დანაკლისი განიცადა. ცოცხალი ძალა განადგურდა საკმაოდ და მათი დესანტი წელში გადაიმტვრა. ვხედავდით, როგორ ცდილობდნენ რუსები გაეყვანათ თავიანთი დაღუპულები და დაჭრილები. თან ყვიროდნენ – “Увозите раненных и мертвых!” მანქანები მოაყენეს და ზედ ყრიდნენ მკვდრებს და ბევრი ვერც გაიტანეს.


ეს იყო ჩვენი “სადესანტო-მოიერიშე ბატალიონის” დიდი გამარჯვება და წარმატებული ოპერაცია. ბიჭებმა მართლაც სანაქებოდ, კაცურად იომეს. ჩვენ, როცა საღამოს გამოვედით მათი მხრიდან, უკვე  ჩამი-ჩუმი აღარ ისმოდა.


            ჩვენი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა დაკომპლექტებული მოლდავეთის საკადრო რეგულარული სპეცბატალიონი “დნესტრით”და რუსეთის მე-14 არმიის ოფიცრობით ტირასიპოლიდან და ფსკოვიდან. ასე რომ ჩვენ სწორედ მათ მოვუგეთ ბრძოლა.


შემდეგ ბრძანება მივიღეთ და იმ ტერიტორიაზე ჩვენს ნაცვლად ავღანელები შეუშვეს. ვხუმრობ ხოლმე, რომ ჩვენი “ტრაფეი” მათ დარჩათ.


თორმეტი კაცი მყავდა დაჭრილი. ტამიშიდან წამოსულები ისეთი დაღლილები ვიყავით კინდღთან ტანკებთან რომ მივაღწიეთ, პირდაპირ ასფალტზე  გზასთან დავიძინეთ. კითხვაზე, რატომ არ დაგვეხმარა მძიმე ტექნიკა? დღემდე არ მაქვს პასუხი.


დავბრუნდით დისლოკაციის ადგილზე ბაბუშერაში. ასე, რომ პირველი სერიოზული დარტყმა დესანტს 2 ივლისს ჩვენმა რაზმმა “დე-შე-ბემ” მიაყენა. საბოლოოდ გზა 9-10 ივლისს გაიხსნა ოჩამჩირის მხრიდან. მაგრამ ფაქტია, რომ 2 ივლისს გზაზე მტერი აღარ იყო და მომხდურებმა სერიოზული პასუხიც მიიღეს და მათ პირველმა სწორედ “დე-შე-ბემ” აუგო წესი.


აფხაზებმა შეტევა დაიწყეს სოხუმის ფრონტზეც. დაეცა 5 ივლისს მათ აიღეს კამანი. ამოხოცეს ადგილობრივი მოსახლეობა (კამანელებმა მართლაც თავდადებით იბრძოლეს ბოლომდე) და 10 ივლისს შრომაც დაიკარგა. აქ იყო ჩაყენებული საუწყებო პოლიციის რაზმი და მტერმა ღამით ისინი ერთიანად ამოხოცა და ამის შემდეგ ეს უმნიშვნელოვანესი პუნქტი აღარც დაგვბრუნებია.


14 ივლისისთვის  უკვე აფხზებს სოხუმის თავზე ყველა სტრატეგიული სიმაღლე და პოზიცია აღებული ჰქონდათ: შრომა, კამანი, ახბიუკი, აპიანი. არემარე გრადებით იბომბებოდა.


დაბომბვა თანდათნ უფრო გაძლიერდა და 15 ივლისს სინოპში ერთი ჩვენი პატარა ჯგუფი იყო გადასული. გრადის ჭურვმა ააფეთქა ტყვია-წამლით სავსე “ზილ-131” და მთლიანად დაგლიჯა ჩვენი ბიჭები. მათ შორის ჩვენი ბატალიონის წევრები ვასიკო ამირიძე, მამუკა ტოგონიძე და გვრიტიშვილი ნუგზარი (“მალიშა”), რომელიც სულ პატარა ბიჭი იყო. ვეხვეწებოდი – “წადი, პატარა ხარ, აქ არ არის შენი ყოფნა საჭირო”, მაგრამ არაფრით არ მიჯერებდა. სულ ნაწილ-ნაწილ, ნაგლეჯ-ნაგლეჯ მოვაგროვეთ საცოდავები. ზოგის ფეხი ვიპოვეთ, ზოგის – ტანი. გადაგლეჯილები ეყარნენ სისხლიანები. ეს ძალიან მძიმე “სანახაობა” იყო.


17 ივლისს ქართულმა მხარემ გადაწყვიტა შეტევის განხორციელება შრომა-კამანის მიმართულებით, სტრატეგული სიმაღლეების დასაბრუნებლად. მონაწილეობდნენ 23 ბრიგადის ბატალიონები, ქუთაისის ბატალიონი, “თეთრი არწივის” და აფხაზეთის პოლიციის ნაწილები. ეს იყო  ჩვენთვის ყველაზე რთული საბრძოლო ველი.


1993 წლის 18 ივლისს, ჩვენმა სამხედრო ხელმძღვანელობამ, ჩემი აზრით, გუჯარ ყურაშვილის გეგმით, რამდენჯერმე ერთი და იგივე შეცდომა დაუშვა და ერთი და ერთსა და იმავე გზაზე, მერამდენე არასწორი მანევრი განავითარა.


ჩვენმა მეთაურმა ლევან ასათიანმა გვიბრძანა გავშლილიყავით და შეტევა დაგვეწყო. სასაფლაოებიდან შევდიოდით ხიდამდე. აქ აფხაზებს ისე ჰქონდათ დამუშავებული თითოეული კვადრატი, რომ თავი არ აგვაღებინეს. ჩვენი ჯგუფიდან ხუთი მებრძოლი გაუშვით დაზვერვაზე და აღარც გამოჩენილან. ვერაფერი ვერ გავიგეთ  წინ რა ხდებოდა.


უცებ აფხაზებმა 120 მილიმეტრიანი “მინამიოტები” დაგვიშინეს. საშინელი გნიასი ატყდა. ზოგიერთი მებრძოლი ახლადშემოერთებული იყო ჩვენთან და ამდენად გამოუცდელი, ამიტომ დაიბნენ კიდეც. ელემენტარული არ იცოდნენ, შეჯგუფება რომ არ შეიძლება , რომ ეს სიკვდილის ტოლფასი იყო. ბიჭები დაიჭრნენ და დაიღუპნენ. სავალალოდ, იქ არანაირი გამაგრება ან ნაგებობა არ იყო. მხოლოდ გაშლილი მინდორი და გარშემო მდებარე სიმაღლეეებიდან კი შესანიშნავი სამიზნე ვიყავით. დაიღუპა უამრავი ქართველი მეომარი. მართლა გმირულად შეეწირნენ  ციხეებიდან საომრად ჩამოყვანილი ყოფილი პატიმრები. ბრძოლის ველზე  ტყვიებით და ჭურვის ნამსხვრევებით დაფლეთილი ქართველი ბიჭები ეყარნენ.


 აფხაზების “მინამიოტჩიკებს” ისეთი “კორექტიროვკები” ქონდათ დამუშავებული, რომ ყუმბარას ჯიბეში თავისუფლად “ჩაგვისმევდნენ”. შეტევის გამხორციელება შეუძლებელი შეიქმნა.


ჩვენი თანამებრძოლი ზაზა მოზაიძე თავში დაიჭრა. ის თან თავს იხვევდა, თან ჩხუბობდა. ისე გაბრაზდა ამ მოუმზადებელი და არასწორად დაგეგმილი შეტევის გამო, რომ გუჯარ ყურაშვილს ეჩხუბა და რამის ესროლა. საუბედუროდ, ზაზა ვერ გადარჩა. მასთან ერთად ჭურვის ნამსხვრევევებისგან  ჩვენი მეგობარი გოჩა ჩაგელიშვილიც დაიღუპა. დაჭრილი ბიჭების კვნესა და გმინვა გულისგანმგმირავად ისმოდა.


ამ სროლაში, ტყვიების წვიმაში და ნამსხვრევების ცვენაში, სუსტად რაღაც ნაცნობი, განწირული ხმა გავიგონე. თურმე ჩემი თანამებრძოლი დავით ჩიხლაძე (“ჩეჩენა”) სისხლისაგან იცლებოდა. “მინამიოტის” ჩვიდმეტი ნამსხვრევისაგან ერთიანად დაგლეჯილი ჰქონდა სხეული. მივვარდი. წამოვიკიდე და გავათრიე. თითქმის სამი კილომეტრი ზურგით ვატარე და თან ვამხნევებდი როგორც შემეძლო. ბოლოს და ბოლოს  გზაზე მანქანები გამოჩნდა. ერთი “სკორპიონის” მანქანა სავსე იყო დაჭრილებით და ვერ შევაღწიეთ. შემდეგ “ურალს” გადავუდექი და დათო ძარაზე შევაგდე. მერეღა ვიგრძენი, რომ მეც ხელში მქონდა ნამსხვრევი მოხვედრილი.


 ჩვენი შეტევა წინ ვეღარ განვითარდა და ეს იყო სერიოზული სამხედრო მარცხი, რომელმაც რამდენიმე საათში ამდენი ქართველი ვაჟკაცის და პატრიოტის სიცოცხლე შეიწირა.


სოხუმის ზედა პერიმეტრი მტერმა უკვე სამუდამოდ დაისაკუთრა და ამ ქალაქს უკვე თავისი თვალით ათვალიერებდა. და როდესაც, 1993 წლის 27 ივლისს სოჭში დაიდო ხელშეკრულება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, ეს იყო ფაქტიურად ქართული მხარის კაპიტულაცია.


ჯერ ისედაც რა საბრძოლო ნაწილების შემადგენლობა გვქონდა და რა საომარი ტექნიკა და აღჭურვილობა, ახლა ისიც აღარ დაგვიტოვეს. არტირელიის, მძიმე ტექნიკის და  ხალხის გაყვანამ განიარაღებული სოხუმი სექტემბერში მოწინააღმდეგის ხელში ჩააგდო.




კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 04.09.2021
ბოლო რედაქტირება 20.02.2023
სულ რედაქტირებულია 4





მფრინავი, პილოტი, აფხაზეთი სამაჩაბლო, გარდაცვლილი ვეტერანი

2 0

შავნაბადას ბატალიონი გარდაცვლილი მებრძოლები, ვეტერანები

2 0

აქვსენტი (ტასო) ნაჭყებია 1963-1993წწ. გარდ. სოხუმი დაბ. სოხუმი აფხაზეთი

7 0


სამაჩაბლო 2008 გარდაცვლილ მებრძოლთა სია ფოტომასალით რეგიონის, ქალაქის, სოფლის მიხედვით.

2 0


სამაჩაბლოში გარდაცვლილი მებრძოლთა სრული სია 01-16 აგვისტო 2008 წელი

2 0

შინაგან საქმეთა სამინისტრო რედ. ირმა ირემაძე

2 0