ნიკო (ნიკოლოზ) აღნიაშვილი 1901-28წწ გარდ. პოლონეთი დაბ. ბათუმი
ამ ამბავს ერთი სევდიანი ისტორიის მოყოლით დავიწყებთ, იგი პოლონეთ-საქართველოს ურთიერთობების შესანიშნავმა მკვლევარმა ქეთი ტოროტაძემ 2012 წელს ჟურნალ „ისტორიანში“ გამოაქვეყნა: სტატიიდან ვგებულობთ, რომ პოლონეთში, ქალაქ კრაკოვის რაკოვიცკის ძველ სასაფლაოზე, ერთი ძველი საფლავია, რომლის საფლავის ქვაზე ამოკვეთილი ქართული წარწერა გვამცნობს: „ნიკო აღნიაშვილი, იუნკერი საქართველოს სამხედრო სკოლისა“, ხოლო პოლონური წარწერა იუწყება: „ღმერთმა გაანათლოს მიკო აღნიაშვილი, მამაცი ქართველი ერის შვილი. პოდჰალეს ქვეით მსროლელთა მე–4 პოლკის პორუჩნიკი. დაბადებული ბათუმში 14.II.1901. გაძევებული რუსების მიერ სამშობლოდან, სამშობლოს მონატრებული გარდაიცვალა კრაკოვში 5. IX. 1928. ღმერთო, მიეცი თავისუფლება საქართველოს!“
საფლავის ქვაზე ნიკო აღნიაშვილის ოვალური ფორმის ფოტოსურათიცაა დატანილი. ქართულ და პოლონურ წარწერებს შორის კი კავკასიელთა სიმამაცის სიმბოლოს, ხანჯლის გამოსახულებაა ამოკვეთილი. საფლავის ქვაზე ამოტვიფრული ბიოგრაფიული ცნობების გარდა ნიკო აღნიაშვილის შესახებ სხვა არაფერი ვიცით. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მას საქართველოს იუნკერთა სკოლაში უსწავლია, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კი, 20 წლის ასაკში, სხვა ქართველ იუნკრებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად იძულებული გამხდარა ემიგრაციაში წასულიყო. 2011 წლის დეკემბერში, პოლონეთში, დავით ყოლბაიას, პიოტრ ჰლებოვიჩისა და პიოტრ ვარიშის ავტორობით პოლონურ ენაზე გამოიცა ალბომი „უცნობი საქართველო. ქართველებისა და პოლონელების საერთო ბედი“. ალბომში მკითხველი ეცნობა საქართველოს ისტორიის, კულტურის, ხელოვნების, პოლონეთ–საქართველოს ურთიერთობათა გზას. ალბომში მთელი გვერდი აქვს დათმობილი 27 წლის ასაკში სამშობლოზე დარდით გარდაცვლილი ნიკო აღნიაშვილის უჭირისუფლო საფლავის სევდის მომგვრელ ფოტოს. რომ არა ეს პუბლიკაცია, საქართველოში არც არაფერი ეცოდინებოდათ ქართველ იუნკერზე უცხო ქვეყნის მიწაში რომ იპოვა სამუდამო განსასვენებელი....
წყარო https://www.facebook.com/photo?fbid=645961660871811&set=pcb.645961697538474
ქეთევან (ქეთი) ტოროტაძე (დ. 17 ივლისი, 1959) — ქართველი ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი, მწერალი და პუბლიცისტი. ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი.
გიორგი კალანდია (დ. 31 მარტი, 1975, თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი ისტორიკოსი. ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს ხელოვნების სასახლე – კულტურის ისტორიის მუზეუმის დირექტორი,