- ბიჭვინთაში მოკლეს აფხაზებმა ძმები გასვიანები... მათზე თუ გაგიგიათ რამე?..
- არა, მე არ გამიგია, მაგრამ გაგრაში ნაბრძოლ ომის ვეტერანებთან შემიძლია გავიკითხო... სად იბრძოდნენ?
- ბიჭვინთაში... დილით ადრე გადიოდნენ სახლიდან, გვიან ღამით ბრუნდებოდნენ, პატარები გვყავდა...
ბოლოს აფხაზებმა გაიგეს , რომ ძმები დღისით დადიოდნენ პოზიციებზე და 29 სექტემბერს ღამის ორ საათზე სახლიდან წაიყვანეს. მის მერე არაფერი ვიცით. თქვეს მოკლესო, მაგრამ მკვდარიც არავის უნახავს... საფლავიც ვერ ვიპოვეთ რომ გადმოგვესვენებინა... ერთერთის მეუღლე ვარ, ხატო გასვიანი. გულისტკივილით ვკითხულობ და თვალს ვადევნებ თქვენს გვერდს, იქნებ ვინმესგან რამე გსმენიათ?
- თქვენს მეუღლეს რა ერქვა?
- ჯონი გერლიანი კლიმენტის ძე.
- რა ხნის იყო, მაშინ?
- 28 წლის იყო. 1964 წლის 1 აგვისტოს დაიბადა სოფ. ოთხარაში.
- ოთხარა, ეს სად არის?
- გუდაუთის რაიონია სოფ. ოთხარა. სვანების დასახლებას ეძახდნენ.
- აბა, ბიჭვინთაში...
- გუდაუთის სოფელ ოთხარადან ახალი გადმოსული ვიყავით ომი რომ დაიწყო, ბიჭვინთაში სახლი ვიყიდეთ, ზღვიდან სამასიოდე მეტრის დაშორებით, „სამშიტოვაია როშასთან“ ახლოს.
- მეფრინველეობის ფერმასთან?..
- დიახ, ბიჭვინთიდან ნაძვებით დახუნძლული გზა რომ მთავრდება და მდინარე ბზიფი პატარა ხიდთან, რომ უხვევს, იქ ვცხოვრობდით ბზიფის ქუჩაზე პირველ ნომერში.
- ჯონის ძმები...
- ჯონის უმცროსი ძმა ჯემალი 26 წლის იყო. ხოლო მეორე იყო ბიძაშვილი, ჯეირანი 30-ის იქნებოდა ალბათ...
ღამის ორ საათზე სახლიდან წაიყვანეს და მის მერე არაფერი ვიცითო...
თუ ვინმემ რამე იცით ბიჭვინთელი ძმები გასვიანების შესახებ გთხოვთ, ყველას გთხოვთ... მომაწოდოთ ინფორმაცია