იოაკიმ იოსების ძე გორგაძე (დ. 1870 – გ. 24 ივნისი, 1936) — ქართველი სასულიერო პირი. იყო ქართველთა შორის წერა კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი წევრი.
დაიბადა 1870 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ ბაბში, სასულიერო პირის ოჯახში. მამა იოსებ გორგაძე ბაბის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი იყო. იაკინთემ პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო და მოგვიანებით სწავლა განაგრძო ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში. 1886 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა, რომელიც 1892 წელს პირველი ხარისხის დიპლომით დაამთავრა. 1892 წელს, საქართველოს ეგზარქოსმა პალადიმ, ეგზარქოსების ჯვართამაღლების კარის ეკლესიაში სტიქრით შემოსა. სემინარიის დამთავრების შემდეგ იაკინთე დაქორწინდა და სამი შვილი შეეძინა. ამავე წელს იმერეთის ეპისკოპოსმა გაბრიელ ქიქოძემ დიაკვნად აკურთხა, ხოლო იმავე წელს მღვდლად დაასხა ხელი და ხევისჯვრის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. 1893 წელს მარელისის მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1895 წელს ორაპნის მაზრის იმერეთის საეპარქიო სამოსწავლო საბჭოს განყოფილების წევრად აირჩიეს, ხოლო 1896 წლიდან ამავე მაზრაში არსებული სამრევლო–საეკლესიო სკოლების მეთვალყურედ დაინიშნა. 1898 წლიდან თბილისში გადმოდის საცხოვრებლად და სასულიერო სემინარიაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას. 1899 წელს კუკიის მესამე სამოქალაქო სასწავლებელში ქართული ენის მასწავლებლად გადაიყვანეს და ანჩისხატის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად დაადგინეს. 1900 წელს იაკინთე თბილისის გუბერნიის ციხეების ეკლესიების მოძღვრად განამწესეს, ამავე წლის 12 მაისს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს და გორის მაზრის მე–10 ოლქის მთავარხუცესად დანიშნეს. 1900 წელს სკუფიით დაჯილდოვდა, ხოლო 1904 წლის აღდგომას კამილავკა უბოძეს. აირჩიეს ბორჯომის სახელოსნო სასწავლებლის სამზრუნველოს წევრად. 1909–1919 წლებში მამა იაკინთე იყო „ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი, გამგეობის წევრი და სამკითხველოს გამგეობის თავმჯდომარე. 1910 წელს მამა იაკინთეს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1915 წელს წმინდა ანას III ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს. 1916 წელს ბორჯომის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა პლატონმა ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის დეკანოზის წოდება მიანიჭა. 1919 წელს ბორჯომში უმაღლესი პირველდაწყებითი სასწავლებელი გაიხსნა, სადაც იგი დროებით გამგედ და მასწავლებლად დანიშნეს. ის აწყურის ეპარქიის დელეგატის სტატუსით, მონაწილეობდა 1920 წლის 27 ივნისს გამართულ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მე–2 საეკლესიო კრებაზე. 1922–1923 წლებში ბორჯომში ეკლესია დაიკეტა. გარდაიცვალა 1936 წლის 24 ივნისს. დასაფლავებულია ბორჯომის სამოქალაქო სასაფლაოზე.
გორგაძე იაკინთე იოსების ძე. 1915 წელს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი იყო მღვდელი. 1915 წლის 3 იანვარს გიორგი სიმონის ძე ვაშაკიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბორჯომის განყოფილების გამგეობის სხდომას ესწრებოდნენ: მღვდელი იაკინთე იოსების ძე გორგაძე, მიხეილ იოსების ძე გერმანიშვილი, ალექსი ნიკოლოზის ძე ხმალაძე, რაჟდენ გვერდწითელი, გიგო ერმალოზის ძე აბრამიშვილი, ილარიონ ლევანის ძე დალაქიშვილი, ყარამან კობახიძე და კირილე გლახოს ძე პაქსაშვილი.