ეკუთვნოდა აბაშიძეთა თავადურ საგვარეულოს.1891 წელს წარჩინებით დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. იყო ჩაუქი მხედარი, მოფარიკავე და მოცეკვავე. გადაშლილი ჰქონდა დიდი საერო ასპარეზი, რის ნაცვლადაც იგი გაემგზავრა კიევს, აღიკვეცა ბერად დიმიტრის (დიმიტრი როსტოველის სახელობაზე) სახელით და ჩაირიცხა სასულიერო აკადემიაში. აკადემიის დამთავრების შემდეგ ჩამოვიდა თბილისში.
იყო თბილისის იმ სემინარიის ინსპექტორი, სადაც სტალინი სწავლობდა და, როცა ამ დაუდგრომელ მოსწავლეს დანაშაულებრივი ქცევისათვის კარცერში სვამდნენ პურზე და წყალზე, ჩუმად უგზავნიდა ხოლმე საჭმელს. შემდგომშიც ხვდებოდნენ ერთმანეთს და მიმოწერაც კი ჰქონდათ. ასეთი თანაგრძნობა მომავალში დაუფასა ბელადმა არქიეპისკოპოსს – საეკლესიო პირთა დევნის ჟამს საბჭოთა ხელისუფალმა გასცა ბრძანება, ხელი არ ეხლოთ მისთვის. მონაზონ სერგის ცნობით: „სქიარქიეპისკოპოსი ანტონი სტალინისთვის ლოცულობდა და, ვინ უწყის, თუ რაგვარად შეეწეოდა მას ეს ლოცვა!“
საქართველოში მსახურებისას ის ასრულებდა ალავერდელი ეპისკოპოსის, ქართული საეგზარქოსოს ვიკარიუსის, თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების მონასტრის ნასტოიატელის მოვალეობებს. შემდეგ გვევლინება გურია–სამეგრელოს ეპისკოპოსად;
ამის შემდეგ გრძელდება მსახურება რუსეთის იმპერიის ფარგლებში –1905 წლიდან პოდოლსკის ეპარქიაში, 1906 წლიდან – ტაშკენტისა და თურქესტანის კათედრაზე. იმპერიის ეკლესიის სამსახურში მყოფი მეუფე მტკიცედ იდგა რუსული სახელმწიფოებრიობის დაცვის სადარაჯოზე. ის არ უშინდებოდა შუა აზიის უდაბურ სივრცეებს და ველურ ბუნებას – ეპისკოპოსის გამოწრთობილი სულით და კავალერისტის გამობრძმედილი სხეულით ლახავდა მდინარეებს და უდაბნოებს, აარსებდა ეკლესიებს, ამრავლებდა მრევლს...
თურქესტანში მისი მსახურებისას ტაძრების რიცხვი ერთიორად გაიზარდა – 78–დან 161–მდე. მისი მმართველობის ჟამს, როგორც იქნა, დასრულდა ათწლეულობით გახანგრძლივებული ამაღლების სოფიის კათედრალური ტაძრის მშენებლობა ალმა–ატაში, რომელსაც სილამაზით მოსკოვის ვასილი ნეტარის ტაძარს ადარებდნენ. აშენდა მშვენიერი ტაძრები სამარყანდში, კოკანდში, აშხაბადში, ბაირამ–ალიში, ისიკ–ყულის წმიდა სამების მამათა მონასტერში. მისივე დახმარებით ალმა–ატაში დაარსდა ივერო–სერაფიმეს ქალთა მონასტერი, რომელსაც მეუფემ გადასცა ქალაქგარეთ სააგარაკე მიწის ნაკვეთი და ნაგებობანი, რომლებიც მის დასასვენებლად იყო გამოყოფილი. მეუფის ლოცვა–კურთხევით აშხაბადში დაარსდა დედათა მონასტერი. დააარსა თურქესტანში ეპარქიის ბეჭდვითი ორგანო, რაც წინანდელი სასულიერო პირების შეფასებით შეუძლებლობას წარმოადგენდა. „თურქესტანის ეპარქიული უწყებანი“ გახდა ეპოქალური მოვლენა მთელი ამ უზარმაზარი რეგიონისათვის. ამას მოჰყვა სასულიეროთა საერთო ეპარქიული ყრილობები, სადაც საეკლესიო პირებს მიეცათ საჭირბოროტო საკითხების ერთობლივად განხილვის საშუალება.
პირველი ასეთი შეკრება ჩატარდა 1908 წელს. თავის სიტყვაში მეუფემ მათი საქმიანობა მოციქულებრივ ღვაწლს შეადარა. ხშირად ჩადიოდა რუსეთში და იქიდან ჩამოჰყავდა მღვდლები „სამოციქულო ღვაწლისათვის“ თურქესტანში; მოჰქონდა დიდი შემოწირულობები რუსი ქველმოქმედებისაგან; ჩამოჰქონდა წმიდანთა წმიდა ნაწილები, წმიდა ხატები. ტაშკენტში დააარსა რელიგიურ–ზნეობრივი განათლების თურქესტანის საზოგადოება; აშხაბადში – წმიდა ჯვრის იმიერკასპიის საძმო.
1912 წელს გადაიყვანეს ყირიმში – ტავრიის ეპარქიის ეპისკოპოსად. რუსეთის პატრიოტის სულით განმსჭვალული ეპისკოპოსი პირველი მსოფლიო ომის დასაწყისიდან 1914 წელს ჩაეწერა შავი ზღვის ესკადრაში და რიგითი საეკლესიო მუშაკის სახით იმყოფებოდა ბრძოლებში ჩაბმულ ერთ–ერთ სამხედრო გემზე. აქ გამოჩენილი გმირობისათვის მიიღო იშვიათი ჯილდო – პანაღია გოირგის ბაფთით(პანაგია ნა გეორგიევსკოი ლენტე).
1917 წელს მეუფემ მიიღო კავკასიაში მართლმადიდებლური ეკლესიის მოწყობის განყოფილების თავმჯდომარის თანამდებობა. მეუფე აწარმოებდა მოლაპარაკებას ბოლშევიკებთან და შეაწყვეტინა სროლა კრემლის მიმართულებით, რითაც საშუალება მიეცათ სასულიერო პირებს, ჩაეტარებინათ თავიანთი კრება.
საქართველოში ავტოკეფალიის გამოცხადების გამო დიმიტრი აბაშიძე არჩეულ იქნა წმიდა სინოდის წევრის მოადგილედ. მეუფე გამოვიდა საქართველოს „თვითნებური“ ავტოკეფალიის გამოცხადების წინააღმდეგ, რის შემდეგაც მან თვით დაიხშო გზა საქართველოსკენ.
1918 წელს დაბრუნდა ტავრიის ეპარქიაში. იქ მეფის არმიის ოფიცრებს იცავდა რევოლუციონერთა მხრივ ანგარიშსწორებისაგან.
1919 წელს ყირიმში ვრანგელის შენაერთების შესვლის შემდეგ, ის აირჩიეს დროებითი უმაღლესი საეკლესიო სამმართველოს თავმჯდომარედ რუსეთის სამხრეთ–აღმოსავლეთში. ამ დროს სოვნარკომის წარმომადგენელი ჯუღაშვილი ხელმძღვანელობდა ცარიცინის დაცვას და ყოფილი მასწავლებელი არაერთგზის მიმართავდა მას თხოვნით, შეერბილებინა ხვედრი წითელარმიელთა ხელში მოხვედრილი საეკლესიო მსახურებისათვის.
ვრანგელის დამარცხების შემდეგ სასულიერო პირთა უმრავლესობამ დატოვა რუსეთი, მაგრამ თეთრი არმიების ყირიმიდან ევაკუაციის შემდეგ არქიეპისკოპოსმა არ მოისურვა რუსეთის დატოვება. ეს თვითმკვლელობის ტოლფასი იყო, რადგან იგი ამხილებდა ბოლშევიკებს. 1923 წელს იგი დააპატიმრეს, მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა, მაგრამ სტალინის ჩარევის შემდეგ აკმარეს მინიმალური სასჯელი. 2 წელი იჯდა ციხეში და იქ დაკარგა მხედველობა. უსინათლო გამოუშვეს ციხიდან.
1926 წელს კიევო–პეჩორის ლავრაში, პეჩორის წმიდა მამათა საძვალეებთან მრავალდღიანი ლოცვის შემდეგ იქმნა სასწაული – უფალმა ნაწილობრივ აღუდგინა მეუფეს მხედველობა.
1926 წელს მიიღო დიდი სქემა: ანტონ პეჩორელის სახელის საპატივცემულოდ – ანტონის სახელით. 1931 წელს კიევო–პეჩორის ლავრა დაიკეტა, საძმო განიდევნა მონასტრიდან და აეკრძალა ქვეყნის 6 მთავარ ქალაქში ცხოვრება; მეუფე ანტონი დააპატიმრეს 1933 წელს – სასჯელის ზომა იყო 5 წელი საკონცენტრაციო ბანაკში (პირობით). საგანგებო დადგენილებით გაათავისუფლეს – დააბრუნეს ერში – ფიზიკურად არსებობდა მორწმუნეთა კარიდან კარზე გადაადგილებით 1933-დან 1941 წლამდე.
ასრულებდა ფარულ ღვთისმსახურებებს და ხელდასხმებს; ითვლებოდა კიევის ჯგუფის კატაკომბური ეკლესიის სულიერ მწყემსმთავრად; ზოგიერთი მონაცემებით, იყო ქართული კატაკომბური ეკლესიის ორგანიზატორიც და მისი პირველიერარქი 1926 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე.
სურათებზე: მეუფე ანტონი
მეუფის სამარადისო განსასვენებელი კიევო–პეჩორის ლავრაში