ლევან ომერის ძე შავაძე დაიბადა 1956 წლის 5 ნოემბერს, სოფელ დიდაჭარაში. გარდაიცვალა 05 ნოემბერი 2020 წელს. დაკრძალულია ბათუმში, სალიბაურის საგვარეულო სასაფლაოზე
2 ძმა და 4 და იყვნენ. ძმა ადრე დაეღუპა. 4 დის ძმამ იმედები გაამართლა. სკოლიდან მოყოლებული სპორტული ჟინით იყო შეპყრობილი. ადვილად არ დაწყებულა მისი სპორტული ცხოვრება.
ლეგენდებად იბადებიან, ლეგენდები არ კვდებიან ლევან შავაძე
ლევან შავაძე 22 წლის
კეთილი ადამიანები კელაპტარივით იწვიან და სამყაროს ანათებენ. შეიძლება ზოგიერთმა ჩვენგანმა ვერ შენიშნოს ეს გასხივოსნება, მაგრამ როცა შენს გვერდით აღარ იქნება და ვეღარ მოგათბობს, მაშინ გაგიჭირდება და მოინდომებ წარსულში დაბრუნებას, იმიტომ რომ, ის შენი ძალის და სტიმულის მომცემი იყო.
ერთეულთა ხვედრია სიკარგე, სიკეთე, სილამაზე, კარგკაცობა, ჭეშმარიტი მამულიშვილობა, საამაყო ამქვეყნისშვილობა, კარგი ნათესაობა და მასწავლებლობა.
ისე წავიდა, რომ არავის უთქვამს "ჭიანჭველას ფეხი დააბიჯაო", ისე დაგვტოვა რომ თავზარდაცემულები დავრჩით, სახტად დავრჩით.
მაშინ აგვტკივდა უმისობა, რა მწარე ყოფილა რეალობა. სახლშიც და საზოგადოებაშიც ღვაწლმოსილი, თავდადებული, ერუდირებული და განათლებული. ისე არ გადადგამდა ნაბიჯს და არ იტყოდა სიტყვას, რომ ის აწონილი არ ყოფილიყო.
რაც თუ კარგი იყო ამქვეყნად, ეს ლევან შავაძის პიროვნებაში იყო. სპორტის ოსტატია 1976 წლიდან, საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი 2008 წლიდან. ევროპის ჩემპიონი 19 წლის ასაკიდან.
გერმანიის ქალაქ ზულაში მოპოვებული გამარჯვება, გახდა მისი წინსვლის დიდი გზა.
ლევანი დაიბადა 1956 წლის 5 ნოემბერს, სოფელ დიდაჭარაში. 2 ძმა და 4 და იყვნენ. ძმა ადრე დაეღუპა. 4 დის ძმამ იმედები გაამართლა. სკოლიდან მოყოლებული სპორტული ჟინით იყო შეპყრობილი. ადვილად არ დაწყებულა მისი სპორტული ცხოვრება.
ნახერხშიც, სიცივეშიც და ყინვაშიც უჭიდავია. სკოლებს შორის გამართულ შეჯიბრებებში, ყოველთვის პირველი იყო.
ლევანის ტალანტი შეუმჩნეველი არ დარჩენია საქვეყნოდ ცნობილ მწვრთნელს, ხულოს სპორტსკოლის დირექტორს გოდერძი ბოლქვაძეს.
ადრე ხულოშო 3 მეტრომდე თოვლი მოდიოდა. სპორტ სკოლაში შუქი ხშირად ითიშებოდა. გოდერძი ბოლქვაძემ, საკუთარი სახლის მეორე სართულზე, მოაწყო სპორტ დარბაზი, დაანთო 2 შეშის ღუმელი, ხულოს სხვადასხვა სოფლებიდან ახალგაზრდა ნორჩი მოჭიდავეები შეკრიბა, რომელთა შორისაც იყო ლევან შავაძე და საკუთარ სახლში ავარჯიშებდა. გოდერძი ბოლქვაძის ამ წამოწყებას იშვიათად თუ მოეძებნებოდა ანალოგი. ეს ამბავი მივიდა ცენტრალურ კომიტეტამდე. დაავალეს საქართველოს ტელევიზიას, მოემზადებინა გადაცემა აღნიშნული ფაქტის შესახებ. მართლაც, გადაცემა გავიდა სათაურით "სახლიც არის და სახლიც".
აქ ყველაფერი ნათლად იყო ასახული, მწვრთნელის საქმიანობის შესახებ.
ერთხელ დიდაჭარიდან გზა 2 კვირით ჩაიკეტა ხულოს ცენტრამდე. ბებომ(ფიქრიამ)ბაბუს (ომერის) შეუჩნდა, წადი შვილი მოინახულე, ვიცი არაფერი აკლია, მაგრამ მაინც არ გენატრებაო?!
ჩაულაგა დიდ ჩანთაში ქვაბით ლობიო, კეცის მჭადი, 2 ქათამი, კომბოსტოს მწნილი, აჭარული ყველი, კაიმაღი, ტყლაპები და გაუშვა ხულოსკენ.
7 საათზე მეტი, გაუკვალავ თოვლში იარა ფეხით. როდესაც მივიდა, ასე იხსენებდა ბაბუ( ომერი_) კაპიტალური სახლი, ამდენი ჭიდაობით ზანზარებდაო.
გაუხარდათ მისი მისვლა.
წამოსვლის დროს, შვილს რომ მოვეხვიე, ზურგში რაღაც მაგარი შენიშნა. ეს რა გაქვსო, გაკვირვებულმა კითხა? აღმოჩნდა რომ მამას( ლევანს )ჰქონია უზარმაზარი ძირმაგარა და არ ამხელდა, რომ ვარჯიშიდან არ მოეხსნათ. აიყვანა საავადმყოფოში, გააჭრევინა და ასე გააგრძელა ისევ ვარჯიში.
აი ასეთი რთული გზებით მოვიდა ლევანი დიდ სპორტში.
სკოლის სამთავრების შემდეგ ჩაირიცხა თბილისში, საინჟინრო ფაკულტეტზე.
სწავლის პარალელურად ყოველდღე ვარჯიშობდა და ჭიდაობდა. ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და აქედან წასულმა ზულაში მოიპოვა ჩემპიონობა.
დაგეგმილი ჰქონდა შეხვედრა უძლიერეს მოჭიდავე ბარანოვთან და მიზნად ისახავდა მსოფლიო ჩემპიონობას, მაგრამ ტრამვამ შეუშალა ხელი.
19 წლის ლევანი, თბილისში ყველასთვის თვალშისაცემი პიროვნება იყო, თავისი მოზომილი საქციელით და კარგკაცობით. ჩემპიონს თბილისში ყველგან საზეიმო შეხვედრებს უწყობდნენ. სტუდქალაქის კლუბში დაპატიჟებულ ჩემპიონ ლევანს სტუდენტებისგან შემდგარმა საესტრადო ანსამბლმა მრავალი სიმღერა მიუძღვნა. აქ გურამ ქობულაძემ მას სიმღერა -ღვინობისთვე- უმღერა. მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა საქვეყნოდ ცნობილ მწვრთნელთან ჯონი რეხვიაშვილთან. ეს მეგობრობა სიცოცხლის ბოლომდე გაგრძელდა. აგრეთვე უდიდესი სითბო და სიყვარული იყო ლევანსა და საქართველოს ბულბულ ჰამლეტ გონაშვილს შორის. ხშირად ლევანს სტუდქალაქის კლუბში ქართულ ხალხურ სიმღერებს ამღერებდა.
ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ დაუბრუნდა მშობლირ სოფელს და დოაჯახდა. სანიმუშო ოჯახი ჰყავს. მეუღლე ნანული სიკეთით სავსე პიროვნებაა. შვილები დავითი, გულნაზი და თამარი მშობლების განსახიერება არიან.
შვილების გარდა, მათებურად ზარდეს შვილიშვილებიც.
შვილთაშვილთან ზურაბ მინდიას ძე შანაიძესთან ერთად. (შვილი თამარის მხრიდან) 2020 წლის ფოტო
რამდენიმე წელი ლევანმა სოფელსა და რაიონში იღვაწა.რამდენი მცდელობის მიუხედავად იმდროინდელი აჭარის მთავრობიდან მიიღო თანხმობა და დაფინანსება სკოლის გვერდით სპორტდარბაზის აშენებისა. მანამდე ბავშვებს დამატებით საკუთარი სახლის ქვეშ მოწყობილ დარბაზში ავარჯიშებდა. პარალელურად ხულოს სპორტსკოლაშიც მუშაობდა.მუშაობის პერიოდში დაუსწრებლად ჩაირიცხა თბილისის ფიზკულტურის ინსტიტუტში. გამოზარდა უთვალავი სპორტსმენი, მათ შორის არაერთი ევროპის და მსოფლიოს პრიზიორი. შემდეგ გადმოსახლდა საცხოვრებლად ბათუმში. დაინიშნა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა დეპარტამენტის უფროსად და საქართველოს უმცროსი ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მთავარ მწვრთნელად. არაერთი საქართველოს, საერთაშორისო ტურნირის, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონი აღზარდა. მისმა აღზრდილებმა საქართველოს ჰიმნი ააჟღერეს და დროშა ააფრიალეს მსოფლიოს უდიდეს ქალაქებში.
ლევანი უთვალავი ახალგაზრდის მასწავლებელი იყო. ის არამარტო ჭიდაობას, არამედ კაცობას და ზრდილობასაც ასწავლიდა ყველას.
დიდ ლამაზ ოჯახთან ერთად 2020 წელი
ოჯახთან ერთად
შვილიშვილი ლაშა გობაძე დ.1994წ. მსოფლიო პრიზიორი ბერძნულ რომაული ჭიდაობა დაბ. ხულო აჭარა
მადლობა თამარ ლევანის ასული შავაძე (ქალიშვილი)