საპატრიარქოს უწყებანი N4 7-13თებერვალი 2008წ გვ.18
დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი (1870-1931)
დეკანოზი ეპიფანე მაქსიმეს ძე ჯაოშვილი წარმოშობით ჭიათურიდან იყო, სოფელ ნიგოზეთიდან. იგი დაიბადა 1870 წელს. 1888 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სასწავლებელი, ხოლო 1894წელს კი — კიევის სასულიერო სემინარია. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მუშაობა დაიწყო სამრევლო სკოლაში საღვთო სჯულის მასწავლებლად. 1896 წლის 8 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი) დიაკვნად აკურთხა და თბილისის სასულიერო სემინარიის ეკლესიის ღვთისმსახურად დაინიშნა. 1898 წლის 31 ოქტომბერს ეგზარქოსისვე წარდგინებით დაინიშნა თბილისის სასულიერო სემინარიის ეკონომოსად. 1898 წლის 4 დეკემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) ხელი დაასხა მღვდლად. სემინარიასა და ეკლესიაში ერთგული და დამსახუ-რებული მოღვაწეობის გამო მამა ეპიფანე სულ მოკლე ხანში დაჯილდოვდა სხვადასხვა ჯილდოებით: 1899 წლის 5 დეკემბერს — საგვერდულით, 1901 წლის 18 ნოემბერს — სკუფიით, 1904 წლის 6 მაისს კამილავკით, ხოლო 1911 წლის 6 მაისს კი სამკერდე ოქროს ჯვრით. მამა ეპიფანე ცხოვრობდა სემინარიის შენობაში, რომლის აშენებაში მას დიდი წვლილი მიუძღვის (ამჟამად თბილისის ყოფილ სასულიერო სემინარიის შენობაში მე-9 კლინიკური საავადმყოფოს მიმღებია განთავსებული).
4-1 საპატრიარქოს უწყებანი N4 7-13თებერვალი 2008წ გვ.19
დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი (1870-1931) (გაგრძელება)
დეკანოზ ეფიპანეს მეუღლე კალერია გრიგოლის ასული გაჩეჩილაძე შეძლებული ოჯახის შვილი იყო. ჰყავდათ ქალ-ვაჟი: დავითი და ნინო. მაგრამ მამა ეპიფანეს დიდხანს არ დასცალდა ოჯახური ბედნიერება — დავითს, რომელიც იმავე სემინარიის V კურსზე სწავლობდა, უეცრად მძიმე სენმა დარია ხელი და გარდაიცვალა. მოძღვარი მედგრად შეეგება ამ განსაცდელს. XIX საუკუნის II ნახევრიდან რევოლუციური იდეები გადამდები სენივით მოედო რუსეთის იმპერიის ყოველ კუთხე-კუნჭულს. ამ განწყობამ თბილისის სასულიერო სემინარიის აღსაზრდელებშიც შეაღწია. მდგომარეობა განსაკუთრებით დაიძაბა 1905-07 წლების რუსეთის პირველი რევოლუციის შემდეგ. 1911 წელს მოხდა სემინარიის რექტორის მკვლელობა. მკვლელობის დროს მამა ეპიფანეც იქ იმყოფებოდა, მაგრამ ქართველმა სემინარისტებმა იგი დაინდეს და ცოცხალი დატოვეს. ეს ყველაფერი კი მიზეზი აღმოჩნდა რუს მოხელეთა მხრივ უნდობლობაში და მამა ეპიფანეს თანამდებობა დაატოვებინეს. 1911 წლის 16 სექტემბერს იგი დაინიშნა თე-ლავის „ღვთაების“ ეკლესიის წინამძღვრად. მამა ეპიფანემ სახლი იქვე ეკლესიის გალავანთან შეიძინა თავად რუსიშვილისაგან (როგორც ცნობილია, თვით „ღვთაების“ ტაძრის დაფუძნება სწორედ ამ გვარს უკავშირდება). დეკანოზმა მის გვერდითვე, პატარა სახლში დაასახლა ღარიბი დიაკვანი იოსებ მაზმანაშვილი. „კარგი მეზობელი, ნათესავს ჯობიაო, ნათქვამია“, უთქვამს მამა ეპიფანეს მისთვის − „როცა რისი საშუალება გექნება, ჩემო იოსებ, ისე გაისტუმრებ ვალს და სახლიც შეგრჩებაო.“ ახლად ჩასული მოძღვარი თავიდანვე შეიყვარა მრევლმა, როგორ კეთილი მწყემსი და ღირსეულად აღმასრულებელი თავისი საქმისა. 1910-იანი წლების ბოლოს მამა ეპიფანე დაჯილდოვდა დეკანოზის წოდებით და დაინიშნა თელავის სანთლის ქარხნის მმართველად. 1920 და 1921 წლებში მივლინებული იყო ალავერდის ეპარქიის დელეგატად საქართველოს ეკლესიის II და III საეკლესიო კრებაზე. 1921 წელს საქართველოში დამყარდა კომუნისტური რეჟიმი. ხელისუფლებაში მოსულმა ბოლშევიკებმა ეკლესიებისა და მონასტრების ძარცვანგრევას მიჰყვეს ხელი, სასულიერო პირებს პირდაპირ გასამართლების გარეშე ციმბირში ასახლებდნენ ან სიკვდილით სჯიდნენ. გამონაკლისი არც დეკანოზი ეპიფანე იყო, მაგრამ შეუპოვრმა მოძღვარმა მათ მტკიცე ნებისყოფა დაუპირისპირა. არ მისცა ნება გაპარსვისა და ანაფორის გახდისა. სამაგიეროდ, მეტეხის ციხეს ვერ გადაურჩა. დიაკონი იოსებ მაზმანაშვილი იხსენებდა, რომ ერთხელ, წირვის დროს დეკანოზს რამდენიმე შეიარაღებული პირი შეუვარდა ეკლესიის ეზოში და დასაშინებლად სროლა ატეხეს. მამა ეფიპანე სწარბი არ შეუხრია, ისე მიმართა დიაკვანს, კითხვა გაეგრძელებინა (როდესაც „ღვთაების“ ეკლესიის აღდგენა-განახლება დაიწყო, კედლებზე ნატყვიარები აღმოჩნდა). 1925 წლის 18 ნოემბერი. ახ-ლადნაკურთხ ამბა ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (ფხალაძე) სწორედ ღვთაების ტაძ-რის წინამძღვარმა დეკანოზმა ეპიფანე ჯაოშვილმა მიეგება სიტყვით: „თქვენო ყოვლადუ-სამღვდელოესობავ, მოწყალეო მეუფეო. ნება მიბოძეთ რამდენიმე სიტყვით მოგესალმოთ. „თქვენ ყველანი დაბრკოლებად ხართ ჩემდა მომართ ამას ღამესა, რამეთუ წერილ არს: დავცე მწყემსი და განიბნინენ ცხოვარნი მწყემსისა მისისანი“(მთ. 26. 31.). ამ სიტყვით მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ჯვარცმის წინ მიმართა თავის მოწაფეებს და ამით წინასწარ ამცნო მათ, რომ როდესაც მე შემიპყრობენ და განმაშორებენ თქვენგან, თქვენ ყველანი შეშინდებით, დაიფანტებით, შესცთებით ამით(დაბრკოლდებით). მართლაც, როდესაც შეიპყრეს იესო ქრის-ტე, მოწაფენი მისნი აქეთ-იქეთ გაიქცნენ, მხოლოდ ორმა თუ სამმა მათგანმა გაბედა შორიახ-ლოდან თვალყურის დევნება „ხილვად აღსასრულისა“(მთ. 26. 58) — თუ რას უზამდნენ მას. და როდესაც უჭვი აიღეს მათზედ ავაზაკებმა, — გაისმა შემაძრწუნებელი ხმა უარის ყოფისა „არა ვიცი კაცი იგი“(მთ. 26. 72.), არ ვიცი რას ლაპარაკობთ და სხვა. ეს სურათი მთელი თავისი სიმკაცრით და სავსებით მეორდება ჩვენს ცხოვრებაში. დღეს ქართველი მწყემსი დაცემულია. ცხოვარნი სამწყსოისა მისისანი აქეთ-იქეთ უგზო უკვლოდ დაეხეტებიან. წმიდა ტაძარნი ჩვენი, სადაც აღევლინებოდა ღვთისადმი ლოცვა-ვედრება ერისათვის, წაბილწულნი არიან, სარწმუნოება შერყვნილია, ზნეობა სრულიად დაცემულია. მე არ მინდა შავი ფერებით დაგიხატოთ მდგომარეობა, გული გაგიტეხოთ, თუმცა დღეს ეს მართალია, მაგრამ მდგომარეობა უნუგეშო არ არის.
4-2 საპატრიარქოს უწყებანი N4 7-13თებერვალი 2008წ გვ.20
დეკანოზი ეპიფანე ჯაოშვილი (1870-1931) (დასასრული)
დღეს ქართველი მორწმუნე არც ნამდვილი მორწმუნეა და არც სრულიად ურწმუნო. ის იჭვიანობს, მაშასადამე, ძიების ხანაშია. მას სურს გაიგოს, რომელი აბმობს მართალს, ის, რომელიც ამტკიცებს, რომ ღმერთი არის, მაშასადამე, მას უნდა ვემსახუროთ, თუ ის, რომელიც ამტკიცებს, რომ ღმერთი არ არის, მაშასადამე, რწმენაც ქარის მონაბერია და ქარივე წაიღებს — გაფანტავს?! აი, ასეთ ძიებაში მყოფი ერი ელის ისეთ ხელმძღვანელს, რომელიც მას და-არწმუნებს დააჯერებს ღვთის არსებობაში. ელის ასეთ ხელმძღვანელსბმისი დაცემული და შერცხვენილი მოძღვარიც და ელის თქვენი სახით, როგორც უმაღლესი სასულიერო ხელძმ- ღვანელის. მაშ, მოვედ მეუფეო, და როგორც უმაღლესი სწავლით და ხანგრძლივი გამოცდილებით აღჭურვილმან და კარის ეზოსა ცხოვართასა შემომავალმან, გვიხელმძღვანელე, გვითანამშრომლე, დაცემულნი აღგვადგინენ, ურჩნი დასაჯე, სუსტნი განამტკიცენ, მუშაკნი განამხნევენ და ისეთი მართმკვეთელობით წარმართე საჭე ჩვენი საეკლესიო ცხოვრებისა, რომ კვლავ ვიხილოთ ეკლესია ჩვენი გაბრწყინებული და ერი ჩვენი მაღალსა ზნეობასა შინა განმტკიცებული. „კურთხეულ არს მომავალი სახელითა უფლისათა“.
ეპიფანე ჯაოშვილი გახლდათ 1917 წლის 17 სექტემბრის პირველი საეკლესიო კრების მდივანი და საკათალიკოსო საბჭოს წევრი.
1902 წლიდან ჯაოშვილი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოები" წევრი გახლდათ, ხოლო 1913 წლიდან ამ საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში.
1903 წელს იმპერატორ ნიკოლოზ II დედის, მარია ფიოდოროვნას ძალისხმევითა და ეგზარქოსის ბრძანებით თბილისში, ვაკის ტერიტორიაზე დაიწყო წმინდა ანდრია წოდებულის სახელობის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა, რომელსაც ეპიფანე ჯაოშვილი ხელმძღვანელობდა.
1908 წელს ტაძრის მშენებლობის დასრულების შემდეგ, სწორედ ეპიფანე ჯაოშვილი დაინიშნა წინამძღვრად.
1921 წელს, გასაბჭოების შემდეგ საქართველოში დაიწყო სასულიერო პირების დევნა-წამება. რასაკვირველია, რეპრესიები შეეხო ეპიფანე ჯაოშვილსაც, რომელიც ამ დროისათვის თელავის ღვთაების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი გახლდათ. აუტანელი მდგომარეობის მიუხედავად, მძიმედ დაავადებული მოძღვარი, შექმნილ მდგომარეობას არ ეგუებოდა და ღვთის სამსახურს განაგრძობდა.
1931 წელს ლოგინად ჩავარდნილ მოძღვარს მოწამლული ნემსით მოუსწრაფეს სიცოცხლე. ეპიფანე ჯაოშვილი დაკრძალულია თელავის ძველი სასაფლაოს ეზოში ეკლესიის გვერდით.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1913-1915)
- ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1902-)
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების 1908 წლის ანგარიშის მიხედვით, ტერეზა ხმიადაშვილი, ნოე ხომერიკი, ილია ხუციშვილი, პეტრე ხუმარაძე, ლუკა ჯავახიშვილი, ალექსანდრე ჯაბადარი, თამარა ჯიჯავაძე, ეპიფანე ჯაოშვილი, ათანასე ჯვარიშეიშვილი, იოსებ ჯანგველაძე ყოველწლიურად იხდიდნენ საწევრო 3 მანეთს.
1911 წლის 10 სექტემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოების წევრებმა – გიორგი გარსევანის ძე რატიანმა, იაკობ სოლომონის ძე ღულაძემ, ქრისტეფორე III-მ (ქრისტეფორე მურმანის ძე ციცქიშვილმა), ტერეზა დიმიტრის ასულმა ხმიადაშვილმა, სვიმონ თომას ძე ხუნდაძემ, ეგნატე მამუკას ძე ხრამელაშვილმა და ეპიფანე ჯაოშვილმა – საწევრო 3 მანეთი გადაიხადეს.
1915 წელს მღვდელი ეპიფანე ჯაოშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი იყო.
1915 წლის 17 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარგამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ნამდვილ წევრთა სია. დოკუმენტის მიხედვით 1914 წელს თელავის განყოფილების ნამდვილი წევრები იყვნენ: ილია სპირიდონის ძე გოგოლაშვილი, მღვდელი ეპიფანე ჯაოშვილი, ნინო პეტრეს ასული კიკვიძისა და ვახტანგ ქრისტეფორეს ძე ზარაფიშვილი.
1917 წელს მღვდელი ეპიფანე ჯაოშვილი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების წევრი იყო.