ლაზარე იაკობის ძე კოჟორაძე დაბ. 1892 წ. მღვდელი დაბ.სოფ. გოგაშენი. ახალქალაქი
მღვდელი ლაზარე იაკობისძე კოჟორაძე
დაიბადა 1892 წელს ახალქალაქის რაიონის სოფელ გოგაშენში. სწავლობდა ჯერ გოგაშენის, ხოლო შემდეგ თბილისის სასულიერო კურსებზე. 1913-1923 წლებში მსახურობდა დმანისში დიაკვნად. 1923-1924 წლებში იყო საქართველოს საპატრიარქოს სასულიერო კურსების მსმენელი. 1924-1936 წლებში იყო ბორჯომის რაიონის სოფელ საკირეს მღვდელი, 1939-1945 წლებში აწყურშია, 1945 წლიდან გარდაცვალებამდე იყო ხაშურის რაიონის სურამის იტრიის ეკლესიის წინამძღვარი. ოჯახი ცხოვრობდა ბორჯომში კეცხოველის N 63.
1945 წლის 28 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს მიერ შედგენილ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალურ განაცხადში ურბნისის ეპარქიაში მსახურობდნენ შემდეგი სასულიერო პირები და მოქმედებდა სამი ეკლესია. აი ისინიც: ხაშურის წმინდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის საკათედრო ეკლესია (არ დახურულა) -–- მღვდელი დავით ბუზიაშვილი, მედავითნე გიორგი იაშვილი. ამ ეკლესიაზე მიწერილი იყო -- დეკანოზი გიორგი ბიბილური (გორი), მღვდელი ლაზარე კოჟორაძე (ქვაბისხევი, ბორჯომის რაიონი), მღვდელი რაჟდენ ციცქიშვილი (მოხისი, ქარელის რაიონი), მღვდელი ალექსი ჩიტაძე (ახალციხე), მღვდელი მოსე ჩოხელი (ჭვარები, გორის რაიონი), მღვდელი გიორგი ინანიშვილი (ალევი, გორის რაიონი). თაგვეთის წმინდა გიორგის (ქაშვეთის) სახელობის ეკლესია (გაიხსნა 1944 წელს) -- მღვდელი გრიგოლ იაშვილი. ცხინვალის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია (გაიხსნა 1945 წელს) დეკანოზი იოანე ოდიშვილი. 1946 წელს მოქმედ ეკლესიებს კიდევ ორი ტაძარი შეემატა: ატოცის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია მღვდელი გრიგოლ ზაბახიძე, მედავითნე ვასილ ღვთისავარიშვილი. სურამ-იტრიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესია -- მღვდელი ლაზარე კოჟორაძე, მედავითნე მალაქია ლომიძე. მიუხედავად უმძიმესი და უსაშინლესი წლებისა, კათოლიკოს-პატრიარქებმა და წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა, სამღვდელოებისა და მრევლის თანადგომით შეძლეს და გადაარჩინეს ქართული ეკლესია, რომლის აღორძინებისა და განახლების მომსწრენიც ვართ დღეს.