მღვდელი მიხეილ ღვთისავარის ძე მთიბელაშვილი
დაიბადა 1888 წელს ჩარგალში, 1905-1907 წლებში იყო სოფელ ხახმატის (ხევსურეთი) წმიდა გიორგის ეკლესიის მედავითნე, 1907-1914 წლებში უკანაფშავის ეკლესიაშია, 1914-1925 წლებში მედავითნეობდა სოფელ მაღაროში, 1930 წლიდან გარდაცვალებამდე იყო სოფელ ჩარგლის მღვდელი. ოჯახი ცხოვრობდა ჩარგალში.
საპატრიარქოს უწყებანი N39 14-20დეკემბერი 2011წ გვ.18
მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი 1883-1964
ღვაწლი კეთილი
მღვდელი მიხეილ ღვთისავარის ძე მთიბელაშვილი 1883 წელს თიანეთის მაზრის სოფელ ჩარგალში, გლეხის ოჯახში დაიბადა. სიჭაბუკის წლები პატარა მიხეილმა სოფელში, მუხლჩაუხრელ შრომაში გაატარა. იგი მამას ეხმარებოდა სამეურნეო საქმიანობაში. პარალელურად სოფელ ჩარგალში არსებულ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში დადიოდა, სადაც წერა-კითხვა ისწავლა და პირველდაწყებითი განათლება მიიღო. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი კი შუამთის მამათა მონასტერში შეისწავლა. საეკლესიო სამსახური მიხეილმა 1905 წელს დაიწყო. გორის ეპისკოპოსმა ექვთიმემ (ელიაშვილი) იგი ალავერდის ეპარქიაში, ფშავ-ხევსურეთის ოლქში, სოფელ ხახმატის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ განამწესა. 1907 წელს უკანა ფშავის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. ამავე პერიოდში მან ცოლად ითხოვა მარიამ ხარლამპის ასული (დაბადებული 1887 წელს). 1913 წლის 26 აპრილს, ოჯახური მდგომარეობის გამო, მიხეილი თავისი თხოვნის საფუძველზე გათავისუფლდა მედავითნის თანამდებობიდან და დროებით მშობლიურ სოფელში მეურნეობით ირჩენდა თავს. 1916 წლის 19 მარტს იგი საინგილოში, ზაქათალის ოლქში, სოფელ კეტუკლინის ყოვლადწმინდა სამების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა, 1918 წლიდან იგი ალავერდის ეპარქიაში გადაიყვანეს და სიღნაღის მაზრაში, სოფელ მაღაროს მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაადგინეს. XX საუკუნის 20-იან წლებში მასობრივად დაიწყო სასულიერო პირების დევნა-შევიწროება, ამიტომ მიხეილი დროებით ისევ სოფელ ჩარგალში დაბრუნდა. 1925 წლის დასაწყისში მან თხოვნით მიმართა ალავერდის ეპარქიასთან არსებულ სამღვდელო კომისიას სასულიერო ხარისხის მისაღებად. შესაბამისი მომზადებისა და გამოცდების ჩაბარების შემდეგ კომისიამ იგი ღირსად ცნო მღვდლის ხარისხის მისაღებად. 1925 წლის გაზაფხულზე ალავერდელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ფხალაძე, შემდგომში –– სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი) მიხეილი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და შუა ფხოვის წმინდა დიდმოწამე გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძლვრად განამწესა. ურთულეს პერიოდში მოუხდა მამა მიხეილს სასულიერო მოღვაწეობის დაწყება. ადგილზე ჩასულ მოძღვარს ღამის გასათევი ადგილიც კი არ ჰქონდა. ადგილობრივმა უღმერთო ხელისუფლებამ ტაძარს საეკლესიო სახლები ჩამოართვა. ერთ მათგანში სკოლა გახსნეს, ხოლო მეორეში აღმასკომი. ამის გამო, მამა მიხეილი მეზობელ სოფელ ხომში დასახლდა, სადაც მას ერთ-ერთმა კეთილმორწმუნე ოჯახმა დაუთმო საცხოვრებელი ბინა. სოფელში მოშლილი იყო სასულიერო ცხოვრება, მრევლი შიშის გამო ტაძარში აღარ დადიოდა და მოძღვარს ხშირად უხდებოდა ქადაგება და მათი რწმენაში განმტკიცება, რასაც ხელისუფლება ტერორითა და დაშინებით პასუხობდა. მუდმივ ზეწოლასა და მუქარას ვეღარ გაუძლო მუქოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მღვდელმა მიხეილ ოჩიაურმა და 1926 წლის დასაწყისში საეკლესიო სამსახური მიატოვა. მუქოზამრევლი მოძღვრის გარეშე დარჩა. სოფელი მუქო შუა ფხოვიდან 5 კილომეტრით არის დაშორებული და ამიტომ მამა მიხეილს დაეკისრა მისი მოვლაც, მაგრამ სოფელ ხომიდან სიშორისა და ცუდი ადგილმდებარეობის გამო ძნელი იყო აღნიშნულ სამრევლოთა მოვლა. ამასთან დაკავშირებით, თიანეთის ოლქის მთავარხუცესის, დეკანოზ გრიგოლ ჯინჭველაძის ლოცვა-კურთხევით, მამა მიხეილი ოჯახითა და თავისი მედავითნით (მედავითნეობას იმჟამად მისი ვაჟი იოსები ასრულებდა) მუქოს ეკლესიის საკრებულო სახლში გადავიდა საცხოვრებლად.
მამა მიხეილის უფროსი ვაჟი, იოსებ მთიბელაშვილი;
1926 წლის 17 ნოემბერს საკათალიკოსო საბჭოს გადაწყვეტილებით ალავერდის ეპარქიას ჩამოერთვა ფშავ-ხევსურეთის სამთავარხუცესო ოლქი და წილკნის ეპარქიის მმართველობაში გადავიდა. ამავე წლის დეკემბერში თიანეთის ოლქის მთავარხუცესი, დეკანოზი გრიგოლ ჯინჭველაძე წერდა მამა მიხეილს: „მამაო მიხეილ! მე ჯერჯერობით ისევ ვრჩები თიანეთში. მღვდელი იოანე გოგნიაშვილი გადაყენებულ იქნება ამ ორ
39-1 საპატრიარქოს უწყებანი N39 14-20დეკემბერი 2011წ გვ.19
მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი 1883-1964 (გაგრძელება)
კვირაში, აღარ შეუძლია სამსახური. მის ადგილზე დაინიშნა მღვდელი იროდიონ სისაური, ხოლო არტაან-ახალსოფლის შეერთებულ სამრევლოს ჯერ-ჯერობით მღვდელი არ ჰყავს. როგორც ამას წინათ ამიწერეთ, შუა ფხოვის, მუქოსა და უკანა ფშავის სამრევლოთა კომლთა რიცხვი არ ყოფილა მეტი არტაანის სამრევლოზე, რომელსაც ახლა ბაჩლელ ხევსურთა მიმატებით 220 კომლამდე ჰყავს, ხოლო თუ ახალსოფლის სამრევლოს მივამატებთ, სულ ირიცხება 482 კომლი. ოდესმე თუ ახალსოფელი ისევ კამოეყო ცალკე, მაინც აჯობებს თქვენს დაფანტულ და დატან- ჯულ სამრევლოს. მე გირჩევთ, ითხოვოთ აქეთ გადმოსვლა.ვიცი, რომ მანდ არ იქნებით დამშვიდებული, თითქმის ყოველ ზაფხულს მანდ თარეშობენ ყაჩაღები. იცხოვრებთ სოფელ ლიშოში, საიდანაც მისწვდებით ახალსოფელსაც. თუ ახალსოფელში მოგცეს ბინა, შეგიძლია იქაც იცხოვროთ, მაგრამ ლიშოში გირჩევნიათ, იქ საქონელსაც შეინახავთ. მოწერილობა ჩამოსვლისას გამოუცხადეთ მღვდელ თეოდორე ჟამიაშვილსა და მღვდელ მიხეილ ქისტაურს, მაგათ დამაბერეს მე, მადლობა ღმერთსა, რომ მომეცა საშვალება გათავისუფლებისა. რადგან ვიტანჯებოდი მიწერ-მოწერის გამოგზავნაზე, ძალიან უხერხული იყო ალა- ვერდის ეპარქიისათვის ფშავ-ხევსურეთი, მცხეთიდან უფრო ადვილად მოგვივლიან. მადლობა ღმერთსა, რომ საკათოლიკოსო საბჭომ მიიღო მხედველობაში ჩვენი მოსაზრება ამ საგანზე. მოსთხოვეთ მეტრიკის ფული ქისტაურს და თან წამოიღეთ. იყავით მშვიდობით 1927 წლის 10 აპრილს წილკნელმა ეპისკოპოსმა პავლემ (ჯაფარიძე) ფშავ-ხევსურეთის ოლქის მთავარხუცესად მღვდელი „ მიხეილი დაადგინა და დაავალა, მიეწოდებინა ინფორმაცია, თუ რა მდგომარეობა იყო იმჟამად აღნიშნულ მხარეში. 1927 წლის 20 მაისს მამა მიხეილმა მოამზადა შესაბამისი წერილი, სადაც მეტად საინტერესო ინფორმაციას ვკითხულობთ: „ძველი რეჟიმის დროს ფშავხევსურეთი შეადგენდა ერთ საბლაღოჩინოს და იყოფოდა 11 სამრევლოდ: გომეწრის, ჩარგლის, შუა ფხოვის, მუქოსა და უკანა “ ფშავის (ფშავი) -- ბარისახო, როშკი, ბაცალიგო, ახიელი, ხახმატი და შატილი (ხევსურეთი). იმავე დროს დაიხურა უკანა ფშავის ეკლესია და მიეწერა მუქოს. ასე რომ, დარჩა 10 სამრევლო. უკანასკნელ დრომდის საბლაღოჩინო ეკლესია არსებობდა ბარისახოში. შემდეგ, როდესაც მოხდა ცვლილება ქვეყნისა, ფშავ-ხევსურეთის სამრევლოები თვალსაჩინოდ შემცირდა. ძველი დროის გადატრიალებისთანავე, როგორც ძალაუნებურად ქრისტიანობის მიმდევარმა ერმა ხევსურებმა, იერიში მიიტანეს თავიანთ ეკლესიებზე, გაძარცვეს ისინი და დაანგრიეს. აღნიშნული ბოროტმოქმედების მსხვერპლი გახდა ხევსურეთის შემდეგი ეკლესიები: ბარისახოს ეკლესია, რომლის დანგრევასთან ერთად მოკლეს იმავე ეკლესიის მღვდელი ბესარიონ წიკლაური. როშკის, ბაცალიგოსი და ხახმატისა. ამ ეკლესიათა შორის, როგორც პირადი გადმოცემით ვიცით, ხეევსურეთში კიდევ არსებობს 2 ეკლესია ახიელისა და შატილისა. ეს მოხსენიებული სამრევლოები ე.ი. ახიელისა და შატილისა ძევს იქით ხევსურეთში, რომელსაც აქეთი ხევსურეთიდან ჰყოფს მაღალი ხევსურეთის მთა. ეს არ იკმარეს ხევსურებმა და ფშავის ეკლესიებიც შეარყიეს. ორჯერ გაძარცვეს ჩარგლის ეკლესია, სამგზის შუაფხოს ეკლესია და ერთხელ მუქოსი. სამგზის გაიძარცვა თამარისის მონასტერი უკანა ფშავში. შეურყეველი დარჩა მხოლოდ გომეწრის სამრევლო. სხვა საშინელი შემთხვევები კიდევ მოახდინეს ხევსურებმა. მუქოს ეკლესიის მღვდელი ლავრენტი შიოშვილი, ახალგაზრდა, სულ ოთხი თვის გადმოყვანილი მოკლეს მეუღლესთან ერთად საკრებულო სახლში 1919 წელს. ამჟამათ სიტუაცია ასეთია: გომეწრის მრევლს ჰყავს მღვდელი მიხეილ ქისტაური, მედავითნე არ ჰყავს და არც ეკლესიური ღვთისმსახურება ტარდება. ჩარგლის სამრევლოს ჰყავს მღვდელი თეოდორე ჟამიაშვილი, მედავითნე არც იქ არის, ამიტომ იქაც არ სრულდება წირვალოცვა. ახიელის სამრევლოში არის მღვდელი გიორგი ჯაბუშანაური (ხევსური) და როგორც პირადად გადმომცეს, წირვა-ლოცვა ჰქონია. უკანასკნელ შატილის სამრევლოს მართავს მღვდელი იოსებ ოჩიაური, მაგრამ ეკლესიური ღვთისმსახურება არც იქ ტარდება. მუქო-შუაფხოს მრევლი, სადაც მე ვმსახურობ
39-2 საპატრიარქოს უწყებანი N39 14-20დეკემბერი 2011წ გვ.20
მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი 1883-1964 (დასასრული)
მღვდლის თანამდებობაზედ, ჩემ წინა მოადგილედ იყვნენ ხევსური მღვდლები: პირველი ალექსი ოჩიაური და მეორე: მისი ძმა მიხა ოჩიაური, პირველი იყო შუაფხოს ეკლესიის მღვდელი, მეორე მუქოსი. ალექსი ოჩიაურმა კაბა-ანაფორის გახდით მიატოვა შუაფხოს მრევლი, ამის შემდეგ არ გაუვლია დიდხანს, რომ მისმა ძმამ მიხეილმაც მიჰბაძა მას და ამანაც მიატოვა მღვდლის თანამდებობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გომეწრის და ჩარგლის სამრევლოს მორწმუნე პირნი განიცდიან სულიერ საზრდოს მოკლებას და მწუხარებას, მით უმეტეს, რომ მოკლებულნი არიან წირვა-ლოცვას, წმინდა საიდუმლოს მიღებას და ზოგიერთ სხვა ქრისტიანულ წესებსაც. მთების სიმაღლის გამო ახიელში და შატილში მიმავალი გზა ივნისამდე გახსნილი არ იქნება და შემდეგ კი იმ მღვდელთა შესახებ ყველაფერს დაწვრილებით მოგახსენებთ“. 1927 წლის 22 ივნისს, მამა მიხეილის თხოვნით, შუა ფხოვის სამრევლო ოფიციალურად გაერთიანდა მუქოს ეკლესიასთან. მეუფე პავლესადმი გაგზავნილ წერილში იგი აღნიშნავდა: „ჩემი შეხედულობა მუქო-შუაფხოს მრევლთა შესახებ ასეთი გახლავთ. უკეთუ თქვენი მეუფებაც ინებებს გამოცხადებულ იქნეს ერთ სამრევლოდ, ე. ი. შუაფხოს ეკლესია და მრევლი მიეწეროს მუქოს ეკლესიას. ამის უმთავრესი მიზეზი გახლავთ შუაფხოში ცხოვრების შეუძლებლობა უბინაობის გამო. მუქო-შუაფხოს სამრევლოს მცხოვრებთა რიცხვი ხევსურთა გადასახლების გამო ფრიად შემცირებულია, სადაც ოდესმე 400 კომლი ცხოვრობდა, ახლა ითვლება 232 კომლიღა. ამიტომ მოვმართავ თქვენ მეუფებას და ვთხოვ: რათა კეთილი ინებოთ დააკმაყოფილოთ ჩემი მოხსენება და თქვენი მეუფების რეზოლუციით მიწერილ იქნეს შუაფხოს ეკლესია და მრევლი მუქოს ეკლესიაზედ, და ამასთან ერთად მე ვითვლებოდე მუქოს მღვდლად და არა შუაფხოსი". XX საუკუნის 30-იანი წლებში ფშავ-ხევსურეთის ოლქში ყველა მოქმედი ეკლესია დაიკეტა. მღვდელი მიხეილი იძულებული გახდა კვლავ ჩარგალში დაბრუნებულიყო და ოჯახი საკუთარი შრომით შეენახა. თუმცა, შეძლებისდაგვარად, იგი პერიოდულად მაინც აღასრულებდა მღვდელმსახურებას, ნათლავდა ბავშვებს, ქრისტიანული წესით მარხავდა მიცვალებულებს და განამტკიცებდა მორალურად გატეხილ მრევლს. მიუხედავად უმძიმესი წლებისა, XX საუკუნის 40-იანი წლების დამდეგამდე მას არ შეუწყვეტია ღვთისმსახურება და ქადაგება. 1942 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსადმი, უწმინდესისა და უნეტარესის კალისტრატესადმი (ცინცაძე) გაგზავნილ წერილში, ალავერდის ეპარქიის მთავარხუცესი, დეკანოზი მათე ალბუთაშვილი სწერდა: „წლევანდელ წლამდე ეპარქიაში სხვა სასულიერო პირებთან ერთად ითვლებოდა კიდევ ერთი მღვდელი მიხეილ მთიბელაშვილი. თუმცა, როგორც იმაზე ამბობენ, გაიხადა ანაფორაო“. 1955 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა მელქისედეკმა (ფხალაძე) მღვდელი მიხეილი სასულიერო ხარისხში აღადგინა. აი, რას წერდა იგი საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოსთან არსებულ რელიგიის განყოფილების რწმუნებულს, ბატონ მმ. მექვაბიშვილს: „უადგილო მღვდელი მიხეილ ღვთისავარის ძე მთიბელაშვილი ამა წლის 26 ოქტომბერს დანიშნულია დუშეთის რაიონში, სოფელ ჩარგალში მოსიარულე მღვდლად“. ცხრა წელიწადი კვლავ ერთგულად იმსახურა დედაეკლესიის წიაღში მღვდელმა მიხეილმა და, მოხუცებულობის მიუხედავად, მრავალი კეთილი საქმის გაკეთება მოასწრო. 1964 წლის გაზაფხულზე, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ იგი გარდაიცვალა. მოძღვრის ცხედარი ოჯახის წევრებმა და მრევლმა სოფელ ჩარგლის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის ეზოში დაასაფლავეს.