მღვდელმონაზონი ზენონ დავითის ძე სუმბაძე
დაიბადა 1869 წელს თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში. 1886-1901 წლებში იყო შუამთის მონასტრის მედავითნე. 1901-1925 წლებში ალავერდის ტაძრის მღვდელმონაზონი, 1925-1955 წლებში თეთრი გიორგის ეკლესიის მღვდელმონაზონი, 1955 წლიდან გარდაცვალებამდე ალავერდის მონასტერშია.
ფოტოს მოძიებაში დაგვეხმარა თენგიზ სიმაშვილი პროფესორი
საპატრიარქოს უწყებანი N37 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2005წ გვ.25
მღვდელმონაზონი ზენონი (სუმბაძე) (1869-1963)
ალავერდის დიდებული მონასტრის ეზოში ტაძრის შესასვლელისაგან 15 მეტრის დაშორებით არის საფლავი მღვდელმონაზონ ზენონ სუმბაძისა. მღვდელმონაზონი ზენონი დაიბადა 1969 წლის 2 იანვარს კახეთში, სოფელ ვარდისუბანში. იმავე სოფლის ეკლესიაში მოინათლა და ეწოდა სახელი იოსები. სწავლა-განათლება იოსებმა თელავში მიიღო, სადაც მამამ მსახურად ერთ ადვოკატს მიაბარა. ადვოკატის ვაჟი მასწავლებელი იყო და მისი დახმარებით იოსებმა კარგად შეისწავლა წერა-კითხვა: რუსულად, სომხურად და ლათინურადაც კი. ცხრამეტი წლის ასაკში მას დიდი უბედურება დაატყდა თავს, უეცრად მშობლები გარდაეცვალა. როდესაც იოსები 21 წლის გახდა, ჯარში სამსახურის დრომ მოუწია. ამ დროს კენჭის ამოღებით წყდე- ბოდა, თუ ვის უნდა ემსახურა და ვის არა. მას ძალიან უნდოდა „სალდათობა“, მაგრამ არ აუხდა სურვილი. ამის შემდეგ იოსები თბილისში ჩავიდა, სადაც მზარეულად მოეწყო. იქ ყოფნისას მრავლად შეიძინა საღმრთო წიგნები, ხატები, მორწმუნე საზოგადოებას დაუახლოვდა. დრო გადიოდა. დავაჟკაცებულ იოსებს ვერ გადაეწყვიტა, ოჯახი შეექმნა თუ მონასტერში წასულიყო. ერთ საღამოს ფიქრებით დაღლილს ჩაეძინა და იხილა ჩვენება: მისი მშობლები თავს ადგნენ და ხელში ქუდები ეჭირათ, ცილინდრი და საბერო ქუდი – შენ შვილო, ცოლის შერთვას ტყუილად ფიქრობ, შენ ეს ქუდი უნდა დაიხუროო, უთხრეს და საბერო სკუფია გაუწოდეს. გათენდა თუ არა, იოსები ვიღაცის ძახილმა გამოაღვიძა, აღმოჩნდა, რომ მის ამხანაგ ივანეს, რომელიც ბერად იყო წასული ქვათახევის მონასტერში, წერილი გამოეგზავნა, სადაც წერდა: რას აკეთებ მაგ მყრალ ქალაქში, ჩამოდი, ნახე აქ რა კარგიაო. მეორე დღესვე გაუშურა იოსები მონასტრისაკენ. საძმომ ძლიერ გაიხარა მისი ჩასვლით და დიდი სიხარულით მიიღეს თავისთან. ქვათახევის მონასტრის წინამძღვარი მაშინ იყო არქიმანდრიტი კირიონი (საძაგლიშვილი, შემდგომში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი), რომელმაც დიდად გაიხარა ნიჭიერი კაცის შემომატებით და იგი მორჩილად განაწესა. ეს მოხდა 1898 წელს.
37-1 საპატრიარქოს უწყებანი N37 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2005წ გვ.26
მღვდელმონაზონი ზენონი (სუმბაძე) (1869-1963) (გაგრძელება)
იმავე წელს არქიმანდრიტი კირიონი ხელდასხმულ იქნა ალავერდის ეპისკოპოსად და მორჩილი იოსებიც კახეთში წაჰყვა თავის მოძღვარს. 1899 წელს ეპისკოპოსმა კირიონმა აწყურის თეთრი გიორგის მონასტერში იგი ბერად აღკვეცა და სახელად ზენონი უწოდა, ღმერთშემოსილი ასურელი მამის, ზენონ იყალთოელის სახელზე. ერთ თვეში იგი თბილისში გააგზავნა, სადაც დიაკვნად აკურთხეს. მამა ზენონი მცირე ხნით დავით-გარეჯში და იოანე ნათლისმცემლის მონასტრებში მსახურობდა მთავარდიაკვნად. 1901 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და ალავერდის მონასტერში დაინიშნა. იმავე წელს მიენდო ძალზე საპასუხისმგებლო მოვალეობა – იკონომოსობა, რომელიც ალავერდის საგანძურის დაცვასა და ზედამხედველობას ავალდებულებდა. გადიოდა წლები. ბერული ცხოვრება ყოველდღიურ წირვა-ლოცვასა და მორჩილებაში მიედინებოდა. მამა ზენონი შეძლებისდაგვარად ზრუნავდა მონასტერზეც. 1905 წელს ბერ მალაქიასთან (წიკლაური, შემდგომში იღუმენი, დახვრიტეს 1937 წლის რეპრესიების დროს) ერთად გაამშვენეს მონასტრის ეზო ხეხილით. გალავნის გარეთ ორ ადგილას ვენახი ჰქონდათ გაშენებული, ორასი ძირი ხეხილი ალვის ხეებით იყო შემოსაზღვრული. მოგვიანებით ეს ბაღი კოლექტივიზაციას შეეწირა. 1909 წელს მამა ზენონის თაოსნობით გაიყვანეს სასმელი წყალი, მილებით არა მხოლოდ მონასტრისთვის, არამედ სოფელ ალავერდის მოსახლეობისთვისაც. I მსოფლიო ომის დაწყებისთანავე საშიშროების გამო, მამა ზენონმა ალავერდის მონასტრის საგანძური, საძმოს დახმარებით, წმიდა იოსებ ალავერდელის საფლავის უკან, თაღში დააწყობინა და ორივე მხრიდან საიმედოდ ამოაშენებინა. 1921 წელს საქართველოში კომუნისტური რეჟიმის ძალადობით დამყარების შემდეგ ეკლესია-მონასტრები უნუგეშო მდგომარეობაში აღმოჩნდა. ძლიერ შეავიწროეს ალავერდის ეპარქია და მისი იმდროინდელი მღვდელმთავარი პიროსი (ოქროპირიძე), ხოლო მღვდელმონაზონი ზენონი უსაფუძვლო ბრალდებით თელავის ციხეში ჩასვეს, სადაც იმ დროს მრავლად იყვნენ - დატუსაღებული კახეთის ინტელიგენციისა და თავად-აზნაურობის წარმო- მადგენელნი. სამი თვის პატიმრობისა და ტანჯვა-წამების შემდეგ გადაწყდა მათი დახვრეტა. განაჩენით ისინი უნდა დაეხვრიტათ გიგოს გორაზე. მეორე ღამეს, როდესაც 100 პატიმარი თოკებით გადაბმული გორაზე მიჰყავდათ დასახვრეტათ, მამა ზენონს მოულოდნელად ერთი პოლიციელი ცხენოსანი მიუახლოვდა, რომელმაც ჩუმად ხანჯლით თოკები გადაუჭრა. იგი მიხვდა, რომ ვიღაცამ იზრუნა მისი გადარჩენისთვის და მაშინვე ხრამში გადაეშვა. შემდგომში იგი ასე იხსენებდა ამ ამბავს: „ისეთი გახარებული გადავეშვი ხრამში, რომ იმ წუთას არც კი მიფიქრია, ცოცხალი ამოვიდოდი იქიდან თუ დასახიჩრებული. ოღონდაც იმ საზარელ გორაზე დახვრეტას გადავრჩენილიყავიო“. მისი გადამრჩენელი იყო ცნობილი ფოტოგრაფის როინიშვილის ძმისშვილი, ვასილი, რომელიც მამა ზენონთან მეგობრობდა და დიდ პატივს სცემდა მას, როგორც გამორჩეულ მოღვაწესა და სასულიერო პირს. იგი კვლავ ალავერდში დაბრუნდა და გააგრძელა ღვთისმსახურება და მასზე დაკისრებული მოვალეობა. 1922 წელს ალავერდის მონასტერში დასვენებული წმ. გიორგის ოქროს ხატი გაძარცვეს. თვალ-მარგალიტი და შეწირულობა მთლიანად იყო მოგლეჯილი და წაღებული. მილიციამ, ტაძრის წინამძღვარ მღვდელმონაზონ ზენონ სუმბაძეს ბოროტმოქმედებთან თანამზრახველობაში დასდო ბრალი, რადგანაც ტაძრის გასაღები მასთან ინახებოდა. ბერი თელავის კომისარიატში წაიყვანეს და ოთხი დღე-ღამის განმავლობაში საპყრობილეში ამყოფეს, მეხუთე დღეს მისდა გასაკვირად გაათავისუფლეს. მამა ზენონი მაშინვე პიროს ეპისკოპოსის სანახავად გაეშურა, მაგრამ გზაზე მეტად შემაშფოთებელი პროცესია იხილა. ოცი შეიარაღებული საბჭოთა მილიციელი შვიდ ფაეტონს უკან მიჰყვებოდა და თან დატუსაღებული მღვდელთმთავარი მოჰყავდა. მათ მამა ზენონსაც გაყოლა უბრძანეს. ალავერდის ტაძარში მისულებს საშინელი ვითარება დახვდათ, საგანძურის სამალავის კედელი გამოენგრიათ და სიწმიდეებს იქვე მაგიდაზე ახარისხებდნენ. ამ პროცესს თბილისიდან ჩამოსულ `პარტიულ ხელმძღვანელთა გარდა მიმდებარე სოფელთა კოლექტივის თავჯდომარეებიც ესწრებოდნენ. შემდგომში მთელი ეს საგანძური თელავში გადაიტანეს და მეორე დღეს ეპისკოპოსს პიროსს მოსთხოვეს ხელი მოეწერა ამ სიწმიდეთა სახელმწიფოსათვის გადაცემის აქტზე, რაზეც ალავერდელი მღვდელთმთავრისაგან მტკიცე უარი მიიღეს.
37-2 საპატრიარქოს უწყებანი N37 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2005წ გვ.27
მღვდელმონაზონი ზენონი (სუმბაძე) (1869-1963) (დასასრული)
ალავერდის სიწმიდეები თბილისში გადააგზავნეს, ხოლო ეპისკოპოსი პიროსი ჯერ კომკავშირელებს აცემინეს, შემდეგ კი სისხლიანი და დასახიჩრებული კიბის ქვეშ დაამწყვდიეს, რის შედეგადაც ამბა ალავერდელი პიროსი, პატრიოტი და უაღრესად განათლებული პიროვნება, შეურაცხყოფილი და ნაგვემი კიბის ქვეშ აღესრულა. (საქართველოს ეკლესიაში იგი პირველი მღდელთმთავარი იყო, რომელიც კომუნისტების ხელით საჯაროდ იქნა მოკლული ქრისტეს სარწმუნოებისა და ეკლესიის ერთგულებისათვის.) ალავერდის მონასტრის ბერებს ყველაფერი ჩამოართვეს, ზოგი მოკლეს, ზოგიც დააპატიმრეს. მიუხედავად მრავალი ტანჯვისა და დევნა-შევიწროებისა მღვდელმონაზონი ზენონი მაინც აგრძელებდა მღვდელმსახურებას ალავერდის საკათედრო ტაძარში. მოსახლეობასა და სამღვდელოებაში ძალზე დიდი იყო მისი გავლენა და ავტორიტეტი. სამღვდელოების წარმომადგენელნი ამბობდენ: „თუ მამა ზენონი ანაფორას არ იხდის და უშიშრად აგრძელებს ღვთისმსახურებას, არც ჩვენ დავანებებთ თავს ეკლესიაში მსახურებას და მღვდლობასო“. ეს კარგად იცოდნენ სახელმწიფოს წარმომად-გენლებმა და ყველანაირად ცდილობდნენ მამა ზენონის იზოლირებას. ამ ამბიდან დიდი ხანი არ იყო გასული, რომ ერთი პოლიციელი მიუგზავნეს შესაშინებლად. მან მამა ზენონი ტაძრიდან გამოიყვანა, ხალხის თანდასწრებით რევოლვერი მიადო მაღალ სკუფიაზე და მოკვლით ემუქრებოდა. ბერს სიმშვიდე არ დარღვევია, მხოლოდ ელოდა, თუ რას მოიმოქმედებდა იგი. გაისროლა მოხდა და ტყვიამ ქუდში გაიარა. მამა ზენონმა მშვიდად მოიხადა ქუდი და მარჯვე მსროლელს ამ სიტყვებით მიმართა: „შენს ასაკში იოსებ ბესარიონოვიჩი უკეთესად ისროდაო“ და ასე გაშორდა გაოგნებულ და სახტად დარჩენილ პოლიციელს. მრავალი ზეწოლის შედეგად 1925 წელს იგი იძულებული გახდა, მაინც დაეტოვებინა ალავერდის მონასტერი და დასახლებულიყო იქვე ახლო სოფელში, სადაც ერთმა ღვთისნიერმა ხელოსანმა შეიფარა, რომელსაც კრამიტის გამოწვაში ეხმარებოდა. მის მაგივრად ალავერდის მონასტერი ჩააბარეს შიომღვიმედან გადმოყვანილ მღვდელმონაზონ სტეფანეს (გიგოლაშვილი). შვიდი წლის შემდეგ მამა ზენონი სოფელ ალავერდიდანაც განდევნეს; მან თავი სოფელ ხოდაშენს შეაფარა. II მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ მამა ზენონს უფლის გამოცხადებით ეუწყა, დაბრუნებოდა მონასტრულ ცხოვრებასა და ღვთისმსახურებას. 1948 წელს იგი თხოვნით ჩავიდა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატესთან (ცინცაძე), რათა ჩაერიცხა რომელიმე მონასტრის კრებულში. კათოლიკოს-პატრიარქმა დიდი სიხარულით მიიღო მამა ზენონი. იგი გაგზავნეს თეთრი გიორგის მონასტერში. 1950 წელს მამა ზენონი თავისივე თხოვნის საფუძველზე გადაიყვანეს - ალავერდის მონასტერში. 1950-იანი წლების ბოლოს კათოლიკოს-პატრიარქმა მელქისედეკ III (ფხალაძე), მამა ზენონი ეკლესიაში ხანგრძლივი და ერთგული სამსახურისათვის დააჯილდოვა ოქროს ჯვრით და მიანიჭა იღუმენის ხარისხი. მამა ზენონი გარდაიცვალა 1963 წელს, 94 წლის ასაკში. აი, ასეთი ჭირთა თმენით განვლო მღვდელმონაზონმა ზენონმა თავისი ხანგრძლივი ცხოვრება, რომელშიც საქართველოს ეკლესიის იმდროინდელი ცხოვრებაც აირეკლა. მამა ზენონზე მოგონებების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მის შვილობილს, მიხეილ კუკუნაშვილს
ფოტოები მოგვაწოდა ნიკოლოზ სუმბაძემ