ნესტორ მაჭარაშვილი დაიბადა გორის მაზრის სოფელ ალში, სოფელ ზემო ჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვრის ოჯახში. წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია.
მე-19 საუკუნის 80-იან წლებში ნესტორი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მღვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. კურთხევისთანავე ახალგაზრდა მოძღვარმა აქტიური სასულიერო მოღვაწეობა გააჩაღა.
1890 წელს მამა ნესტორი ეკლესიაში ერთგული სამსახურისთვის საგვერდულით დააჯილდოვეს.
1891 წელს მთაწმინდაზე, მამადავითის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს.
1892 წელს სკუფია უბოძეს.
1893 წელს თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიასთან არსებულ გერმანულ სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა.
1897 წელს მამა ნესტორმა დააარსა საკვირაო საქალებო სკოლა, რომელიც მამადავითის სამრევლო სკოლის დარბაზში განთავსდა. საგნების სწავლება მამა ნესტორმა თავად ითავა. ამ საქმეში მას დახმარება აღუთქვეს წმ. ნინოს სასაწავლებლის მასწავლებლებმა და თავადის ქალმა ელენე ციციშვილმა-ბარათაშვილისამ, შემდგომში, სამთავროს მონასტრის წინამძღვარმა იღუმენია ნინომ. სკოლის გახსნისას მამა ნესტორმა პარაკლისი გადაიხადა და შეკრებილ საზოგადოებას საკვირაო სკოლის დადებითი მნიშვნელობა განუმარტა.
1899 წელს მამა ნესტორს კამოლავკა ეწყალობა.
1899 წელს მთაწმინდაზე, დიმიტრი ყიფიანის საფლავზე ძეგლი აკურთხეს. შეკრებილი იყო თბილისის თვალსაჩინო საზოგადოება. ტაძარში წირვა შეასრულეს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) და ალავერდის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი). ქადაგება წარმოსთქვა მამა ნესტორმა.
1901 წელს მამა ნესტორი თბილისის მაზრის მე-7 ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს.
1903 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს.
1906 წლის აღდგომის დღესასწაულზე წმ. ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა.
დიდი ღვაწლი მიუძღვის მამა ნესტორს ფუნიკულიორის მშენებლობაში. 1905 წლის 27 მარტს, დილის 10 საათზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ფუნიკულიორის კომპლექსი. ზეიმს ესწრებოდა მთელი თბილისის საზოგადოება. სიტყვა წარმოსთქვა მამადავითის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა ნესტორ მაჭარაშვილმა. მან მადლობა გადაუხადა მშენებლებს და ინიციატორებს კარგი საქმის ბოლომდე მიყვანისათვის, გაჭრა ცისფერი ლენტი და გზა გახსნილად გამოაცხადა.
მამა ნესტორი გახლდათ მრავალი წიგნისა და სტატიის ავტორი. მისი ნაშრომი „Житие преподовнаго Давида Гареджийского и Мтацминдская Святаго Давида церковь вь гор. Тифлись”, 1904 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა და ხალხში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.
მაჭარაშვილი მამადავითის ეკლესიის მოძღვარი 1907წ.
1908 წელს მამა ნესტორს დეკანოზის წოდება მიენიჭა.
1912 წლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
1915 წელს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს.
დეკანოზი ნესტორი, როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიის დელეგატი, ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მე-3 და მე-4 საეკლესიო კრებებს.
1917 წლიდან, დეკანოზი ნესტორი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩართული საზოგადოების მუშაობაში.
1922 წელს დეკანოზი ქალაქ თბილისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა და ენქერით დაჯილდოვდა.
დეკანოზ ნესტორის მეუღლე გახლდათ ეკატერინე ბარნოვი (ვასილ ბარნოვის და) და მათ ჰყავდათ შვიდი შვილი: თამარი, დავითი, ელენე, კონსტანტინე, არჩილი, ვასილი და ლეო.
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დეკანოზ ნესტორის ცხოვრება ტრაგიკულად წარიმართა. ხელისუფლებამ სამღვდელოება კანონგარეშე გამოაცხადა და დიდად შეავიწროვა. ისიც კომუნისტების მსხვერპლი გახდა.
მეუღლესთან ზინობია ბერიძესთან ერთად, ფოტო მოგვაწოდა მამანა ქუთათელაძემ
1931 წელს, ადამიანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და ეკლესიას მიუძღვნა, შვილთან და სიძესთან ერთად დააპატიმრეს და დახვრიტეს.
ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-)
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
1915 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი
1912 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
1906 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
1903 - სამკერდე ოქროს ჯვარი
ბიბლიოგრაფია
"საპატრიარქოს უწყებანი" : გიორგი მაჩურიშვილი. - თბილისი, საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრის ყოველკვირეული გამოცემა, 2011. - N19, გვ. 17-20
საპატრიარქოს უწყებანი N18 12-19მაისი 2011წ გვ17
დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი
ქართულ საისტორიო საბუთებში მაჭარაშვილთა გვარი XVI საუკუნიდან გვხვდება. 1588 წელს აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოსი ნიკოლოზი ერთ-ერთ წყალობის სიგელში იხსენიებს სოფელ ბარაუნში მოსახლე გლეხ მაჭარაშვილებს. XVII საუკუნიდან ეს გვარი ზემო იმერეთში ჩანს. ადრევე დაწყებულა იმერელ მაჭარაშვილთა დამკვიდრება შიდა ქართლში. ერთი ვერსიის თანახმად, აგიაშვილის გვარის წარმომადგენელი გადასახლებულა კორბოულში, შეურთავს მაჭარაშვილის ქალი და გვარიც გამოუცვლია. მათ შეეძინათ ერთი ვაჟი სვიმონი, რომელიც სასულიერო პირი გახდა. იგი XIX ს-ის დასაწყისში რუსეთში წაჰყვა საქართველოდან გაგზავნილ ერთ-ერთ უფლისწულს კარის ეკლესიის მოძღვრად. სამშობლოში დაბრუნებული ერთი პერიოდი თბილისში, კუკიაზე დასახლებულა, შემდეგ კი -– შიდა ქართლში, სოფელ ალში დაფუძნებულა, სადაც მისი მოთავეობით დაწყებულა ალის წმინდა თომა მოციქულა ლის სახელობის ეკლესიის მშენებლობა. მამა სვიმონს ჰყავდა ორი ვაჟი: სპირიდონი და იოსები (იოსებს შთამომავალი არ დარჩენია). სპირიდონმა, მამის ლოცვა-კურთხევით, სასულიერო გზა აირჩია. მას ცოლად ჰყავდა ორჯონიკიძის ქალი. შეეძინათ 8 შვილი: სარდიონი; მღვდელი ნიკოლოზი (დუმაცხოვის წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, გარდაიცვალა 1904 წლის 5 მარტს); მღვდელი დომენტი (გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამღვდელმთავრო “ სახლის ეკონომოსი, 1894 წლის 23 იანვარს გავიდა პენსიაზე); პელაგია (პელო); დეკანოზი გრიგოლი (ფოთის წმინდა ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, გარდაიცვალა 1902 წლის 16 სექტემბერს); ეკატერინე (მეუღლე ზურაბ მურმანიშვილი), ნინო, მღვდელი სვიმონი
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 12-19მაისი 2011წ გვ18
დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი (გაგრძელება)
მამა სპირიდონმა დაასრულა მამამისის მიერ დაწყებული ეკლესიის მშენებლობა და 1812 წლიდან ამავე ტაძრის წინამძღვრად იხსენიება. მამა სპირიდონი 1858 წლის 1 აპრილს გარდაიცვალა... მღვდელი სვიმონი XIX საუკუნის 40-იან წლების დასაწყისიდან სოფელ დუმაცხოვოს ეკლესიაში მოღვაწეობდა. ჰყავდა მეუღლე -–– გვერწითელის ქალი. მათ ცხრა შვილი ჰყავდათ: პელაგია (პელო), მაიკო, აღათი, დეკანოზი ნესტორი, დუსია, ტატიანა, გიორგი, სვიმონი და სანდრო. მღვდელი სვიმონი წლების განმავლობაში ერთგულად და ნაყოფიერად ემსახურებოდა დედაეკლესიას გორის ეპარქიის სხვადასხვა სოფლებში. 1849 წლის 25 ოქტომბერს იგი გორის მაზრის ერთ-ერთი ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. ბოლოს ზემო ჭალის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიას წინამძღვრობდა. იგი აქვე აღესრულა 1868 წლის 26 ნოემბერს. ნესტორ მაჭარაშვილმა წარჩინებით დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია. დაქორწინდა ეკატერინე ბარნოვზე (ვასილ ბარნოვის და). ჰყავდათ შვიდი შვილი: თამარი, დავითი, ელენე, კონსტანტინე, არჩილი, ვასილი და ლეო. XIX საუკუნის 80-იან წლების მიწურულს ნესტორი ჯერ დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი მლვდლად დაასხეს ხელი და კუკიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში დანიშნეს. კურთხევისთანავე ახალგაზრდა და ენერგიულმა მოძღვარმა აქტიური სასულიერო მოღვაწეობა გააჩაღა. 1888 წლის 27 ნოემბერს, მამა ანტონ თოთიბაძესთან ერთად, საკვირაო წირვის შემდეგ მოიწვია სამრევლო კრება, სადაც განიხილეს სამრევლო სამზრუჩნველოს დაარსების საკითხი, რომელიც გაჭირვებულ და ღატაკ მრევლს გაუმართავდა ხელს. წირვაზე გალობდა ქართული გუნდი, რომლის ლოტბარი ნესტორ კონტრიძე იყო. წირვის შემდეგ მამა ნესტორმა მრევლს ამ სამზრუნველოს მნიშვნელობა და სარგებლობა განუმარტა. შეადგინეს წესდება, აირჩიეს მისი წევრები. თავმჯდომარედ ერთხმად დასახელდა დიმიტრი ბაქრაძე, ხოლო საქმისმწარმოებლად -– მამა ანტონ თოთიბაძე. ოქმი დასამტკიცებლად წარუდგინეს მის მაღალყოვლადუსამღვდე- ლოესობას, საქართველოს ეგზარქოს პალადის (რაევი), რომელმაც მოიწონა და დაამტკიცა ეს კეთილშობილური წამოწყება. 1890 წელს მამა ნესტორი ეკლესიაში ერთგული სამსახურისათვის საგვერდულით დააჯილდოვეს. 1891 წლის 14 ნოემბერს მღვდელი ნესტორი მთაწმინდაზე, მამა დავითის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1892 წელს მისი ინიციატივითა და მრევლის შემოწირულებით დაარსდა უფასო საჩაიე, სადაც ყოველ ხუთშაბათს მშიერ და უპოვარ ადამიანებს აპურებდნენ. 1892 წლის 7 ივნისს სკუფია უბოძეს. 1893 წლის აპრილში თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიასთან არსებულ გერმანულ სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა. 1897 წლის 21 სექტემბერს აარსებს საკვირაო საქალებო სკოლას, რომელიც მამა დავითის სამრევლო სკოლის დარბაზში განთავსდა. სკოლაში სიარულისა და სწავლის სურვილი იმავე დღეს გამოაცხადა 25 ქალმა, მათ შორის, ერთი იყო 40 წლის, ხოლო მეორე - გათხოვილი, 25 წლის, დანარჩეჩნი კი - 10- 17 წლისანი. საგნების სწავლება მამა ნესტორმა ითავა, ამ საქმეში დახმარება აღუთქვეს წმინდა ნინოს სასწავლებლის მასწავლებლებმაც: თავადის ქალმა ლ. თარხანმოურავმა, შიოშვილმა, სტეპნინამ და ჯაიანმა. ასევე მასწავლებელმა, თავადის ქალმა ელენე ციციშვილმა-ბარათაშვილისამ (შემდგომში, სამთავროს მონასტრის წინამძღვარი - იღუმენია ნინო). სკოლის გახსნისას მამა ნესტორმა გადაიხადა პარაკლისი და შეკრებილ საზოგადოებას განუმარტა საკვირაო სკოლის დადებითი მნიშვნელობა. 1899 წლის 6 მაისს მამა ნესტორს კამილავკა ეწყალობა. 1899 წლის 24 ოქტომბერს მთაწმინდაზე, დიმიტრი ყიფიანის საფლავზე, შეიკრიბა ქართული საზოგადოება. ტაძარში წირვა შეასრულეს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) და ალავერდის ეპისკოპოსმა კირიონმა (საძაგლიშვილი), მრავალრიცხოვან სამღვდელოებასთან ერთად. ამავე დღეს საფლავზე იკურთხა ძეგლი, სადაც ქადაგება მამა ნესტორმა წარმოთქვა: „მოიხსენიეთ წინამძღვარნი თქვენი და ჰბაძევდით მათ“ ყოვლადსახიერი, ქვეყნიერების გამგე და მზრუნველი ზეციერი მამა, უფალი ღმერთი ჩვენი ქვეყნიერების, ანუ ამა თუ იმ კუთხეს ქვეყანას, ანუ რომელსამე ერს უვლინებს, თუ ხშირად არა, დროგამოშვებით მაინც, ზეგარდამო მადლით ცხებულთ, რომელთა სიტყვა, საქმე და ღვაწლი ამხნევებს ჩაგრულთა და წამებულთა დღიურ ცხოვრების ვარამით, და რომელნიც საზოგადოდ ხდებიან თვის მოძმეთა კეთილ გზის მაჩვენებელ ვარსკვლავად და ქვეყნის წარმატებისა და კეთილდღეობის საფუძვლად. მათში იხატება ეროვნული ნიჭი და კეთილნი თვისებანი. ისინი ჰქმნიან თავისს მოღვაწებითა და მოქმედებით ერის ბრწყინვალე ისტორიას. მრავალწამებული ჩვენი სამშობლო იმთავითვე არ იყო მოკლებული ასეთს დიდბუნებოვანს გვამებს, რომელნიც გაბედულად და თავგანწირვით ემსახურებოდნენ თავისს მამულს, იცავდნენ დროშას ქრისტეს სარწმუნოებისას და თვისის ეროვნებისას. თუ საქართველომ თვისი ღვიძლი მშობლიური ენა და მართლმადიდებელი სჯული დღემდის დაიცვა და თუ დღეს კიდევ ქართველი ქართველობს, ეს შედეგია ამგვარ გვამთა მოღვაწეობისა, მათის თავგანწირულის და დაუდგრომელის შრომა-უნარისა. ამნაირი მადლიანი გვამნი ჩვენში ყოველს წოდებას მოუცია, გარნა დღის აქ მოვიხსენიოთ ერთი ძვირფასი, ჩვენის მამულ... წარჩინებული მოღვაწე და მოსიყვარულე, რომლის მოხსენებისა და პატივისცემის გამოცხადებისათვის შეკრებილია დღეს ეს წარჩინებულნი საქართველოს ძენი და ასულნი. გამოვტყდები გულწრფელად და ვაღიარებ, რომ მე არ ძალმიძს განსვენებულის ჩვენის მამულიშვილის უკვდავის მოღვაწის - დიმიტრი ივანეს ძის ღვაწლისა და კეთილთვისებათა დასურათება და აღწერა. ვიტყვი მხოლოდ, რომ იშვიათად დაიბადება იმგვარი თვისის სამშობლოს მოსიყვარულე და მშრომელი და გულითა და სულით მოწადინე თვისის მამულის წარმატებისა, როგორიც იყო განსვენებული. მართალია, სამშობლოს სიყვარული თანდაყოლილი ბუნებრივი კეთილშობილური გრძნობაა კაცისა, მაგრამ, სამწუხაროდ, ხშირად უმეტეს ნაწილს ეს საღმრთო გრძნობა უჩლუნგდება და ხანდახან სრულიად ეხშობა, ცხოვრების ქარცეცხლი, ღელვა და მრავალი სხვა დაბრკოლება ლუკმაპურის შოვნის გამო ბევრს სრულიად ავიწყებინებს
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N18 12-19მაისი 2011წ გვ19
დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი (გაგრძელება)
ამ გრძნობას და მხოლოდ კერძო ინტერესებიღა ამოქმედებს. განსვენებულს დიმიტრი ივანეს ძეს კი ამ წმინდა გრძნობისათვის.არ უღალატნია ახალგაზრდობიდგან დაწყებული სამარის კარამდე. ყოველ მოქმედებაში, ყოველ ცხოვრების ასპარეზზე და სამსახურში,
საზოგადო ყოფილა იგი თუ კერძო, განსვენებულს არსად არ შეულახავს ეს წმინდა გრძნობა. თავის საკუთარი ინტერესი ყოველთვის უკან ჰქონდა დაყენებული და სულ იმასა სცდილობდა, ჩემის მოქმედებითა და საქციელით არ შევარცხვინო ქართველის კაცის სახელიო. ერთხელ რუსეთში სამსახურის დროს გუბერნიის უფროსმა შენიშვნა მისცა: უზრდელად მოპყრობიხარ საგუბერნიო მმართველობის საბჭოს წევრსაო და სალამი არ მიგიციაო. მან უპასუხა, მე ქართველი გახლავართ, ყველაფერი შეგიძლიანთ მიაწეროთ ქართველს კაცს, მაგრამ უზრდელობას კი ვერ დასწამებთო. თუმცა განსვენებულს დიდი და წარჩინებული თანამდებობანი ეჭირა სამსახურში, საქმე ძალიან ბევრიჰქონდა, მაგრამ თავისს სამსახურშიაც მუყაითი აღმასრულებელი იყო თავისის მოვალეობისა, ასე რომ, უფროსები ყოველთვის დიდი მადლიერნი იყვნენ მისი და მეგობრული განწყობილება ჰქონდათ მასთან თვით მთავარმართებელსაც კი, მაგრამ, ამასთანავე, განსვენებული დიდად თვალ-ყურს ადევნებდა ჩვენს საზოგადო ცხოვრებას და სცდილობდა მისს წინსვლისათვის ხელი შეეწყო. ყოველი საზოგადო საქმე, რომელიც კი მაშინ დაიწყო, სულ განსვენებულის დიმიტრის თაოსნობით იყო: მისის წყალობით ქართულმა თეატრმა ფეხი აიდგა, მისის წყალობითა და შრომით ქართული ჟურნალი გამოდიოდა, მან მოამზადა მთელი რთული საქმე საქართველოში ბატონყმობის გადავარდნისა, მან მისცა პირველი აზრი ფულის გადადებისა ბანკისათვის და კიდეც მოიყვანა სისრულეში ეს საქმე და სხვადასხვა.
ისე კარგად და ყოველგან იყო მაღალ საზოგადოებაში მიღებული განსვენებული, რომ ადვილად შეეძლო გართობილიყო და სრულიად დაევიწყებინა საზოგადო საქმეები თავის სამშობლოს კეთილწარმატებისა და კეთილდღეობისა, მაგრამ ვერაფერმა დროს გატარებამ და გართობამ ვერ დაავიწყებინა ზრუნვა თავისს სამშობლოს კეთილდღეობისათვის. ერთის სიტყვით, განსვენებულს ახალგაზრდობიდგან ღრმა მოხუცებამდე და ღრმა მოხუცობიდგან სამარის კარამდე შრომა და მამულისათვის თავდადება არ დაუზოგია. ჭეშმარიტად სამაგალითო სიყვარული ჰქონდა განსვენებულს სამშობლოსი, რომელიც არა მხოლოდ სიტყვით გაიძახოდა, არამედ ყოველ თვისის მოქმედებითა და მოღვაწეობით ამტკიცებდა. უკვდავია ჭეშმარიტად ამნაირი ერთგული და თავდადებული მამულისშვილი თვისის ქვეყნისათვის. მისთა უმცროს მოძმეთა, მისდა მიმართ ღრმა პატივისცემისა და სიყვარულის ნიშნად, აღუგეს
მას ხელთქმნილი ძეგლი, რომელიც მარად უნდა გვაგონებდეს იმისს სამშობლოსათვის გაწეულს დაუვიწყარს ღვაწლსა და სამსახურს. მაგრამ უფრო სანეტარო და სასიამოვნო იქმნება მისს ნეტარ სულისთვის, თუ ჩვენ მისს უმცროს მოძმეთ და შვილთ გულში გვექმნება ჩანერგული და მარად გვეხსომება მისი სამაგალითო სიყვარული და ღვაწლი სამშობლოს წინაშე და იმას საქმით მივბაძავთ. ეს ბევრად უკეთესი სახსოვარი იქმნება, სასიამოვნო მისის სულისა და სასარგებლო ჩვენის ქვეყნისათვის. ზეციერო მამაო, განუსვენე მისს მაშვრალს სულს მართალთა თანა და ჩვენ მოგვეც ძალი, სიმტკიცე, სიმხნე და წარმატება სიკეთესა შინა“. 1901 წლის 23 იანვარს მამა ნესტორი თბილისის მაზრის VI ოლქის მთავარხუცესის თანაშემწედ აირჩიეს. 1903 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1906 წლის აღდგომას წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ეწყალობა. დიდი წვლილი მიუძღვის მამა ნესტორს ფუნიკულიორის მშენებლობაში. 1905 წლის 24 თებერვალს კომისიამ ნება დართო მას ექსპლუატაციაზე, მშენებლობა კი უფრო ადრე, 1903 წლის სექტემბერში დაწყო. პროექტის ავტორი ა. ბლაში, ხოლო არქიტექტორი ა. შამკოვიჩი (რუსთაველის თეატრის, კონსერვატორიის, სასამართლოს შენობების ავტორი) იყო. 1905 წლის 27 მარტს, დილის 10 საათზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა ფუნიკულიორის კომპლექსი. ზეიმს ესწრებოდა თბილისის მთელი საზოგადოება. სიტყვა წარმოთქვა მამადავითის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმა ნესტორ მაჭარაშვილმა. მან მადლობა გადაუხდა მშენებლებს და ინიციატორებს კარგი საქმის ბოლომდე მიყვანისათვის, გაჭრა ცისფერი ლენტი და გზა გახსნილად გამოაცხადა. დეკანოზი ნესტორი იყო მრავალი წიგნის და სტატიის ავტორი. მისი ნაშრომი „........... “, 1904 წელს ექვთიმე ხელაძის სტამბაში დაიბეჭდა და დიდი პოპულარობით სარგებლობდა ხალხში. 1908 წლის 15 მაისს მამა ნესტორს დეკანოზის წოდება მიენიჭა. 1912 წლის აღდგომას წმინდა ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა, ხოლო 1915 წლის 6 მაისს წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი უბოძეს. როგორც მცხეთა-თბილისის ეპარქიის დელეგატი, დეკანოზი ნესტორი ესწრებოდა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის "I და IV საეკლესიო კრებებს. 1922 წელს ქალაქ თბილისის ეკლესიების მთავარხუცესად დაინიშნა და ენქერით დაჯილდოვდა.
საპატრიარქოს უწყებანი N14 7-13 აპრილი 2011წ გვ.20
დეკანოზი ნესტორ მაჭარაშვილი (დასასრული)
დასაწყისი: საპატრიარქოს უწყებანი N18 12-19მაისი 2011წ გვ17
საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დეკანოზ ნესტორის ცხოვრებაც ტრაგიკულად წარიმართა. ხელისუფლებამ სამღვდელოება კანონგარეშედ გამოაცხადა და დიდად შეავიწროვა. იგივე ბედი ეწია მამა ნესტორის ოჯახსაც. ოჯახზე თავდატეხილ ისტორიას დიდი გულისტკივილით იხსენებდა მისი აწ განსვენებული შვილიშვილი, ბატონი თენგიზ მაჭარაშვილი: „1931 წელს დიდი უბედურება დაგვატყდა თავს. პაპაჩემი, მამაჩემი და სიძე - კოლია სულიკაშვილი (მამიდაჩემ თამარის მეუღლე) ერთ დღეს დააპატიმრეს და დახვრიტეს, როგორც ხალხის მტრები. მოახდინეს ქონების მთლიანი კონფისკაცია. მამა დავითის სახლი მთლიანად ჩამოგვართვეს (ამ სახლში ერთხანს ი. ჭავჭავაძის მუზეუმი იყო, შემდეგ დაანგრიეს). ჩვენ ჩამოგვართვეს დიდი ოთახი, თავისი ავეჯით და დაგვიტოვეს 10 მ. პატარა ოთახი. დიდი ოთახი (48 მ.) „ენკავედეს“ დაქვემდებარებაში დატოვეს. ამ ოთახით ვინც სარგებლობდა, საპირფარეშოში რომ გასულიყო, ჩვენს ოთახზე უნდა გაევლო. ამიტომ ამ უხერხულობის გამო, დიდი ოთახის მდგმურები ხშირად იცვლებოდნენ, იყვნენ მძიმე ასატანები, მაგრამ ერთმა ოჯახმა გაგვაგიჟა, უშვილო ცოლ-ქმარნი იყვნენ, ორივე „კაგებეს“ გამომძიებლები, არ ერიდებოდათ არაფრის, ღამით მოყავდათ სტუმრები, ქეიფობდნენ, ჩვენს ოთახზე გადიოდნენ მთვრალები, საშინელი სურათი იხატებოდა. ქალი აუტანელი იყო, გვაშინებდა, პისტოლეტს ჩვენს ოთახში შლიდა და აწყობდა, დედაჩემი ემუდარებოდა, ცოტა თავი შეეკავებინა და ლმობიერად მოქცეულიყო, მაგრამ ის პირიქით აკეთებდა, უფრო გვამწარებდა, ცხოვრება აუტანელი ხდებოდა. ერთ დღეს დედაჩემი შევიდა იმ ქალთან, დასვა მაგიდასთან, ამოიღო ნემსი და უთხრა: ეს ნემსი უნდა გიჩხვლიტო, მინდა გავიგო იქნება სხვა ფერის სისხლი გიჩქეფს ძარღვებში, ან ის გავიგო, რითი მჯობიხარ, ან ვინ მოგცა უფლება, ასე რომ გვამცირებ, ღმერთის არ გეშინია? პატარა პაუზის შემდეგ ვაშაკიძის ქალმა უშვერი სიტყვები იხმარა, ხელი მოკიდა და კარისკენ ჰკრა, დედაჩემს არ შეშინებია, კარებთან მოტრიალდა და დასწყევლა, სწყევლიდა გამართული ენით, დინჯად და გარკვევით, ქალი ადგილზე გაშეშდა, ცოტა შეყოყმანდა და სიცილი დაიწყო, დედამ კი მიაძახა, ხვალ შენ სასაცილოდ საქმე არ გექნებაო, გამოვიდა ოთახიდან და კარი მაგრად მოაჯახუნა, ჩვენ დაგვაწყნარა და გვითხრა: ეგ ქალი თქვენ აღარ შეგაწუხებთო. რამდენიმე დღე ეს ქალი აღარ გამოჩენილა, ერთი კვირის შემდეგ წყნარად მოგვიკაკუნა და გვითხრა, დედა რომ მოვა, ჩემთან შემოვიდესო. დედას გაუკვირდა, ნეტა რა ჯანდაბა უნდაო და შევიდა, ქალი საწოლში იწვა და ქვითინებდა, დედაჩემის დანახვაზე წამოდგომა სცადა, მაგრამ ვერ შეძლო, მოთქმით ბოდიშს იხდიდა -- თურმე დაწყევლის მესამე დღეს ქმარი დაუპატიმრეს და ორ დღეში დაუხვრიტეს. ყველა შეცდომაზე ბოდიშს იხდიდა, ადამიანურად გვექცეოდა, ყველა თავის მოქმედებაზე რჩევას დედაჩემისაგან იღებდა. ჩვენი ბინიდან წასვლის წინ ერთი კარგი საქმეც გაგვიკეთა. შემდეგ მდგმურს, „კაგებეს“ თანამშრომელს, უთხრა - ეს ოთახი არის იზოლირებული და საპირფარეშოთი ეზოთი ვსარგებლობდიო. ამ დღიდან ჩვენი ოთახი „პრახადნოი“ აღარ იყო. ბოლო მდგმური, რომელიც ჩვენი ოთახით სარგებლობდა იყო ძველი ფეხბურთელი, დათიკო ცომაია, თავისი რუსი მეუღლით“. როგორც ამ მონათხრობიდან ირკვევა მამა ნესტორი კომუნისტების მსხვერპლი გახდა. 1931 წელს იგი დააპატიმრეს და შვილთან და სიძესთან ერთად დახვრიტეს. მან მთელი თავისი ცხოვრება სამშობლოსა და ეკლესიას მიუძღვნა. მისი სახით, კიდევ ერთი მფარველი და მლოცველი შეუერთდა ზეციურ მხედრობას. მასალა და მოგონებები მოგვაწოდა მამა ნესტორის შთამომავალმა, ბატონმა ოთარ მაჭარაშვილმა.