არქიმანდრიტი შიო, ერისკაცობაში - სუმო (სიმონი) ქვილითაია, 1865 წელს სამეგრელოში, სენაკის მაზრის სოფელ ნაესაკოვოში, კეთილმორწმუნე გლეხის ოჯახში დაიბადა. ყრმა სიმონი მშობლებმა აღსაზრდელად მარტვილის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერთან არსებულ სასწავლებელში მიაბარეს, სადაც მან ი მოღვაწე ბერებისგან ქრისტიანული ცხოვრებისა და მსახურების შემხედვარეს მასაც გაუჩნდა სურვილი ბერად შედგომისა.
1902 წელს სიმონი ბერად აღიკვეცა და ღირსი მამის შიო მღვიმელის საპატივცემლოდ სახელად შიო ეწოდა. 1903 წლის 21 ნოემბერს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ დიაკვნად აკურთხა, მეორე დღეს კი მღვდლად დაასხა ხელი და შიომღვიმის მონასტრის კეთილმოწესედ დაადგინა. 1909 წლის 2 თებერვალს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდე ოქროპირიძემ მარტვილის მონასტერში გადაიყვანა.
1914 წლის 4 იანვარს მოულოდნელად გარდაიცვალა ხობის მონასტრის იღუმენი დიმიტრი (პარკაია), რის შედეგადაც საქართველო-იმერეთის სინოდარული კანტორის 10 მარტის ბრძანებით, მონასტრის წინამძღვრად მღვდელ-მონაზონი შიო დაინიშნა და 29 მაისს იღუმენის წოდება მიენიჭა.
იღუმენი შიო დიდ ყურადღებას აქცევდა ქვრივ-ობლებს და გაჭირვებულებს. მონასტერთან არსებულ დაწყებით სკოლაში იგი მოსწავლეებს წერა-კითხვას, წმინდა წერილს, კატეხიზმოს, გალობასა და საეკლესიო ტიპიკონს ასწავლიდა. სამეგრელოში მცხოვრები (ნოჯიხევში ლ.ღ.) საშა არჩაია თავისი მამის მონაყოლს ასე იხსენებს: „მე ბავშვობაში ცელქი ვიყავიო, რის გამოც პედაგოგებისგან საყვედურსა და წყრომას ვიმსახურებდი. ჩემი ცუდი საქციელი რამდენჯერმე მოახსენეს არქიმანდრიტ შიოს, მან კი ხელი თავზე გადამისვა და ასეთი რამ სთქვა ყველას გასაგონად: ეს ეხლა ცუდად იქცევა, მაგრამ მომავალში ამისგან კაცი დადგებაო“. აქედან ჩანს მამა შიოს სწორი პედაგოგიური ხედვა. უპირველეს ყოვლისა, ის პატარებში პიროვნების აღზრდას ცდილობდა და შემდგომ ამა თუ იმ საგნის ცოდნას. გარშემო მყოფთათვის უდიდესი მაგალითის მიმცემი თავად არქიმანდრიტი შიო იყო.
1916 წელს ვინმე „ნაბადანალის“ ფსევდონიმით მამა შიოს მოღვაწეობის შესახებ გაზეთ „სამშობლოს“ ფურცლებზე წერდა: „ სოფელ ხობის ძველთა მამათა მონასტერს დღემდე არ მოვლინებია ისეთი წინამძღვარი, როგორიც დღეს არის ეს ჩვენი შრომისმოყვარე შიო. ეს კურთხეული და ცხონებული ბერი, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსის ლეონიდე მიერ იქმნა გადმოყვანილი ხობის მამათა მონასტერში იღუმენად სოფელ მარტვილის მონასტრიდან 1915 წელს. ბერი ყოვლად პატიოსანი, შრომისა და ოფლის მოყვარე; მას არასოდეს სცალიან, მისი მოცლა და მოსვენება ღვთის წირვა და ლოცვაა, დანარჩენ სხვა დროს იგი ანდომებს მუშაობას: მუდამ ხელში უჭირავს თოხი, ბარი, ნიჩაბი და კირკა, ათასნაირ ნერგს და სხვადასხვა მის მიერ ნამუშევარს ნახავთ მონასტერში. ყოველი მიმავალი მოგვითხრობს მამა შიოს შესახებ. ვუსურვებთ ხანგრძლივ სიცოცხლეს დაუღალავი შრომისთვის“.
1917 წლის 3-4 სექტემბერს იღუმენი შიო ხობის მონასტრის საძმოს წევრ, ამა ალექსისთან (მირცხულავა) ერთად ესწრებოდა თბილისში შეკრებილ ბერმონაზონთა შეკრებას, სადაც განიხილებოდა საქართველოს მონასტრებში იმ დროს არსებული პრობლემები და სხვადასხვა საკითხები. იღუმენი შიო ასევე ესწრებოდა 1921 წლის 1-5 აგვისტოს გელათში ჩატარებულ მესამე საეკლესიო კრებას, როგორც ჭყონდიდის ეპარქიის დელეგატი. სავარაუდოდ მას 1918 წელს არქიმანდრიტის წოდება მიანიჭეს.
არქიმანდრიტ შიოს საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში მოუწია ხობის მონასტრის წინამძღვრობა. დაიწყო ეკლესია-მონასტრების ადმინისტრაციული წესით დახურვა და იქ მყოფი სასულიერო პირების დევნა. ამ დროს საქართველოში დაიკეტა 600-ზე მეტი ეკლესია-მონასტერი. უღმერთო ხელისუფლება ჩქარობდა იქ არსებული ძვირფასი ხატების, ოქრო-ვერცხლის ნაკეთობების, ისტორიული მნიშვნელობის მქონე ნივთების მითვისებას, რათა ისინი პირადი კეთილდღეობისთვის მოეხმარათ.
მამა შიოს უკიდურესად რთულ პირობებში უხდებოდა მონასტრის მზრუნველობა და დაცვა. 1922 წლის 10 მარტს ის დახმარებას სთხოვს ჭყონდიდელ ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე):
„დღევანდელი მონასტრის მდგომარეობა აუტანელია. კარგად რომ დავაკვირდეთ, საცრემლო მდგომარეობაზეა მიდგომილი. ადგილ-მამული, რომლითაც ის თავს ინახავდა ჩამოხდილია, შემოსავალი წყაროები დახურულია, ქარისგან სახურავი ამძვრალია. თავშიშველი უნუგეშოდ ცას შევყურებ. არა აქვს არავითარი სახსარი, თავი გადაიხუროს და დაიცვას მასთან სიდიადე-სიბრწყინვალე ძვირფას ნახატ-სურათებისა და სხვა განძეულობისა, რომელიც მას აბარია და მით ამაყობს, და თუ ამ მოკლე დროის განმავლობაში არ იქნა დახმარება, ამ ძვირფას მონასტერს უეჭველად მოელის ჩანგრევა და გაფუჭება. ამისთვის უმორჩილესად მოვივლტი თქვენს წინაშე მუხლმოყრილი, აღძრათ შუამდგომლობა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის წინაშე, ასეთი ძვირფასი ძველთა უძველესი მამათა მონასტერი ხობისა, იქნეს მის მხედველობაში და მიეცეს ჯეროვანი დახმარება“.
სამწუხაროდ, იმ პერიოდში ხობის მონასტრისთვის არავის ეცალა. 1923 წელს მიღებული დადგენილების საფუძველზე დახურული ეკლესიების მთელი ქონება ადგილობრივი კომიტეტების განკარგულებაში გადავიდა. ზოგიერთი ნაწილი, რომელსაც ისტორიული მნიშვნელობა მიენიჭა, სახალხო განათლების მუზეუმს გადაეცა, დანარჩენი კი მოხმარდა ადგილობრივ გლეხობას. საგაზეთო პუბლიკაციებში ხობის მონასტრის დახურვის შესახებ ვკითხულობთ:
„1923 წელს, აპრილის მეორე ნახევრის პირველ დღეებში, ხობის მონასტრის დაკეტვის საკითხის განსახილველად აქ თავი მოუყრიათ ხუთ ირგვლივ მდებარე სოფლის მცხოვრებლებს. შეკრებილთა ნაწილი მომხრე ყოფილა მონასტრის დაკეტვისა, ნაწილი კი - არა. პარტიის წარმომადგენლის „განმარტების“ შემდგომ, ხალხს „ერთხმად გადაუწყვეტია“ მონასტრის დაკეტვა, რომლის შემდეგ შესდგომიან ხატების ჩამოლაგებას“.
1923 წლის 23 აპრილს შედგენილი ოქმის მიხედვით, ზუგდიდის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის როგავას წერილის შესაბამისად, ხობის მილიციის უფროს ტ. კვარაცხელიას მამა შიოსგან ჩაუბარებია მონასტრის ნივთები, მონასტერი დაუკეტია და კლიტე თვითონ წაუღია. კომუნისტები ფიზიკური და ფსიქოლოგიური წნეხით ცდილობენ გაეტეხათ სასულიერო პირები, რათა მათ ღვთისმსახურებასა და ქრისტიანული წესების შესრულებაზე უარი ეთქვათ.
1923 წლის 5-6 სიძველეთა დაცვის კომისიამ, გ. ჩუბინიშვილისა და ა. ჭანტურიას შემადგენლობით, ხობის მონასტრის დათვალიერების შემდეგ „მიიღორა მხედველობაში ხსენებული მონასტრის დიდი ისტორიული მნიშვნელობა მხარის ისტორიისა და კულტურისათვის“, საჭიროდ ცნო აღეძრა შუამდგომლობა სიძველეთა დაცვის კომიტეტის წინაშე, რათა „მონასტერში მცხოვრებნი, რომლების მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი მუშაობით ცხოვრობენ და როგორც გამოირკვა, ადგილობრივ მცხოვრებლებს საგრძნობ დახმარებას უჩენენ, დატოვებულ იქნა სავანეში და გადაეცათ მათ კლიტე მონასტრისა, რათა იგი მოვლილ იქნეს ჰიგიენურად“.
კომისიამ სთხოვა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ მონასტრის კლიტე წინამძღვრისათვის გადაეცათ, რაც მათ გაუთვალისწინებიათ. ბერები დაუტოვებიათ მონასტერში, მაგრამ მათთვის წირვის ნება არ მიუციათ. არქიმანდრიტი შიო 1923 წლის 16 ნოემბერს ა. ჭანტურიას წერდა, რომ აქ ცხოვრობს რვა ბერი, მოხუცებულნი და ავადმყოფნი, ისინი დიდი ხანია მონასტერში იმყოფებიან, შეეჩვივნენ წირვას და ახლა წირვა რომ აუკრძალეს, ძალიან დამწუხრებულნი არიან. წინამძღვარი ითხოვს, - უშუამდგომლონ მთავრობის წინაშე და „უშოვნონ ნება წირვისა“, მაგრამ ეს თხოვნა არ დაკმაყოფილებულა. შემდგომ წლებში ხობის მონასტერს ჩამოერთვა მთელი ქონება, სახნავ- სათესი მიწები, რამაც ბერებს ყოველგვარი საარსებო წყარო მოუჭრა.
1925 წლის ივლისში ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა სვიმეონმა (ჭელიძე) ხელახლა აკურთხა ხობის მონასტრის ტაძარი, როგორც სამრევლო ეკლესია, რადგან მთავრობის ბრძანების საფუძველზე მას არ ჰქონდა უფლება იქ ბერმონაზვნები განემწესებინა. მან ეკლესიაში თეთრი სამღვდელოების წარმომადგენლები დანიშნა. ამის გამო, არქიმანდრიტი შიო და მონასტრის ბერები იძულებული გახდნენ ახლომდებარე სოფლებში გასულიყვნენ საეკლესიო წესების შესასრულებლად, რატა მცირეოდენი საზრდო და არსებობის საშუალება მოეპოვებინათ. ამას კი თეთრი სამღვდელოების მხრიდან დიდი უკმაყოფილება მოჰყვა. რამდენი მათგანი ეპისკოპოს სვიმეონთან უჩივლა მამა შიოს. აი, რას ვკითხულობთ მეუფე სვიმეონის მიერ საკათალიკოსო საბჭოში გაგზავნილ წერილში:
„წარმოვადგენ, რა თხოვნას დეკანოზ ნესტორ სასანიასას, შესახებ ხობის ყოფილი მონასტრის ბერების უწესო საქციელისა. ამასთანავე, პატივი მაქვს მოვახსენო საკათალიკოსო საბჭოს, რომ ჩემს მიერ მიღებულია ზომები ქვედა ბიის მაცხოვრის ეკლესიის განახლებისა და მოხდენილია ოფიციალური განკარგულება, რომ ბერები სხვა სამრევლოებში ეპარქიის მთავრობის ნებადაურთველად არ ერეოდნენ. წინასწარ გაფრთხილებდით, რომ ასეთ უწესობისა გამო სასტიკად დაისჯებიან, რაც სისრულეში იქნება მოყვანილი პირველ შემთხვევაშივე სასტიკის სიმკაცრით - 1926 წლის 5 აპრილი“.
ამდენმა შეურაცხოფამ, დარდმა და ტკივილმა სიცოცხლე მოუსწრაფა მცხოვან არქიმანდრიტს. მცირედი ავადმყოფობის შემდგომ, 1929 წლის 3 მარტს (ძვ. სტილით 20 თებერვალი) იგი გარდაიცვალა. ხობის მონასტრის საძმომ ამ მეტად საჭირო დროს დაობლება მტკივნეულად განიცადა. მამა შიოს გასვენებას ბევრი ხალხი არ დასწრებია, შიშით ვერ ბედავდნენ მისვლას. მონასტრის კეთილმოწესე და შემდგომი წინამზღვარი, იღუმენი ალექსი (მირცხულავა) წინამძღვრის ცხედართან თურმე ბავშვივით ქვითინებდა. დაკრძალვის შესახებ მან წერილით აცნობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს ქრისტეფორეს (ციცქიშვილი):
„უწმინდესსა და უნეტარეს პატრიარქ ქრისტეფორეს.
ვითხოვთ თქვენგან შენდობას და ვეანბორებით თქვენ წმიდა მარჯვენას მუხლმოდრეკით. გარდა ამისა, იმედია ამ მცირე ბარათის მიღებისთანავე ჩვენც მოგაგონდედით. ჩვენ დიდად მწუხარებაში ვართ. ხობის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი შიო გარდაიცვალა 20 თებერვალს, ძველით, თავის დროზე უნდა გვეცნობებია, მარა ჩემ ავადმყოფობამ ქნა და აწი გთხოვთ მუხლმოდრეკითა და სიმდაბლით, თქვენი წმიდა წირვა აღირსოთ მამა შიოს; მეორმოცე დღეა 31 მარტს, ძველით. აწი მეტი რაღა გაწყენიოთ. მარადის თქვენი მომხსენებელი, იღუმენი ალექსი ხობიდან. 1929 წლის 22 მარტი“.
არქიმანდრიტ შიოს ცხედარი მონასტრის ძმობამ ხობის მონასტრის სამრეკლოში დაკრძალა.
წყარო: გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, N8, 23-29 თებერვალი, 2012 წელი.
გაზეთის ელექტრონული ვერსიის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებ ბატონ კონსტანტინე ალიბეგაშვილს.