გიორგი V – (გიორგი-მალაქია, აბაშიძე გიორგი 15.10.1722), იმერეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე და იმერეთის გამგებელი 1701 წლიდან. იგი მალაქიას სახელით ბერად იყო შემდგარი. ო. სოსელიას აზრით, გიორგის ბერად აღკვეცის მიზეზი უნდა ყოფილიყო იმ „ავი საქმის“ მონანიება, რომლებიც მან 1658-1676 წწ. ჩაიდინა. ამ ხანებში აბაშიძეებს შორის დიდი მტრობა იყო ჩამოვარდნილი სწორედ გიორგი-მალაქიას გამო, რომელმაც მოკლა სახლიკაცის, პაატა აბაშიძის მამა და „ბევრი ავი საქმე ქნა“. მტრობა დიდხანს გაგრძელდა „სულა იმერელნი და ქართველნი შუა ჩამოვიდნენ“, მაგრამ აბაშიძეების შერიგება ვერ მოხერხდა. ურთიერთ შუღლი შეწყდა მხოლოდ ქართლის მეფე ვახტანგ V-ის შუამავლობით.
რამდენი ხანი გრძელდებოდა გიორგი-მალაქიას ბერული ცხოვრება უცნობია. XVII ს. ბოლოდან იგი აქტიურად არის ჩაბმული იმერეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში, თავისი ასული თამარი ცოლად შერთო იმერთა მეფე ალექსანდრე IV-ს, რომლის წინააღმდეგაც შემდეგ შეთქმულება მოაწყო და ტახტიდან გადააგდო. ამის შემდეგ გიორგი-მალაქიამ თავისი ასული იმერეთში გამეფებულ გიორგი IV-ს (გოჩიას) მიათხოვა და სამეფოს ფაქტობრივად თვითონ მართავდა. ვახუშტი ბაგრატიონის თქმით, „ხოლო ესე გიორგი (გიორგი IV) – იყო უმსგავსო ყოვლითურთ და შეუგუანი მეფობისა, უზნეო, გამოუცდელი ... არამედ მართვიდა აბაშიძე გიორგი და თაობდა ყოველთა იმერთა ზედა, მორჩილებდნენ დადიანი, გურიელი და წარჩინებულნი“. გიორგი-მალაქიამ გააშორა თავისი ასული გიორგი IV-ს და მეფე არჩილს შესთავაზა შვილიც და ტახტიც, მაგრამ იმხანად არ ინება გამეფება არჩილმა „ვინაითგან უწყოდა მცირეს ჟამის მეფობად, რამეთუ არღარა იყო პირმტკიცობა“, თუმცა მოგვიანებით ისევ აბაშიძის და სხვა იმერელ დიდებულთა თხოვნით „შთამოვიდა და დაიპყრა იმერეთი“. 1639 წ. არჩილმა საბოლოოდ დატოვა იმერეთი და რუსეთს წავიდა. იმერეთში ჯერ სიმონი მეფობდა, შემდეგ მამია გურიელი.
1701 წ. გიორგი-მალაქია იმერეთის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ვახუშტის მიხედვით, „მთავრობდა აბაშიძე და განეგებოდა მის მიერ ყოველი იმერეთი“. მისი მმართველობის დროს იმერეთში წესრიგი დამყარდა, „ვითარ განდიდნა აბაშიძე და არღარა ეგოდენ მორჩილებდა ფაშასა და არცაღა აქუნდა ქრთამნი ეგოდენნი იმერეთისგან დაამშვიდა აბაშიძემ იმერეთი ჴდომა-ოჴრებათაგან ფრიად, რამეთუ ვერვინ იკადრებდა პარვად რისამედ, კუალად ვერცაღავინ იკადრებდა განყიდვად ტყჳსა თჳნიერ მისსა“.
იმერეთის ფეოდალთა ნაწილს არ მოსწონდა აბაშიძის ესოდენი განდიდება, ოსმალთა დახმარებით გაამეფეს ალექსანდრე IV-ის ძე გიორგი, რომელმაც 1707 წ. დაამარცხა გიორგი-მალაქია ეს უკანასკნელი 1711 წ. ქართლს გადავიდა ვახტანგ VI-თან და იქვე გარდაიცვალა. გიორგი-მალაქია ქართლიდან იმერეთს გადმოასვენეს და დაკრძალეს კაცხის საგვარეულო ტაძარში.
გიორგი-მალაქია ცნობილი იყო კულტურულ-სააღმშენებლო მოღვაწეობით, მისი განკარგულებითა და „საფასით“ გადაიწერა არაერთი ხელნაწერი, „შეიმკო“ და მოიჭედა რამდენიმე ხატი და ჯვარი. მისივე სახსრებით 1700 წ. განახლდა „პატრიარქის აბრაჰამის“ მონასტერი იერუსალიმში. მას ლექსის წერაც ემარჯვებოდა. 1705 წ. გარეჯის მონასტრისადმი მის მიერ შეწირული გულანის პირველ გვერდზე ჩაწერილია მისივე ლექსი, რომელიც ეხება ხელნაწერის მონასტრისადმი მიძღვნას და ავტორის საქმიანობას.
გიორგი-მალაქიას სიძე (ასულის – მარიამის მეუღლე) იყო დიდი ისტორიკოს-გეოგრაფოსი, ბატონიშვილი ვახუშტი.
ზ. აბაშიძე
წყაროები და ლიტერატურა
ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც.: ტ. 4, თბ., 1973.
სოსელია ო., ნარკვევები ფეოდალური ხანის დასავლეთ საქართველოს სოციალურ-პოლიტიკური ისტორიიდან, თბ., 1973.
წყარო
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია