ბესარიონ შიოს ძე გორგაძემ, მამა ბასილის მამამ, ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა. იგი 1847 წელს დავით მიტროპოლიტმა აკურთხა. მოღვაწეობდა სოფელ ქვედა ილემის (ზესტაფონის რაიონი) ეკლესიის მღვდლად, სადაც 1886 წლამდე მღვდელმსახურებას ეწეოდა. ბესარიონ გორგაძე მეტად ნიჭიერი და განათლებული მღვდელი იყო. ჟურნალ „მწყემსის“ 1899 წელს დაბეჭდილ ნეკროლოგში აღნიშნულია: „მისი ცხოვრება არ წარმოადგენდა უზარმაზარს, დიდებულ კოცონს, ის უფრო პატარა წმინდა სანთელს წააგავდა, მაგრამ არც ისე პატარას, რომ მისი შუქი უმნიშვნელოდ დარჩენილიყო ჩვენი ერის ცხოვრება-ში... განსვენებულს მეტად უქებდნენ სახარების კითხვას, ტიბიკონისა და საეკლესიო წესების ცოდნას, ამ მხრივ მთელ ეპარქიაში მას მგონი ორიც ვერ აჯობებდა“. აღსანიშნავია მღვდელ ბესარიონ გორგაძის ღვაწლი ხალხის სწავლა-განათლების საქმეში. სოფელ საქარიქედში 1862 წელს და სოფელ ილემში 1885 წელს საკუთარ სახლში გახსნა სამრევლო სკოლა, სადაც მასწავლებლად თავისი უმცროსი ვაჟი ჰყავდა. მღვდელ ბესარიონს არამცირედი ღვაწლი მიუძღვის ეკლესიის წინაშე „სამაგალითო მედავითნეების აღზრდაში“...მამა ბესარიონ გორგაძეს სამი ვაჟი და სამი ქალი ჰყავდა. სამივე ვაჟმა დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი, შემდგომ უფროსმა ვაჟმა რომანოზმა სემინარია, მომდევნომ ანთიმოზმა კი აკადემია, ქალები სასულიერო პირებს მიათხოვა. უფროსი ვაჟი რომანოზი (ისტორიკოსის და ენათმეცნიერის სერგი გორგაძის მამა) მღვდელმსახურებას ეწეოდა სოფელ კვალითში, ანთიმოზი (ცნობილი მხატვარ-მოქანდაკის ალიკო (ანთიმოზ) გორგაძის ბაბუა) ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის პედაგოგი იყო, ხოლო უმცროსი ვაჟი-ბასილი, რომელმაც 1882 წელს დაამთავრა სასულიერო სასწავლებელი, სოფელ ილემში, მამისეულ სახლში დარჩა და იქ ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. თავისივე ხარჯებით ჩამოყალიბებულ ორკლასიან სკოლაში. ბასილი მთავარდიაკვნად იკურთხა 1890 წლის 7 ივნისს, ხოლო 1892 წელს მღვდლად აკურთხა წმინდა მღვდელმთავარმა გაბრიელმა სოფელ ლაშეში, სადაც 1907 წლამდე მსახურობდა, ამის შემდგომ ზედა ილემის ღვთისმშობლის ეკლესიაში, სოფელ ბორში და სოფელ იგორეთში 1923 წლამდე ეწეოდა მღვდელმსახურებას. ახალგაზრდა ბასილს გაბრიელ ეპისკოპოსი მშობლიური მზრუნველობით ეპყრობოდა და ყოველთვის გულთბილად ღებულობდა. მღვდელი ბასილ გორგაძე საფუძვლიანად ერკვეოდა ქართული მწერლობის და ქართველი ერის ისტორიაში. კარგად იცოდა რუსული ენა, იცნობდა ევროპულ და რუსულ ლიტერატურას. ჰქონდა კარგი საოჯახო ბიბლიოთეკა. ის ფერწერითაც ყოფილა გატაცებული. თავისუფალ დროს ხატავდა პორტრეტებს, ქართული ეროვნული დღესასწაულების სურათებს. მის მიერ შესრულებული მამის ბესარიონის პორტრეტი, დღემდე არსებობს. დაკარგულია მოზრდილი ტილო „ნათ-ლისღება“, რომელიც ქუთაისის საკათედრო ტაძრისთვის ყოფილა შეძენილი, 2002 წელს სოფელ ილემში მისი ოჯახიდან მოიპარეს მის მიერ შესრულებული შოთა რუსთაველის პორტრეტიც. მღვდელი ბასილ გორგაძე დაქორწინდა 1890 წელს. ცოლად ჰყავდა ჭიათურის რაიონის სოფელ ჭილოვანიდან მღვდელ ალექსი ტყემალაძის ქალიშვილი მარიამ (მაიკო) ალექსის ასული ტყემალაძე.
მაიკომ აღზრდა მონასტერში მიიღო. თავისი დროის მიხედვით განათლებული ადამიანი ყოფილა. კარგად იცოდა ქართული ლიტერატურა და ხალხური შემოქმედება. ზეპირად იცოდა ბევრი ხალხური ლექსი და ზღაპარი, რასაც თავისუფალ დროს მოუთხრობდა შვილებს. ყოფილა სნეულებასა და გასაჭირში მყოფ ადამიანთა დამხმარე (მარიამის დის შვილია პოეტი მუხრან მაჭავარიანი). მღვდელ - ბასილ გორგაძის ოჯახი გამოირჩეოდა პატიოსნებით და შრომისმოყვარეობით. მის მრავალშვილიან ოჯახში (6 ვაჟი და 1 ქალი) მუდამ საქმიანი ატმოსფერო სუფევდა. ადვილი არ იყო შვიდი შვილის აღზრდა, მაგრამ შვილები ბეჯი-თობდნენ, წარმატებით სწავლობდნენ და შემდგომში ჩვენი ქვეყნის თვალსაჩინო მოღვაწენი გახდნენ. უფროსმა ვაჟმა გრიგოლ გორგაძემ წარმატებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია, ხოლო შემდეგ კიევის კომერციული ინსტიტუტი, ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხით. პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა ფოთის ვაჟთა და ქალთა გიმნაზიაში, ასწავლიდა ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას, ხოლო 1920 წლიდან აჭარაში, ბათუმში დამკვიდრდა, აქაც ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, იყო ბევრი კულტურულ საგანმანათლებლო დაწესებულების დამაარსებელი, სახელმძღვანელოების თანაავტორი, ჟურნალისტი, მწერალი. სამწუხაროდ, 44 წლის ასაკში 1937 წელს პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლი გახდა; ვასო გორგაძე გახლდათ პოეტი, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე; ალექსანდრე გორგაძე კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, წლების მანძილზე კითხულობდა ისტორიის სწავლების მეთოდიკას, უმცროსი ვაჟი ოთარ გორგაძე - რესპუბლიკის დამსახურებული ექიმი გახდა, რესპუბლიკის მნიშვნელობის პერსონალური პენსიონერი, ომის ვეტერანი, სამედიცინო სამსახურის გადამდგარი პოლკოვნიკი; დანარჩენი შვილები ასევე წარმატებით საქმიანობდნენ სხვადასხვა სფეროში. მღვდელი ბასილ გორგაძე _ მოხუცებულობის ასაკშიც ენერგიული იყო, კარგად იცოდა სოფლის მეურნეობა. მისი შვილიშ- ვილი იზა გორგაძე იხსენებს, რომ ბაბუა რელიგიური დღესასწაულების დღეს _ იმოსებოდა სა-ეკლესიო ტანსაცმლით და თბილი, სასიამოვნო ხმით კითხულობდა სახარებას, რომელიც მას 1931 წ. 10 თებერვალს სოფელ ბორის ეკლესიიდან გადმოუტანია (რაც მის მიერ სახარების ყდაზეც არის აღნიშნული). მოხუცს ძალიან უყვარდა ჟურნალ-გაზეთების კითხვა, წერდა დღიურებს, ბავშვებს - შვილიშვილებს ხშირად უყვებოდა ზღაპრებს და ასწავლიდა საბავშვო ლექსებს. მღვდელი ბასილ ბესარიონის ძე გორგაძე 1949 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მეუღლე მარიამ ალექსის ასული ტყემალაძე-გორგაძე კი 1954 წელს 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.