სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11811

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
შიოშვილი ლავრენტი ქრისტესიას ძე 1893-1919წწ მღვდელი მოღვ. სოფ. მუქო, დუშეთი. ხევსურეთი შიოშვილი ლავრენტი ქრისტესიას ძე 1893-1919წწ მღვდელი მოღვ. სოფ. მუქო, დუშეთი. ხევსურეთი

1893-1919 წწ. გარდ. 26 წლის

ბმულის კოპირება



გვარი შიოშვილი სია

დუშეთი გამოჩენილი ადამიანები სრული სია

449       ბეჭდვა

შიოშვილი ლავრენტი ქრისტესიას ძე 1893-1919წწ მღვდელი მოღვ. სოფ. მუქო, დუშეთი. ხევსურეთი

26 წლის მამა ლავრენტი მხეცურად გამოასალმეს სიცოცხლეს...

ეს ორი სახელი რამდენიმე წლის წინ სრულიად შემთხვევით ვიპოვე, როდესაც საქართველოს მთაში მოღვაწე მამათა შესახებ მატიანეს გადავხედე...

მართალია, ბევრი ვერაფერი (დღემდე ვერც მის ნათესავებსა და ვერც ამ ამბის თანამონაწილეს მივაგენი), მაგრამ მცირედი მაინც შევიტყვე ერთ მართლაც მადლიან და საოცარ კაცზე - მუქოელ მღვდელ მამა ლავრენტი შიოშვილსა და მის არანაკლებ ვაჟკაც მამაზე...


მამა ლავრენტი კომუნისტების გამოჩენამდე ხევსურებით დასახლებულ სოფელ მუქოს სულიერი მწყემსი ყოფილა. მამამისი, ისიც მღვდელი, მართალი და მადლიანი მამა ქრისტესია, 1919 წლისთვის შატილს გადაუყვანიათ, მის ადგილას კი, სოფლის სურვილითვე, მღვდლად მისივე ვაჟისთვის, მანამდე მედავითნის, ლავრენტი შიოშვილისთვის დაუსხამთ ხელი...

ბოროტის მზაკვრობას ხომ სამანი არა აქვს - არ გასულა ოთხი თვეც და ერთ ღამეს, 26 წლის ახალხელდასხმულ მამა ლავრენტისა და მის მეუღლეს, ვიღაც უღმერთომ საკუთარ სახლში მოუსწრაფა სიცოცხლე...

იმ შავ ღამეს მშობლებთან ერთად მათი ორი პატარა ვაჟი - ხუთი წლის ნიკოლოზი და სამი წლის გიორგიც ყოფილან, მაგრამ, ღვთის შეწევნით, მკვლელებს ბავშვები დაუნდვიათ...

ამ ამბის მომსწრე ჭარმაგი ხალხი ირწმუნებოდა, - ვინც მამა ლავრენტის უშუალოდ გამოსჭრა ყელი, სულ მოკლე ხანში, რამდენიმე წელიწადში დაბრმავდა და დარჩენილი ორმოცდაათი წელიწადი საშინელ ტანჯვაში განლიაო...

მამა ლავრენტი 1893 წელს დაბადებულა და თბილისის სასულიერო სემინარია დაუსრულებია, მღვდლობამდე მამასთან, მუქოში მოღვაწე მამა ქრისტესიასთან მედავითნედ უმსახურია...

თავად მამა ქრისტესია, როგორც გითხარით, მართალი და უშიშარი, თუმც კი ჩია ტანის ვაჟკაცი ყოფილა...

მუქოში მისი მსახურებისას იქაურობას ქისტები თურმე ხშირად აწუხებდნენ, - გადმოიპარებოდნენ შეგულებული ბილიკებით ხევსურეთის სოფელთა საძარცვად, მაგრამ მანამდე ჩუმად გაიკითხავდნენ - ის პატარა ტანის მღვდელი მანდა გყავთ, თუ ქალაქს არისო?!..

თუ სოფელში არ დახვდებოდათ, ნაკისრ ავკაცობას, როგორც სჩვეოდათ, ბოლომდე მიიყვანდნენ, თუ არა და ადგილიდან ფეხს არ იცვლიდნენ, სანამ მათი რისხვაც ადგილს არ იცვლიდა...

ერთხელაც ამდგარან და გადიდგულებულებს გაურისკავთ: - რაღა გაგვიხდა ეს ქრისტესია მღვდელი, იყოს მუქოს რა, ჩვენ მაინც ვერაფერი დაგვიჭერსო...

სოფელს რომ შესევიან, აუკეცია ანაფორის კალთები მამა ქრისტესიას, აუღია ხანჯალი და მდევართან ერთად გასდევნებია ურჯულოებს...

ამ ყოფაში რომ დაუნახავთ თავიანთი რისხვა, შეშინებულ ქისტებს იქვე დაუყრიათ ნაპარ-ნაძარცვი და უკანმოუხედავად მოუკურცხლავთ...

გაჰკიდებია მათი თავხედობით გულმოსული მამა ქრისტესიაც და სულ სიბრტყით, ჯოხივით უცია ხანჯალი ქისტების მხრებზე, იქამდე უდევნია, სანამ საიმათოს არ გადაუხიზნავს...

ის დღე ყოფილა და ის დღე, - სანამ მოძღვარს სული ედგა, ქისტებს აღარც გაუბედავთ იქაურთა შეწუხება...

მასალის მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ

ლუარსაბ ტოგონიძეს

სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა

საპატრიარქოს უწყებანი N37 27ოქტომბერი-2ნოემბერი 2005წ გვ.28

მღვდელი ლავრენტი შიოშვილი (1893-1919)

დაიბადა 1893 წელს მღვდლის ოჯახში. მამამისი ქრისტესია შიოშვილი მსახურობდა ხევსურეთში, სოფელ მუქოში. მამა ლავრენტი სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომლის დამთავრების შემდეგ განამწესეს მედავითნედ თავის მამასთან. 1919 წელს მამა ქრისტესია გადაყვანილ იქნა სოფელ შატილში, ხოლო მის ადგილზე სოფლის მცხოვრებთა თხოვნით, მღვდლად ხელდასხმულ იქნა მამა ლავრენტი. მან მხოლოდ ოთხი თვე იმსახურა მღვდლის ხარისხში. იმავე წელს ღამით თავისსავე სახლში მხეცურად იქნა მოკლული მეუღლესთან ერთად. დარჩათ ორი ვაჟი, 5 წლის ნიკოლოზი და 3 წლის გიორგი, რომლებიც იმ ღამეს სახლში იმყოფებოდნენ, თუმცა მკვლელებმა მათ ხელი არ ახლეს. მოხუცი ხალხის გადმოცემით, ერთ-ერთი მკვლელი, რომელმაც უშუალოდ გამოჭრა ყელი მამა ლავრენტის, მკვლელობიდან რამდენიმე წლის შემდეგ დაბრმავდა და მთელი 50 წელიწადი საშინელი წამებით იცხოვრა. შემორჩენილია მოგონება მამა ქრისტესიას ვაჟკაცობის შესახებ. იგი ყოფილა პატარა ტანის, თუმცა ძლიერ უშიშარი და დიდი ვაჟკაცი. მუქოში მსახურობის პერიოდში ქისტები ხშირად  ქურდულად გადმოიპარებოდნენ ხოლმე ხევსურეთის სოფლების გასაძარცვად, მაგრამ გადმოსვლის წინ ჯერ ჩუმად იკითხავდნენ, ის პატარა მღვდელი სოფელშია თუ ქალაქს არის წასულიო. როდესაც ნახავდნენ, რომ სოფელში იყო, მისი შიშით ვეღარ ბედავდნენ თავდასხმას. ერთხელ მაინც გაურისკიათ და ჩუმად დასხმიან სოფელს თავს. ეს რომ გაუგია მამა ქრისტესიას, აუკეცია ანაფორის კალთები, აუღია ხანჯალი და მდევართან ერთად გამოკიდებია ქისტებს. მათაც რომ დაუნახიათ მამა ქრისტესია, შეშინებულებს დაუგდიათ ნადავლი და გაქცეულან, მამაო უკან დაედევნა და სულ სიბრტყით სცემდა ხანჯალს გაქცეულ ქისტებს. იქამდე სდია, სანამ არ გადაიხვეწნენ. ამ ამბის შემდეგ მათ აღარც უცდიათ ხევსურების შეწუხება.


კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 08.02.2024
ბოლო რედაქტირება 30.08.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0