თინათინ ჩხვიმიანი, აფხაზეთიდან დევნილია. ის მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა და გაიზარდა, ჰყავს ოთხი ძმა და ორი და. ომის პერიოდში მისი ძმები წინა ხაზზე იბრძოდნენ, თვითონ ექთნის ექსტრემალური კურსები გაიარა და დაჭრილებს უვლიდა. თინათინი ყოველი საბრძოლო შეტევის შემდეგ გულის კანკალით ეცნობოდა გარდაცვლილთა სიებს და საავადმყოფოში თავის ძმებს ეძებდა. საბედნიეროდ, ყველანი ცოცხლები გადარჩნენ, თუმცა მისი ბიძაშვილები დაიღუპნენ.
“ომის დროს გავიცანი ჩემი მეუღლე, ისიც იბრძოდა. ჩემი მაზლი კი ჩვენი ბატალიონის მეთაური გახლდათ. სოხუმის დაცემის დღეს, 1993 წლის 27 სექტემბერს მთელ ოჯახს ქალაქის დატოვება მოგვიხდა. უღელტეხილზე 9 დღე-ღამის განმავლობაში ფეხით მოვდიოდით. გზაში უამრავი გარდაცვლილი გვხვდებოდა. 4 თვის ფეხმძიმე ვიყავი და ჩემთვის ამ ყველაფრის ხილვა მძიმე ასატანი იყო”,- გვიამბობს თინათინი.
1994 წლის 23 თებერვალს თინათინს ვაჟიშვილი შეეძინა. პატარა 4 თვის იყო, როდესაც საცხოვრებლად ქუთაისში გადავიდნენ. ბავშვს ბიძის სახელი, ნუგზარი დაარქვეს. ნუგზარ მილორავა ბავშვობიდან გამორჩეული, ღვთის მოშიში და კეთილშობილი ადამიანი იყო. მისი ხანმოკლე ცხოვრება სიკეთეს ემსახურებოდა.
“ნუგზართან კომფლიქტი არასდროს ჰქონიათ, ყველას თბილად ექცეოდა. მეგობრებს უნაწილებდა, რაც კი ჰქონდა. არ დამავიწყდება, ერთხელ მითხრა, გაჩერებაზე დამხვდი და თანხა გამომიტანე, 20 თეთრიო. არ ჩამოდიოდა ავტობუსიდან, რადგან რაც კი თანხა ჰქონდა, ყველა სხვას გადაუხადა და თავისთვის აღარ დარჩა. გავუჯავრდი, ჩამოდი, დედა რას გიზამენ, ახლა სად გამოვიდე? გამოდიო, დაჟინებით მთხოვდა. დაარტყა ერთი წრე, მეორე, მერე დამირეკა კიდევ ერთხელ და მითხრა, დედა რამდენი წრე უნდა დავარტყა ქალაქს, მოდი, მომიტანე თანხაო. არავის გულს არ ატკენდა, არ აწყენინებდა. მივედი გაჩერებაზე და მივეცი ეს 20 თეთრი. მძღოლის გაკვირვებული სახე არასდროს დამავიწყდება. ყოველთვის მახსენდება ხოლმე და მეღიმება. გახედა ნუგზარს და უთხრა, ამიტომ იჯექი, შვილო, მთელი დღე ჩემს ავტობუსშიო. ყოველი ეს წლები, რაც დაიბადა და იზრდებოდა, მეშინოდა, ვფიქრობდი, რატომაა ნეტა ასეთი კარგი, ყოველთვის მქონდა შიშის მომენტი”,- იხსენებს ნუგზარის დედა.
ნუგზარს ბერობის სურვილი მე-6 კლასიდან ჰქონდა. მე-10 კლასში უკურნებელი და იშვიათი დაავადება დაუდგინეს- ნეირო ენდოკრინული მერკელის ტიპის სიმსივნე.
“მეცხრე კლასი, რომ დაამთავრა, შევატყვე, სწავლას მოუკლო, რისთვისაც ვსაყვედურობდი. მეუბნებოდა, -დედა, არ შემიძლია, ძალაგამოცლილი ვარ, მალე ვიღლებიო. არადა, რა ვიცოდი, ბავშვს თურმე უკურნებელი სენი ჰქონდა, როდესაც დიაგნოზი დაუდგინდა და ონკოლოგიურში გაგვგზავნეს, მეკითხებოდა, რა მჭირსო?- სიმსივნე, ოღონდ კეთილთვისებიანი- ვპასუხობდი. ქიმიოთერაპია რომ დაუნიშნეს, მკითხა-თუ კეთილთვისებიანია, მაშინ „ქიმია“ რატომ უნდა გამიკეთონო? მოკლედ, ნელ-ნელა მივყავდი იმ აზრამდე, რომ მის უმძიმეს დაავადებას შევგუებოდი. ერთხელ ჩემი მეგობარი ონკოლოგი მის სანახავად მოვიდა. ნუგზარმა მას ჰკითხა: როდესაც პაციენტს ავთვისებიანი სიმსივნე უდგინდებათ, თუ ეუბნებით ამის შესახებო? ვერ ვეუბნები – მიუგო მან. ამის უფლება არ გაქვთ, უნდა უთხრათ, რადგან ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ სულის საცხონებელი დაავადება სჭირს და ამ სოფლიდან გასვლისთვის უნდა მოემზადოს, თუ პაციენებს ამას არ ეტყვით, მაშინ მოძღვარს აღსარებისას უთხარით, რომ ავადმყოფებს ატყუებთ და ეს ცოდვა მოინანიეთო. ჩემი მეგობარი ცუდად გახდა, იტირა…
ამის შემდეგ გადავწყვიტე, რომ მისთვის აღარაფერი დამემალა. როდესაც ჩვენ შორის არაფერი იყო დამალული, შენდობა მთხოვა – იმისთვის, რომ ჩემს გამო ასე დაიტანჯეო. ყოველ მეორე-მესამე დღეს სხეულზე ახალ წარმონაქმნს რომ პოულობდა, ამბობდა, თუ ღვთის წყალობა იქნება, ის როგორც გაჩნდა, ისევე გაქრებაო. მაგრამ ბოლოს ისიც იცოდა, რომ ეს არ მოხდებოდა და მამშვიდებდა, – რას იზამ, დედა ასეა, ამ ქვეყნიდან 17 წლის ასაკში უნდა გავიდეო. რაც არ უნდა ცუდი მომხდარიყო მის ირგვლივ, იქედანაც რაღაც კარგს გამოიტანდა. ავადმყოფობის პერიოდშიც მეუბნებოდა, რომ დედა რა კარგია, რომ მე ასე ცუდად ვარო. ვუთხარი, რატომ დედა როგორ შეიძლება ეს კარგი იყოს?.. დედა, მე რომ ახლა კარგად ვიყო, ჩვენ ამდენი ხანი ერთად ხომ არ ვიქნებოდით, ახლა 24 საათი ვართ ერთად. ჩემს გვერდით ხარო. მანამდე სულ მუშაობდი, მე ვსწავლობდი და აი, რამდენი ხანი გამოგვდიოდა ერთად ყოფნა, სულ რაღაც 2-3 საათი, ახლა კი სულ ერთად ვართო. აი, თავისი დაავადებიდანაც კი ბედნიერი და კმაყოფილი იყო”, -გვიყვება თინათინი.
ნუგზარი ონკოლოგიურში 15 თვე იწვა. პირველი “ქიმიის” შემდეგ საავადმყოფოდან გამოვიდა და ქუთაისში ჩავიდა. შუალედი 21 დღე ჰქონდა და იმ ხნის განმავლობაში არაერთი ეკლესია-მონასტერი მოილოცა. საავადმყოფოში მიბრუნებული იქედან ვეღარ გამოვიდა, რადგან სიარული აღარ შეეძლო, მეტასტაზები თითქმის ყველა ორგანოზე ჰქონდა მოდებული. ერთხელ მამას უთქვამს, ბავშვს ბერად აღკვეცა უნდოდა და თუ შეიძლება ვკითხოთ სასულიერო პირებს, იქნებ აღკვეცონო. მამამისისს ეს ნათქვამი ძალიან გახარებია, თურმე ღმერთს სულ იმას ევედრებოდა, შემაძლებინე, ბერობის ღირსი გავხდე და თუ შენი ნება იქნება, მანიშნეო. რაკი მამა მის ბერად აღკვეცაზე თანახმა იყო, ეს უფლის მინიშნებად მიიღო. ბერად მამა შალვა შენგელიამ აღკვეცა. მოძღვარმა მონასტრიდან შესამოსები და ტრაპეზის ხის ჯვარი მოუტანა, რომელიც მუდმივად ხელში ეჭირა. აღკვეცის შემდეგ მას ბერი ანდრია ეწოდა.
„გარდაცვალებისთვის მომამზადა და ის დროც დაგვიდგა, იმაზე გველაპარაკა, სად უნდა დაგვესაფლავებინა. ეს კი ნამდვილი შოკი იყო, რომ შვილს ამ თემაზე ველაპარაკებოდი. ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელი იყო, მის გარეშე როგორ უნდა მეცხოვრა. ერთხელ მკითხა- დედა, მერე რას იზამო? გული რომ არ მტკენოდა, გარდაცვალებას “მერედ” მოიხსენიებდა. „მერე“ არც წარმომიდგენია დედამიწაზე თუ იქნება ჩემი ადგილი – ვუპასუხე მე. მითხრა, დედა გული როგორ მატკინეო, შენ თუ მერე ვერ შეძელი ცხოვრება, მერე მე რა მეშველებაო, ამდენი ვიტანჯე, ძალიან გთხოვ, იქ რომ მაინც ვიპოვო სიმშვიდე, დამეხმარეო. ისეთი არაფერი გააკეთო, რომ იქაც სიმშვიდე დავკარგოო. ეშინოდა, რომ სასოწარკვეთილებაში ჩავვარდებოდი, ამიტომ ყოველი დღე მამზადებდა იმისთვის, თუ როგორ უნდა მეცხოვრა მის გარეშე. ერთხელ მითხრა -დედა, დედამიწაზე ჩვენ, ადამიანები ვერ დავრჩებით, უკვდავები არა ვართო, შენც მოხვალ იქ. მე და ჩემი მეუღლე ვცდილობთ, რომ ღვთის შეწევნით და წყალობით ბერი ანდრიას დანაბარები შევასრულოთ, რომ იქ მოვხდებით, სადაც ის არის. სანამ ეს დრო დადგება, კეთილი ადამიანების დახმარებით ვცდილობ, იმ ბავშვებთან ერთად თანაცხოვრებას, ვისაც მსგავსი დაავადება აქვს. ჩვენზე ისე იზრუნა, რომ ჩვენს ცხოვრებას, მისი წასვლის შემდეგ აზრი ჰქონოდა”,- გვიყვება ბერის დედა.
თინათინმა და მისმა მეუღლემ ბერი ანდრიას გარდაცვალების შემდეგ, მისი ანდერძის თანახმად, “ბერი ანდრიას ფონდი” დაარსეს, სადაც ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვებს ეხმარებიან. ბერი ადრიას მშობლები ამ ბავშვებისთვის ყველაფერს აკეთებენ.