სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 11134

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
წმიდანები
დიდმოწამე კონსტანტი-კახი, ქართველთა მთავარი (+852) ხსენება 10 (23) ნოემბერი. ქართლი.
ბმულის კოპირება

წმიდანები

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

326       ბეჭდვა

დიდმოწამე კონსტანტი-კახი, ქართველთა მთავარი (+852) ხსენება 10 (23) ნოემბერი. ქართლი.

წმიდა დიდმოწამე კონსტანტი დაიბადა დაახ. 767 წელს. იგი ქართლში ცხოვრობდა. ზეწოდება კახი კი მისი კახური წარმომავლობის გამო ეწოდა „მამულისა მის ქუეყანისა“.

დიდი სიმდიდრისა და ყოველგვარი ამქვეყნიური სიკეთის მფლობელს, არა მარტო საქართველოში და კავკასიაში, არამედ საბერძნეთის სამეფო კარზეც კარგად იცნობდნენ, როგორც ღვთისმოშიშსა და უაღრესად ქველმოქმედ ადამიანს.

ქრისტესმოყვარე მთავარი ყველაზე ცოდვილად თვლიდა თავს და ხშირად ამბობდა: „არავინაჲ ვესავ მოტევებასა ცოდვათა, გარნა დათხევითა სისხლთა ჩემთაჲთა მისთჳს, რომელმან იგი დასთხივნა სისხლნი ჩუენთჳს“.

კონსტანტის დიდი სურვილი ჰქონდა, მოელოცა იერუსალიმის წმიდა ადგილები. იერუსალიმში ჩასულმა, დიდძალი საფასე შესწირა ეკლესიებს, მოიარა იორდანეს უდაბნოები, მოუდაბნოე მამებისა და ეკლესიათა წინამძღვრებისაგან ლოცვა-კურთხევა მიიღო და, სიხარულით აღსავსე, დაბრუნდა სამშობლოში. საქართველოში დაბრუნების შემდეგ კონსტანტი ყოველწლიურად ოცდაათი ათას ვერცხლს აგზავნიდა იერუსალიმში იქაური წმიდა ადგილებისათვის.

853-854 წლებში ქართლს შემოესია არაბთა მრავალათასიანი ლაშქარი ბუღა-თურქის წინამძღოლობით. ამ ლაშქრობისას მარტო თბილისში დაიღუპა ორმოცდაათი ათასი კაცი, შემდგომ ააოხრეს ქართლი, კახეთი და მთიანეთი.


ოთხმოცდახუთი წლის მთავარი ძესთან, თარხუჯთან ერთად ქართლის ლაშქარს ჩაუდგა სათავეში. გორის მისადგომებთან გაიმართა უთანასწორო ბრძოლა არაბთა და ქართველთა შორის. მიუხედავად მედგარი წინააღმდეგობისა, ქართველები დამარცხდნენ. მტრებმა ტყვედ ჩაიგდეს კონსტანტი და თარხუჯი.

ქართლის ცხოვრების ამ შემზარავი ეპიზოდის შესახებ ლაკონურად და შთამბეჭდავად მოგვითხობს ატენის სიონის წარწერა: „თთუესა აგუსტოსა ე-სა, დღესა შაბათსა, ქრონიკონსა ოგ-სა, ისმაიტელთა წელსა სლთ-სა ქალაქი თბილისი დაწუა ბუღა და შეიპყრა ამირაჲ საჰაკ და მოკლა და მასვე თთუესა აგუსტოსა კვ-სა, დღესა შაბათსავე ზირაქ შეიპყრა კახაჲ და ძე მისი თარჴუჯი“.

ტყვექმნილი კონსტანტი მთავარი ბუღა თურქს წარუდგინეს. მან გაკვირვებით ჰკითხა კონსტანტის: „ანუ არა უწყოდეა შენ, რამეთუ ვერ განრინებად იყავ სივლტოლითა შენითა ჴელთაგან ჩემთა... აჰა ესერა მოგუცნა თქუენ ღმერთმან დღესა ამას მოსასრველად ჴელთა ჩუენთა“. წმიდა კონსტანტიმ მშვიდად მიუგო: „ღმერთმან მოგუცნა ჴელთა თქუენთა არა სიყუარული თქუენისათჳს, არცა საქმეთა თქუენთათჳს, არამედ რამეთუ არა დავიმარხენით ჩუენ მცნებანი მისნი, ამისათჳსცა ნათესავითა მით ურჩებისაჲთა განგუკაფნა ჩუენ“. მორჩილი და მონანული მთავარი ხედავდა, რომ ქართველთა ცოდვები იყო მიზეზი ქვეყნის უბედურებისა. საპყრობილეში მყოფი წმიდანი მხნედ იტანდა განსაცდელს. იგი მეუდაბნოე მამებსა და ეკლესიათა წინამძღვრებს წერილებს წერდა და სთხოვდა, ელოცათ მისთვის.

ცოტა ხნის შემდეგ ბორკილდადებული კონსტანტი კახი ბაბილონის ქალაქ სამარაში გაგზავნეს ხალიფა ჯაფართან. ჯაფარმა იცოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პიროვნება იყო იგი ქართველთათვის და სრულიად საქრისტიანოსათვის, თავაზიანად მოიკითხა და შესთავაზა სარწმუნოების გამოცვლა; სანაცვლოდ პატივსა და დიდებას დაჰპირდა, თან დაემუქრა: „უკეთუ არა ისმინო ჩემი, სიკვდილითა მოჰკვდე შენ პირითა მახვილისაჲთა და ჴორცნი შენნი მივსცნე საჭმელად მფინველთა ცისათა“.

ქრისტეს მიერ განმტკიცებულმა მხცოვანმა მთავარმა თამამად უთხრა: „არა მეშინის მე მახჳლისაგან შენისა, არამედ მისა მეშინის, რომელი-იგი შემძლებელ არს მოწყუედად სულისა და ჴორცთა და კუალად ჴელმწიდებაჲ აქუს განცხოველებად, ვითარცა იგი მოსიკუდიდ, ამისთჳსცა სიხარულით მოვითმენ სახელისა მისისათჳს, რამეთუ იგი არს ჭეშმარიტი ღმერთი, ძლიერი ჴელმწიფე და მთავარი მშჳდობისა, მამა მერმეთა მათ საუკუნეთა“.

ამის გამგონე ჯაფარმა დილეგში ჩააგდებინა წმიდა კონსტანტი; შემდგომ მიუგზავნა სარწმუნოების უარმყოფელი და ხალიფასგან განდიდებული ორი სომეხი დიდებული. წმიდა კონსტანტინემ სომხებს მიუგო: „ესრე არქუთ მეფესა თქუენსა: ნუ ჰგონებ რასა ესევითარსა საქმესა ჩემგან, დაღაცათუ ჩვეულებაჲ მეფეთაჲ ბაბილოვნისათაჲ გაიძულებს შენ, რამეთუ იგინიცა წინააღმდგომ იყვნეს ჭეშმარიტებისა, არამედ ბრძანე შენ ყოფად, რაჲ იგი გეგულვების ყოფად, იქმოდე. ხოლო თქუენ რაჲსაღა ზედამდგომელობთ და დამესხმით, ვითარმცა მეცა თქუენ გემსგავსე? ამიერითგან განმეშორენით ჩემგან, რაჲთა გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი“. შემდეგ აღიპყრო ხელნი და ლოცვა დაიწყო: „გიგალობ შენ, უფალო ღმერთო ძალთაო, ღმერთო საუკუნეთაო, რომელმან მომეც მე ძალი წინააღმდგომად უკეთურისა ამის მსაჯულისა, ვითარცა იგი წინაჲსწარ სთქუ, ვითარმედ: „თქუენ მომცენით გულნი თქუენნი და მე მიგეც ძალი ჩემი“. ღირს მყავ მე ნათელსა პირსა შენისასა, რამეთუ შენდა მოვივლტი ქრისტე, ძეო ღმრთისაო“. ლოცვად მდგარ წმიდა კონსტანტინეს „ნაკადულნი ცრემლთანი გარდამოდიოდეს თვალთაგან მისთა... ხოლო გარემოს მდგომარენი იგი მისნი სცემდეს პირსა მისსა და მრავლითა ტანჯვითა სტანჯვიდეს მას, არამედ ენაჲ მისი ვერ დააბრკოლეს გალობად“.

ხალიფამ ჯალათებს უბრძანა, თავი მოეკვეთათ წმიდა კონსტანტისთვის. უცხოთესლმა ლოცვად მდგარ მარტვილს თავი მოჰკვეთა და „მიართუა მეფესა თჳსსა, ვითარცა იგი თავი იოანე ნათლისმცემელისაჲ ჰეროდეს“. ეს მოხდა 10 ნოემბერს, წმიდა დიდმოწამე გიორგის ხსენების დღეს.

წმიდანის გვამი მაღალ ძელზე დაჰკიდეს ხალხის დასაშინებლად, შემდგომ კი დამარხეს. რამდენიმე წლის შემდეგ ქართველებმა წმიდა კონსტანტი-კახის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

წყარო-nplg.gov.ge



კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 01.01.2021
ბოლო რედაქტირება 23.11.2021
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0