ჭავჭავაძე ზაქარია გულბაათის ძე (25 ოქტომბერი, 1825-22 ოქტომბერი, 1906),
თავადი, კავალერიის გენერალი (1891), გენერალ-ადიუტანტი (1898), 1879–85 კავკასიის I საარმიო კორპუსის სარდალი, „წმ. გიორგის“ IV (1854), III ხარისხის ორდენები (1877) და ოქროს ხმალი (მამაცობისათვის 1857, 1877, 1877);
დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.
1852-1859წწ. მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში; 1847 წლიდან მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში; ყირიმის ომის (1853-1856) დროს კავკასიის ფრონტზე მეთაურობდა ჯერ ესკადრონს, შემდეგ დივიზიონს; თავი გამოიჩინა 1853 წლის 19 ნოემბრის ბაშკადიკლარისა და 1854 წლის 24 ივლისის ქურუქ-დარის ბრძოლებში; ყირიმის ომის შემდეგ კვლავ იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიელი ამბოხებულების წინააღმდეგ; 1859-1864წწ.
მეთაურობდა ჯერ დაღესტნის ცხენოსანთა, შემდეგ კი ტვერის დრაგუნთა პოლკს; მონაწილეობდა შამილის უკანასკნელი სიმაგრის - ღუნიბის იერიშში; რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878) სარდლობდა კავკასიის ფრონტზე მოქმედი კორპუსის კავალერიას; მონაწილეობდა ომის მსვლელობისას განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში; 1878-1885წწ. მეთაურობდა კავალერიის დივიზიას, 1885-1893წწ. - კავკასიის არმიის პირველ კორპუსს. რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი, თავად გულბაათ ჭავჭავაძის ვაჟი.
წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 377
დაკრძალვის ადგილი: | შუამთის მონასტერი, კახეთი |
---|