ჭავჭავაძე დავით ალექსანდრეს ძე (1817-15 ნოემბერი, 1884), თავადი, გენერალ-ლეიტენანტი (1881);
დავით ჭავჭავაძე (დ. 1818 — გ. 15 ნოემბერი, 1884, თბილისი) — თავადი, რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1881); ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟი.
სამხედრო განათლება მიიღო სანქტ-პეტერბურგის გვარდიის პოდპრაპორშჩიკთა სკოლაში. არმიაში მსახურობდა 1834 წლიდან; იყო ლაიბ-გვარდიის ულანთა პოლკში უნტეროფიცრად. 1839–1840 წლებში მსახურობდა ფსკოვის კირასირთა პოლკში. 1840 წელს გადაიყვანეს კავკასიაში და ჩარიცხეს გენერალ ნ. რაევსკის რაზმში. 1840 წლიდან მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში. 1844 წელს შტაბს-კაპიტნის ჩინი მიიღო და კახეთის ცხენოსანთა მილიციის მეთაურად დაინიშნა. მონაწილეობდა გენერალ ა. ნეიდგარდტის ექსპედიციაში შამილის წინააღმდეგ. 1847 წელს კაპიტნის ჩინი და კავკასიის ცალკე კორპუსის მ. ვორონცოვის ადიუტანტობა მიიღო. 1851 წელს გადაიყვანეს ლაიბ-გვარდიის გრენდერთა პოლკში.
ყირიმის ომის დროს (1853–1856) ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა კახეთის დაცვას შამილის თავდასხმებისაგან. სწორედ ამ დროს ჭავჭავაძეების ოჯახს დაატყდა თავს ტრაგედია. შამილის მარბიელმა რაზებმა 1854 წლის 4 ივლისს მოულოდნელად აიღო და გადაწვა დავითის მამული წინანდალში. მისი მეუღლე და შვილები ტყვედ აიყვანეს. მათ აგრეთვე დაატყვევეს ელენე ორბელიანი, დავითის ცოლისდა, და მისი ვაჟი, რომლებიც იმხანად ჭავჭავაძეებს სტუმრობდნენ; მათ რამდენიმე მსახურიც მიაყოლეს. თავდასხმის დროს დავითის უმცროსი შვილი, თორმეტი თვის ლიდია მოკლეს. დაძაბული მოლაპარაკებების შემდეგ, 1855 წელს, შამილმა მძევლები პეტერბურგში აღზრდილ თავის ვაჟზე, ჯამალ ედ–დინზე, გაცვალა. მას ასევე გადასცეს 16 მთიელი ტყვე და დიდი ფულადი გამოსასყიდი.
1854 წელს ჭავჭავაძემ მიიღო მეფის ფლიგელ-ადიუტანტობა. 1856 წელს ტფილისის ეგერთა პოლკში გადაიყვანეს. 1861 წელს გენერალ-მაიორი გახდა და მეფის ამალაში ჩაირიცხა. ამავე დროს იგი ეწეოდა საზოგადოებრივ საქმიანობას. 1867 წელს მან თელავში პირველი ქალთა სკოლა დააარსა, ხოლო ორ წელიწადში მსგავსი სკოლა წინანდალშიც გახსნა. დავითის სამეწარმეო საქმიანობა წარუმატებელი აღმოჩნდა და თავადი ბანკების ვალებში აღმოჩნდა. საბოლოოდ, დავითის პირადი ქონების მართვაში მთავრობა ჩაერია: წინანდლის მამულის ძირითადი ნაწილი რუსეთის მთავრობას გადაეცა, ხოლო ჭავჭავაძეების საგვარეულო მიწები გაიყიდა.
ჭავჭავაძეს ცოლად ჰყავდა მეფე ერეკლე II-ის შვილიშვილი, ანა ბაგრატიონი (1822–1905). მათ შეეძინათ ცხრა შვილი — ექვსი ქალიშვილი (სალომე, მარიამი, თამარი, ელენე, ანასტასია და ნინო) და სამი ვაჟი (ალექსანდრე, ილია და არჩილი). დაკრძალულია კახეთში, შუამთის დედათა მონასტერში.
დაკრძალვის ადგილი: | შუამთის დედათა მონასტერი, კახეთი |
---|