კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი (X ს.) ზუგდიდი სამეგრელო
კორცხელის ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახელობის ეკლესია მდებარეობს ზუგდიდიდან მერვე კილომეტრზე – მის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ზუგდიდ-წალენჯიხის გზის მარცხნივ მცირე შემაღლებაზე (ზღვის დონიდან სიმაღლე უდრის 200 მეტრს). ეკლესიის მიდამოებიდან შორს მოჩანს სვანეთ-აფხაზეთისა და სამეგრელოს მთიან-ბორცვიანი და ვაკე ადგილები, კოლხეთის დაბლობის ვრცელი ტერიტორია და შავი ზღვა. ასეთი ხელსაყრელი ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობები ჩვენს წინაპრებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ და აქვე ეკლესია აუშენებიათ.
კორცხელში ლევან II დადიანის (1611-1657) მიერ შეწირულმაცხოვრის ხატს აქვს 1640 წლით დათარიღებული წარწერა, რომელშიც საკმაოდ ვრცელი შესავლის შემდეგ ნათქვამია: „კოცხერისა ღთის მშობელო, რომელთა სასოებითა და სურვილითა აღგიშენეთ ჩვენ ორთავე, ტაძარი ესე ყოვლად პატიოსანი სახელისა თქვენისა, დავახატვინეთ და შევამკევით. ხოლო სოფლისა ჟამთა ვითარებისაგან ჯერეთ სრულად ვერ ხელვყავით საყდრისა ამის აშენებისა და დახატვისა მეტი, ამა ვითარებასა შინა... მიიცვალა... თანამეცხედრე ჩვენი დედოფალთ დედოფალი ნესტან-დარეჯან. ჩვენ მას უკან, რაცა წმიდასა ეკლესიასა მოუნდების გავაწყვეთ და გავარიგეთ... შევსწირეთ ჯვარსა წმიდასა გოლგოთას...”წყაროები კორცხელის ეკლესიის „აღშენებას” და მის მოხატვას ლევან II დადიანს მიაწერენ. კორცხელის ღმრთისმშობლის ეკლესია შეწირული ყოფილა იერუსალიმის ჯვრის მონასტრისათვის. ცნობილია, რომ ლევან II დადიანი ამ ძველ ქართულ მონასტერზე ზრუნავდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მან ვალებიდან გამოიხსნა იერუსალიმის ჯვრის მონასტერი და მისი რესტავრაციისათვის საჭირო თანხებიც გაიღო (ი. ანთელავა). მისივე თაოსნობით 1643 წელს ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილს საფუძვლიანად განუახლებია ჯვრის მონასტრის მხატვრობა, სადაც მთავრის, მისი მეუღლის – ნესტან-დარეჯანისა და მათი შვილის პორტრეტები ყოფილა წარმოდგენილი (შ. ამირანაშვილი).