სიმონ I (დ. 1537 — გ. 1611), ქართლის მეფე 1556-1569, 1578-1599, ლუარსაბ I-ის ძე.
მოხუცმა მამამ ლუარსაბ I 19 წლისა გამოაცხადა მეფემ, გარისის ველზე, ბრძოლის წინ (1556). გარისის ბრძოლაში ბრძოლაში ქართლის შემტევ ლაშქარს მეთაურობდა. ახალგაზრდა უფლისწულმა თავი გამოიჩინა როგორც საზრიანმა და მამაცმა სარდალმა და ქართლიდან გარეკა შემოსეული ყიზილბაშები.
სვიმონ I-ის მეფობა მთლიანად სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლების გადაბმული რიგია. სიმონ I-ის გამეფების დროს თბილისი ყიზილბაშების ხელში იყო და მეფეს რეზიდენცია ქ. გორში ჰქონდა. 1556-1559 სიმონ I მეთაურობდა განუწყვეტილი ომიანობით განადგურებული ქვეყნის აღდგენა-შენებას, შემდეგ კი ყიზილბაშთაგან ქართლის განთავისუფლების საქმეს შეუდგა. 1559 კავშირი შეკრა კახეთის სამეფოსთან, რაც სიმონ I-ისა და კახთა მეფის ლევანის ასულის ქორწინებით გამოიხატა. 1560-1561 სიმონ I შეეცადა თბილისის განთავისუფლებას, მაგრამ 1561 აპრილში დამარცხდა ციხედიდის ბრძოლაში. 1562 სიმონ I-ის ძმა დავითი (დაუთ-ხანი) გამაჰმადიანდა და შაჰის სამსახურში ჩადგა. შაჰმა დაუთ-ხანი ყიზილბაშთა ჯარით ქართლში გამოგზავნა. გაჩაღდა ბრძოლები მამულიშვილ ძმასა და რენეგატ ძმას შორის. 1567 წელს, დიღომთან შეხვდნენ ერთმანეთს – დაუდ-ხანი ყიზილბაშთა ჯარებით და სვიმონ მეფე ქართელთა ჯარით. სვიმონმა გაიმარჯვა, მაგრამ დაუდ-ხანმა მაინც შეასწრო ტფილისში და ჩაიკეტა. სვიმონმა ტფილისი ვერ გამოსტაცა ყიზილბაშებს. 1568 წელს სამადლოზე დაეტაკნენ ერთმანეთს ძმები. ისევ გაიმარჯვა სვიმონმა, მაგრამ ისევ შეასწრო მოღალატე ძმამ ტფილისში. 1569 წელს კი ფარცხისთან მოხდა დიდი ბრძოლა. აქ უზარმაზარ თურქმანულ-ყიზილბაშურ ურდოს მეგზურად წამოუძღვა კახაბერ ყორღანაშვილი. ბრძოლა დაიწყო და წარემართა სვიმონ მეფის გმირობით; ქართველებს უკვე ის იყო გამარჯვებაც უნდა ეზეიმათ, მაგრამ უეცრად მტრის შუაგულში შეჭრილ სვიმონ მეფეს ყორღანაშვილისგან ჩასაფრებულმა ყიზილბაშებმა ზურგიდან დაუშინეს, ცხენიდან ჩაომაგდეს, ყოველი მხრიდან მიეხვივნენ, ტყვედ აიყვანეს და ირანის გზას გაუყენეს. იგი ჩააგდეს ალამუთის ციხეში, სადაც გაატარა ცხრა წელიწადი (1569-1578). მან მტკიცე უარი განაცხადა მაჰმადიანობის მიღებაზე. ქართლის ”მეფე” გახდა დაუთ-ხანი (დავით XI).
1578 წელს დაიწყო ირან-ოსმალეთის ომი, ირანელები მარცხს-მარცხზე გამიცდიდნენ – მათ დაკარგეს ამიერკავკასია – ბოლოს და ბოლოს, ირანის ხელისუფლება მიხვდა, რომ საქართველოდან ოსმალთა გამოდევნის საქმეს ისევ სვიმონი თუ მოუვლიდა. შაჰმა სიმონ I ტყვეობიდან გაათავისუფლა და ქართლის მეფედ დანიშნა. აქედან იწყება სვიმონის ბრძოლები ქართლიდან ოსმალობის გასადევნად. ქართლში დაბრუნებისთანავე სიმონ I-მა პარტიზანული ომი გააჩაღა ოსმალების წინააღმდეგ, რომლებსაც თბილისი და მთელი ქართლი დაპყრობილი ჰქონდათ. მოსვლის წელსვე ბევრი დიდი და მცირე ციხე გაწმინდა ოსმალთაგან, მათ შორის – ლორე და გორი და სხვა ციხესიმაგრეები. 1579 სიმონ I-მა ალყა შემოარტყა თბილისს. ოსმალთა მთავარი ამოცანა გარნიზონის სურსათით მომარაგება გახდა, მაგრამ სიმონ I-მა არაერთხელ დაამარცხა ამ მიზნით ქართლში შემოსული ოსმალთა რაზმები. 1580 წლის ზაფხულში სულთანმა სარდალი მუსტაფა ლალა-ფაშა გადააყენა და მის ნაცვლად სინან-ფაშა დანიშნა, მაგრამ ვერც მან შეძლო სიმონ I-ის დამორჩილება. 1583 წელს სვიმონ მეფემ მაინც აიღო და ოსმალთაგან გაწმინდა ტფილისი.
ამის შემდეგ მან გაათავისუფლა სამშვილდე, მერე დმანისი. 1584 წელს კვლავ გამოჩნდა ოსმალთა 30000-იანი არმია რეზვან ფაშას სარდლობით. მტერმა ალგეთის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ხატისსოფელთან დაიბანაკა. სვიმონმა ოსმალთა ბანაკი თავისი თვალით დაზვერა (ბანაკში ისე შეაღწია, როგორც “სვიმონ მეფის ელჩმა”!) და მეორე დღეს, გათენებამდე, როცა მტრის ბანაკს ჯერ კიდევ ეძინა, 4000 ქართველით თავს დაეცა და 30000 ოსმალო მეომრიდან უმრავლესობა ამოწყვიტა, ბევრი ტყვედ აიყვანა, ნაწილი გააქცია და გადაკარგა.
1588 წელს სვიმონმა ქუთათისის ტახტის გარშემო ატეხილი არეულობის ამბავი შეიტყო და სასწრაფოდ იმერეთის “დასაპყრობად” დასძრა ლაშქარი. გოფანთოსთან გამართულ ბრძოლაში დამარცხდა იმერეთის მეფე ლევანი და ლეჩხუმს გაიქცა. სვიმონმა იმერეთი თავისად დაიგულა და ქართლში, ისევ ოსმალებთან საომრად დაბრუნდა. მაგრამ ქართლის მეფის წამოსვლისთანავე, იმერეთი კვლავ ცალკე სამეფოდ აღსდგა. კიდევ ორჯერ დასჭირდა სვიმონს დასავლეთ საქართველოში გადასვლა, მაგრამ ბოლოს მაინც, ოფშკვითის ბრძოლაში (1590 წ.) მარცხნაჭამი გამობრუნდა და აღმოსავლეთ-დასავლეთ ქართველთა გაერთიანების ფიქრზეც საბოლოოდ აიღო ხელი.
უკვე ევროპა იცნობდა სვიმონ ქართლის მეფეს, როგორც ოსმალ-თურქობის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ გმირს. მხურვალე მიმოწერაც ჰქონდათ მასთან რომის პაპს, კლიმენტი VIII-ს, და ავსტრიის იმპერატორ რუდოლფ III-ს. 1595 წელს საიდუმლოდ შესდგა სამთა კავშირი (ირანი, ქართლი და კახეთი) ოსმალეთის წინააღმდეგ. 1598 წელს კი დროებით შეწყვეტილი საბრძოლო მოქმედებები განახლდა. მაშინ ოსმალეთის ხელისუფლებამ სვიმონის წინააღმდეგ რადიკალურ, საგანგებო ღონისძიებას მიმართა. 1599 წელს, სლთანმა მეჰმედ III-მ ქართლის “ერთხელ და სამუდამოდ” მოსათხრელად უზარმაზარი მხედრობა გამოგზავნა თავრიზისა და ვანის ბეგლარ-ბეგ ჯაფარ-ფაშას სარდლობით. ბრძოლა, რომელიც გაიმართა ნახიდურთან, ალგეთზე, რიცხობრივად იყო სრულიად უთანასწორო. ამაო გამოდგა საარაკო გმირობა მეფისა და მისი ქართული გუნდისა. მტრისგან გახსნილი ცეცხლის პირისპირ, ხმლიანი ქართველები უძლურნი აღმოჩნდნენ და უკუიქცნენ. სვიმონ მეფეს, ვიწრო ბილიკზე სრბოლისას, ვინმე თულაშვილი უნებლიედ გვერდიდან დაეძგერა და ხევში გადასჩეხა. მეფე თავის ცხენით მეწყერში ღრმად ჩაეფლო. ოსმალებიც მიაწყდნენ და შეიპყრეს. ჯაფარ-ფაშამ ძვირფასი ტყვე სტამბოლს გაგზავნა. სულთნის ბრძანებით, სვიმონ მეფე იედყულეს ციხეში ჩააგდეს. მისმა ძემ, გიორგიმ, არაფერი დაზოგა მამის გამოხსნისათვის, – ქრთამიც მრავლად გაგზავნა, მძევლად თავისი შვილებიც გაიმეტა, მაგრამ ყოველივე ამაო გამოდგა. 1603 წელს სვიმონ მეფე გარდაიცვალა. იმჟამად სტამბოლს მყოფმა ვაჭარმა დიაკვნიშვილმა “იშოვნა ძვალნი სვიმონ მეფისანი, და წარმოიღო იგი და მოართვა გიორგის და დედოფალსა ნესტან-დარეჯანს”. დაკრძალეს სვიმონი სვეტიცხოველში მისი მამის, ლუარსაბის გვერდით. წყარო ბურუსი