გიორგი X (დ. 1560-1565 შორის — გ. 1606) — ქართლის მეფე 1600-1606 წლებში. სიმონ I-ის ძე.უფლისწულობაში ოსმალთა წინააღმდეგ ქართლის 1598-1599 აჯანყების ერთ-ერთი მეთაური იყო. 1599 სათავეში ედგა შიდა ქართლის ჯარს და დავალებული ჰქონდა აჯანყების ჩასაქრობად ქართლში შემოსულ ოსმალთა ლაშქრისაგან გორის დაცვა. ნახიდურის ბრძოლაში (1599) ქართველთა დამარცხებისა და სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X უკან გაბრუნებულ ოსმალებს დაედევნა, მაგრამ ვერ მიეწია და ქართლში დაბრუნდა. 1601ოსმალთაგან გაათავისუფლა ლორე. ირან-ოსმალეთის 1602-1612 ომში იძულებული იყო ქართლის ლაშქრით ებრძოლა ირანის მხარეზე. 1603-1604 მონაწილეობდა ერევნის აღებაში. 1604 აბას I-ის ნებართვით ქართლში დაბრუნდა თბილისსა და ახალციხეში მდგარი ოსმალების წინააღმდეგ საბრძოლველად. აბას I-მა გიორგი X-ს წაართვა ლორე-დებედის ხეობა — საქართველოს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული მხარე სამხრეთით. გიორგი X-ის დროს, 1604-1605, საფუძველი ჩაეყარა რუსეთისა და ქართლის პოლიტიკურ ურთიერთობას: მიღწეულ იქნა შეთანხმება, რითაც რუსეთ-ქართლის კავშირი და რუსეთის მფარველობა განმტკიცებული უნდა ყოფილიყო გიორგი X-ის ასულის ელენესა და თედორე ბორისის ძე გოდუნოვის დაქორწინებით. მაგრამ რუსეთის საშინაო მდგომარეობის გაუარესებამ და პოლონეთ-შვედეთის ინტერვენციის დაწყებამ ეს გეგმა ჩაშალა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობაც შეწყდა.
მიხეილ სვანიძემ ყურადღება მიაქცია აღმოსავლური და ევროპული წყაროებში ცნობილ ქართველ დიპლომატ ქალს გულჩარას (ისკანდერ მუნში, ავგუსტინო ნანი, ანტონიო დი გოვეა, ჟ. ჰამერი), რომელიც მას სიმონ მეფის შვილიშვილად, გიორგი მეფის ასულად მიაჩნია. დავით ბატონიშვილთან ერთად გულჩარა უნდა იგულისხმებოდეს გიორგი მეფის სიტყვებში რუს ელჩებთან საუბრისას. იგი დავით ბატონიშვილთან ერთად ჩასულა სტამბოლში. ისკანდერ მუნშისა და ევროპული წყაროების ცნობით, იგი დაახლოვებია ახალგაზრდა სულთანის აჰმედ I-ის დედას, დაუმსახურებია მისი ნდობა და დიპლომატიური დავალებით ირანში გამგზავრებულა სიმონ მეფესთან ერთად. სულთანი სიმონ მეფის განთავისუფლების პირობად ირანტან ზავის დადებას მოითხოვდა. სიმონისა და გულჩარას მიზანი ირან-ოსმალეთის დაზავება იყო, მაგრამ რამდენი მე დღის შემდეგ სულტანმა გადაწყვეტილება შეცვალა, სიმონი უკან დააბრუნა და საპასუხისმგებლო მისია მთლიანად გულჩარას დაავალა. ეს მოხდა 1606 წლის გაზაფხულზე. შაჰმა პატივით მიიღო გულჩარა და 1555 წლის ირან-ოსმალეთის ზავის პირობების აღდგენა მოითხოვა. პოზიციებს არც ოსმალეთი თმობდა, ამიტომ მოლაპარაკება უშედეგო აღმოჩნდა, მაგრამ გულჩარა რამდენიმეჯერ გამგზავრებულა შაჰ-აბასთან მოსალაპარაკებლად. 1610 წელს, როცა ოსმალეთის ლაშქარმა შაჰ-აბასს ისევ შეუტია, შაჰმა კვლავ დაიწყო საზავო მოლაპარაკება. 1612 წლის 27 სექტემბერს ირანის დელეგაცია გულჩარას მონაწილეობით სტამბოლში ჩავიდა, რომლის დროსაც მან დიდი როლი ითამაშა ოსმალეთ-ირანის დაზავების საქმეში. ქართულ წყაროებში გულჩარას სახელით გიორგი მეფის ქალიშვილი არსად ჩანს, სავარაუდოდ გულჩარა იგივე თინათინია რომელსაც ბერი ეგნატაშვილი და ვახუშტი იხსენიებენ.