ალექსანდრე II (დ. 1527 — გ. 12 მარტი, 1605) — კახეთის მეფე 1574-1601, 1602-1605 წლებში. ლევან მეფის ძე.
ცნობილია, რომ XVI საუკუნის დამდეგიდან გაჩაღებული ირან-ოსმალეთის ომის მთავარ ასპარეზს ამიერკავკასია წარმოადგენდა. ალექსანდრე ჭკვიანი პოლიტიკოსი იყო. იგი ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა დაემყარებინა ირანსა და ოსმალეთთან. ალექსანდრე მეფემ სცადა ოსმალეთი კახეთის პოლიტიკური გაძლიერების მიზნით გამოეყენებინა, ამიტომ პოლიტიკური კავშირი შესთავაზა იმ პირობით, თუ ხონთქარი ქართლს თბილისითურთ მისცემდა. ეს შეთანხმება არ მოხდა და ოსმალეთის დამპყრობლური ზრახვები საქართველოს მიმართ ალექსანდრესთვის აშკარა იყო, მაგრამ ალექსანდრე მეფემ ჭკვიანი პოლიტიკით იმას მიაღწია, რომ კახეთის შიგნით არ შემოუშვა ოსმალო დამპყრობელი, მხოლოდ მცირეოდენ ხარკს უხდიდა ხონთქარს ყოველწლიურად.
მის მეფობაში განსაკუთრებით განვითარდა სოფლის მეურნეობა, აღორძინდა ქალაქები (გრემი, ძეგამი). კახეთის სამეფოს ალექსანდრე II-ს დროს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა აზიისა და ევროპის ბევრ ქვეყანასთან (კახეთიდან უცხოეთში გაჰქონდათ დიდძალი აბრეშუმი, ღვინო, ენდრო, კაკალი), ალექსანდრე II რთულ პოლიტიკურ ვითარებაში მოღვაწეობდა. თავდაპირველად ირანის ვასალად აღიარებდა თავს, ხოლო 1578-იდან ოსმალეთის მოხარკე გახდა. ოსმალეთს არ აკმაყოფილებდა კახეთის ვასალური დამოკიდებულება და კახეთზე თავდასასხმელად აქეზებდა შამხლის ქვეშევრდომ მთიელებს, რომლებიც დიდ ზიანს აყენებდნენ ქვეყანას. შექმნილი ვითარებიდან გამოსავალს ალექსანდრე II რუსეთთან კავშირში ხედავდა. 1587 გაფორმდა ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს კავშირის შესახებ. 1589 ალექსანდრე II-მ რუსეთის მეფისაგან მიიღო მფარველობის ოფიციალური დადასტურება — "წყალობის სიგელი".
რუსეთ-კახეთის დაახლოება არ მოსწონდა ირანის შაჰს აბას I-ს, მაგრამ იმხანად ოსმალეთთან ბრძოლაში რუსეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და მტრობას არ ამჟღავნებდა, თუმცა ფარულად კახეთზე გადამწყვეტ თავდასხმას ამზადებდა და ოსტატურად აღვივებდა ინტრიგას ალექსანდრე II-ის კარზე. 1601 ოქტომბერში ალექსანდრე II შვილმა, დავითმა, აიძულა ბერად აღკვეცილიყო და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. 1 წლის შემდეგ, 1602 წლის 2 ოქტომბერს, დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა და ალექსანდრე II ტახტს დაუბრუნდა.
1603 ნოემბერში შაჰ-აბასი ერევნის ციხეს შემოადგა და ქართლ-კახეთის მეფეები დაიბარა. ალექსანდრე II დიდხანს ყოყმანობდა და მხოლოდ 1604 აპრილში ეახლა შაჰს, შაჰმა იგი უკან 1605 დააბრუნა, შირვანზე გალაშქრება დაავალა და ყიზილბაშთა ჯარით თან გამოაყოლა მისი გამაჰმადიანებული შვილი, შაჰის კარზე გაზრდილი კონსტანტინე-მირზა.
კახეთში ჩასულმა ალექსანდრე II-მ შეიტყო რუსეთის ჯარის შამხალზე სალაშქროდ წამოსვლა. რუსეთის ელჩები (მ. ტატიშვილი, ა. ივანოვი) ამ ლაშქრობაში კახეთის ჩაბმას მოითხოვდნენ. ამის გამო, მიუხედავად კონსტანტინე-მირზას დაჟინებული მოთხოვნისა, ალექსანდრე II შირვანზე გალაშქრებას არ ჩქარობდა. 1605 წლის 12 მარტს ქ. ძეგამში, მეფის სასახლეში მოლაპარაკების დროს ყიზილბაშებმა კონსტანტინე-მირზას ბრძანებით დახოცეს ალექსანდრე II, გიორგი ბატონიშვილი და თათბირის დამსწრე კახელი დარბაისლები.
ოსმალეთის იმპერია და რუსეთი კავკასიაში უკვე XVI საუკუნის შუა წლებში დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. რუსეთ-ოსმალეთის ურთიერთობა განსაკუთრებით გამწვავდა ამავე საუკუნის ორმოციან წლებში. როდესაც ოსმალეთმა კავკასიაში გასაბატონებლად ჩრდილოეთ კავკასიის დაუფლებაც სცადა. ამ პერიოდში განახლდა რუსეთ-კახეთის ურთიერთობები.
ოსმალეთთან მეტოქეობაში რუსეთი იმიერ და ამიერ კავკასიაში მოკავშირეებს ეძებდა. რუსეთის წარმომადგენლებმა აღადგინეს კახეთთან ურთიერთობები რომლებიც 1570-იან წლებში გაწყდა.
1585 წელს რუსეთის მეფე თეოდორემ ალექსანდრე კახთა მეფეს თავისი ელჩის, დანილოვის ხელით სიგელი გამოუგზავნა. რუსეთის მეფე კავშირსა და მფარველობას სთავაზობდა კახეთს. მაშინდელ ვითარებაში ალექსანდრე II-ს ეს ყველაფერი საუკეთესოდ ეჩვენა. სწორედ ამ პერიოდში ხდებოდა ჩრდილო კავკასიელების თავდასხმები კახეთზე. ალექსანდრეს მიაჩნდა რომ რუსეთი ამ ყველაფრის მოგვარებაში დაეხმარებოდა. მეფემ დარბაისლებთან მოითათბირა და დანილოვს საპასუხო ელჩობა გააყოლა.
1586 წლის 9 ოქტომბერს ალექსანდრეს ელჩები მეფე თეოდორეს წარუდგნენ. კახეთის მეფე რუსეთის მეფისგან მფარველობას ითხოვდა. ეს მფარველობა შემდგომში უნდა გამოხატულიყო. რუსეთს კახეთი ყველა მტრისგან უნდა დაეცვა, რუსეთს მდინარე თერგზე ციხესიმაგრეები უნდა აეგო და უნდა გაეხსნა კახეთისკენ მიმავალი გზა რომელიც დაღესტანზე გადიოდა. ალექსანდრე II-ის წინადადება რუსეთში ხელსაყრელად ეჩვენათ.
1587 წელს ალექსანდრე მეფემ თავისი შვილებით და დარბაისლებით ფიცი დადო რუსეთის მეფის ერთგულებაზე, 1589 წელს კი რუსეთის მეფემ მას წყალობის სიგელი გამოუგზავნა, სადაც დადასტურებული იყო როგორც „ხელდების“, ისე „მფარველის“ უფლება-მოვალეობანი.
რუსეთთან ასეთი დაახლოების გამო ალექსანდრე II-ს ურთიერთობები გაუფუჭდა ოსმალეთთან და ირანთან. ალექსანდრე რუსეთს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას სთხოვდა. რუსეთის ჯარმა დაღესტნის დამორჩილება ვერ შეძლო, შესაბამისად ვერ გაიხსნა თერგ-კახეთის გზა. 1604 წელს რუსეთის მეფემ საგანგებო რაზმი გამოგზავნა რომელსაც დაღესტანი უნდა დაეპყრო. რაზმმა მხოლოდ დაღესტნის ჩრდილოეთი ნაწილი დაიმორჩილა, ისიც დროებით. ამიერიდან რუსეთ-კახეთის ურთიერთობა კარგა ხნით შეწყდა.