აფხაზეთის ომის ვეტერანობიდან ბერობამდე - "მამა ილია რამდენიმე წელი გარდაცვლილი გვეგონა"
9 მაისს მუხათგვერდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა სავანეში ბერმონაზონი ილია (ერში კონსტანტინე - კოკოშა) ფერაძე დაკრძალეს. ამბობენ, ბრწყინვალე შვიდეულში გარდაცვლილი ადამიანები პირდაპირ იმკვიდრებენ ცათა სასუფეველსო. როგორც ჩანს, თავისი ღვაწლით, 51 წლის მამა ილიამ, მარადისობაში ამგვარი გადასვლა დაიმსახურა...
ბერმონაზვნულ ცხოვრებამდე იყო აფხაზეთის ომი, ბრძოლა... საბოლოოდ, ცხოვრებისეულ ეკალბარდებს, 13 წლის წინ მონასტერში გაექცა. ძალაანთხევის წმინდა ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტერში მივიდა და იქიდან აღარც წამოსულა.
"მამა ილია... თავდადებული ადამიანი, როგორც მისი ახლობლებისთვის, ასევე - სამშობლოსთვის. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი საამაყო გრიგოლ ფერაძის შთამომავალი გახლდათ. დედამისის წინაპრები კი, წმინდა ბარბარეს ტაძარში არიან დაკრძალულნი" - "პრაიმტაიმთან" საუბარში ამბობენ ბერი ილიას თანამებრძოლები. მათ გაიხსენეს დრო, როდესაც პატარა და გულანთებული ბიჭები იყვნენ და 90-იან წლებში, კოდორის ხეობის ცნობილი მოვლენების ეპიცენტრში იყვნენ.
მამა ილიას კოდორში არეულობის დროს შეძენია ტყუპი გოგონები. ის კი იქ იყო, სამშობლოს სამსახურში...
აფხაზეთის ომის ვეტერანი, ცამეტიოდე წლის წინ, წოდორეთში, ბასილი დიდის სახელობის მამათა მონასტერში ასულა და იქ დარჩენილა კიდეც. ამ მონასტერს ჩვენს ათონის მთას ეძახიან, რადგან იმ მონასტერში ქალები არ დადიან; ჩაკეტილი მონასტერია. ბერად აღკვეცის შემდეგ, თბილისს თითქმის არ სტუმრობდა. რვა წელი საერთოდ არ გამოსულა მონასტრიდან, თუ არ ჩავთვლით, სხვა ტაძრის ფრესკების მოსახატად გამოსვლასო, გვიყვებიან.
ერთხელ ხმა გავრცელებულა, გარდაიცვალაო. ძველი ნაცნობ-მეგობრებიდან არავის სცოდნია, ეს რეალობა იყო თუ არა. ამიტომ რაღაც პერიოდი, წლების მანძილზე, გარდაცვლილი ჰგონებიათ... ასე გაგრძელდა მანამ, სანამ სამი წლის წინ, მოულოდნელად, არ შეხვედრია ერთ თანამებრძოლს თბილისში. სიხარულისგან ცრემლად დაღვრილან ძველი მეგობრები...
სხვათა შორის, რუსთავში, ლურსმნის გარეშე, ძველი წესით ნაშენები ქვითკირის სიონის ტაძარი მამა ილიას მოხატული ყოფილა. ხატწერას კი ათონის მთაზე დაუფლებია. მისი მონასტრის მივლინებით წავიდა და სამი თვის მანძილზე ათონის წმინდა მთაზე იმყოფებოდა. ბიზანტიურ სტილში წერდა ხატებს.
მამა ილიას ძალიან უყვარდა მამა გაბრიელი. ერთხელ მონასტრიდან კურთხევა აიღო და მამა გაბრიელის აშენებული ტაძარი რამდენჯერმე მოილოცა და ამბობდა, ჩემთვის აქაურობა იერუსალიმის ტოლფასიაო.
ათონის მთაზე უნდოდა დამკვიდრება... უნდოდა იქაურ ქართულ მონასტერს დახმარებოდა; მაგრამ ვერ მოასწრო. უფალს ასე სურდა...
ბოლო ხანებში ყველა მოძებნა, ვისთვისაც კი გული უტკენინებია, ყველას შენდობა სთხოვა. ყველას ლოცვებში იხსენიებდაო, ჰყვებიან...
დიაგნოზი კი, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი გახდა, იყო მოულოდნელი კომა, სეფსისი და გაჟონვა. სამი თვის მანძილზე კომაში იყო.
ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს აღესრულა და მესამე დღეს მუხათგვერდის ღვთისმშობლის სახელობის მამათა მონასტრის ეზოში დაიკრძალა. მონასტრის წინამძღვარს უთქვამს, ჩვენთვის დიდი პატივია ასეთი ადამიანის მონასტრის ეზოში დაკრძალვა, ჩვენ მოვუვლით მის სამუდამო განსასვენებელსო.