მიტროპოლიტი ნიკოლოზი (მახარაძე)
მიტროპოლიტი ნიკოლოზი, ერისკაცობაში ხუტა ღენტორის ძე მახარაძე, დაიბადა 1932 წლის 28 ივნისს ქუთაისში. ქუთაისის N1 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, 1954 წელს სწავლა განაგრძო ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე რუსული და ინგლისური ენების სპეციალობით, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1959 წელს. 1959-1971 წლებში მუშაობდა იმავე ინსტიტუტში ინგლისური და რუსული ენების ლექტორად.
1972 წელს ჩაირიცხა მცხეთის სასულიერო სემინარიაში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა 1975 წელს და სემინარიაში დაიწყო მუშაობა ჰომილეტიკისა და ეკლესიის ზოგადი ისტორიის ლექტორად. 1977 წლის იანვარში ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილიამ აკურთხა ჯერ დიაკვნად და შემდეგ მღვდლად განაწესა სოხუმის საკათედრო ტაძარში. 1977 წლის მაისში აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. არქიმანდრიტი ნიკოლოზი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის მე-12 საეკლესიო კრების მუშაობაში. მან 23 დეკემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კრების მონაწილეთათვის წაიკითხა მოხსენება "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, წარსული, აწმყო და მომავალი."
1978 წლის 8 თებერვალს წმიდა დავით აღმაშენებელს ხსენების დღეს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომაზე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესი ილია II-ის წინადადებით გამორჩეულ იქნა ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად. 19 თებერვალს სიონის საპატრიარქო ტაძარში საღამოს ლოცვაზე, რომელსაც ესწრებოდნენ: სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II, თეთრიწყაროელი მიტროპოლიტი ზინობი, მანგლელი მიტროპოლიტი გიორგი, ალავერდელი მიტროპოლიტი გრიგოლი, წილკნელი მიტროპოლიტი გაიოზი. შესრულდა არქიმანდრიტ ნიკოლოზის ეპისკოპოსად ხელდასხმა. უწმიდესმა და უნეტარესმა ილია II-მ მიულოცა ეპისკოპოსად ხელდასხმა და შეახსენა იმ სირთულეებისა და პრობლემების შესახებ, რომელნიც მრავლად შეხვდებოდა ცხოვრების გზაზე, განსაკუთრებით ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში. ეპისკოპოსი ნიკოლოზი დაინიშნა საქართველოს საპატრიარქოს საგარეო განყოფილების თავმჯდომარედ. 1978 წლის ოქტომბერში მეუფე ნიკოლოზი, როგორც საქართველოს სამოციქულო ეკლესიის წარმომადგენელი, იმყოფებოდა რომში პაპის - იოანე პავლე I-ის დაკრძალვაზე და შემდეგ ახალი პაპის იოანე პავლე II-ის აღსაყდრებაზე. მეუფე ნიკოლოზი შთაბეჭდილებებში წერდა: "ოთხ ოქტომბერს დანიშნული იყო პაპის დაკრძალვა... მღელვარებით მოველოდი ამ ცერემონიალს. იგი ჩატარდა ღია ცის ქვეშ, წმიდა პეტრეს ტაძრის წინ, მოედანზე... ორასი ათასზე მეტმა კაცმა ჩაიარა ამ დღეს განსვენებულის ცხედართან... საიდან არ იყვნენ ჩამოსულები... ჩემთვის განსაკუთრებით თვალში საცემი და საინტერესო იყო ის სიძუნწე და ლაკონურობა, რომელიც თან ახლდა სამგლოვიარო წირვა-ცერემონიალს... 5 ოქტომბერს შეხვედრა მქონდა ვატიკანის ქრისტიანული ერთობის დეპარტამენტში, ვესაუბრე ეპისკოპოსს. მან კმაყოფილება და სიხარული გამოთქვა რომში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლის ხილვის გამო. ძალზე სასურველია, გაღრმავდეს ურთიერთობა საქართველოსა და ვატიკანს შორისო, _ აღნიშნა მან. 6 ოქტომბერს საშუალება მომეცა, დამეთვალიერებინა რომი. ვნახე წმ. პეტრეს, წმ. პავლეს, ღვთისმშობლის, აღდგომის, წმიდა კლემენტის ტაძრები. თვალი შევავლე რომის კოლიზეუმს, იმპერატორთა ფორუმებსა და კატაკომბებს. დიდი შთაბეჭდილებები დამეუფლა... ბევრად საინტერესო მაინც რომში მეორედ მგზავრობა იყო. თავისთავად, შინაარსიც ბევრად სასიამოვნო ჰქონდა იმ მისიას, რომელიც ამჯერად დამეკისრა... მივდიოდი ახალი პაპის აღსაყდრების დღესასწაულზე. აღსაყდრება შედგა 1978 წლის 21 ოქტომბერს, აქაც ყველაფერი ლაკონურად და ძუნწად. პაპს თეთრი შესამოსელი ეცვა, იმავე დღეს მიმიღო, დიდი კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ მის აღსაყდრებას ქართველი ეპისკოპოსი დაესწრო. ვიცი, რომ ქართული ეკლესია უძველესი ეკლესიაა და ჩვენი სურვილია, კონტაქტები, რომლებიც უკვე აღსდგა, უფრო გავაღრმავოთ და გავაძლიეროთო, - აღნიშნა მან." (60, 1982).
ახალი პაპი საბჭოთა უშიშროების კომიტეტისათვის მიუღებელი პერსონა იყო. კარგი დღე არც იმ მღვდელმთავრებს დაადგათ, ვინც პაპს შეხვდნენ, მიტროპოლიტი იუვენალი გადაყენებულ იქნა რუსეთის ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარეობიდან, არქიეპისკოპოსი კომიტასი უეცრად გარდაიცვალა სომხეთში, ეპისკოპოსი ნიკოლოზი შევიწროებას განიცდიდა ცხუმ-აფხაზეთში რელიგიის საქმეთა რწმუნებულის გააფხაზებული ქართველის ა. ლაგვილავას მიერ.
1978 წლის 14 დეკემბერს მეუფე ნიკოლოზი აყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის ხარისხში, 1979 წლის 7 აპრილს უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დაჯილდოვა წმიდა გიორგის I ხარისხის ორდენით. მეუფე ნიკოლოზი, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საგარეო განყოფილების თავმჯდომარე, უწმიდესსა და უნეტარეს ილია II-სთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა კონსტანტინოპოლში, იერუსალიმში, ბულგარეთში, მოსკოვში. მან უმასპინძლა ალექსანდრიის, იერუსალიმის, ანტიოქიის, სომხეთის ეკლესიების მეთაურებს საქართველოში. 1981 წლის დასაწყისში მას მიეცა მიტროპოლიტობა, 1981 წლის 9 სექტემბერს იგი გადაყვანილ იქნა ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტად, რამაც ყოფილი ქუთათელის _ მიტროპოლიტ შიოს (ავალიშვილი) განრისხება გამოიწვია. მან ჯერ უარი განაცხადა ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში გადასვლაზე, შემდეგ კი დაიწყო საჩივრების წერა საერო ხელისუფლებაში... წერილებში განსაკუთრებით მძაფრად აკრიტიკებდა მიტროპოლიტ ნიკოლოზს... 1983 წელს მიტროპოლიტი ნიკოლოზი განთავისუფლდა ქუთათელ-გაენათელობიდან და დაყვანილ იქნა ბერობის ხარისხზე... გადაიტანა ინფაქტი... მკურნალობდა ხანგრძლივი დროის მანძილზე. გამოჯანმრთელებისთანავე ხან ზედაზენზე და ხან ჩუღურეთის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიაში მედავითნეობდა, გარდაიცვალა 2008 წლის 5 ივლისს, თბილისში, 8 ივლისს დაიკრძალა ჩუღურეთის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიის გალავანში. ჯერ კიდევ 1998 წლის 4 სექტემბერს მას ასეთი ანდერძი შეუდგენია.
"ჩემი საბოლოო თხოვნა ჩემს შვილიშვილს გიორგი წიკლაურს
ჩემი გარდაცვალების შემთხვევაში, გთხოვ ყოველივე აღასრულო ისე, როგორც ამ ანდერძშია მითითებული.
1. წმ. ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვართან, მამა ზურაბთან შეთანხმებით, დამასვენე წმ. ნიკოლოზის ტაძარში.
2. დამასაფლავეთ მესამე დღეს, გარდა ორშაბათისა, ოთხშაბათისა და პარასკევისა.¬
3. დამინთეთ დიდი კელაპტრები, სად არის იცი. (სერვანდში აწყვია).
4. არავითარი შეტყობინება, განსაკუთრებით ჩემი ნათესავებისათვის. (მხედველობაში მყავს ჩემი დისშვილები).
5. მე ვიცი, რომ მრევლს ვუყვარვარ და ის დამკრძალავს.
6. ჩვენმა გოგონებმა მიკითხონ ფსალმუნი.
7. ჩამაცვი შავი კაბა, შავი ანაფორა და დამახურე შავი ქუდი.
8. მამა ზურაბს ვუთხარი სად დამასაფლაოს იმ შემთხვევაში, თუ პატრიარქი მამა ზურაბს არ მისცემს ლოცვა-კურთხევას დავიკრძალო წმ. ნიკოლოზის ტაძარში.
9. საფლავზე აუცილებლად დამიდგით ჯვარი. (აუცილებლად წმ. ნინოსი).
10. ანდერძი ნოტარიულად გაფორმებული მაქვს გიორგი (მირზა) წიკლაურის სახელზე. სწორედ მან გამოიჩინა ჩემს მიმართ მამა-შვილური სიყვარული, როდესაც მე მძიმე ავადმყოფი ვიწექი საავადმყოფოში.
და, ბოლოს, უფალს შევსთხოვ შეუნდოს ყველას, ვინც მიმტრო და არ გამიტანა ცხოვრებაში, ვისაც ჩემი კეთილშობილებისა შურდა, მეტი მე არაფერი არ გამაჩნდა. მთელი ჩემი სიცოცხლე პირნათლად ვემსახურე ღმერთს და ადამიანებს. მადლობელი ვარ უფლის, რომ ჩამინერგა ჩემი ხალხის, ჩემი ქართული ეკლესიისა და სამშობლოს უდიდესი სიყვარული. და თუ ცხოვრებამ არ გამიმართლა, ბედნიერი ვარ, რომ ღვთის სიყვარული ყველა სიყვარულზე ძლიერი აღმოჩნდა. ადამიანებმა სწორედ ეს ვერ წამართვეს, რადგან უფალსაც ძლიერ ვუყვარდი და ვებრალებოდი.
ღმერთო, დამიმკვიდრე სასუფეველი!
მხოლოდ უფლის და ჩემი ხალხის სიყვარულმა გამაძლებინა ამ ქვეყნად.
ვლოცავ წმ. ნიკოლოზის ტაძრის სამღვდელოებას, მრევლს და შევსთხოვ უფალს არავის მოაკლოს მადლი და წყალობა."