საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.17
მღვდელი გრიგოლ კავსაძე 1829-1899
„დიდად სანატრელია, რომ სხვა მლვდლებმაც მიჰპბაძონ ჩვენს მღვდელს“
მღვდელი გრიგოლ სოლომონის ძე კავსაძე 1829 წელს ქართლში, გორის მაზრის სოფელ ხოქლეში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. მამამისი, მღვდელი სოლომონ კავსაძე, შვილს სიყრმიდანვე ღვთისა და სამშობლოს სიყვარულს უნერგავდა. პატარა გრიგოლი დიდი გულმოდგინებით ისმენდა და ანებაში ღრმად იბეჭდავდა მამის მონათხრობს საქართველოს თავდადებული მეფეების, დედოფლების, წმინდა მოწამეებისა და გამოჩენილი სასულიერო ” მოღვაწეების შესახებ. ოჯახშივე შეისწავლა მან ლოცვა და ხუცურად კითხვა-გალობა, რის შემდეგაც, ლღვთისმსახურებისას, ტაძარშიც ეხმარებოდა მამას. მალე მამამ იგი ქ. გორში ჩაიყვანა და სასულიერო სასწავლებელში მიაბარა, რომელიც ყმაწვილმა წარჩინებით დაასრულა. 1844 წელს, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე, გრიგოლი გორის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების სახელობის საკათედრო ტაძრის წიგნის მკითხველად დაადგინეს. აქ მან წლების განმავლობაში საფუძვლიანი სამედავითნეო და საღვთისმსახურო მომზადება გაიარა. XIX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს გრიგოლი დაქორწინდა პელაგია იოსების ასულზე (1833წ.). მათ შვიდი შვილი აღუზარდეს ქვეყანას: მღვდელი ლონგინოზი (1852წ.), ილია (1861წ.), ეკატერინე (1863წ.), გიორგი ·1865წ.), მარიამი (1871წ.), იოსები (1872წ.) და ალექსანდრე (187<წ.). 1851 წელს გრიგოლი სოფელ კავთისხევის წმინდა გაბრიელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიის მედავითნედ გადაიყვანეს. 1852 წლის 13 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა ფლაბიანემ (გოროდეცკი) იგი დიაკვნად აკურთხა; 1854 წელს კი გორის ეპისკოპოსმა იოანემ (ავალიანი) მლვდლად დაასხა ხელი და ქსნის ხეობაში, სოფელ ლარგვისის წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა, სადაც 1855 წლამდე იმსახურა. 1856 წლის 16 ოქტომბერს მღვდელი გრიგოლი სვენეთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1856 წლის 16 დეკემბერს ხოვლეს მოსახლეობამ და მრევლმა თხოვნით მიმართეს საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას, რათა მათი სოფლის მკვიდრი, მღვდელი გრიგოლ კავსაძე მშობლიურ სოფელში დაენიშნათ მოძღვრად. საეკლესიო მმართველობამ გაითვალისწინა ხალხის თხოვნა და იგი ხოვლეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაადგინა. მასვე დაევალა ხოვლეში მცხოვრებ თავად ჯავახიშვილთა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კარის ეკლესიაში წირვალოცვის აღსრულება. 1861 წლის 19 თებერვალს რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-მ ხელი მოაწერა მანიფესტს ბატონყმობის გაუქმების შესახებ, თუმცა შემუშავდა ისეთი სისტემა, რომელიც არ ითვალისწინებდა გლეხების სრულ 1 გათავისუფლებას თავად-აზნაურთა დამოკიდებულებისაგან. მართალია, ყმა გლეხებმა პირადი თავისუფლება მიიღეს, მაგრამ მათი ეკონომიური მდგომარეობა არათუ გაუმჯობესდა, პირიქით, კიდევ უფრო დამძიმდა. ეს პროცესი საქართველოს გლეხობაზეც აისახა. ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში დაიწყო საპროტესტო გამოსვლები. 1863 წლის ზაფხულში სოფელ ხოქლეში გლეხები რამდენჯერმე გამოვიდნენ თავადების წინააღმდეგ. მემამულე ვეზირიშვილმა გლეხებს ფულადი გადასახადი გაუზარდა. აღელვებულმა მოსახლეობამ საჩივრით მიმართა კავკასიის მეფისნაცვალს, მაგრამ მმართველობის ორგანოებმა მემამულის ინტერესები დაიცვეს. სოფელში ჩააყენეს ეგზეკუცია. მემამულის ბრძანებით, კაზაკებმა სოფელი დაარბიეს, გლეხები ტყეში გაიხიზნენ. არეულობით შეშფოთებულმა მამა გრიგოლმა შუამავლის როლი ითავა. მან მეფისნაცვალს თხოვნით მიმართა, სოფლიდან ეგზეკუცია მოეხსნათ და პირობას დებდა, რომ გაქცეულ გლეხებს სახლებში დააბრუნებდა. 1863 წლის 13 აგვისტოს, მეფისნაცვალის ბრძანებით, ეგზეკუცია გაიწვიეს, რის შემდეგაც მდგომარეობა მალევე გაუმჯობესდა. ამასთან დაკავშირებით, მამა გრიგოლს
20-1 საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.18
მღვდელი გრიგოლ კავსაძე 1829-1899 (გაგრძელება)
1863 წლის 30 აგვისტოს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა, ხოლო დეკემბერში საგვერდულით დაჯილდოვდა. XIX საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში მამა გრიგოლის თაოსნობით მისივე სახლში გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც თავადვე ასწავლიდა წერა-კითხვას, წმინდა წერილს, ანგარიშსა და რუსულ ენას. 1864 წელს „ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ დახმარებით ეს. სკოლა გადაკეთდა ოთხწლიან სასწავლებლად, სადაც სწავლება ქართულ ენაზე-მიმდინარეობდა. 1868 წლის სექტემბრიდან კი შემუშავდა ახალი პროგრამა. ამ სკოლაში, მამა გრიგოლის გარდა, სხვადასხვა დროს მასწავლებლობდნენ: ნ. თარხნიშვილი, ი. ციციშვილი, ი. ცხვედაძე, ი. ჭიჭინაძე, ზ. ჯავახიშვილი და ქ. ჯავახიშვილი. აი, რას წერდა 1867 წელს ჟურნალი „დროება“ მღვდელ გრიგოლ კავსაძის მოღვაწეობის შესახებ: „ბევრმა „დროების“ მკითხველმა არ იცის, რასაკვირველია, სად უნდა იყოს სოფელი ხოვლე. ეს გასაკვირველიც არ არის. ვისაც სურს საქართველოს ადგილების და სოფლების მდებარეობა შეიტყოს, ის უვახუშტოდ ბევრს ვერას შეიტყობს. ზემოთ ნაჩვენები ხოვლეც აქვს მოხსენიებული ვახუშტის. ის მდებარეობს მშვენიერ ხეობაში, ხიდისთავის მახლობლად. ახალქალაქს რომ გასცილდები, გორს მიმავალი ფოსტის გზით, მარცხნივ დაინახავ ფერდობში, მაღლობ ალაგზე, ერთ გაბნეულ სოფელს. ეს არის ხოვლე. აქ მცხოვრებნი არიან თავადნი ჯავახიანთ ყმობიდან განთავისუფლებულნი 120 კომლი გლეხი. თვით ჯავახიანნი შეადგენენ ხუთ კომლს. ხოვლე მისთვის ამოვირჩიე სალაპარაკოდ, რომ აქ თითქმის ყველა ქართლის სოფლებზედ ადრე დაარსდა სკოლა და გაიხსნა პურის მაღაზია. სკოლა გახსნა აქაურმა მღვდელმა გრიგოლ კავსაძემ თავის სახლში გლეხიკაცის შვილებისათვის, რომელთაც ასწავლის წერა-კითხვას, წმინდა წერილს, ანგარიშს ქართულ ენაზე და რუსულსაც. ყმაწვილები სკოლაში მოდიან ადრე, როგორც კი გათენდება და სწავლობენ ორ საათს დღეში; შემდეგ ყველა მიდის თავ-თავის სახლში სამუშაოდ. მასწავლებლად არის თვითონ მღვდელი და იმისი დიაკვანი ზედამხედველად. ამასთანვე, ხოვლეს ცხოვრობს ერთი ღარიბი ქვრივი დედაკაცი, აქაური დიაკვნის დედა; იმას მღვდელმა მიაბარა რამდენიმე გლეხკაცის ქალი, რომელთაც ასწავლის როგორც წერა-კითხვას, წმინდა წერილს და ანგარიშს, აგრეთვე ჭრაკერვას და სხვადასხვა ხელსაქმეს. ამ დედაკაცს შრომის ჯილდოდ ეძლევა წელიწადში თუმან-ნახევარი. აგერ ერთი წელიწადია, რაც ეს სკოლა არის და იმათში ერთი აღარ არის, რომ გარკვევით არ კითხულობდეს. ქალების სკოლა დიდი ხანი არ არის, რაც გაიხსნა, და იმედი არის, ქალებმა თუ არ აჯობეს, ვაჟებზედ უკან არ დარჩებიან. გარდა ამისა, მღვდელმა გახსნა მაღაზია და თვითონ შეწირა ოცდაათი კოდი პური. საგანი მაღაზიისა ეს არის: ვისაც დააკლდება პური, იმას მიაქვს თავისის სარგებლით, რომელიც კალოზედ უნდა შემოიტანოს. ამაში, რასაკვირველია, ყველა მებატონე და გლეხკაცი კისრულობენ მონაწილეობას და მომავალ კალოზედ ვაპირებთ ყველამ თავთავისის შეძლებისდაგვარად შევიტანოთ სამაღაზიო პური. თუ მშვიდობა იქნა, შემოდგომაზე გვსურს სასოფლო ბანკის დაარსება, ის, როგორც უკეთ დავინახავთ, ამ დაწყობილებით არც გლეხი შეწუხდეს და სარგებლობა და შეძინებაც ნახოს; მოსავალი გლეხკაცს ისევ სოფელში უნდა დარჩეს და აქვე იტრიალოს. ამ კეთილ საქმეში დიდი მონაწილეობა აქვს, როგორც წინათაც მოგახსენეთ, ამ სოფლის მღვდელს. ის უქადაგებს ხალხს ეკლესიაში, უქმე დღეებში ყოველთვის ელაპარაკება და რჩევას აძლევს. დიდად სანატრელია, რომ სხვა მღვდლებმაც მიჰბ ძონ ჩვენს მღვდელს და ყველამ ჩვენი ქვეყნის სა> სარგებლოდ იმოქმედონ. უპირველესი საჭიროება ჩვენს სოფლებში არის ვაჟებისა და ქალების სკოლები, პურის მაღაზიები და პატარ-პატარა სასოფლო ბანკები“. როგორც ამ საინტერესო წერილიდან ირკვევა, მამა გრიგოლი სოფელში დიდი ავტორიტეტითა და სიყვარულით სარგებლობდა. მას რჩევას ეკითხებოდნენ არა მარტო სულიერ საკითხებზე, არამედ სხვადასხვა საზოგადოებრივი და საჭირბოროტო პრობლემის გადასაჭრელადაც. დაუზარელი მოძღვარიც სინდისიერად ემსახურებოდა თავის სამწყსოს. საეკლესიო მმართველობას შეუმჩნეველი არ დარჩენია მამა გრიგოლის ნაყოფიერი მოღვაწეობა. 1867 წელის 4 მაისს რუსეთის წმინდა სინოდმა მადლობის ფურცელი გამოუგზავნა. 1868 წლის 16 აპრილს სკუფია უბოძეს. ამავე წელს სამოქალა მთავრობამ ვერცხლის საათი უსახსოვრა. 1873 წლის 8 აპრილს კი კამილავკა ეწყალობა. 1879 წელს მან სიკვდილს გადაარჩინა ადამიანი, რისთვისაც გმირობის მედლით დააჯილდოვეს. 1883 და 1885 წლებში, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, კეთილსინდისიერი და უანგარო სამსახურისთვის მადლობის ფურცელი ეწყალობა. 1891 წლის აღდგომას სამკერდე ოქროს ჯვარი უბოძეს. 1853-1856 წლებში, ყირიმის ომთან დაკავშირებით, სამახსოვრო მუქი ბრინჯაოს ჯვარი გადასცეს. შვილებიც ღირსეულ მამულიშვილებად დაზარდა. მისი უფროსი ვაჟი ლონგინოზი მამა-პაპათა კვალს გაჰყვა. იგი 1852 წელს დაიბადა. 1872 წელს, გორის სასულიერო სასწავლებლის დასრულებისთანავე, მან თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, სადაც მხოლოდ IV კლასი ისწავლა. 1875 წელს ლონგინოზი დაქორწინდა მარიამ მიხეილის ასულზე (1860წ.), რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა: ვერა (1880წ.), მიხეილი (1881წ.), ანდრია (1884წ.), ვლადიმერი (1886წ.) და ნიკოლოზი (1887წ.). 1876 წლის 1 მაისს თბილისის სიონის ყოვლადწ-
20-2 საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.19
მღვდელი გრიგოლ კავსაძე 1829-1899 (გაგრძელება)
მინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძრის მედავითნედ დანიშნეს. 1876 წლის 29 აგვისტოს ლონგინოზი დიაკვნად აკურთხეს და ამავე ტაძარში მედავითნის შტატში დაადგინეს. 1877 წლის 29 აპრილს იპოდიაკვნის შტატში დაამტკიცეს. 1876- 1886 წლებში, პარალელურად, იგი საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის კანცელარიაში რიგით მოხელედ მუშაობს. 1881 წლის 16 იანვარს თბილისის მაზრის ღარიბი სამღვდელოების სამზრუჩნველოს განყოფილებაში ფოსტალიონის თანამდებობაზე დაინიშნა, სადაც 1886 წლამდე იმუშავა. 1884 წლის 11 მაისს სიონის საკათედრო ტაძარში დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1885 წლის 16 ნოემბერს კეთილსინდისიერი სამსახურისთვის სინოდალური კანტორისაგან მადლობა გამოეცხადა. 1887 წლის 2 თებერჯად, მღვდლად დაასხეს ხელი და გორის მაზრაში, სოფელ სანებელის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. 1892 წლის 10 მარტს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1893 წლის 31 მაისს კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების წევრად აირჩიეს. 1910 წელს სკუფია ეწყალობა. ნაბოძები ჰქონდა იმპერატორ ალექსანდრე IIIის სახელობის სამახსოვრო ვერცხლის მედალი. მღვდელი ლონგინოზი 1919 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა. დასაფლავებულია ხოვლეს ეკლესიის ეზოში.
მამა გრიგოლის ნაბოლარა ვაჟი, ალექსანდრე, იგივე სანდრო კავსაძე, წინაპართა მსგავსად, კარგი ხმითა და სიმღერის ნიჭით გამოირჩეოდა. ახალგაზრდა სანდროს მოღვაწეობით თვით წმინდა ილია მართალი ალფრთოვანებულა, რის გამოც ახალგაზრდა ლოტბარი არაერთხელ გამხდარა მისი საპატიო სტუმარი საგურამოში, ილიაობასთან დაკავშირებით გამართულ დღესასწაულზე. გადმოცემით ცნობილია, რომ ილიას განსაკუთრებულად მოსწონდა სანდროს მიერ შესრულებული „ურმული“ და „ოროველა“. სანდროს ძმისწულის, მღვდელ ლონგინოზის ვაჟის, შემდგომში ასევე ცნობილი ლოტბარის -– მიხეილ კავსაძის გადმოცემით, მსმენელები აღტაცებულნი იყვნენ სოსო ჯუღაშვილის (სტალინის), გიორგი გოგიტაშვილისა და სანდრო კავსაძის ტრიოთიო. სანდროს რჩევით დაუწყია მუსიკის შესწავლა შემდგომში გამოჩენილ და დიდ მომღერალ პეტრე ამირანაშვილს. ასევე სანდროს გუნდის მშვენებას წარმოადგენდა ცნობილი მომღერალი ვანო სარაჯიშვილი, რომელიც სანდრო და მიშა კავსაძეებთან ერთად ხიბლავდა მსმენელებს. მღვდელი გრიგოლ კავსაძე 1899 წლის 24 იანვარს გარდაიცვალა. იგი დიდი პატივით დაკრძალეს ხოვლეს ეკლესიის ეზოში. შემორჩენილია მამა გრიგოლის მცირე ქადაგება, რომელიც მან 1866 წლის 10 იანვარს ხოვლეს ეკლესიაში ახლად დაქორწინებულთა დასარიგებლად წარმოთქვა:
20-3 საპატრიარქოს უწყებანი N20 26მაისი-1ივნისი 2011წ გვ.20
მღვდელი გრიგოლ კავსაძე 1829-1899 (დასასრული)
„აჰა, საყვარელნო სულიერნო შვილნო, დღეს თქუენზედა აღსრულდა წმინდა საიდუმლო ქორწინებისა, და მით მოგენიჭათ მადლი ღეთისა, მაკურთხეველი თქვენისა მეუღლეობითისა კავშირისა სახედ ქრისტეს სულიერისა კავშირისა ეკლესიასთანა. კავშირი ესე არა კაცისაგან არს მოგონებული, არამედ თვით ღმერთმან განაწესა იგი დასაბამითგან. ესრეთ წმინდა დაბადება მოგვითხრობს, რომ ღმერთმან შექმნა კაცი -- ქმარი და ცოლი და ისე დააკავშირა იგინი, რომ ერთსულობით და ერთგულობით შეადგნენ ერთსა ხორცსა, როგორც გვარწმუნებენ სიტყუანი ესე ღვთისანი, წარმოთქმულნი პირველისა კაცისაგან: „დაუტევოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისი, და შეეყოს ცოლსა თვისსა, და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორც, საიდუმლო ესე დიდ-არს“. მაგრამ როგორც დიდია ესე საიდუმლო, სულიერნო შვილნო, ესე უნდა დაწვლილებით შეიტყოთ, რაში მდგომარეობს თქუენი მეუღლეობითი ვალდებულება ურთიერთისადმი, რომ კანონიერად და ღვთის მოსაწონად დააფასოთ კავშირი თქვენი. მე, როგორც თქვენი სულიერი მამა, გამცნებთ: რომ პირველად უნდა იქონიოთ მეუღლეობითი სიყვარული და სცემდეთ ერთმანეთსა ჯეროვანსა პატივსა; ამისთვის, რომ თქვენ ახლა შეადგენთ ერთს ხორცს, და ხართ ერთი მეორესი თანაშემწე, ერთგული თანამონაწილე და თანამგრძნობელი. მეორედ -– ესე თქვენი ღვთისაგან ნაკურთხი მეუღლეობა მოითხოვს, რომ ამიერიდგან უნდა გქონდესთ თქვენ სახეში ზრუნვა კეთილად აღზრდისათვის შვილთა თქვენთა, ოდესაც მოგცემთ თქვენ ღმერთი მათ. მესამედ უნდა აღასრულებდეთ პირობასა, ანუ აღთქმასა, რომელიც მიეცით დღეს ერთმანეთსა წინაშე ღვთისა და ეკლესიისა. ხოლო უკეთუ თქვენ არა დაიცავთ მეუღლეობითსა კავშირსა და არა იქმნებით ერთმანეთის ერთგულნი, მაშინ თქვენ განარისხებთ სულსა წმინდასა, მესამესა პირსა სამებისასა, რომლისა მადლი ამა ქორწინების საიდუმლოსა მიერ მოვიდა თქვენზედა და იმყოფება თქვენ შინა. სულიერნო შვილნო! ცხოვრება ჩვენი, და ჩვენთა წინაპართა ცხადად გვიმტკიცებენ, რომ როდესაც ცოლ-ქმრობაში მოღალატობა ყოფილა, მაშინ იმათ ერთი დღე არ უნახავთ კეთილი. თქვენ ამგვარ საქმიდგან ყოვლადსახიერმან ღმერთმან დაგიფაროთ! ამისთვის შენ, კეთილმსახურო მონაო ღვთისაო მიხეილ, „შეიყვარე ცოლი ესე შენი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია, და თავი თვისი მისცა მისთვის“ (ეფეს. 5. 25). ხოლო შენ, მხევალო ღვთისაო სოფიო, ემორჩილებოდე ამა მეუღლესა შენსა; გახსოვდეს, რომ ეს არის თავი და უფროსი შენი ღვთისაგან დადგინებული. აჰა, რას გვიბრძანებს საღმრთო წერილი: „ცოლნი თვისთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა. რამეთუ ქმარი არს თავი ცოლისა, ვითარცა ქრისტე თავი არს ეკლესიისა“ (ეფეს. 5. 22-23) და ესრეთ მოგფინოთ უფალმან მადლი თვისი განუშორებელი, მოგცეთ ნიჭი კეთილად შვილების აღზრდისა, და აკურთხოს თქვენი მეუღლეობითი კავშირი, ვითარცა აკურთხა კავშირი აბრაამისა და სარრასი, ისააკისა და რებეკასი და სხვათა ყოველთა წმიდათა მეუღლეთა! ამინ“.