მღვდელი ტარასი ივანეს ძე დოღონაძე ქუთაისის გუბერნიის სოფელ გოდოგანში 1866 წელს დაიბადა. მამამისი, მღვდელი იოანე დავითის ძე დოღონაძე 1798 წელს იყო დაბადებული. მღვდელი იოანე 1917 წლის ამაღლების დღესასწაულზე 119 წლის ასაკში გარდაიცვალა. მღვდელი იყო ასევე მამა ტარასის უფროსი ძმა ისიდორე დოღონაძე, რომელიც 1925 წელს გარდაიცვალა. ტარასიმ დაამთავრა სოხუმის საქალაქო სასწავლებლის 3 კლასი. დაქორწინდა ოლღა გოგოლაშვილზე, რომელთანაც 4 შვილი შეეძინა: მაგნოსი, მარიამი, დავითი და ქეთევანი. 1893 წლის 27 სექტემბერს იმერეთის ეპარქიის, სოფელ ჭოგნარის მაცხოვრის აღდგომის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ დაინიშნა. 1895 წლის 28 მარტს კი ქუთაისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მეორე მედავითნედ გადაიყვანეს. 1897 წლის 31 აგვისტოს ალავერდელმა ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) დიაკვნად აკურთხა. 1904 წლის 27 აგვისტოს ქუთაისის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარში გადაიყვანეს. 1917 წლის 11-17 სექტემბერს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის I საეკლესიო კრებაზე ქუთაისის ოლქის დელეგატად მონაწილეობდა. 1918 წელს მღვდლად დაასხეს ხელი. 1921 წლიდან, როდესაც სამღვდელოება დევნასა და ტანჯვას განიცდიდა კომუნისტური ხელისუფლებისაგან, მამა ტარასის ანაფორა არ გაუხდია და არც ღვთისმსახურება მიუტოვებია. იგი 1931 წლის 10 თებერვალს გარდაიცვალა. ფოტო მოგვაწოდა მამა ტარასის შვილთაშვილმა, ქალბატონმა დოდო დოღონაძემ.