საპატრიარქოს უწყებანი N18 20-26 მაისი 2010წ გვ. 18.
დეკანოზი არჩილ ლაფერაშვილი 1940-1992წწ
დეკანოზი არჩილ ლაფერაშვილი 1940 წლის 2 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ სასირეთში დაიბადა. როგორც თავად მოძღვარი ჰყვდებოდა, ლაფერაშვილების გვარში მრავალი სასულიერო პირი აღზრდილა. მისი დიდი ბაბუები — სოლომონი და ფილიმონი — სასულიერო პირები იყვნენ და გორის ეპარქიაში XIX-XX საუკუნის მიჯნაზე მსახურობდნენ. მათი ოჯახის ნა-თესავი გახლდათ ასევე მღვდელი თეოფილაქტე ლაფერაშვილი, ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, პროფესორ ალექსანდრე ხახანაშვილის სიძე, რომელიც XX საუკუნის 20-იანი წლების რეპრესიების მსხვერპლი გახდა. მისი მშობლებიც ― გიორგი ლაფერაშვილი და თამარ გელიტაშვილი — მორწმუნე ადამიანები იყვნენ. გიორგი ხელობით კალატოზი ყოფილა. XX საუკუნის 10-იან წლებში მას მონაწილეობა მიუღია სოფელ სასირეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მშენებლობაში, რომელიც ამავე სოფლის მკვიდრის, ცნობილი ქართველი გენერლის, გი-
18-1 საპატრიარქოს უწყებანი N18 20-26 მაისი 2010წ. 19
დეკანოზი არჩილ ლაფერაშვილი 1940-1992(გაგრძელება)
-ორგი მაზნიაშვილის დაფინანსებითა და ხელშეწყობით აშენდა. გიორგიმ და თამარმა ექვსი ვაჟკაცი აღუზარდეს სამშობლოს, რომელთა შორის მამა არჩილი ყველაზე უმცროსი, ნაბოლარა ყოფილა. 1957 წელს არჩილმა დაამთავრა სოფელ სასირეთის საშუალო სკოლა, რის შემდეგაც სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს. იგი ოთხი წლის განმავლობაში შავი ზღვის საზღვაო ფლოტში რიგით მეზღვაურად მსახურობდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ დაოჯახდა; იქორწინა გვერდითა სოფელ ყარაღაჯში მცხოვრებ ცისანა ბერიაშვილზე, რომელთანაც ორი ვაჟი ზაზა და ზურაბი ეყოლა (ქალბატონი ცისანა დეკანოზ ნოდარ ბერიაშვილის და გახლავთ. მამა ნოდარი სამთავისისა და გორის ეპარქიის მღვდელმსახურია, სოფელ მეტეხის ყოვლადწმინდა ღვთისმშობღის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი). ეკონომიკური განათლების მიღების შემდეგ არჩილმა მუშაობა თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში ადმინისტრატორად დაიწყო. შემდგომ წლებში იგი ავჭალის ლითონგადასამუშავებელ ქარხანაში ეკონომისტად მუშაობდა. XX საუკუნის 70-იან წლებში არჩილმა პერიოდულად დაიწყო ეკლესიაში სიარული. იგი განსაკუთრებით დაუახლოვდა ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარს, არქიმანდრიტ სოკრატეს (ჭულუხაძე), რომლის ლოცვა-კურთხევითაც მან მცხეთის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. სემინარიის დასრულების შემდეგ, 1978 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ არჩილი დიაკვნად აკურთხა. 1979 წელს კი მღვდლად დაასხა ხელი და დიდუბის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახურად განამწესა. 1980 წლის 1 ოქტომბერს თბილისის მამა დავითის წმინდა დავით გარეჯელის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს და ამავე წლის 14 ოქტომბერს ოქროს ჯვრით დააჯილდოვეს. 1981 წლის 14 ივნისს დეკანოზის წოდება მიანიჭეს და საპატრიარქოს საფინანსო-სამეურნეო განყოფილების თავჯდომარედ დანიშნეს. 1984 წელს მამა არჩილის მოთავეობით დაიწყო მამა დავითის ტაძრისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის გამშვენება და გალამაზება. ამ საკითხთან დაკავშირებით 1986 წელს ჟურნალი „ჯვარი ვაზისა“ წერდა: „ორი წლის წინ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მთაწმინდაზე დაიწყო წმინდა დავით გარეჯელის ეკლესიის ძირეული აღდგენა-გამშვენიერება. ამ საშურ საქმეს სათავეში ჩაუდგა ამავე ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი არჩილ ლაფერაშვილი. გაიწმინდა და აღდგა კედლის ფერწერა, რესტავრაცია გაუკეთდა ხატებს, მოწესრიგდა ტაძრის ინტერიერი. მოიხსნა ძველი და დაიდგა ახალი ქვის კანკელი, ჩაისვა ახალი ხატები, მარმარილოთი მოპირკეთდა ამბიონი და სამკვეთლო ადგილი. შეკეთდა გუმბათი, მთლიანად შეიცვალა, როგორც დიდი, ასევე პატარა ტაძრის ყველა სარკმელი. ისინი შეიმინა არმირებული მინით. შეიცვალა სამი მთავარი კარი. კარე-
18-2 საპატრიარქოს უწყებანი N19 20-26 მაისი 2010წ. 20
დეკანოზი არჩილ ლაფერაშვილი 1940-1992(დასასრული)
ბი დამზადებულია საუკეთესო ხის მასალისაგან, რომელსაც გადაეკრა სპილენძი და მოიჭედა. გაიყვანეს გათბობა. ტაძრის ეზოში, სადაც ქართველი ერის მარად სალოცავი შვილები განისვენებენ, კლდიდან მოჟონავს წყარო, რომელიც ზამთარ-ზაფხულზე ნალექების მიხედვით მატულობს. ბოლო დროს, წყაროს გამტარი მილი დაზიანებული იყო, რის გამოც წყალი კედლებში მოჟონავდა. გამოიღეს წყაროს თაღში არსებული კედელი, გამოცვალეს მილი. სარესტავრაციო სამუშაოები ჩატარდა სრულიად საქართველოს ქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ასევე ძეგლთა დაცვის მთავარი სამმართველოს დახმარებითა და თანადგომით. დღეისათვის, ღვთის მადლითა და ძალით, ეკლესიას მიეცა მყუდრო სახე, რათა ტაძარსა შინა შემსვლელმა აღავლინოს წმიდა ლოცვა ჩვენი სამოციქულო ეკლესიისა, ერისა და ქვეყნისათვის. ამინ“. 1980-იან წლებში უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისათვის დეკანოზი არჩილი ენქერითა და გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. განსაკუთრებული წვლილი და დამსახურება მიუძღვის მამა არჩილს ჯავახეთში, ფარავნის ტბასთან ღია ტრაპეზის მშენებლობის საქმეში. სიცოცხლის უკანასკნელ წელს მამა არჩილი მძიმედ დაავადდა. ექიმებმა მას ფილტვზე კიბოს დიაგნოზი დაუდგინეს. 1992 წლის იანვრიდან მძიმე ავადმყოფობის გამო ტაძარში სიარულს იგი სისტემატურად ვეღარ ახერხებდა. რამდენიმე თვის შემდეგ, 1992 წლის 15 მაისს დეკანოზი არჩილი გარდაიცვალა. სიკვდილის წინ იგი აზიარა თავისმა მოძღვარმა, არქიმანდრიტმა სოკრატემ. 18 მაისს სიონის საპატრიარქო ტაძარში დასვენებულ დეკანოზ არჩილს უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ, სამღვდლოების თანდასწრებით, წესი აუგო და პანაშვიდი გადაუხა- და. ამავე დღეს იგი თავის მშობლიურ სოფელში გადაასვენეს და მეორე დღეს საგვარეულო სასაფლაოზე, მშობლების გვერდით დაკრძალეს. ინფორმაციისა და ფოტოების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდით მამა არჩილის შთამომავალს, მამა დავითის ტაძრის მღვდელმსახურს, დეკანოზ დავით რევაზიშვილს.