საპატრიარქოს უწყებანი N28 4აგვისტო 2011წ გვ.21
მღვდელი მოსე ნადირაშვილი 1894-1964
მღვდელი მოსე ნადირაშვილი 1894 წელს თიანეთის მაზრის სოფელ ბოდახევში პატიოსანი, კეთილმორწმუნე და ღვთის მოშიში გლეხის ოჯახში დაიბადა. მამამისი –– გიორგი ნადირაშვილი სოფლის მეურნეობას მისდევდა. დედა –– თამარ ჯანაშვილი დუშეთის მაზრიდან, სოფელ მაღაროსკარიღან გახლდათ. იგი ოჯახში ერთადერთი შვილი იყო. მეორმოცე დღეს მშობლებმა ჩვილი ყრმა არტაანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიაში მონათლეს და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის საპატივცემულოდ მოსე უწოდეს. ნათლობის საიდუმლო შეასრულა მღვდელმა არსენ ფხალაძემ. ჯერ კიდევ პატარა იყო მომავალი მოძღვარი, როდესაც მოულოდნელად გარდაიცვალა მამამისი. მარტოდ დარჩენილმა დედამ მოსე მაღაროსკარში წაიყვანა, სადაც დამხმარედ თავისი ძმა ეგულებოდა. თამარის ძმა პროფესიით ოქრომჭედელი
28-1 საპატრიარქოს უწყებანი N28 4აგვისტო 2011წ გვ.22
მღვდელი მოსე ნადირაშვილი 1894-1964 (გაგრძელება)
იყო და ფინანსურად წელში გამართული ოჯახი ჰყავდა. ბიძის დახმარებით მოსემ პირველდაწყებითი განათლება სოფლის დაწყებით სკოლაში მიიღო, შემდეგ ცოდნის გასაღრმავებლად მონასტერში მიაბარეს, სადაც გამოცდილი და მოღვაწე ბერების დახმარებით საფუძვლიანად შეისწავლა წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მამა მოსეს კალიგრაფია, მას საუცხოო ხელი ჰქონდა, რაც იმ პერიოდში დიდ იშვიათობას წარმოადგენდა. XX საუკუნის 20-იან წლებში მოსე ნადირაშვილი სოფელ გომეწარში მცხოვრებ ელენე ფარნაოზაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ექვსი შვილი ეყოლა: მარიამი (გათხოვილი იყო სოფელ ბოდახევში), ნიკოლოზი (მოკლეს ყაჩაღებმა), დავითი (დაიკარგა მეორე მსოფლიო ომში), იოსები (მუშაობდა თბილისში), გოგია (ცხოვრობდა სოფელში) და მიხელი (მამაპაპისეულ სახლში ცხოვრობდა და სოფლის მეურნეობას მისდევდა). თავდაპირველად მოსე საქართველოს მთიანეთში, ერთ-ერთ ტაძარში მედავითნედ მსახურობდა. უმძიმესი წლები იდგა. ქვეყანაში კომუნისტური ტერორი მძვინვარებდა. სამლვდელოების დიდი ნაწილი 1924 წლის აგვისტოს აჯანყების-დროს ხელისუფლების წარმომადგენლებმა დახვრიტეს, ზოგი რუსეთში გადაასახლეს, ზოგიერთმა კი შიშისა და ფიზიკური განადგურების გამო ანაფორა გაიხადა და საერო სამსახურში განაგრძო მუშაობა. დაიცალა მრავალი სამრევლო და სულიერი მოძღვრის გარეშე დარჩა მრავალრიცხოვანი მრევლი. სწორედ ამ დროს მოუწოდა უფალმა მოსე ნადირაშვილს საეკლესიო ასპარეზზე სამოღვაწეოდ. 1927 წლის გაზაფხულზე, თავისი მოძღვრის, თიანეთის ეპარქიის მთავარხუცესის, დეკანოზ გაბრიელ ჯინჭველაძის (შემდგომში -- არქიმანდრიტი გიორგი) ლოცვა-კურთხევით, მან თხოვნა შეიტანა ალავერდის ეპარქიის კანცელარიაში და სამღვდელო ხარისხის მისაღებად გამოცდების ჩაბარება ითხოვა. აი, რას სწერდა იგი გაგზავნილ წერილში ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (ფხალაძე, შემდგომში - სრულიად საქართველის კათოლიკოს-პატრიარქი): „წარმოუდგენ რა ამასთანავე თქვენს მეუფებას სოფელ არტაანის სამრევლოს მორწმუნეების დადგენლებას, რომლითაც მთხოვილობენ თავიანთი სამრევლოსათვის მღვდლად. უმორჩილესად ვთხოვ თქვენს მეუფებას, ინებოთ ჩემი გამოცდა და თუ საკმაო ცოდნა აღმომაჩნდება მღვდლის ხარისხის მიღებისათვის, ხელდასხმულ მყავთ ზემ აღნიშნულ სამრევლოსთვის“,. _ ალავერდის ეპარქიაში „არსებულმა საგამოცდო კომისიამ მოსე გამოსცადა და ღირსად ცნო სამღვდელი წოდების მისაღებად. 1927 წლის ზაფხულში ალავერდელმა ეპისკოპოსმა მელქისედეკმა იმოგზაურა თიანეთის სამთავარხუცესო ოლქში და მედავითნე მოსე ნადირაშვილი 7 ივლისს დიაკვნად აკურთხა, ხოლო მეორე დღეს მღვდლად დაასხა ხელი და არტაანის მთავარანგელოზთა სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. 1927 წლის 3 დეკემბერს დეკანოზი გაბრიელ ჯინჭველაძე წილკნელ ეპისკოპოს პავლეს (ჯაფარიძე) წერდა: „ჩემი მღვდელმთავრის დასტურით, 1924 წლის დამდეგს მე მივავლინე თქვენი ეპარქიის ზედაზნის მონასტრის მღვდელ-მონაზონი დანიელი (გილაშვილი) ბოდავის სამრევლოში, გარდაცვალებული მღვდლის მიხეილ ჩხაიძის ადგილზე, ხოლო 1925 წლის აპრილში გადავიყვანე სოფელ საყარაულო დროებითი მღვდლის შტატში, რადგან საქართველოს ეკლესიის დებულების #52-ე მუხლის თანახმად, სამრევლოში უნდა მსახურებდეს მღვდელი და მედავითნე და არა ბერები. ამა წლის ივლისში აქ მობრძანებულმა ალავერდელმა მღვდელმთავარმა მელქისედეკმა მიიღო რა მხედველობაში უმწიკვლო და ხანგრძლივი სამსახური მედავითნეთა -- მოსე ნადირაშვილისა და დავით მათურელისა, ინება მათი ხელდასხმა მღვდლად. პირველი – არტაანის ეკლესიაში, მეორე –- საყარაულოს სამრევლოში, სადაც ის მსახურობს 32 წელია“. უმძიმეს დროში მოუხდა მამა მოსეს სამღვდელო ხარისხის მიღება. უღვთო ხელისუფლებისგან დაფანტული და დაშინებული მრევლი ეკლესიაში სიარულს ერიდებოდა, საჭირო იყო ხშირი წირვა-ლოცვის აღსრულება და აქტიური მოქმედება მათ გასაძლიერებლად და კვლავ დედაეკლესიის წიაღში დასაბრუნებლად. სულით დაცემული და გამოფიტული მრევლი ღვთის სიტყვის ნაკლებობას განიცდიდა. მამა მოსე
28-2 საპატრიარქოს უწყებანი N28 4აგვისტო 2011წ გვ.23
მღვდელი მოსე ნადირაშვილი 1894-1964 (გაგრძელება)
ცდილობდა ქადაგებისა და პირადი ცხოვრების მაგალითით განემტკიცებინა ჯერ კიდევ შემორჩენილი მრევლის ნაწილი. იგი სოფელ-სოფელ დადიოდა, ნათლავდა ბავშვებს, საეკლესიო წესით მარხავდა მიცვალებულებს, ასრულებდა ჯვრისწერებს და მიტოვებულ სამრევლოებში წირვა-ლოცვასაც აღავლენდა ღვთის სადიდებლად. XX საუკუნის 30-იან წლებში ხელისუფლებამ გადასახადებისა და დაბეგვრის სახით გადაწყვიტა წელში გაეტეხა სამღვდელოება. მოძღვრებს დიდი გადასახადები შეაწერეს, რისი გადახდაც მათ არ შეეძლოთ. ამის გამო, მრავალი მათგანი იძულებული გახდა ანაფორა გაეხადა და სხვა სამსახური მოეძებნა. აი, რას სწერდა მამა მოსე 1933 წლის დეკემბრის ბოლოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე): „უზომო დაბეგვრისა და მეტისმეტი გადასახადების გამო ჩემი მოძღვრის, არქიმანდრიტ გიორგის (ჯინჭველაძე) რჩევით, მე გავერიდე თიანეთის მაზრას და გადავედი დუშეთის მაზრის “სოფელ მაღაროსკარის საბჭოში, სადაც აქაურ კოლექტივში დავიწყე მუშაობა, რადგან არტაანში მღვდლად დარჩენა ყოვლად შეუძლებელი იყო“. მაღაროსკარში ცხოვრების პერიოდში მამა მოსე სისტემატურად ვეღარ ახერხებდა საეკლესიო წესების შესრულებას, მაგრამ დროდადრო დაივლიდა ხოლმე ახლო-მახლო სოფლებს, მიტოვებულ ეკლესიებს უვლიდა და იქ დარჩენილ სიწმინდეებს სახლში უყრიდა თავს. ხშირად მრევლის ოჯახებშიც უხდებოდა სიარული, სადაც მორწმუნეებს ჰქონდათ გადამალული ტაძრის სიწმინდეები და სხვა საეკლესიო ნივთები. ამის დამადასტურებელი საბუთი ახლაც ინახება ნადირაშვილების ოჯახში. ერთ-ერთ წერილში ვკითხულობთ: „ერთი ეს მინდა კიდენ, უწმინდესო მეუფეო, მოგახსენოთ: მაღაროს კარის საბჭოში შემავალ სოფელ კუდოში აღმოჩნდა ერთ ოჯახში საეკლესიო ნივთები ბარძიმ-ფეშხუმი, პატარა ტოლჩა, მდუღარეის წყლის საზიდი, ერთი სეფისკვერის თეფში და ორი ცალი პატარა შანდლები სპილენძისა. ამაზე რას გვიბრძანებთ, რა ვუყო ამ ნივთებს, მე მარტოდმარტო ვარ, ერთიც იქნებ, უცებად ვკვდები და მერე ვინ გაიგებს, რანაირი ადამიანების ხელში დარჩება ეს ძვირფასი და წმინდა ნივთები. ერთი კიდე თიანეთის საქმეა ისეთი, რომ თუ თქვენმა უწმინდესობამ არ გაიგო ეს ამბავი, ყოვლად შეუძლებელია რჯულიც შეინარჩუნო და აღარც ჩვენი მღვდელმოქმედება ღირს“. XX საუკუნის 40-იან წლებში შედარებით მოწესრიგდა ხელისუფლებისა და ეკლესიის ურთიერთობა. სამღვდელოებას დართეს ნება შეესრულებინათ საეკლესიო წესები და დაეკმაყოფილებინათ მორწმუნეთა სულიერი მოთხოვნილებანი. მთელი საქართველოს მასშტაბით 29 ეკლესია-მონასტერი გაიხსნა და ოფიციალურად დარეგისტრიდა 135 ეკლესიის მსახური. მათ რიცხვში მოხვდა მღვდელი მოსე ნადირაშვილიც, რომელიც იმ პერიოდში სიღნაღის რაიონში, სოფელ ქედის სამრევლოში ცხოვრობდა და იქ აღასრულებდა მოძღვრის მოვალეობას. რადგანაც სოფელ ქედაში მოქმედი ტაძარი არ იყო, იგი მიაწერეს ძველი გავაზის (ახალსოფლის) წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიას, სადაც პერიოდულად ჩადიოდა და წირვა-ლოცვას ატარებდა. მამა მოსეს მრავალი ადამიანი ჰყავდა მონათული საინგილოშიც, სადაც დროდადრო ახერხებდა ჩასვლას და ქადაგებას. შემდგომში იგი კვალვ მაღაროსკარში დაბრუნდა და იქ განაგრძო მოღვაწეობა. მიუხედავად ამისა, მისი სახელი და კეთილი საქმეები არ დავიწყებიათ ინგილოებს და მამა მოსეს ხშირად სთხოვდნენ დროდადრო ჩასულიყო მათთან. 1953 წლის 28 ნოემბერს მისი ნათლული სოფელ ალიბეგლოდან დიანოზ ტარტარაშვილი წერდა მას: „სალამი და გამარჯვება მღვდელ ძია მოსეს. უპირველეს ყოვლისა, გისურვებ შენ კარგად ყოფნას და ჯანმრთელობას. მერე შენი სახლობიდან ვინც გყავს, იმათ. შენი დაწერილი ადრესი დაკარგული მქონდა და დღეს საღამოს მოვძებნე და გიწერ ერთ წერილს, უნდა შემისრულო ჩემი თხოვნა. ჩამოდი სოფელ ალიბეგლოში და მოდი პირდაპირ ჩემს სახლში. ჩემი ძმა ჩამოვიდა ჯარიდან, ძია, და უამბე თქვენი ამბავი. მან კიდე თქვა, მოძებნე ადრესი და წერილი გაუგზავნე, რომ ისინი მოსე ნადირაშვილი და ქოთილა დიდებაშვილი ჩამოვიდნენო. დედა ამბობს, როგორ იქნებიანო ჩვენი მღვდელი მოსე და ქოთი-
28-2 საპატრიარქოს უწყებანი N28 4აგვისტო 2011წ გვ.24
მღვდელი მოსე ნადირაშვილი 1894-1964 (დასასრული)
ლაო. თქვენ როგორც წახვედით, არც წერილი მოვიდა, არც არაფერი თქვენი ამბავი ვერ გავიგეთ. 2 მეც ვერ დაგიწერე წერილი ადრესის დაკარგვის გამო. მოსე ძია, როდესაც თქვენ ჩამოხვედით ალობეგლოში, მაშინ თქვენ შემომხვიდთ ჩემს წინა გზაზე და მაშინ გავეცანით ერთი მეორეს. ჩვენს სახლში გაატარეთ დროობა. გახსოვს ძია მოსე, თან ცუდი ამინდი იყო, თოვდა. შენი ამხანაგი ქოთილა და მე წავედით, შეშა მოვიტანეთ, არ გახსოვს ძია მოსე? მოკლედ, ჩემი თხოვნა ის არის, რომ ჩემი დედა და ძმა გთხოვენ დიდი სურვილით ჩამოდით ჩვენსა: ერთ თვემდის ჩამოდით ალიბეგლოში, გაიგე მოსე ძია. დიაღ, მაგრა ნახვა გვინდა თქვენი. მეორეც ბლომად არის მოსანათლავი ბალღები. ჩვენი ხალხები ამბობენ, რატო არ ჩამოდის ის მღვდელი მოსე გიორგის ძეო. მეუბნებიან, დასწერე წეული, გაუგზავნე და ჩამოვიდნენ ორივენი ის მღვდელი და ქოთილა დიდებაშვილიცაო. მეც გთხოვთ, რომ ჩემი თხოვნა შემისრულოთ პირნათლად და ჩამოხვიდეთ ალიბეგლოში, შენი მონათლული ბალღები დაზრდილან უკვე. მშვიდობით იყავ, ნახვამდის. უნდა ერთი თვის განმავლობაში მოვნახოთ ერთი მეორე. ამ პატარა წერილის დაწერას ვამთავრებ. სწერს ტარტარაშვილი დიანოზ“. 1959 წელს მამა მოსე საცხოვრებლად თიანეთის რაიონში, სოფელ ბოდახევში გადავიდა. მიწის სიმცირისა და მკაცრი საცხოვრებელი პირობების გამო, 1960 წლის 12 ნოემბერს იგი ითხოვდა საკარმიდამო ნაკვეთის გამოყოფას დაბა თიანეთში. ამასთან დაკავშირებით მან წერილი გაუგზავნა თიანეთის მშრომელთა დეპუტატების აღმასკომის თავჯდომარეს და სთხოვა, დახმარება აღმოეჩინა აღნიშნულ საკითხში. მამა მოსე წერდა: „რადგანაც არტნის ხალხი სახლდება თიანეთში, მეც მსურს, რომ თიანეთში ავიღო სამოსახლო მიწა, ავაშენო სახლი, მასთან, ჩავყარო ხეხილი. ამიტომ ვთხოვ რაიაღმასკომს გამიწიოს შუამდგომლობა თიანეთის კოლმეურნეობის გამგეობასთან, რომ სხვა გლეხებთან ერთად მეც მომიზომონ საკარმიდამო ნაკვეთი. იმედი მაქვს, ჩემს განცხადებას უკმაყოფილოდ არ დასტოვებთ“. სამწუხაროდ, მაშინდელმა ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მისი თხოვნა, და როგორც მღვდელმსახურს, მას უარი ეთქვა მიწის გამოყოფაზე. თუმცა, ამ ამბავს არ გაუტეხია უკვე ასაკში მყოფი მოძღვარი. იგი კვლავინდებურად განაგრძობდა ღვთის სამსახურს. ვინ მოთვლის, რამდენი ადამიანი ანუგეშა და სულიერი საზრდოთი დააპურა გაუტეხავმა და შეუპოვარმა ქრისტეს მხედარმა. მისი ტკბილი დარიგებები ახლაც ახსოვთ ჯერ კიდევ შემორჩენილ უფროსი თაობის ადამიანებს. ვინც კი იცნობდა მამა მოსეს, ყველა ერთხმად აღნიშნავდა მის დიდ სითბოსა და სიყვარულს ღვთისა და მოყვასის საკეთილდღეოდ; მის გულღია საუბრებს, წესიერებას, უანგარო სამსახურსა და მოწყალე გულს. სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე მტკიცედ აღასრულებდა თავის მოვალეობას და სოლომონ ბრძენის სიტყვები: „უკუეთუ მრავალთა წელთა ცხოვნდეს კაცმან და ფრიად იყოს დღენი წელიწადთა მისთანი და სული მისი არა განიძღოს კეთილთაგან...“ ჭეშმარიტად აღსრულდა მის მიერ. 1963 წელს, შობის მარხვაში, მამა მოსე თავის ერთ-ერთ ვაჟს იოსებს სტუმრობდა. ახალ წელსაც იქ შეხვდა მოძღვარი. 1864 წლის 4 იანვარს მოულოდნელად ცუდად იგრძნო თავი და სანამ ექიმს მოიყვანდნე, ნგულის შეტევით გარდაიცვალა. ოჯახის წევრებმა მისი ცხედარი მშობლიურ სოფელში გადაასვენეს და მამა მოსეს ანდერძის თანახმად, საეკლესიო წესების დაცვით დაკრძალეს სოფელ არტაანის საგვარეულო სასაფლაოზე. იმ წელს დიდი ზამთარი იყო და მოძღვრის მოყვანა არ მოხერხდა. შთამომავლების გადმოცემით, სააღდგომოდ, სოფელ კუდოში მცხოვრები მღვდელი ჯარიაშვილი არტაანში ჩავიდა და მამა მოსეს წესი აუგო.