ერთი ეკლესიის ისტორია სოფელ ბარალეთის ისტორია და იქ მოღვაწე მოძღვარნი
სოფელი ბარალეთი მდებარეობს ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბარალეთის ნაპირებზე, ზღვის დონიდან 1680 მეტრზე, ახალქალაქიდან 16 კილომეტრში. ბარალეთი ქართული სიტყვაა და აღნიშნავს სწორს, ვაკე ადგილს. ვახუშტის სიტყვით –- „ბარალეთი გაშენებულია ჯავახეთის უმშვენიერეს და უნაყოფიერეს ველზე, რომელიც ირწყვის ბარალეთის წყლითა“. ვახუშტი მას მცირე ქალაქს უწოდებს და აღნიშნავს, რომ იგი დასახლებულია მესხებით, სომხებითა და ურიებითო. XIX საუკუნეში აქ მხოლოდ ქართველები და სომხებიღა ცხოვრობდნენ, ხოლო ებრაელები აღარ იხსენიებიან. XIX საუკუნეში ბარალეთში იყო ორი ეკლესია, ერთი ქართველების და მეორე -– სომხების. ქართული ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე შენახულია ძველი წარწერა, სადაც ვკითხულობთ: „აღშენდა ეკლესიაი ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა. ადიდენ ღმერთმან ორთავ ცხოვრებასა შინა". ისტორიული წყაროების მიხედვით, ლაშა-გიორგი 1213 წელს გამეფდა და აღნიშნული ტაძარიც სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება. ტაძრის ალმოსავლეთი კედლის გვერდით არის საფლავი აქ მოღვაწე მღვდლის -–– პეტრე ხმალაძისა. საფლავზე მშვენიერი მხედრული ასოებით იკითხება წარწერა, რომელზეც ასახულია ქრისტიანობის მაშინდელი ყოფა ჯავახეთის შემოერთებამდე, ე. ი. 1828 წლამდე. აი, წარწერაც: „ლოდსა ქვეშე ამისა მდებარე არს გვამი მღვდლის პეტრე ხმალაძისა, რომელიც ჟამთა მაჰმედიანთაგან ქრისტიანეთა დევნულებისა, იყო შეძლებისამებრ შემვლელი და რუსეთის მთავრობის მოსვლასა, ძველთა ქრისტიანეთა ეკლესიის შეწყნარებისა ერთგული წინამძღვარი. აღმკითხველთაგან შენდობისა არს მოქენე, რათა თქვენცა დღესა განკითხვისასა მიემთხვინეთ შენდობასა. გარდაიცვალა წლისა 90-ისა. სახსოვარი ესე აღაგეს მისთა მმადლობელთა შვილთა“. მღვდელი პეტრე დაახლოებით 1765 წელს იყო დაბადებული, მას კარგად ახსოვდა ერეკლე II და ძველი ეპოქის შესანიშნავი მცოდნე გახლდათ. XIX საუკუნის შუა წლებიდან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში გაიხსნა სამრევლო-საეკლესიო სკოლები. გამონაკლისი არც სოფელი ბარალეთი გახლდათ, სადაც ასევე ამოქმედდა ეკლესიასთან არსებული სკოლა. სკოლაში საღვთო სჯულს ძირითადად ადგილობრივი ტაძრის წინამძლვრები ასწავლიდნენ, ხოლო დანარჩენ საგნებს -– საერო პირები.
1893 წელს ბარალეთში აშენდა სამრევლო-საეკლესიო სკოლის ახალი შენობა. ეს შენობა ქვითკირისაგან იყო ნაშენები და მასში თავისუფლად ეტეოდა 200-ზე მეტი მოსწავლე. იქვე იყო მასწავლებელთა საცხოვრებელი ოთახები. იმ პერიოდში ჯავახეთში მომხდარი მიწისძვრის შემდეგ უსახლკაროდ დარჩენილმა ახლომახლო სოფლის მოსახლეობამ სწორედ ამ შენობაში ჰპოვა თავშესაფარი.
სოფელ ბარალეთის ისტორიულ სიძველეებში უნდა ვახსენოთ ქვის მაღალი სვეტი, რომელიც სოფლიდან ჩრდილოეთით ორ კილომეტრშია აღმართული და ხალხი მას ამაღლების სვეტს ეძახის. ამ სვეტის შესახებ შემორჩენილია ერთი ასეთი ძველი გადმოცემა. „ადრე იგი სოფელ კოთელიაში (სოფელი ჯავახეთში) მდგარა და თავზე ოქროს ჯვარი ედგა. XVIII საუკუნეში მტაცებელმა ლეკებმა ერთ ღამეს გაძარცვეს იგი, მოხსნეს ჯვარი და წაიღეს. ღამის გასათევად მძარცველები დაბანაკდნენ იქ, სადაც ეხლა ეს ჯვარია აღმართული. დილით, გაღვიძებულმა ლეკებმა დაინახეს, რომ გაძარცვული სვეტი მათ წინაშე იყო აღმართული. თავზარდაცემულებმა დაუყოვნებლივ დასდეს ჯვარი სვეტის ძირას და უკან აღარ მოუხედიათ, ისე გაიქცნენ იქიდან. მას აქეთ ეს სვეტი აქ სდგასო, მაგრამ რა იქნა ის ოქროს ჯვარი, გარდამოცემა არაფერს ამბობსო. სახელი „ამაღლების სვეტი“ კი მას შემდეგი მიზეზის გამო მიუღია. ამოვარდნილა ერთხელ ძლიერი ქარი, რომ სვეტი წაუქცევია და ეხლაც ისე ეგდებოდა, ხალხის შემდეგ უბედურებას რომ არ აღემართაო. იმჟამად ისეთი გვალვა დადგა, რომ არც ერთი დათესილი მარცვალი არ ამოვიდაო. ხალხი დრტვინავდა და არ იცოდა, რა ეღონა, რით მოელბო ცის რისხვა. გამოეცხადა სვეტი ერთ გლეხს და უთხრა: „წადი და განუცხადე ხალხს: სანამ არ ამწევენ და თავისს ადგილზე არ დამდგავენ, ცა ერთ წვეთ წვიმასაც არ მოიცემაო!“ გლეხმა, რასაკვირველია, არ დააყოვნა ამ ამბის მოფენა ხალხში. მოიყარა თავი მთელი ჯავახეთის გლეხობამ და დიდი წვალების შემდეგ სვეტი კვლავ აღმართეს. აღმართვა და დადგმა სვეტისა მოხდა სწორედ მაცხოვრის ამაღლების დღესასწაულზე და მისგან მიიღო მან თავისი ახლანდელი სახელიო, ხოლო იმავ საღამოს, ისეთი მადლიანი წვიმა მოვიდა, რომ ნათესი ყველგან გამობრუნდა და მშვენიერი მოსავალიც მოვიდა იმ წელსაო“. ბარალეთის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძარს სხვადასხვა წლებში წინამძლვრობდნენ შემდეგი სასულიერო პირები: XIX საუკუნის დასაწყისიდან 1855 ბლამდე ზემოთ ნახსენები მღვდელი პეტრე ხმალაძე, რომელიც სარწმუნოების დევნის პერიოდში უშიშრად და თავდადებით ემსახურებოდა სოფელსა დ: ეკლესიას. მან დიდი სახელი და ავტორიტეტი მოიპოვა იმ მხარეში და გარდაცვალების შემდეგაც
31-1 საპატრიარქოს უწყებანი N31 25სექტემბერი-2ოტომბერი2013წ გვ.19
ერთი ეკლესიის ისტორია სოფელ ბარალეთის ისტორია და იქ მოღვაწე მოძღვარნი (გაგრძელება)
ხალხი მას განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით მოიხსენიებდა. 1871-1874 წლებში ტაძარს მღვდელი ევსტათი სიმონის ძე აგლაძე, ხოლო 1875-1879 წლებში მღვდელი მიხეილ ილარიონის ძე ჟამუთაშვილი წინამძღვრობდნენ, ეს უკანასკნელი შემდეგ ახალციხის ეკლესიაში გადაიყვანეს და ახალციხე-ახალაქალაქის ოლქის მთავარხუცესიც გახდა. 1889 წლიდან ბარალეთის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი გრიგოლ გაბრიელის ძე ჯინჭველაძე, რომელმაც თავისი ხუთწლიანი მოღვაწეობის პერიოდში მრავალი ადამიანი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე. პირადი ასკეტური ცხოვრებითა და ღვთისადმი ერთგული სამსახურით იგი კეთილ მაგალითს აძლევდა და სულიერად განამტკიცებდა მრევლს. უმოკლეს დროში მან პატიოსანი და თავდადებული მოძღვრის სახელი მოიპოვა მთელ ჯავახეთში და 1894 წლის 18 ოქტომბერს, როდესაც იგი აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში გადაიყვანეს, ბარალეთის მორწმუნენი ფრიად დააღონა ენერგიული და პატივცემული მოძღვრის სხვა სამრევლოში გადაყვანამ. ცნობილი საზოგადო მოღვაწე და მწერალი ილია სოლომონის ძე ალხაზიშვილი გაზეთ „ივერიაში“ 1894 წლის 23 დეკემბერს მამა გრიგოლის ღვაწლის შესახებ წერდა: „წელს, შემოდგომაზე, ახალი საეკლესიო შტატები გაიხსნა მესხეთსა და ჯავახეთში. მესხეთში: სოფელ ზედა თმოგვში, რომელზედაც სოფელი აგარაა მიწერილი და სოფელ აწყურში, სადაც გადასახლებულ ქართველ მაჰმადიანთა მაგიერ რამდენიმე კომლი (13-20) მართლმადიდებელნი ქართველნი დასახლდნენ. ჯავახეთში დანიშნეს ახალი შტატი სოფელ გოგაშენში, რომელზედაც სოფელი აფნია არის მიწერილი, მღვდლებს თითქმის 500 მანეთი ჯამაგირები ექნებათ წელიწადში და თანაც მოვალენიც არიან სამრევლო სკოლები იქონიონ. რაღა თქმა უნდა, ყველასათვის ძალიან სასიამოვნო ამბავია. ჯერ კი არავინ მოსულან მღვდლები, მაგრამ უეჭველია ამ ბედნიერ დღეებისთვის გამოჩნდებიან. მეტადრე სადიდმარხვოთაა მღვდლები საჭირო, თორემ ზაფხულში, ხომ მოგეხსენებათ, გლეხი კაცი მინდვრად გადის და მღვდლებს იმდენი საქმეები აღარა აქვთ. ძრიელ ცუდი საქმე მოუვიდათ ბარალეთის საზოგადოებას. მღვდელმა გრიგოლ ჯინჭველაძემ აწყური ითხოვა და კიდეც გადაიყვანეს და ბარალეთი ამ ბედნიერ დღეებში უმღვლლლთ დარჩა. საზოგადოებამ სთხოვა ეგზარქოსს და ეხლა დეპეშით ნება მოუვიდათ, მღვდელს სთხოვეთ და თუ ისურვა, ისევ თქვენთან ბარალეთში დარჩეს ამ დღესასწაულებშიო. ამ უკაცობის დროს, როცა ყველა გადატაცებულია მხოლოდ ეგოისტური იდეალებით, მამა გრიგოლი, როგორც მღვდელი და როგორც კაცი სწორედ სამაგალითო ადამიანია. წარსულ წერილშიაც მოგახსენეთ, რომ ბარალეთი ეს მიყრუებული გადმოვარდნილი ადგილი ლამის ქალაქად გადაიქცეს -- მეთქი, რადგან სოფელში რამდენიმე კაცი ფხიზლობს მეთქი. ამ გულშემატკივართა შო-რის მამა გიორგიც სამაგალითოდ ირჯებოდა საზოგადო და საქველმოქმედო საქმეებში. სანატრელია, რომ ახალმა მოძღვარმაც, რომელიც ბარალეთშია დანიშნული, მამა გრიგოლის მოქმედებით იხელმძღვანელოს, როგორც ამბობს ძველი თქმულება: წინა კაცი უკანისა ხიდიაო". ყველა საზოგადო საქმე მშვენივრად არის ბარალეთში დაყენებული და ახლად მოსულ მღვდელს მხოლოდ დასჭირდება მხნედ განაგრძოს კეთილი საქმე საზოგადოებისა“. ტაძრის შემდეგი წინამძღვარი გახლდათ მღვდელი გიორგი მოსეს ძე ბერიძე, რომელიც აქ 1894-1902 წლებში მსახურობდა. 1902 წლის 18 თებერვალს 70 წლის მოხუცებული მამა გიორგი პენსიაზე გავიდა და ტაძრის წინამძლვრობა ენერგიულ ახალგაზრდას, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებულ ბენიამენ ანტონის ძე კანდელაკს გადააბარა, რომელიც ბარალეთში ჯერ კიდევ 1900 წლიდან ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. იგი ადგილობრივ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში ასწავლიდა და მოსახლეობაშიც საკმაო ავტორიტეტით სარგებლობდა. მისი შემდგომი ცხოვრება ასე წარემართა. 1904-1923 წლებში იგი ახალციხის წმინდა მარინეს სახელობის ტაძარს წინამძლვრობდა. 1923 წელს თბილისის კალოუბნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1925 წლის 21 იანვარს თბილისის წმინდა მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1927 წლიდან იგი საქართველოს საკათალიკოსო საბჭოს წევრია. 1933 წლის 16 აპრილს მიტრით დაჯილდოვდა. დეკანოზი ბენიამენი მონაწილეობდა 1917 წლის პირველ, 1927 წლის მეოთხე, 1932 წლის მეხუთე და 1934 წლის მეექვსე საეკლესიო კრებებზე. 1938 წლის 5 ოქტომბერს დეკანოზი ბენიამენი დააპატიმრეს და რუსეთში გადაასახლეს, სადაც 1944 წელს გადასახლებაში გარდაიცვალა. 1904 წელს ტაძრის წინამძღვრად მღვდელი გიორგი ნიკოლოზის ძე შატბერაშვილი დაინიშნა. მისი
31-2 საპატრიარქოს უწყებანი N31 25სექტემბერი-2ოქტომბერი2013წ გვ.20
ერთი ეკლესიის ისტორია სოფელ ბარალეთის ისტორია და იქ მოღვაწე მოძღვარნი (დასასრული)
შთამომავალი გახლდათ პოეტი გიორგი შატბერაშვილი. 1907 წლიდან, საქართველოს გასაბჭოების პირველ წლებამდე, ბარალეთის ეკლესიის წინამძღვარი მღვდელი ფილიპე დავითის ძე მეტრეველი გახლდათ, რომელიც წარმოშობით ჯავახეთიდან, სოფელ ქილდადან იყო და კარგად იცნობდა იქაურ ადათ-წესებსა და ტრადიციებს. მღვდელი ფილიპე დაიბადა 1859 წელს მედავითნის ოჯახში. 1880- 1886 წლებში თბილისის სასულიერო სემინარიაში სწავლობდა. 1886 წლის 24 ოქტომბერს ეგზარქოსმა პავლემ (ლებედევი) დიაკვნად აკურთხა, ხოლო ამავე წლის 2 ნოემბერს მღვდლად დაასხა ხელი და შიბლიანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძღვრად დანიშნა. 1888 წელს მშობლიურ მხარეში ქილდის მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის წინამძღვრად გადაიყვანეს. 1896 წლის აღდგომას საგვერდულით, ხოლო 1902 წელს სკუფიით დაჯილდოვდა. 1907 წელს ბარალეთის ეკლესიის წინამძღვრად განამწესეს. 1915 წელს კამილავკა ეწყალობა. 1923 წლიდან მამა ფილიპე ნორიოს მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარია. 1929 წლის 7 მარტს მამ ფილიპემ ითხოვა ჯავახეთში დაბრენება, რასაც დაეთანხმა ურბნისის ეპარქიის მაშინდელი ეპისკოპოსი სვიმონი (ჭელიძე), მაგრამ ხელისუფლებამ არ მისცა თანხმობა. ამის გამო, 1929 წლის 17 აპრილს იგი წილკნის ეპარქიაში,
ბულაჩაურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძრის წინამძლვრად დაინიშნა. მისი შემდგომი ბედი უცნობია.
1922 წლის ივნისში, ახალქალაქის სამაზრო კომიტეტის ბრძანებით, აღწერეს ჯავახეთის მხარეში მოქმედი ტაძრების ქონება. 3 ივნისს მიაკითხეს ბარალეთის ეკლესიასაც, მაგრამ საეკლესიო ნივთები ტაძარში არ აღმოჩნდა. ტაძრის წინამძღვრის, მამა ფილიპეს არ ყოფნის გამო, ტაძრის მამასახლისს ნიკო ხმალაძეს შიშის გამო საეკლესიო ქონება მიწაში ჩაეფლა. იგი დააპატიმრეს. შესაბამისი აქტის გაფორმების შემდეგ შედგენილ დოკუმენტში ეწერა, რომ მან ნივთებთან ერთად ჩამარხა რევოლვერი 22 ვაზნით, 43 რუსული წარმოების პატრონტაჟი, 150 ბერდენკის ტყვია და ერთი წყვილი ინგლისური სამხედრო ჩანთა და ჩექმები, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას აღმოჩნდა გადამალული ე. წ. „ვინტოვკა“ და „ბერდენკა“. ეკლესიის ძვირფასეულობის სია კი ასე გამოიყურებოდა: ერთი ვერცხლის ჯვარი, ერთი ვერცხლის ჭიქა (მხოლოდ სანახევროდ მოვერცხლილი), ვერცხლის თეფში, ვერცხლის კოვზი, ვერცხლის ვარსკვლავი და ვერცხლის პატარა თეფში. ბარალეთის ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი გახლდათ დეკანოზი ვასილ სოლომონის ძე კოპტონაშვილი (იხ. მასზე სტატია „საპატრიარქოს უწყებანი“ 2009წ. N 11), რომელსაც 1923 წელს, ურბნისის საეპარქიო საბჭოს დავალებით დაევალა მოძღვრის გარეშე დარჩენილი სამრევლოს მოვლა-პატრონობა.