ნიკოლოზ გიორგის ძე ჟიჟიაშვილი 1878-1955წწ. მღვდელი დაბ. სოფ. ხორხი (დუშეთი, ჟინვალის თემი)
საპატრიარქოს უწყებანი N6 13-19 თებერვალი 2014გვ.18
მღვდელი ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი „მძარცველები ამოთხრიან ჩემს საფლავს“ 1878-1955
მღვდელი ნიკოლოზ გიორგის ძე ჟიჟიაშვილი 1878 წელს თბილისის გუბერნიაში, დუშეთის მაზრის სოფელ ხორხში, გლეხის ოჯახში დაიბადა. მამამისი გიორგი ჟიჟიაშვილი მეცხვარეობით არჩენდა ოჯახს, ხოლო დედა -- ბუბუნაურების ქალი, დიასახლისი გახლდათ. თავად ჟიჟიაშვილების გვარიდან XVIIIს-ის ბოლოსა და XIX ს-ის | ნახევარში ორი სასულიერო პირი მოღვაწეობდა ხორხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში. მამა-შვილი –-– ზაქარია და გაბრიელ ჟიჟიაშვილები, ხოლო მამა ნიკოლოზი უკანასკნელი სასულიერო პირი გახლდათ ამ გვარიდან. მშობლებმა პატარა ნიკოლოზი სასწავლებლად თრუსოს ხეობაში არსებულ ერთ-ერთ სამრევლო-საეკლესიო სკოლაში მიაბარეს, სადაც პირველდაწყებითი განათლება მიიღო. წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიპიკონი კი ქვათახევის ყოვლადწმინდა ლვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში ისწავლა (მეორე ვერსიით –- თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში). აქ მან რამდენიმე წელიწადი საბერო მორჩილებაში გაატარა. 1911 წლის 28 მარტს მორჩილი ნიკოლოზი დუშეთის მაზრაში, სოფელ აბანოს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მედავითნედ დაინიშნა. 1916 წლის 20 თებერვალს იგი მშობლიურ სოფელში, ხორხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. ამავე პერიოდში ნიკოლოზი დაქორწინდა პელაგია (პელო) აფციაურზე, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: იოანე, ნინო და მარიამი. 1920 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მედავითნე ნიკოლოზი დიაკვნად აკურთხა, ერთ კვირაში კი მღვდლად დაასხა ხელი და ხორხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვრად განამწესა. მამა ნიკოლოზს ეკლესიისთვის უმძიმეს პერიოდში მოუხდა სასულიერო სარბიელზე გამოსვლა. 1921 წელს საქართველოს გასაბჭოებით ქვეყანაში სამღვდელოების წყნარი და უშფოთველი ცხოვრება დასრულდა. ულმრთო ხელისუფლებამ ეკლესიას ბრძოლა გამოუცხადა. დაიწყო სამლვდელოების დევნა-შევიწროება. აუტანელი გახდა ანაფორის ტარება და მღვდლობის პატივი. სასულიერო დასი უკიდურესად
შევიწროებულ და დამცირებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. დიდი ნაწილი ფიზიკურად გაანადგურეს, ზოგმა უარი თქვა მსახურებაზე, ვინც გადარჩა, უმძიმეს ვითარებაში აგრძელებდა ღვთისმსახურებას. მიუხედავად ამისა, XX საუკუნის 20-იანი წლებში მამა ნიკოლოზი დიდი შემართებითა და თავმდაბლობით ატარებდა სამღვდელო მძიმე ჯვარს. ეკლესიაში წირვალოცვასაც აღასრულებდა და მრევლსაც ქრისტეს ერთგულებისკენ მოუწოდებდა. XX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისიდან მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. მღვდლები კულაკების სიაში შეიყვანეს და ქონება ჩამოართვეს. გამონაკლისი არც მღვდელი ნიკოლოზი იყო. დიდი განსაცდელი შეხვდა მის ცოლ-შვილსაც. მათ გადასახლება ემუქრებოდათ, როგორც სასულიერო პირის ოჯახის წევრებს. შთამომავლების გადმოცემით, იმდენად დიდი იყო შიშის სინდრომი, რომ მამა ნიკოლოზი ვითომდა განქორწინებულა კიდეც და მეულლესთან აღარ ცხოვრობდა, რათა ამ ფაქტით ოჯახის წევრები გადაერჩინა. მსგავსი შემთხვევები მაშინ მრავლად ხდებოდა. ამ გზით სამღვდელოება ცდილობდა, ოჯახი აწიოკებისა და დარბევისაგან ეხსნა. მიუხედავად ამისა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ მათ თითქმის ყველაფერი
6-1 საპატრიარქოს უწყებანი N6 13-19 თებერვალი 2014გვ.19
მღვდელი ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი „მძარცველები ამოთხრიან ჩემს საფლავს“ 1878-1955 (გაგრძელება)
ჩამოართვა. უკანასკნელი ძროხა დაუკლეს, საეკლესიო ნივთები, სარჩო-საბადებელი, რაც კი ჰქონდათ, ყველაფერი წაიღეს და ღვთის ანაბარა დატოვეს. მატყლის გადასახადს რომ ვერ იხდიდნენ, ლოგინები დაშალეს და მატყლი იქიდან ჩააბარეს. სამამულო ომის დაწყების გამო, მამა ნიკოლოზი გადასახლებას გადაურჩა, მაგრამ მის ოჯახზე ფსიქოლოგიური თუ მატერიალური ზეწოლა მაინც გრძელდებოდა, ხან ხელისუფლების მხრიდან, ზოგჯერაც კონკრეტული ადამიანებისგან. მოძღვრის რძალი აიძულეს, ეკლესიის ზარი ჩაებარებინა იარაღის დასამზადებლად. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ზარი მაინც წაიღეს. ხორხის ტაძარი გაძარცვეს, ინვენტარი კოლმეურნეობის კანტორაში წაიღეს, ხოლო ზარები სკოლაში ჩამოკიდეს. მამა ნიკოლოზს საცხოვრებელი სახლი ჩამოართვეს და იქ საერო სკოლა გახსნეს. რაიონის გაზეთში იბეჭდებოდა ყალბი წერილები, ვითომ იგი ხალხს ატყუებდა. მოძღვარი იძულებული გახდა, საეკლესიო მოღვაწეობას დროებით ჩამოშორებოდა და სანამ მდგომარეობა შედარებით არ ჩაცხრებოდა, თავი სოფლის მეურნეობაში მუშაობით ერჩინა. მისმა მეუღლემ ამდენ გაჭირვებას ვეღარ გაუძლო, დაავადმყოფდა და ნერვიულობისგან გარდაიცვალა. ტრაგიკულად წარიმართა მისი შვილების ცხოვრებაც. უმცროსი ასული -- მარიამი -–- 14 წლის ასაკში ცხენიდან გადმოვარდა და გარდაიცვალა. ნინო 1935 წელს ციმბირის წყლულით გარდაიცვალა. მას დარჩა ერთი ქალიშვილი. იოანე დაოჯახდა, ჰყავდა 3 ქალიშვილი, მაგრამ რადგან მლვდლის შვილი იყო, 1941 წელს, როგორც კი სამამულო ომი დაიწყო, სხვის მაგივრად გაიგზავნა ფრონტის წინა ხაზზე, კონკრეტული გაწვევა კი ოჯახმა საკმაოდ გვიან მიიღო. გარდა ამისა, მას მოუწყვეს შანტაჟი, ცილი დასწამეს დეზერტირობაში და ოჯახს მრავალი უსიამოვნება შეახვედრეს. სინამდვილეში იოანე ფრონტზე დაიკარგა. მეუღლისა და შვილების დაკარგვის შემდეგ მამა ნიკოლოზი სულ მარტო დარჩა თავისი პატარა შვილიშვილებით. იგი იძულებული გახდა, მეორე ცოლი შეერთო. მას ეკატერინე ყარმაზანაშვილთან შვილი აღარ შესძენია. საშინელი დევნისა და შევიწროების მიუხედავად, მოძღვარი მაინც ახერხებდა მღვდელმოქმედებას (ღამე ხალხს ნათლავდა, მიცვალებულებს აპატიოსნებდა და ქრისტეს სარწმუნოებას ქადაგებდა). ოჯახში გადმოცემით იციან, რომ ერთ-ერთ ოჯახში, ლხინის სუფრაზე, სტალინის სადღეგრძელოზე მის სურათს ჭიქა შეალეწა, ოჯახის უფროსს დაპატიმრების შეეშინდა, მაგრამ არავინ გასცა და ყველა გადარჩა. სამღვდელოების ასეთი უკიდურესი ყოფა 1943 წლამდე გაგრძელდა. ამ წელს სახელმწიფომ ეკლესიას უფლება მისცა, დაკეტილი ტაძრები გაეხსნათ, ხოლო ღვთისმსახურებს ოფიციალურად დართეს ნება, წირვა-ლოცვა და საეკლესიო წესები აღესრულებინათ მორწმუნეთათვის. იმჟამად მოქმედი ყველა ეპარქიის ეპისკოპოსს დაევალა, სიები შეედგინათ იმ სასულიერო პირთა შესახებ, რომელთაც სურვილი გამოთქვეს, მღვდელმოქმედება და ეკლესიაში სამსახური გაეგრძელებინათ. ამასთან დაკავშირებით, 1944 წლის 30 აგვისტოს წილკნელი ეპისკოპოსი ტარასი წერილს უგზავნის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს (ცინცაძე), რომელშიც მღვდელ ნიკოლოზის შესახებაც არის საუბარი: „მღვდლები, რომლებიც თქვენდამო გამოგზავნილ სიაში არ იყვნენ და ნამდვილად კი მსახურობენ, არიან შემდეგნი: მღვდელი ალექსანდრე წიკლაური, რომელიც მსახურობს და არ შეუწყვეტია მას სამსახური, არის ერწოში თავის სოფელში მელიასხევში და ეკლესია ჰქონდა სოფელ საყდრიონში. ეხლა აქვს თუ არა წირვა-ლოცვა, არ ვიცი ზუსტად. სადაც კი მისწვდება ერწოში, ყველგან ის ასრულებს წესებს. რადგან თქვენ არ გცოდნიათ ამ მღვდლის ყოფნა იქ, მაშასადამე, არც მირონი ექნება თქვენგან წაღებული. მე რაც მცხეთაში ვმსახურობ, 7 წელია და, მათ შორის, ექვსი წელია -- წილკნის ეპისკოპოსად და არც ჩემთან გამოცხადებულა, არც მირონისათვის და არც არაფრისათვის. საინტერესოა, რით ნათლავს ბავშვებს? ასევე მსახურობს მღვდელ-მონაზონი დანიელი (გილაშვილი -– გ. მ), ესეც ერწოში, ოღონდ, არ ვიცი, რომელ სოფელში. მღვდელმა წიკლაურმა იცის მისი მისამართი. შარშან იყო ჩემთან, მანდატს თუ ადგილს თხოულობდა, მე თქვენთან გამოვგზავნე და არ ვიცი, იყო თუ არა. შემდეგია მღვდელი ნიკოლო"ზ ჟიჟიაშვილი, რომელიც უკურთხებია მღვდლად კათოლიკოს-პატრიარქს ლეონიდეს (ოქროპირიძე). მედავითნეობა უსწავლია ფერისცვალების მამათა მონასტერში, მსახურობდა მედავითნედ ჯერ კობში, შემდეგ კი თავის სოფელში ხორხში და ამავე სოფლის წმ. გიორგის ეკლესიის სახელზედ კურთხეულია 1920 წელს, სადაც დღემდე მსახურობდა. არის 67 წლის“. გარდა ამისა, იმ პერიოდში თავად ხორხის მცხოვრებლებმა გამოთქვეს სურვილი, ჰყოლოდათ საკუთა-
6-2 საპატრიარქოს უწყებანი N6 13-19 თებერვალი 2014გვ.20
მღვდელი ნიკოლოზ ჟიჟიაშვილი „მძარცველები ამოთხრიან ჩემს საფლავს“ 1878-1955 (დასასრული)
რი მღვდელი სოფელში. 1944 წლის 7 აგვისტოს სოფელ ქვემო ხორხის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მრევლმა თხოვნით მიმართა კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს: „ჩვენ, სოფელ ქვემო ხორხის მცხოვრებლები, ქვემორე ამის ხელის მომწერნი, გთხოვთ თქვენს უწმინდესობას, რათა დაგვიმტკიცოთ ქვემო ხორხის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვრად ყოფილი მღვდელი ნიკოლოზ გიორგის ძე ჟიჟიაშვილი. ამავე სოფელში მცხოვრები, ჩვენი სურვილის დასასაბუთებლად, ამავე თხოვნაზე ვაწერთ ხელს 28 კაცი“. ამ ამბიდან ერთი კვირის თავზე კათოლიკოს-პატრიარქი კალისტრატე ადასტურებს თავის ნებართვას, საბუთზე შემდეგი მინაწერით: „ხელის მოწერითა და ბეჭდის დასმით ვადასტურებ, რომ ამის წარმომდგენ მღვდელ ნიკოლოზ ჟიჟიაშვილს, თანახმად დუშეთის რაიონის სოფელ ქვემო ხორხის წმინდა გიორგის ეკლესიის მრევლის თხოვნისა, ნება ეძლევა ქრისტიანული წესები შეუსრულოს იმ მოქალაქეთ, რომელნიც მიმართავენ მას ამგვარი თხოვნით“. მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან დათმობისა და ტერორის შემცირებისა, სამღვდელოების მდგომარეობა მაინც მძიმე რჩებოდა. ხელისუფლებამ გადასახადების გაზრდით გადაწყვიტა წელში გაეწყვიტა გადარჩენილი სამღვდელოება. გადასახადები იმდენად დიდი იყო, რომ მღვდლები იძულებული ხდებოდნენ, კვლავ უარი ეთქვათ მსახურებაზე. რამდენიმეწლიანი მსახურების შემდეგ, 1949 წლის 4 მაისს, მღვდელი ნიკოლოზი კათოლიკოს-პატრიარქ კალისტრატეს წერს: „ყოვლადსამღვდელო ეპისკოპოს ტარასის მიერ მოცემული მანდატით მე ვასრულებდი მღვდელმოქმედებას მორწმუნეთათვის ჟინვალის, ანანურისა და ფასანაურის რაიონებში. შემოსავალი მცირე მქონდა და ვყიდდი ნივთებს ოჯახიდან, შემოწერილი გადასახადების დასაფარავად. თუ რაიმე გამაჩნდა, ყველაფერი გავყიდე. უკანასკნელად შემაწერეს 10 000 მანეთი. მე ამ თანხის გადახდა არ შემიძლია. ამიტომ ვთხოვ თქვენს უწმიდესობას, თავისუფალი გამხადოს მღვდლობის მოვალეობისაგან. მე ისედაც თავი გავანებე მღვდელმოქმედებას 1949 წლის იანვარში“. ყოველმხრივ შევიწროებული და გაწამებული მოძღვარი იძულებული გახდა, საეკლესიო ცხოვრებას ჩამოშორებოდა და ისევ სოფლის მეურნეობას დაბრუნებოდა. იგი ძალიან განიცდიდა ამ ამბავს,მაგრამ თავს ზევით ძალა არ იყო, ხელისუფლება მას არანაირ გასაქანს არ აძლევდა. დადარდიანებული
მამა ნიკოლოზი 1955 წელს გარდაიცვალა. ოჯახმა და ნათესავებმა მისი ცხედარი სოფლის საგვარეულო სასაფლაოზე დაკრძალეს. სიკვდილის წინ მამაოს უთხოვია, რომ იგი სამღვდელო შესამოსლით დაეკრძალათ, ოღონდ თავისი ვერცხლის სამკერდე ჯვარი არ დაეკიდათ გულზე. უთქვამს: „მძარცველები ამოთხრიან ჩემს საფლავს და მოიპარავენო“. მართლაც, სააღდგომოდ, სასაფლაოზე გასულ ოჯახის წევრებს მისი საფლავი გაძარცვული დახვდათ. სარწმუნოებისთვის ტანჯული და გაწამებული მოძღვარი საფლავშიც კი არ დაასვენეს მოძალადეებმა.