თავისი სურვილის წინააღმდეგ მღვდლად გამწესდა. იდევნებოდა ხალხოსანთა წრეებში მონაწილეობისა და იმპერატორ ალექსანდრე II-ის შეურაცხყოფისათვის. 1894 წელს, გორის საკრებულოს ტაძრის კანდელაკად და კეთილმოწესედ (ბლაღოჩინად) ყოფნის დროს ვლადიმერ ეგზარქოსმა საეკლესიო ნივთების აღწერა და რუსეთში გაგზავნა დაავალა. იოელ გამრეკელმა ნიკო ამილახვარის დახმარებით შეძლო საეკლესიო საგანძურის გადარჩენა. 1906 წელს იოელ გამრეკელი იმ საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა, რომელმაც რუსეთის სინოდისაგან ჩამოშორება და საქართველოს ავტოკეფალიის აღდგენა მოითხოვა. წერდა რუსულ და ქართულ პრესაში თორელისა და მეჯვრისხეველის ფსევდონიმებით, იცავდა საქართველოს ეკლესიის ქონებრივ უფლებებს. თბილისის ჯვრის მამის ეკლესიის შესახებ ბერძნებს ედავებოდა და მისი ძალისხმევით ეს უძველესი ეკლესია 1912 წელს ქართველების საკუთრებად იქნა ცნობილი. იოელ გამრეკელმა თარგმნა ს. სავინკოვის რევოლუციური შინაარსის "Скорбныя годы. Воспоминания матери" ("მწუხარების წლები. დედის მოგონებანი", 1918 წელს გამოსაცემად გადასცა შ. აფხაიძეს). მქადაგებელი, მწიგნობარი, საქართველოს ეკლესიის ქონებრივ უფლებათა და უპირატესობათა დამცველი, გამრეკელ-თორელთა შთამომავალი. მხატვარ ირაკლი გამრეკელის მამა.
წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.487
„ყოველ კეთილ საქმეში საჭიროა დახმარება და შემწეობა მახლობელთაგან”
დეკანოზი იოილ გაბრიელის ძე გამრეკელი 1853 წელს თბილისის გუბერნიაში, გორის მაზრაში, სოფ. მეჯვრისხევში, მღვდლის ოჯახში დაიბადა. 1874 წელს დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1874 წლის 26 სექტემბერს დიაკვნად აკურთხეს, იმავე წლის 1 ოქტომბერს მღვდლად დაასხეს ხელი და აძვის წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძარში განამწესეს. 1880 წლის 23 დეკემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1883 წლის 28 ივნისს იგდირის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ეკლესიაში გადაიყვანეს. 1883 წლის 21 ოქტომბერს გორის ღვთისმშობლის მიძინების სახ. საკათედრო ტაძრის კრებულში დაინიშნა. წლების განმავლობაში იყო სასულიერო დეპუტატი, შემოსავალ-გასავლის წიგნების სარევიზიო კომისიის წევრი, გორის სასულიერო სასწავლებლის საბჭოში სამღვდელოების წარმომადგენლი. 1888 წლის 13 მაისს გორში ოთხკლასიანი სასულიერო სასწავლებლის ახალი სახლის საძირკველი აკურთხეს. სასწავლებლის ზედამხედველმა ბ. დ. დათოშვილმა კურთხევაზე გორის სამღვდელოება და მასწავლებლები დაპატიჟა. პარაკლისი საკათედრო ტაძრის დეკ. ბესარიონ ზედგენიძემ გადაიხადა. პარაკლისის შემდეგ სიტყვა მღ. იოილ გამრეკელმა წარმოთქვა: „დღეს გორის სამღვდელო და საერო პირთა მოვიყარეთ აქ თავი, რომ შევსთხოვოთ ყოვლად მოწყალე ღმერთსა, რათა მან მოგვცეს ჩვენ მიერ დაწყებულ სასულიერო სასწავლებლისათვის ახალი სახლის აშენების საქმეში ძალა და შეძლება, რომ კეთილად და მშვიდობიანად დაგვემთავრებინოს ეს კეთილი საქმე. კაი ხანია, რაც ჩვენმა სამლვდელოებამ საჭიროდ დაინახა სასულიერო სასწავლებლისთვის ახალის შენობის აღმართვა, რომლისათვის იგი არ ზოგავს თავის უკანასკნელს წვლილს, ოღონდ მათმა შვილებმა ჯეროვანი სწავლა-განათლება მიიღონ ამ სასწავლებელში. დიდი ხნის მოსაზრების, საქმის აწონ-დაწონის და მომზადების შემდეგ, ეს კეთილი აზრი უკვე განხორციელდა. ყველა ჩვენგანმა კარგათ უწყის, რომ ყოველ საქმეს მხოლოდ მაშინ ეძლევა მომეტებული სიცოცხლე, როდესაც მას ჰკიდებენ ხელს მრავალნი პირნი შეერთებულის ძალით. ყოველ კეთილ საქმეში საჭიროა დახმარება და შემწეობა მახლობელთაგან. ესრეთი დახმარება უნდა იყვეს მუდმივი და არა დროებითი. ყოველს კეთილს და სასარგებლო საქმეში შემწეობას უნდა ვაძლევდეთ ერთმანეთს და შეერთებულის ძმურის ძალით უნდა ვამხნევებდეთ ერთმანეთს, რომ მივაღწიოთ ყველასათვის სასურველს საერთო მიზანს, „რათა სრულ იყოს ღვთისა კაცი იგი, ყოვლისა მიმართ საქმისა კეთილისა განმტკიცებული“ (პავ. მოციქ.). თუ გვინდა რომ მტკიცე და
მკვიდრ ნიადაგზედ იყოს დამყარებული ეს სასიქადულო საქმე, რომელსაც ჩვენ უკვე შეუდექით, თუ გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმა და შვილისშვილებმა ამ სასწავლებელში შეიძინონ სწავლა, რომ-
16-1 საპატრიარქოს უწყებანი N16 10-16მაისი 2018წ გვ.18
დეკანოზი იოილ გამრეკელი 1853-1932 (გაგრძელება)
ლის შემწეობით სძლიონ უმეცრებას, პირნათლად გაუძღვენ ჭირსა და ლხინსა, მოჰფინონ ხალხში განათლება, განჰფანტონ სიბნელე გონებისა და აღამაღლონ ზნეობა, ნუ დავზოგავთ, შეძლებისა და გვარად, შრომას და ღვაწლს, ნუ მოვერიდებით დაბრკოლებათ; დამტკიცებულია საზოგადოდ, რომ ყოველ კეთილსაქმეს წინ გადაეღობება ხოლმე დაბრკოლება, მაგრამ ჩვენ უნდა ვსძლიოთ ამ დაბრკოლებათა იმ იმედით, რომ ჩვენი შთამომავლობა დააფასებს ჩვენგნით ტანჯვით და მოთმინებით განვლილს ცხოვრებას“. მღვდელი იოილი 1889 წლის 20 აგვისტოს გორის საკათედრო ტაძართან არსებული სამრევლო-საეკლესიო სკოლის გამგედ დაინიშნა. 1890 წლის 1 იანვრიდან გორის მაზრის VI ოლქის მთავარხუცესის თანაშემწეა, ხოლო იმავე წლის 11 იანვარს გორის მაზრის III ოლქის მთავარხუცესად დაადგინეს. 1890 წლის 25 აპრილს გორის საკათედრო ტაძრის განმაახლებელი კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. 1891 წლის 12 აპრილს სკუფია უბოძეს. 1892 წლის 12 მარტს გორის მაზრის | ოლქის მთავარხუცესად გადაიყვანეს და ამ პოსტზე მან 1897 წლის 20 თებერვალმდე დაჰყო. 1894 წლის 13 იანვარს დაინიშნა იმ კომიტეტის თავმჯდომარედ, რომელსაც დაევალა ახალი სამრევლო-საეკლესიო სკოლის აშენება. 1894 წლის 13 ნოემბერს მღ. იოილმა გორის საკათედრო
ტაძართან სამრევლო სკოლა გახსნა და შესაბამისი სიტყვაც წარმოთქვა. 1895 წლის 15 ივნისს გორის სასულიერო სასწავლებლის მმართველი საბჭოს წევრად აირჩიეს. 1895 წელს გაზ. „ივერია“ წერდა: „გორის საკრებულო ტაძრის მღვდელმა, ბლაღოჩინმა მ. იოილ გამრეკელმა მიართვა თხოვნა საქართველოს ეგზარქოს ვლადიმერს, რათა მას მიეცეს ნება გორის სასულიერო სასწავლებლის მასწავლებლის ბ-ნ ილია ფერაძის რედაქტორობით გამოსცეს ქ. გორში ყოველ თვიური საქადაგებო სასულიერო ჟურნალი „მქადაგებელი“ ქართულს ენაზე. წლიური ფასი ჟურნალისა იქნება ორი მანეთი. ჟურნალში დაიბეჭდებიან მარტო ქადაგებანი: ორიგინალური ქართული და რუსულიდგან ნათარგმნი“. იმავე წლის ივნისშივე მლვდელი იოილის მეცადინეობით გორის სატუსაღოში უფასო სამკითხველო წიგნსაცავი გაიხსნა. ამასთან დაკავშირებით მოძღვარი წერდა: „თუ კი ერთხელ მაინც თავისს სიცოცხლეში შესულა ვინმე საპყრობილეში, უნახავს ტუსაღების ცხოვრება, მუშტრის თვალით დაუთვალიერებია და ჯეროვანი ყურადღება მიუქცევია, ადვილად წარმოიდგენდა ის მათს არა სანატრელსა და ჭეშმარიტად რომ საბრალოდაშესაზარს მდგომარეობას და ვგონებ იქნება თვალ- თაც-კი უნებლიედ ცრემლები გადმოსცვივიოდა. მე, როგორც მღვდელს, და აგრეთვე დირექტორს ამავე სატუსაღოს სამზრუნველო კომიტეტისას, მმართებს რასაკვირველია, ვალი, ვალდებული ვარ არა თუ იმისა, რომ მღვდელმოქმედება აღვასრულო, არამედ ისიც, რომ შეძლებისა და გვარად ვებაასო მათ ქრისტიანულ ზნეობრივ საკითხებზე, რასაც შეძლებისდაგვარად ვასრულებ, როდესაც კი ამაზედ დრო და შემთხვევა ნებას მაძლევს. მაგრამ მარტო ჩემი საუბარი არ უშველის მათ, თუ არ მიეცემათ მუდმივი სულიერი საზრდო და ეს კი შესაძლოა მაშინ, როდესაც მივცემთ საკითხავ წიგნებს, როგორც ქრისტიანულ-ზნეობრივ შინაარსისას, ისევე სხვადასხვა სასარგებლო და გამოსადეგ წიგნებს. აი, ასეთმა ზნეობრივმა ვალმა მაიძულა დამეარსებინა უფასო წიგნთსაცავი გორის საპყრობილეში, რომელიც აქამდე არ იყო. პირველ ეტაპზე ჩემი ღარიბი ჯიბიდან შევწირე აღნიშნულ წიგნთსაცავს 14 წიგნი. იმედია მომავალში ამ საქმეს გულშემატკივარიც გამოუჩნდება“. მართლაც, ამ განცხადებიდან ორ კვირაში ვინმე მიხეილ ლელაშვილმა და ერთმა პირმა, რომელმაც არ ისურვა თავისი სახელისა და გვარის გამჟღავნება, სამკითხველოს შეწირეს 21 სახეობის სხვადასხვა წიგნი, 30 ლოცვანი და სხვ.
მღვდელი იოილი 1897 წლის 20 თებერვალს დიღმის წმ. მარინეს სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1897 წლის 28 სექტემბერს სოფ. დიღომში სამრევლო-საეკლესიო სკოლა გაიხსნა, რომელიც დიდ ბედნიერ
და შესანიშნავ დღედ უნდა ჩაითვალოს სოფ. დიღმისთვის. ამ სკოლის დაარსების საქმეში დიდი შრომა და ღვაწლი მიუძღვის მღვდ. იოილ გამრეკელს. სკოლის კურთხევა ინება თვით საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმერმა (ბოგოიავლენსკი). ამ დღეს დიღმის შტატის წმ. მარინეს სახ. ტაძარში მწირველნი იყვნენ: რექტორი სემინარიისა არქიმანდრიტი სერაფიმე და მღვდლები: იოილ გამრეკელი და აპოლონ გოდერძიშვილი. მსახურებას ესწრებოდნენ მთავარხუცესი, მღვდ. სოლომონ შოშიაშვილი
და მღვდ. მარკოზ ტყემალაძე. წირვის დროს მეტად ტკბილად და სასიამოვნოდ ჰგალობდნენ სემინარიის მოსწავლენი ქართულად. არათუ თვით ეკლესიაში, ეზოშიაც არ ეტეოდა ხალხი, რადგან დიდი საზოგადოება შეკრებილიყო. წირვის დამთავრების შემდეგ ეგზარქოსი, შემოსილი, ჯვრით ხელში, რომელსაც ახლდნენ ასევე შემოსილნი სასულიერო პირნი, გაემართნენ სკოლის შენობისაკენ, რომელიც მოწყობილი და მომზადებული იყო შუაგულ სოფელში. ამ დღეს აქ ასევე ბრძანდებოდნენ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურთა წინამძღოლი,
16-2 საპატრიარქოს უწყებანი N16 10-16მაისი 2018წ გვ.19
დეკანოზი იოილ გამრეკელი 1853-1932 (გაგრძელება)
თავადი კონსტანტინე ივანეს ძე ბაგრატიონ-მუხრანსკი, თბილისის მაზრის თავადაზნაურთა წინამძღოლი ბ. თუმანოვი, თბილისის გუბერნიის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი ბ-ნი ტატიშვილი და სხვანი. სკოლის კურთხევის შემდეგ ხალხს სიტყვით მიმართა ეგზარქოსმა, რომლის სიტყვა ქართულ ენაზე იქვე გადათარგმნა მღვდ. იოილმა. დასასრულს მღვდელმა იოილმა თავად მიმართა ეგზარქოსს შემდეგი სიტყვით: „თქვენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობავ, მწყემსმთავარო! ნება გვიბოძეთ, ჩემის მრევლის მხრით მოგმართოთ სულის სიღრმითგან აღმონათქვამის სიტყვით. ვართ რა სიხარულით აღძრულნი თქვენის მობრძანებისა გამო იმ ჩვენს ეკლესიაში, სადაც ხშირად აღიმაღლება ხოლმე თქვენდა სადღეგრძელოდ ლოცვა-ვედრება წინაშე უფლისა, მობრძანებისა გამო ამ სკოლაშიაც, რომლის კურთხევა ეხლა თქვენ ინებეთ, კეთილკრძალულის გრძნობით გეგებებით და სულით და გულით მოხარულნი, გმადლობთ... იმიტომ, რომ
შენ ჩვენს სიმართლის და ჭეშმარიტების გზაზედ გვაყენებ, შენ ავსებ ჩვენს ნაკლულევანებას თვისის უგანათლებულესის გამოცდილებით, ბრძნულისა და გონივრულის რჩევით და მამობრივის დარიგებით. ჩვენი დღევანდელი სიხარული აუწერელი და ორკეცია; ორკეცია იმიტომ,
რომ შენთან, შენის თანდასწრებით ჩაედგა დღეს საძირკველი ამ საეკლესიო-სამრევლო სკოლას, რომელიც აქაურ მრევლისათვის შეადგენს ზნეობის დასაწყისს, ურომლისოდაც განათლება, კეთილდღეობა და წარმატებაც არარაობას წარმოადგენს. ჭეშმარიტად რომ დღევანდელი დღე ჩვენთვის შეადგენს დღესასწაულს და ჩვენი სიხარულიც დაუვიწყარი დარჩება ხალხის ხსოვნაში“. კურთხევის შემდეგ გაიმართა ტრაპეზი თავად ბაგრატიონ-მუხრანსკის სასახლეში, რომელმაც, თავის მხრივ, სკოლას შესწირა ერთჯერადად ორმოცი თუმანი, ყოველ წლიურად დაუნიშნა ათ-ათი თუმანი და მამულიც დაუთმო მას.
1899 წლის 23 თებერვალს მღვდელ იოილს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1901 წლის 27 აპრილს დაინიშნა კომიტეტის თავმჯდომარედ და დაევალა ახალი სკოლის აშენება. 1902 წლის 25 იანვარს კი სასწავლო დარგში ნაყოფიერი სამსახურისათვის მადლობა გამოეცხადა.მას მიღებული ჰქონდა რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედალი. მღვდელი იოილი გახლდათ საუკეთესო მქადაგებელი და ორატორი. მისი წარმოთქმული ქადაგებები მრავლად იბეჭდებოდა იმჟამინდელ ქართულ სასულიერო თუ საერო პრესაში. იგი ასევე თარგმნიდა რუსულიდან ქართულ ენაზე სხვადასხვა ნაწარმოებს, მათ შორისაა პოლ ბურჟეს მოთხრობა „აღსარება“.
16-3 საპატრიარქოს უწყებანი N16 10-16მაისი 2018წ გვ.20
დეკანოზი იოილ გამრეკელი 1853-1932 (დასასრული)
1914 წელს დაიწყო პირველი მსოფლიო ომი და მღვდელი იოილი თავისი სურვილით ფრონტზე წავიდა. 1915 წლის 6 მაისს იგი კავკასიის ფრონტზე, ყარსის ოლქში, სარაყამიშში მდგარი ერთ-ერთი პოლკის კაპელანი გახლდათ. ომიდან დაბრუნებული მოძღვარი თბილისის აისორების წმ. თომა მოციქულის სახ. ტაძარში დაინიშნა. 1923 წლის 6 ნოემბერს დეკ. იოილი საქართველოს ეკლესიის დროებით მმართველს ურბნელ ეპ. ქრისტეფორეს (ციცქიშვილი) სწერდა: „რწმუნებული ჩემდამო ტფილისის კვირაცხოვლის წმ. თომას ეკლესია დაკეტა მთავრობამ წარსულ მაისში ამ მიმდინარე წელში, რის გამოც დავრჩი აი, ეს მეექვსე თვე უადგილოდ, მოკლებული ყოველ ცხოვრების სახსარს. მართალია, ორი ვაჟი მყვანდა სამსახურში, მაგრამ ესენიც დღეს უადგილოდ არიან შტატების შემოკლების გამო და ეს იმედიც მომესპო. ვარ დღეს დიდ გაჭირვებულ მდგომარეობაში ამ აუტანელი სიძვირის დროს და ლუკმა-პურის საშოვნელად საშუალება არსაით მომეძებნება. ქაშვეთის ეკლესიაში დროებით მღვდლობის აღმასრულებელმა დეკ. თხინვალელმა, როდესაც თავი დაანება სამსახურს, მოგმართეთ თქვენ სიტყვიერად, რომ ჩემთვის დაგეთმოთ ადგილი, მაგრამ თქვენ ინებეთ მიცემა მღვდელ-მონაზონ ეფრემისათვის. როგორც შევიტყე, დღეს მამა ეფრემი დაბრუნებულა შიომღვიმეში. უმორჩილესად გთხოვთ, თქვენო მეუფებავ, კეთილი ინებოთ, მომცეთ ქაშვეთის ეკლესიაში დროებითი მღვდლის ადგილი. გთხოვთ, იქონიოთ სახეში როგორც ჩემი დიდი ხნის სამსახური, ისე ის გარემოება, რომ მე დღეს არა ვარ მოკლებული უნარს და ხალისს საქმიანობისადმი“. 1923 წლის 19 ნოემბერს ამ წერილზე ეპ. ქრისტეფორემ შემდეგი მინაწერი გააკეთა: „მღვდელ-მონაზონმა ეფრემმა წასვლის წინ თავის მოადგილედ დატოვა დეკ. ცქიტიშვილი. ამიტომ ქაშვეთის სამრევლოს ვთხოვ, აირჩიოს ორიდან ერთი. ადრე მამა იოილს შევთავაზე მთავარანგელოზთა ტაძარი, რაზედაც უარი თქვა“.
1928 წლის 1 სექტემბერს დეკ. იოილი თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახ. ტაძარზეა მიწერილი, სადაც ჩანს 1929 წლის 1 სექტემბერსაც. 1930 წელს მოხუცებული მოძღვარი პენსიაზე გავიდა. დეკანოზი იოილი 1932 წლის 14 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალეს ვერის სასაფლაოზე. ჰყავდა მეუღლე
ნატალია გრიგოლის ასული (დაბ. 1869წ.) და შვილები: ანა (დაბ. 1881წ.), ალექსანდრა (დაბ. 1884წ.), თამარი (დაბ. 1887წ.), იოანე (დაბ. 1889წ.), ნინო (დაბ. 1892წ.), ირაკლი (დაბ. 1894წ.).