დეკანოზი კირილე სამსონის ძე ჩაჩიბაია დაიბადა 1888 წლის 8 ივნისს მღვდლის ოჯახში. 1901-1906 წლებში სამეგრელოს ოთხწლიან სასულიერო სასწავლებელში სწავლობდა. 1903 წელს ჩარჩა მეორე კლასში, რადგან ვერ ჩააბარა წლის დამამთავრებელი გამოცდები. 1906 წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა, რომელიც 1912 წლის 25 ივლისს დაამთავრა. 1912 წლის 1 სექტემბერს მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების საკათედრო ტაძრის მეორე მედავითნედ და მარტვილის ორკლასიანი სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა. ამავე წლის 21 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) სტიქარი უკურთხა და სასწავლო დარგში კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ქართული ბიბლიით დააჯილდოვა. 1913 წლის 9 ივნისს ამავე ტაძრის პირველ მედავითნედ დაადგინეს. 1914 წელს უშაფათის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მედავითნედ გადაიყვანეს. 1915 წლის 9 იანვარს კიწიის წმ. გიორგის სახელობის ეკლესიაში განამწესეს. 1916 წლის 1 სექტემბერს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა და მარტვილის საკათედრო ტაძრის დიაკვნის შტატში დაადგინა. ამავე წელს ფოთის წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის საკათედრო ტაძრის მეორე დიაკვნის შტატში გადაიყვანეს და ეპარქიალური სანთლის ქარხნის საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე დაამტკიცეს. 1917 წლის 8-17 სექტემბერს მონაწილეობდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის პირველ საეკლესიო კრებაში, როგორც წალენჯიხის ოლქის დეპუტატი. 1918 წელს ზუგდიდის სულთმოფენობის სახელობის ეკლესიაში ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია) მღვდლად დაასხა ხელი და ამავე ტაძარში დაადგინა. ამავე წელს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1919 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში გადაიყვანეს და გალის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ეკლესიის წინამძღვრად დაინიშნა. 1921 წელს გაგრის წმ. იპატის სახელობის ტაძრის წინამძღვრად და გაგრის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა. 1921 წელს სკუფია უბოძეს. 1922 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილი) კამილავკა უწყალობა. 1924 წელს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. XX ს-ის 30-იანი წლების დასაწყისში ეკლესიების მასობრივად დახურვის გამო დროებით შეწყვიტა მსახურება და აფხაზეთის სხვადასხვა სკოლებში პედაგოგად მუშაობდა. 1937 წელს დააპატიმრეს და ჩამოართვეს მთელი ქონება, მათ შორის, საეკლესიო წიგნები, ანაფორა, სამკერდე ოქროს ჯვარი, ბიბლია და მღვდლად კურთხევის სიგელი. ამავე წლის დეკემბერში სამეულის განჩინებით დახვრეტა მიესაჯა, რაც შემდეგში 10 წლის ვადით ჩრდილოეთ ურალში გადასახლებით შეეცვალა. 1943 წელს გათავისუფლდა საპატიმროდან და საქართველოში დაბრუნდა. 1944 წლამდე ისევ აფხაზეთში პედაგოგად მუშაობდა. 1944 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა კალისტრატემ (ცინცაძე) სასულიერო ხარისხში აღადგინა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში განამწესა. მამა კირილეს სოხუმის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის სასაფლაოს ეკლესიაში დაევალა მსახურება. 1945 წლის 9 აგვისტოს რუსეთის საპატრიარქოში გადავიდა და 1945 წლის 25 სექტემბერს დონეცკისა და ვოროშილოგგრადის ეპარქიის, სოფ. ვესელოვსკის წმ. ნიკოლოზის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძლვრად დაინიშნა. 1946 წლის 1 ოქტომბერს დონეცკისა და ვოროშილოვგრადის ეპისკოპოსმა ნიკონმა (პეტინი) განტევების ფურცელი უბოძა და როსტოვისა და ტაგანროკის ეპარქიაში გადავიდა. 1946 წლის 4 ოქტომბერს, როსტოვისა და ტაგანროკის ეპისკოპოს სერაფიმეს (შარაპოვი) ლოცვა-კურთხევით, სოფ. გრეკოვო-სტეფანოვკის ღვთისმშობლის შობის სახელობის სამლოცველო სახლის წინამძღვრად დაადგინეს. 1949 წლის7 მაისს მღვდელი კირილე უწმიდესსა და უნეტარეს კალისტრატეს წერდა: „1945 წლის 9 აგვისტოს, თქვენი უწმიდესობის ნათელი მარჯვენის ლოცვა-კურთხევით, გავემგზავრე რუსეთის მხარეში (დონბასში), სადაც მღვდლობის მოვალეობას ვასრულებ, ყველა საბუთი შემოწმებული და დადასტურებული იყო ცხუმ-აფხაზეთის „მიტროფორნი“ (მიტროსანი დეკანოზი -– გ. მ.) მიხეილ გვაზავას მიერ, დეკანოზ სვიმონ გიგინეიშვილის თანდასწრებით, მაგრამ, ჩემდა სამწუხაროდ, როსტოვის ეპარქიალურ კანცელარიაში ეპისკოპოს სერაფიმის გადაყვანისას, როგორც ჩემი, ისე სხვების პირადი საქმე ვერ აღმოჩნდა. მე ვმსახურობ მღვდლად როსტოვის ეპარქიაში, სადაც მღვდელმთავრად ბრძანდება სერგი (ლარინი), რომლის განკარგულების ქვეშ ვიმყოფები ერთადერთ საშუალო სამრევლოში. ყოვლადსამღვდელო სერგი მადლიერი თვალით მიყურებს და მაქცევს მამობრივ ყურადღებას. მათ მეუფებას დასჭირდა ჩემგან შემდეგი ნარკვევი. თუმცა მე მაქვს ასლი ავტობიოგრაფიის, შემოწმებული: დეკანოზ მიხ. გვაზავას,
29-1 საპატრიარქოს უწყებანი N29 30ივლისი-5აგვისტო 2015წ გვ.20
დეკანოზი კირილე ჩაჩიბაია 1888-1974 (დასასრული)
დეკანოზ ს. გიგინეიშვილის და პროტოდიაკვან ვასილ ლაითაძის, მაგრამ ასეთ ბიოგრაფიას თანდართული უნდა იყოს ნარკვევი, რომელიც მე ამჟამად არ მაქვს. თქვენი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით და ჩემი სურვილისამებრ განვაგრძობ დღემდე სამსახურს მღვდლობისას; ნარკვევი აუცილებრივ საჭიროებას მოითხოვს და მუხლმოდრეკით ვთხოვ თქვენს უწმიდესობას, შეეკითხოთ გიგინეიშვილს და გვაზავას, თუ რამდენადაც სიმართლეს მოითხოვს ჩემი თხოვნა, დააკმაყოფილოთ ზემორე ნათქვამი ნამდვილივით და მით მომანიჭოთ დეკანოზის ხარისხი ამ ჩემი მცხოვანების დროს რუსეთში, რაც შეიძლება დაჩქარებით. სრული იმედი მრჩება თქვენი უწმიდესობის და უნეტარესობის მიერ ჩემი კანონიერი მოთხოვნა იქნება დაკმაყოფილებული. ამასთან, ერთვის ჩემი ავტობიოგრაფია. რასაც თქვენს უწმიდესობას ვსთხოვ უმორჩილესად, დამიბრუნოს. თქვენი უწმიდესობის და უნეტარესობის მოწყალე პასუხს მოველი ამ მისამართით. უწმიდესმა კალისტრატემ ამ წერილს შემდეგი მინაწერი გაუკეთა: „1949 წლის 19 ივნისს გაეგზავნა შეკითხვა მამა ჩაჩანიძეს“. ორი თვის შემდეგ მღვდელმა კირილემ კვლავ გაუგზავნა თხოვნა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კანცელარიის საქმეთა მმართველს და თავისი ნარკვევის საკათალიკოსო ბეჭდით დადასტურება ითხოვა. 1949 წლის 22 ივლისს ამ უკანასკნელ წერილს უწმიდესმა ასე უპასუხა: „გაეგზავნოს ავტობიოგრაფია და ეცნობოს, რომ გვაზავასა და გიგინეიშვილისგან ცნობა სამდივნოში არ არის, ხოლო მის მიერ გადმოწერილ პირს სამდივნო ვერ შეამოწმებს. გამოგზავნოს თვით გვაზავა-გიგინეიშვილის ხელმოწერილი დედანი“. სამწუხაროდ, საარქივო მასალებში აღარ ჩანს, თუ რით დამთავრდა ეს მიმოწერა, თუმცა შემდეგში მღვდელი კირილე უკვე დეკანოზის წოდებით იხსენიება. 1955 წლიდან სტავროპოლის ეპარქიის, ქ. ნალჩიკის ეკლესიის მღვდელმსახურად დაინიშნა. 1963 წელს გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა. 1964 წელს პენსიაზე გავიდა, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე დადიოდა ტაძარში და ეხმარებოდა მღვდელმსახურებს საეკლესიო წესების ალსრულებაში. 1874 წლის 1 თებერვალს ნალჩიკში, ხანმოკლე ავადმყოფობის შემდეგ ღვაწლმოსილი დეკანოზი აღესრულა. 3 თებერვალს სტავროპოლისა და ბაქოს ეპისკოპოს იონას (ზირანოვი) ლოცვაკურთხევით, ყაბარდო-ბალყარეთის ოლქის სამღვდელობამ ნალჩიკის წმ. სვიმეონის სახელობის ტაძარში შეასრულა წირვა და წესის აგება დეკანოზ კირილეს სულის მოსახსენებლად. მწირველი გახლდათ დეკანოზი იონა ოსტაპჩუკი, ხოლო მსახურების ბოლოს ქადაგება წარმოთქვა და განსვენებულის დამსახურებასა და ღვაწლზე ისაუბრა ოლქის მოძღვართ-მოძღვარმა, დეკანოზმა ნიკოლოზ ზაგორუიკომ.