მღვდელ-მონაზონი გრიგოლი, ერისკაცობაში გიორგი ბარძიმაშვილი, 1865 წლის 2 თებერვალს თბილისის გუბერნიაში, თბილისის მაზრაში, სოფ. სართიჭალაში სახაზინო გლეხ მიხეილ და მარიამ ბარძიმაშვილების ოჯახში დაიბადა. სასწავლებელში არ უსწავლია. ქორწინებაში არ ყოფილა. 1892 წლის 16 მარტს თბილისის ფერისცვალების სახელობის მონასტერში მორჩილად განამწესეს, საიდანაც 1894 წლის 12 აგვისტოს მონასტერში ხშირად არ ყოფნის გამო დაითხოვეს.
1895 წლის 10 იანვარს გიორგი ბარძიმაშვილი გორის ეპისკოპოს ალექსანდრეს (ოქროპირიძე) რომელიც ასევე ზედაზნის მონასტრის წინამძღვარი გახლდათ, თხოვნით მიმართავს: „მაქვს სურვილი ვიცხოვრო მონასტერში. გთხოვთ, დამრთოთ ნება თქვენდამი რწმუნებულ ზედაზნის მონასტერში მიღებულ ვიქნე მორჩილის შტატში. ამასთანავე, წარმოვადგენ დოკუმენტებს: 1) დაბადების მეტრიკულ ცნობას; 2) ცნობას ჩემი და ჩემი წინაპრების ყმობიდან გათავისუფლების შესახებ“. სამწუხაროდ, მორჩილი გიორგი ვერც ზედაზნის მონასტერს შეეწყო და აქედანაც, ამავე წლის 2 ივნისს, იგივე მიზეზის გამო დაითხოვეს. 1897 წლის 23 იანვარს ალავერდის ეპისკოპოსმა ბესარიონმა (დადიანი) ალავერდის მონასტრის საძმოში განამწესა.
1897 წლის 30 აპრილს საქართველოს ეგზარქოსის კანცელარიიდან ხირსის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე) წერდნენ: „ეგზარქოს ვლადიმერის (ბოგოიავლენსკი) რეზოლუციის თანახმად, თბილისის გუბერნიის, თბილისის მაზრის, სოფ. სართიჭალის მცხოვრები ალავერდის მონასტრის მორჩილი გიორგი ბარძიმაშვილი მიღებულ იქნა სასულიერო უწყებაში. ამასთან დაკავშირებით, გეძლევათ ნებართვა, აღკვეცოთ ბერად ხსენებული მორჩილი ბარძიმაშვილი და აცნობოთ ამის შესახებ კანცელარიას“. 1897 წლის 5 მაისს არქიმანდრიტმა ლეონიდემ იგი ბერად აღკვეცა და სახელად გრიგოლი უწოდა. 1897 წლის 22 მაისს სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში გორის ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა. 1897 წლის 10 სექტემბერს ქვათახევის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მონასტერში გადაიყვანეს. 1899 წლის 4 იანვარს თბილისის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის მონასტერში უშტატო წევრად მიიღეს და დაევალა ბეთანიის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში მედავითნედ მსახურება. ამავე წლის 25 ოქტომბერს მორჩილის შტატში მიილეს. 1900 წლის 1! მაისს ბერ-დიაკვნის შტატში დაადგინეს. 1903 წლის 12 თებერვალს ეგზარქოსმა ალექსიმ (ოპოცკი) მღვდლად დაასხა ხელი და მცხეთის წმ. ჯვრის სახელობის მონასტერში განამწესა. 1904 წლის 11 თებერვლიდან ამავე წლის 23 1 სექტემბრამდე საეკლესიო წესე- ბის დარღვევის გამო შეჩერებული ჰქონდა მღვდელმსახურება. 1905 წლის 7 მარტს ქვათახევის მონასტერში განამწესეს და ნება დართეს მღვდელმსახურებისა. აქედან მოყოლებული, ვიდრე 1910 წლის 19 მაისამდე, მლვდელ-მონაზონ გრიგოლზე სინოდალურ კანტორაში ინფორმაცია არ მოიპოვება. მის შესახებ ცნობას ვხვდებით გაზეთ „ივერიაში“ 1905 წლის თებერვლის ბოლოს, სადაც ვკითხულობთ: „მღვდელმონაზონ გრიგოლ ბარძიმაშვილს წალკის სოფელ წინწყაროს ბერძნის ბერძენოვის სახლში უნახავს ორი ძველის-ძველი, ტყავზე ხუცურად ნაწერი სახარება. ბერძენოვი სახარებებს თურმე ას თუმნად აფასებს“. 1910 წლის 19 მაისს მღვდელ-მონაზონი გრიგოლი სწერს სინოდალურ კანტორას, რომ ის მსახურობს გარეჯის წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერზე მიწერილ ხაშმის ყოვლადწმინდა სამების სახელობის მონასტერში და ითხოვს ექვსთვიან შვებულებას ყარსის ოლქში, რადგანაც მას მოკვლით ემუქრებიან და საქართველოში დარჩენა სახიფათოა მისი სიცოცხლისათვის. ამავე წლის 24 მაისს მისცეს უფლება, საცხოვრებლად გადასულიყო წმ. იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტერში. 18 ივნისს კვლავ ითხოვს შვებულებას, ექვსი თვით რუსეთში ან თერთმეტი თვით პალესტინაში გამგზავრებისათვის. 23 ივნისს ნება დართეს ყარსის ოლქში გამგზავრებაზე. იგი 3 ივლისს გავიდა თბილისიდან და 6 ივლისს უკვე ყარსშია, სადაც სასტუმრო „ევროპაში" შეჩერდა. 13 ივლისს გაემგზავრა ალექსანდრეპოლში, მაგრამ პოლიციის ცნობით, მამა გრიგოლი იქ აღარ მისულა. მასზე გამოცხადდა ძებნა. როგორც შემდეგ წლებში გაირკვა, მღვდელ-მონაზონმა გრიგოლმა 1911-1912 წლებში იმოგზაურა პალესტინაში და წმინდა მიწაზე უნებართვოდ, პასპორტის გარეშე. 1912 წლის ბოლოს დაბრუნდა
33-1 საპატრიარქოს უწყებანი N33 15-21 ოქტომბერი 2015წ გვ19
საქართველოში და წმინდა სინოდის განჩინებით, რადგანაც ის არ დაემორჩილა ბრძანებას და თვითნებურად იმოგზაურა და თანაც მთელი ამ სამი წლის განმავლობაში დადიოდა საერო ტანისამოსით, აუკრძალეს მღვდელმსახურება და 1913 წლის 20 თებერვალს მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში განამწესეს. ამავე წლის 10 მარტს მან დატოვა მონასტერი. მეორე დღეს შუამთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნესტორი (ყუბანეიშვილი) წერილს აგზავნის სინოდალურ კანტორაში: „მღვდელ-მონაზონი გრიგოლი მოვიდა მონასტერში ამა წლის 20 თებერვალს და იყო აქ 10 მარტამდე. 9 მარტს მან გამომიცხადა, რომ უნდა თბილისში წასვლა და ითხოვდა ბილეთს, რაზედაც უარი ეთქვა, რადგანაც მას სინოდალურმა კანტორამ აუკრძალა მონასტრიდან გასვლა. მან განაცხადა, რომ უკმაყოფილოა კანტორის გადაწყვეტილებით და თანაც ავადმყოფობს და უნდა გამოცხადდეს სასულიერო მთავრობაში და ითხოვოს უკეთესი ადგილი. მან აქ მოსვლისთანავე განაცხადა, რომ არის ავადმყოფი, იშვიათად გამოდიოდა კელიიდან, გარდა იშვიათი გამონაკლისისა და იქცეოდა წესიერად. ამასთან, მან არ იცის რამდენი ხნით გამოგზავნეს და სადამდე აქვს აკრძალული მღვდელმსახურება, ამიტომ ითხოვს ცხოვრებისეულ სახსრებს“. ამ წერილზე სინოდალურმა კანტორამ მამა ნესტორს შემდეგი პასუხი მისწერა „საქმის ხელახალი გადახედვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მღვდელმონაზონმა გრიგოლმა, გაფრთხილების თანახმად, რომ მას ჩამოერთმეოდა ხარისხი დაუმორჩილებლობის შემთხვევა ში და მაინც თვითნებობს, კიდევ ერთხელ მიეცეს უკანასკნელი გაფრთხილება, თუ ის არ მოიშლის თვითნებურ საქციელს და არ დაემორჩილება მონასტრის წინამძღვარს, საერთოდ ჩამოერთმევა მღვდლის ხარისხი. მოუწოდებს მას დაბრუნდეს მონასტერში და შეასრულოს ყველა ის მორჩილება, რასაც წინამძღვარი განუწესებს“. მამა გრიგოლი შუამთაში დაბრუნდა. 1913 წლის 1 აგვისტოს მან კვლავ დატოვა მონასტერი და გაემგზავრა გაურკვეველი მიმართულებით. ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდა მონასტერში და ამავე წლის 9 აგვისტოს დაუდგენელმა პირებმა მონასტერში მყოფი მამა გრიგოლი სიცოცხლეს გამოასალმეს. როგორც ჩანს, მამა გრიგოლის გაფრთხილება მოკვლით მემუქრებიანო, მართლაც აღსრულდა. მკვლელები მთელი ოთხი წლის განმავლობაში ეძებდნენ ხელსაყრელ მომენტს მის მოსაკლავად. სამწუხაროდ, საბუთებში არ ჩანს, თუ რის გამო მოხდა ეს საზარელი დანაშაული. მის შესახებ შუამთის ბერების დაკითხვის შემდეგ სხვადასხვა ვერსია გამოიკვეთა, მაგ.: მღვდელ-მონაზონ იოსების (ლაგაზიშვილი) გადმოცემით, მამა გრიგოლმა შუამთის მონასტერში ყოფნისას რამდენჯერმე მოიპარა ქათმები და კვერცხები; სხვა ბერის გადმოცემით, ქვათახევის მონასტერში ყოფნის ' დროს მას გაულახავს მონასტრის წინამძღვარი; კიდევ სხვა შემთხვევაში მას მონასტრიდან მოუპარავს ცხენი და თბილისში გაუყიდია. ჰქონია ურთიერთობა ყაჩაღებთან და ხშირად აკითხავდა მათ. ბოლოს მა თი ურთიერეთობა შელაპარაკებაში გადაზრდილა, რის შემდეგაც მას მოკვლით დამუქრებიან. სწორედ ამიტომ ითხოვდა ის რუსეთში ან პალესტინაში წასვლას, რათა იქ დამალულიყო.