სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12038

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
იოსტოსი (იოსებ) რამაზის ძე ანდრონიკაშვილი XVIII ს-ის II ნახევარი - 1823წ მღვდელმონაზონი იოსტოსი (იოსებ) რამაზის ძე ანდრონიკაშვილი XVIII ს-ის II ნახევარი - 1823წ მღვდელმონაზონი
ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ანდრონიკაშვილი სია

გამოჩენილი ადამიანები სრული სია

9       ბეჭდვა

იოსტოსი (იოსებ) რამაზის ძე ანდრონიკაშვილი XVIII ს-ის II ნახევარი - 1823წ მღვდელმონაზონი

მღვდელ-მონაზონი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი) XVIII ს-ის II ნახევარი –– 1823
მღვდელ-მონაზონი იოსტოსი, ერისკაცობაში -– იოსებ რამაზის ძე ანდრონიკაშვილი, XVIIII ს-ის II ნახევარში კახეთში, თავად რამაზ გარსევანის (ჯავახი) ძე ანდრონიკაშვილისა და ელისაბედ ელიზბარის ასულ ორბელიანის ოჯახში დაიბადა. ზოგიერთ წყაროებში იგი არქიმანდრიტის წოდებითაც იხსენიება. ჰყავდა ორი დედმამიშვილი: იოანე და მარიამი (+1826, გათხოვილი იყო თავადიოსებ იოანეს ძე შალიკაშვილზე). მამამისი, რამაზ გარსევანის ძე ანდრონიკაშვილი იყო მდივანბეგი და ახლო ურთიერთობა ჰქონდა სამეფო კართან. პატარა იოსები ანჩისხატის ეკლესიასთან არსებულ სასულიერო სემინარიაში სწავლობდა, სადაც საფუძვლიანი განათლება მიიღო. უცნობია, როდის მოხდა მისი ბერად აღკვეცა ან ხელდასხმა. უძველეს ქართულ ხელნაწერებზე გაკეთებული მინაწერებით დგინდება მისი ბიოგრაფიიდან ზოგიერთი დეტალი. 1922 წელს აკ. შანიძის მიერ დავით გარეჯის მონასტრიდან ჩამოტანილ 1787 წელს გადაწერილ ანტონ I-ის „გრამატიკაზე“ წერია, რომ მისი გადამწერია იოსტოსი. ე. ი. 1787 წელს იგი უკვე აღკვეცილია იოსტოსის სახელით. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულია ორბელიანთა გვარის გუჯარი, რომელზეც შემდეგი მინაწერია: „მე, იმის უწმიდესობის არქიდიაკონს იოსტოსს, ჩემმა რძალმა თამარმა გადამაწერინა ეს პირი, როცა ეს სიგელი დაგირავდა, და ჭეშმარიტებით ასე სწერია. და მეც ასე გარდმოვსწერე“. ეს სიგელი დაწერილია 1727 წლის 20 თებერვალს, ხოლო იოსტოსმა ხელმეორედ გადაწერა 1794 წელს. აქედან ირკვევა, რომ 1794 წელს იგი კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის (ბაგრატიონი) არქიდიაკვანია. 1799 წელს ანჩისხატის ტაძრის კანდელაკმა, მღვდელმა გაბრიელ ალექსი-მესხიშვილმა გადაწერა კათოლიკოს ანტონ I-ის (ბაგრატიონი) „მზამეტყველება“, რომლის ბოლოში არის გადამწერის ანდერძი: „სრულ იქმნა წიგნი ესე მზამეტყუელებაი უღირსისა მონის მღუდლის ანჩისხატის კანდელაკის გაბრიილის ხელითა სეკდემბრის 2. მხილველნო, გევედრებით უმკაცრებით წარწერისათვის
38-1  საპატრიარქოს უწყებანი N38 19-25ნოე,მბერი 2015წ გვ.18
მღვდელ-მონაზონი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი) XVIII ს-ის II ნახევარი –– 1823 (გაგრძელება)
ნუ მწყევთ ღვთის სიყვარულისათვის და პატრონსა ამისსა იერომონახს იოსტოს აკურთხევდით. ამისთვის, რამეთუ მისი მიზეზით აღწერილ იქმნა, და მეც მოხსენებულ მყოფდეთ, წელსა ჩღუთ (1799), რათა ღმერთმან თქვენცა მოგიტევნეს შეცოდებანი თქვენნი, უფალო ჩემო მოწყალევ, ნუ გამიწყრებით, რაც თქვენი საკადრისი არ იყოს, და კვალად შეცთომა რამე. იხილოთ, ნუ მგმობთ ღვთის სიყვარულისათვის“. როგორც ამ მინაწერიდან ირკვევა, 1799 წელს იოსტოსი უკვე მღვდელ-მონაზონის ხარისხშია. 1801 წლის 4 ოქტომბერს მთავარეპისკოპოს ანდრია კაბადოკიელის წმ. იოანე ღვთისმეტყველის გამოცხადების თარგმანების წიგნის წარწერაში ვკითხულობთ: „სრულ იქმნა წიგნი ესე... რომელიცა მიბრძანა ყოვლად კეთილმა კაცმან და წერილისა ჩვენისა ზედმიწევნით გამომძიებელმან იოსტოს, ხოლო გვარით ენდრონიკოვმან მე... მონაზონ დიმიტრის აღწერა წიგნისა ამის, თუმცა ჟამისა უჟამობა მაყენებს, მაგრამ უმწვერვალესმა სიყვარულმა მაიძულა“. თ. ჟორდანიას აქვე გაუკეთებია მინაწერი „აქა მოხსენიებული იოსტოსი ცნობილი მწერალია, ფიზიკის მასწავლებელი ტფილისის სასულიერო სემინარიაში; ხოლო „ჟამთა უჟამობა“ იმ არევ-დარევას მიგვითითებს, რომელიც შეუდგა გიორგი XII მეფის სიკვდილსა და რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლასა“, იოანე ბაგრატიონი თავის ნაშრომში „მცირე უწყება ქართველთა მწერალთათვის“ მამა იოსტოსზე წერდა: „ესე იასტოს ანდრონიკეშვილი აღიზარდა კათოლიკოზის ანტონის კრებულთა შორის. ამას ასწავა ფილოსოფია და ღმრთისმეტყველება ვარლაამ ეპისკოპოსმან, ერისთვის შვილმან. ესე არს მონაზონობაში კარგი და განმმარტებელი საღმრთოთა და საფილოსოფოსთა წერილთა კეთილად. ამანვე აღზარდა სხვანიცა მოწაფენი. ხოლო მოწაფეთა მათ შორის იოანე მღვდელი კალოუბნისა უწარჩინებულეს იქმნა სხვათა ზედა, რომელიცა აწ თქვენგან დადგინებულ არს მოძღვრად სკოლასა შინა ქართველთასა. და აგრეთვე ასწავა ფილოსოფია გიორგი აღაბაბაშვილს და იოანე ყულარაღასის შვილს“. ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი თავის ნაშრომში „ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“ მამა იოსტოსზე წერდა: „იოსტოს, მღვდელ-მონაზონი ანდრონიკაშვილი, კაცი ფილოსოფოსი და ერთგული მეფეთა. მოკვდა ვეჯინსა, კახეთში“, XIX ს-ის დასაწყისში ვეჯინის მაცხოვრის ამაღლების სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვრად იხსენიება, როგორც ამას წერს დეკანოზი პოლიევქტოს კარბელაშვილი თავის ჩანაწერებში: „1615 წლის შემოდგომაზე ხმა გავარდა, შაჰ-აბასის ლაშქარი კახეთისკენ მოემართებაო. კახთუბნის მონასტრის წინამძლვარმა მამა იოანემ ბერები შეკრიბა. მამებმა გადაწყვიტეს, მონასტერი არ მიეტოვნებინათ, ხოლო სიწმინდეები მიწისქვეშა საცავებში გადაემალათ. იმ ღამეს მამა იოანეს ღვთისმშობელი ეჩვენა და უბრძანა, სასწაულთმოქმედი ხატი კახთუბნიდან ერთი კილომეტრის მოშორებით, წამებულის მონასტრის წმ. გიორგის ტაძრის სვეტში დაემალათ. ბერებმა მეორე დილითვე აღასრულეს დედა ღვთისას ნება. ცეცხლითა და მახვილით შემოიჭრა კახეთში შაჰ-აბასი. მრავალი მონასტერი სამუდამოდ დაცარიელდა და დაინგრა. დარბევას ვერც კახთუბნის მონასტერი გადაურჩა. 200 წლის შემდეგ, XIX ს-ის დასაწყისში, მონასტერში მცირერიცხოვანი საძმო მოღვაწეობდა იღუმენ გაბრიელის წინამძღვრობით. ბერები დიდხანს ეძებდნენ ხატს მონასტრის საფლავებში, მაგრამ უშედეგოდ. ერთ ღამეს იღუმენს ყოვლადწმიდა ქალწული გამოეცხადა და უბრძანა, ამა და ამ ადგილას ვარ დატყვევებული და გამომიყვანეთო. იღუმენმა მეორე დღესვე დაიბარა ვეჯინის ამაღლების მონასტრის წინამძღვარი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი), გურჯაანის მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი მამა აბრაამი (დემუროვი) და სამლვდელოებისა და მრავალრიცხოვანი მრევლის თანხლებით წამებულის მონასტრისკენ გაემართა. ტაძრის შიდა სვეტს ჩრდილოეთიდან მიადგეს კიბე, გამოიღეს აგურები, ამოაბრუნეს ღვთისმშობლის ხატი და საზეიმო სვლით გადააბრძანეს კახთუბნის მონასტერში". მღვდელ-მონაზონი იოსტოსი მონაწილეობა 1804 წლის მთიულეთის აჯანყებაში და ემხრობოდა ფარნაოზ ბატონიშვილს. გენერალ გაბრიელ ყაზბეგის ჩვენებით, წირვისა და ლოცვის დროს ეკლესიებში კვერექსებზე იხსენიებდა ალექსანდრე და ფარნაოზ ბატონიშვილებს, უმაღლესი სახლეულობის მოსახსენებელი კი იატაკზე დააგდო. აჯანყების დამარცხების შემდეგ იყო ფარნაოზ ბატონიშვილის ამალაში და 1804 წლის 29 ოქტომბერს ქ. ყაზახში დააპატიმრეს, რაზედაც ამავე წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მთავარმართებელი, ინფანტერიის გენერალი პავლე დიმიტრის ძე ციციანოვი (ციციშვილი) წერდა იმპერატორს. წერილში აღნიშნულია, რომ ფარნავაზთან ერთად მთელი მისი ამალა ვ31 კაცი აიყვანეს. ამ სიაში პირველი არქიმანდრიტი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი) წერია. 1805 წლის 2 თებერვალს იგი კვლავ იხსენიება თავად ციციანოვის მიერ სამოქალაქო მრჩე
38-2  საპატრიარქოს უწყებანი N38 19-25ნოე,მბერი 2015წ გვ.19
მღვდელ-მონაზონი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი) XVIII ს-ის II ნახევარი –– 1823 (გაგრძელება)
ველ ტარასოვისადმი გაგზავნილ წერილში, მთიულეთის ამბოხში მონაწილე ბატონიშვილებისა და თავადების დაკითხვის საიდუმლო კომისიის ოქმებში. 1806 წლის აგვისტოში თავდებით გაათავისუფლეს. თუმცა აპირებდნენ მის რუსეთში, ქ. პერმში გადასახლებას, მაგრამ პატიება მიიღო. რადგანაც რუსეთის მთავრობა მამა იოსტოსს აღარ ენდობოდა, ამიტომ იგი ვეჯინში აღარ გაუშვეს და დავით გარეჯის ლავრაში მონასტრის რიგით წევრად განამწესეს. სავარაუდოა, ამ დროს ჩამოართვეს მას არქიმანდრიტის წოდებაც. მღვდელ-მონაზონი იოსტოსი ითვლებოდა ისეთ პირად, რომელსაც შეეძლო უარყოფითად ემოქმედა მოსახლეობაზე და ამიტომ 1813 წლის 12 იანვარს მთავარმართებელი რტიშჩევი სთხოვდა საქართველოს ეგზარქოს ვარლაამს (ერისთავი), მამა იოსტოსი რუსეთის რომელიმე შორეულ მონასტერში გადაესახლებინა. 1815 წლის 28 აპრილს დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ილარიონი (ვაჩნაძე-ბებურიშვილი) გაათავისუფლეს წინამძღვრობიდან და ოსეთის სასულიერო კომისიაში განამწესეს. თელავის მთავარეპისკოპოსი დოსითეოსის (ფიცხელაური) ლოცვა-კურთხევით, იმავე წლის 29 აპრილს დროებით მონასტრის მართვა მღვდელ-მონაზონ ზოსიმეს (სამსონიძე) დაევალა. 1816 წლის 27 მარტს პროკურორი ჭილაშვილი იმყოფებოდა გარეჯის ლავრაში და იქიდან, ჩავიდა რა სოფ. ხაშმში, სინოდალურ კანტორას გაუგზავნა წერილი. იგი თვლიდა, რომ მონასტრის დატოვება წინამძღვრის გარეშე გამართლებული არ იყო და საძმო საჭიროებდა ახალ წინამძღვარს. ასეთ კანდიდატად, მას გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის მლვდელ-მონაზონი იოსტოსი მიაჩნდა. თავის მხრივ, სინოდალურმა კანტორამ გაუგზავნა შეკითხვა მეუფე დოსითეოსს და სთხოვა თავისი, აზრი გამოეთქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. 1816 წლის 17 მაისს მეუფე დოსითეოსმა კანტორას აცნობა, რომ მამა ზოსიმე თავის მოვალეობას ასრულებდა კეთილსინდისიერად და პატიოსნად, არ ჰქონდა არანაირი დარღვევა, იყო გამოცდილი მოღვაწე. თანაც, შეიძლება გარკვეული დროის მერე მამა ილარიონი კვლავ დაუბრუნდებოდა თავის ძველ ადგილს და გამართლებული არ იქნება, რომ მას წართმეოდა წინამძღვრობა. საქმე დაიხურა და მამა იოსტოსი მხოლოდ მონასტრის რიგით წევრად გადაიყვანეს. 1819 წელს სინოდალური კანტორის ბრძანებით მოხდა მონასტრის შტატების აღწერა და დალაგება. მონასტერში მცხოვრებ ბერებს სახელმწიფო ხაზინიდან ოფიციალურად ხელფასები დაენიშნათ. 1819 წლის 7 მარტს გარეჯის მონასტრის ხაზინადარმა, მღვდელ-მონაზონმა ზოსიმემ მონასტრის საძმოს გამოუცხადა ამის შესახებ, რასაც მამები უარყოფითად შეხვდნენ და მეორე დღეს შეადგინეს თხოვნის ბარათი, სადაც ვკითხულობთ: „ჩვენ მიწათა ზედა დავრდომილღნი პირველად მის დიდებულებას თაყვანისვსცემთ, და შემდეგ უწმიდესისა სინოდის კანტორასა, და ჩვენდა ბოძებულს მოწყალებასაც პატივსვსცემთ, მაგრამ ამას მუხლდადგმით ვევედრებით ხელმწიფეს, და უწმიდესის სინოდის კანტორასაც, რომ ჯამაგირის მიუღებლობასა ზე და არ შეგვრისხონ... ვინაითგან მისის დიდებულების უძლეველის მკლავით, და უახოვნესის მხედრობისა ძლით დაცულ არს საქართველო მტერთაგან, და ჩვენ ვართ მშვიდობასა შინა დიდსა, და მოვალეობასა ლოცვით თხოვასა უმეტესად განძლიერებისა მისისასა, მაშასადამე გვამრთებს ჩვენცა რათა მარადის მისის დიდებულების უძლეველს მხედრობას ულოცვიდეთ ამ წმიდას ადგილში და ჩვენ სხვა ვალდებულება მოწყალებისა არა გვქონდეს რა, თვინიერ მოწყალება ერისა, და ჩვენის ხელთსაქმისაგან ცხოვრებისა, ამისთვის რომ, მამათ განწესებისამებრ სიგლახაკითა გვნებავს ცხოვრება...“ წერილს ხელ აწერს მონასტრის მთელი საძმო, რომელიც მაშინ 22 კაცისაგან შედგებოდა. სიაში პირველი წერია მღვდელ-მონაზონი იოსტოსი, რომელიც ამბობს, რომ „არცა ჯამაგირით შემიძლიან და არცა უჯამაგიროდ აქ ცხოვრებაო“. 1822 წლის 9 თებერვალს ეგზარქოს იონასთან (ვასილევსკი) გაგზავნილ გარეჯის მონასტრის საძმოს სიაში მღვდელ-მონაზონი იოსტოსი უკვე აღარ იხსენიება. დავით გარეჯის მონასტერში მოღვაწეობისას მამა იოსტოსი ძველი ქართული ხელნაწერების გადაწერით იყო დაკავებული. მას გადაწერილი აქვს შემდეგი წიგნები: ანტონ I-ის გრამატიკა. გადაწერილი 1787 წელს მა მა იოსტოსის ხელით (აღწერა ა IV. 1396. გვ. 491). ითიკა. წიგნის ბოლოს, 532-ე გვერდზე, გაკეთებული მინაწერით ჩანს, რომ ეს წიგნი გადაუწერია არქიმანდრიტ იოსტოსს 1816 წელს. თეოფილაქტე ბულღარელი. მარკოზის სახარების თარგმანება. პირველი მინაწერი: „სრულ იქმნა მადლითა ქრისტესითა. ამინ. აღვსწერე უღირსმან მღვდელმონაზონმან იოსტოს, წელსა 1806“. იქვე არის მეორე მინაწერიც: „ეს წიგნი, რომელ არს მარკოზის განმარტება, გარდავსწერე მე, ცოდვილმან იერომონახმან იოსტოს, რაოდენ ძალ-მედვა ძალისამებრ და უძღუენ მონასტერსა წმიდისა მრავალმთის დავით გარესჯისასა. გამომწირველი წყეულ იყავნ. ცოდვილი იოსტოს. წელსა ჩყკბ“ (აღწერა ა IV. 1336. გვ. 411). წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი. წიგნზე არის ანდერძი (გადამწერისა): „ესე წიგნი, რომელ არის

38-3  საპატრიარქოს უწყებანი N38 19-25ნოე,მბერი 2015წ გვ.20
მღვდელ-მონაზონი იოსტოსი (ანდრონიკაშვილი) XVIII ს-ის II ნახევარი –– 1823 (დასასრული)
გრიგოლი ღვთისმეტყველი, გარდავსწერე მე, ცოდვილმან იერო მონახმან იოსტოს, რაოდენ ძალმედვა, ძალისაებრ, და უძღვენ მონასტერსა წმიდასა მრავალ მთის დავით გარესჯელისასა. გამომწირველი წყეულ იყავნ. ცოდვილი იოსტოს.  წელსა ჩყკბ“ (1822) (აღწერა ა IV.  1338. გვ. 417). ასევე მისი გადაწერილი უნდა იყოს ანტონ I კათალიკოსისა და ფილიპე ყაითმაზაშვილის მიერ სომხურიდან თარგმნილი „განძი“, ანუ „საუნჯე“, როგორც ამას წერდა კ. კეკელიძე. ამ წიგნის გადაწერა მას 1811 წლის 30 ივნისს დაუმთავრებია. თხზულების ბოლოს არის გადამწერის ანდერძი ასომთავრულად და მხედრულად: „დასასრული წიგნისა ამის საუნჯედ წოდებულისა წელსა 1811. იუნისსა 20: იოსტოს“. პირველი ორი მინაწერით ჩანს, რომ იოსტოსი ცოცხალი ყოფილა 1822 წელს. მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილის სიტყვით იგი გარდაცვლილა დაახლოებით 1823 წელს. პლატონ იოსელიანის სიტყვით კი მამა იოსტოსი გარდაიცვალა 1815 წლის ახლოს, რაც შეცდომაა. XVII ს-ის უკანასკნელ მეოთხედში გადაწერილ წიგნზე „წინამძღვარი“ არის მღვდელ პოლიევქტოს კარბელაშვილის მინაწერი: „ეს წიგნი ნაქონია საქართველოს ეკლესიის მნათობის, იერომონახის იოსტოსის ანდრონიკაშვილისა. იგი, სხვათა შორის, მეგობარი ყოფილა თადია ჩოლოყაშვილისა, რომელიც ცხოვრობდა ყარაბულახში. ერთ საღამოს, ვახშმის შემდეგ, იოსტოსს ულოცნია და უბრძანებია თავის 16 წლის მოსამსახურე ბიჭის გიორგი მახარობლიძისათვის, ამაღამ მე უთუოდ მოვკვდები და არ შეგეშინდესო. დილაზე ჯერ მოურავს შეატყობინე და მერე ფრთხილად თადიას გაუმჟღავნეო. დაწოლილა, დაუკრეფნია გულ-ხელი და სული განუტევებია. დაუსაფლავებიათ დავით გარეჯის მონასტერში. მიამბო კნეინა დუსიამ“. სამწუხაროდ, კნეინა არ ასახელებს წელსა და თარიღს გარდაცვალებისას.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 28.12.2025
ბოლო რედაქტირება 28.12.2025
სულ რედაქტირებულია 1





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0