სულ ვიზიტორი : 61033445238
განთავსებული სტატია : 12049

მთავარი იუბილარი/ ხსენება

მეფე/პატრიარქი/წმიდანები/სინოდი
სასულიერო პირები
ქრისტეფორე (რევაზ) ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილი 1783-1850წწ არქიმანდრიტი დაბ. ახმეტა ქრისტეფორე (რევაზ) ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილი 1783-1850წწ არქიმანდრიტი დაბ. ახმეტა

1783-1850 წწ. გარდ. 67 წლის

ბმულის კოპირება

სასულიერო პირები

გვარი ჩოლოყაშვილი სია

ახმეტა გამოჩენილი ადამიანები სრული სია

5       ბეჭდვა

ქრისტეფორე (რევაზ) ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილი 1783-1850წწ არქიმანდრიტი დაბ. ახმეტა


არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ჩოლოყაშვილი) 1783-1850

არქიმანდრიტი ქრისტეფორე, ერისკაცობაში რევაზ ქაიხოსროს ძე ჩოლოყაშვილი 1783 წელს კახეთში, სოფ. ახმეტაში თავად ქაიხოსრო გრიგოლის ძისა და ხორეშან ოთარის ასულ ჩოლოყაშვილების ოჯახში დაიბადა. მამამისი, ქაიხოსრო, ახმეტაში მცხოვრები ჩოლოყაშვილების ოჯახიდან გახლდათ. ახმეტის ჯვარპატიოსნის სახ. ტაძრის დასავლეთი კარის თავზე მოთავსებულ 1756 წლის წარწერაშიიხსენიებიან გრიგოლ ჩოლოყაშვილი და მისი სამი ვაჟი: გივი, ქაიხოსრო და აბელი. ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ის დროს იგი სახლთუხუცესია. იგი ხელს აწერდა გიორგიევსკის ხელშეკრულების დანართს 1784 წლის 24 იანვარს დავით ორბელიანთან ერთად. 1791 წელს ქაიხოსრო მოსკოვში ჩავიდა, სადაც 1795 წლამდე დარჩა. 1799 წლის დეკემბერში ქართლ-კახეთის უკანასკნელმა მეფე გიორგი XII-მ კახეთის სახლთუხუცესობა მისცა. 1801 წელს იგი წინააღმდეგი იყო დავით და ბაგრატ ბატონიშვილებისა. იმავე წლის 2 იანვარს ბაგრატ ბატონიშვილი გენერალ ლაზარევს წერდა: „სახლთუხუცესი ქაიხოსრო და გიორგი ჩოლოყაშვილები ჩემს ბიძებთან წავიდნენ“. 1804 წლის 29 იანვარს ქაიხოსრომ „კოლეჟსკი სოვეტნიკობა“ მიიღო. 1804 წლის მთიულეთის აჯანყების დროს რუსეთის ხელისუფლებამ  ქაიხოსრო და მისი შვილები აჯანყებულთა მომხრეებად ჩათვალა. 1804 წლის 4 ნოემბერს საქართველოს მთავარსარდალი პავლე ციციანოვი ცხინვალიდან წერდა ვოლკონსკის, რომ კახეთიდან წამოეყვანა ყოფილი სახლთუხუცესი ქაიხოსრო თავისი შვილებით  გრიგოლითა და აბელით. წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში კი ძალაც ეხმარათ მათზე. ქაიხოსრო ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაბარდა თელავის კაპიტან-ისპრავნიკს სოლომკას და თავის ვაჟთან, აბელთან, ერთად თბილისში გაჰყვა. მეორე ვაჟი გრიგოლი ადგილზე არ აღმოჩნდა, იგი ერთერთ სოფელში იყო წასული. თელავიდან 12 ვერსიც არ ჰქონდათ გამოვლილი, რომ ქაიხოსროს ცხენი წაიქცა, იგი იმდენად დაშავდა, რომ შტაბის ექიმმა ვორონჩენკომ შეუძლებლად სცნო მისთვის მგზავრობის გაგრძელება. ქაიხოსრო სოფ. ხოდაშენში დატოვეს, მისი ვაჟი აბელი კი დავით გარეჯის მონასტერში მიიყვანეს და ყარაულის ქვეშ დააყენეს. 1804 წლის დეკემბერში, გამოჯანმრთელების შემდეგ, ქაიხოსრო თბილისში ჩამოიყვანეს და ასევე მკაცრიზედამხედველობა დაუწესეს. იგი პატიმრობაში გარდაიცვალა. „ქაიხოსრო მოკვდა ერთგულად ნამსახური ტუსაღობასა შინა რუსთაგან ტფილისს“.  დეკანოზ იოანე ქართველიშვილის ჩანაწერში 1805

39-1  საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 დეკემბერი 2016წ გვ.18
არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ჩოლოყაშვილი) 1783-1850 (გაგრძელება)

წლის 7 ივნისს ნათქვამია: „ჩოლოყაშვილი ქაიხოსროს საიმტვერიო მივიღე ერთი მანეთი“. ანუ იგი გარდაცვლილა 1805 წლის 7 ივნისის წინა დღეებში. ქაიხოსრო ასევე ნახსენებია „კალმასობაში“.მას ჰყავდა ხუთი შვილი: გრიგოლი (1780- 1831წწ.), აბელი, რევაზი (შემდგომში –- არქიმანდრიტი ქრისტეფორე), ატატო-ანასტასია (1774-1819წწ. სარდალ იოანე ორბელიანის მეუღლე), ანა (ცოლი ჯერ ისაია ახვერდოვისა, მერე გენერალ წ დიმიტრი ზაალის ძე ორბელიანისა). მომავალმა არქიმანდრიტმა პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო. ქართულ ენაზე წერა-კითხვა, წმინდა წერილი, გალობა და საეკლესიო ტიბიკონი შიომღვიმის მონასტერში ისწავლა, სადაც 1803 წლიდან საბერო მორჩილებას გადიოდა. რუსეთში ყოფნის პერიოდში შეისწავლა ცოტაოდენი რუსული ლაპარაკიც. 1803 წელს შიომღვიმეს მონასტერში ანაფორა უკურთხეს. 1804 წლის 10 მარტს არქიმანდრიტმა გერონტიმ (სოლოღაშვილი) ბერად აღკვეცა და სახელად ქრისტეფორე უწოდა.  1806 წელს შუამთის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახ. მონასტერში გადაიყვანეს და ამავე წლის
30 მაისს (მეორე ვერსიით –– 1807 წლის 17 მაისს)  ხარჭაშნელმა ეპისკოპოსმა ნიკოლოზმა (ჩოლოყაშვილი) დიაკვნად აკურთხა. 1807 წელს კათოლიკოსმა ანტონ II-მ (ბაგრატიონი) თავისთან გადაიყვანა  და შესამოსლების მოლარეობა ჩააბარა. 1810 წლის 3 ნოემბერს გადასახლებულ კათოლიკოსს რუსეთში გაჰყვა. 1811 წლის 3 ნოემბერს ანტონ II-მ ხაზინადრობა ჩააბარა. ამავე წელს რუსეთის უწმინდესმა სინოდმა პენსიის სახით -– 25 მან. დაუნიშნა. 1812 წლის (მეორე ვერსიით -–– 1814 წლის) 17 მაისს, კათოლიკოს-პატრიარქის თხოვნით, ქ. ტამბოვში ეპისკოპოსმა იონამ (ვასილევსკი, შემდგომში –– საქართველოს ეგზარქოსი) მლვდლად დაასხა ხელი.
1815 წელს კათოლიკოსმა ანტონ II-მ თავისთან მყოფი მღვდელ-მონაზონ ქრისტეფორეს საქართველოში გამოგზავნა დააპირა და მისთვის უძველესი ბოჭორმის მონასტრის წინამძღვრად დანიშვნა და არქიმანდრიტის წოდების მინიჭება ითხოვა. ამ მიზნით მან 1815 წლის 15 ოქტომბერს სინოდის ობერ-პროკურორს ალ. გოლიცინს წერილი მისწერა:
ცხრა წელიწადია ქრისტეფორე ბერი ერთგულად მემსახურება, ყოველდღე მიწირავს და მილოცავს, გთხოვთ, ბოჭორმის მონასტერში არხიმანდრიტობა უბოძოთ“. ბოჭორმის მონასტერი ამ დროსრუსებს უკვე გაუქმებული ჰქონდათ და ამიტომ თბილისიდან ალ. გოლიცინს უპასუხეს: „ბოჭორმის მონასტერი არის მტერთაგან დანგრეული, ნანგრევების მეტი არა არის რა. ნაწილებიანი ხატი ალავერდშია დაცული, ამაზედ არის მიწერილი და მთავარეპისკოპოსი დოსითეოსი (ფიცხელაური) განაგებს. არხიმანდრიტის თავისუფალი ადგილი არ არის. 1811 წლიდან 13 არხიმანდრიტია უმონასტროდ. ამათგან 2 რუსეთშია“. ალ. გოლიცინს არ უნდოდა კათოლიკოს ანტონისათვის გული ეტკინა და 1816 წლის 10 თებერვალს საქართველოში სინოდალურ კანტორას მაინც მისწერა: „ბერი ქრისტეფორე არხიმანდრიტად აკურთხეთ მაშინ, როცა მაგ 13 არხიმანდრიტს მონასტერი მიეცეს და ახალი ადგილი გაიხსნესო“. თუმცა 1842 წლამდე მამა ქრისტეფორეს ეს ხარისხი არ ეღირსა. კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ II-ის ლოცვა-კურთხევით 1819 წლის 16 ივნისს მღვდელ-მონაზონი ქრისტეფორე საქართველოში დაბრუნდა და დროებით, ვიდრე ადგილი გამოჩნდებოდა ახმეტაში, მამაპაპისეულ სახლში, თავის ძმებთან ცხოვრობდა. 1825 წლის 6 ივლისს (მეორე ვერსიით -–– 1826 წლის 6 ივნისს) შუამთის მონასტრის საძმოში დაინიშნა და ხაზინადრობა დაევალა. 1829 წლის 1 თებერვალს წმ. ანას II ხარისხის ორდენი უბოძეს. 1836 წლის 16 სექტემბერს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1837 წელს მღვდელ ზურაბიშვილთან ერთად მამა ქრისტეფორეს შუამთის მონასტრის ყოფილი წინამძღვრის, არქიმანდრიტ სოფრონის (ერისთავი) საქმის გამოძიება დაევალა. 1838 წლის 7 მარტს კახეთის საეკლესიო მამულების მმართველის თანაშემწედ დაინიშნა.
1838 წლის 18 მარტს საიმპერატორო გვირგვინით შემკობილი წმ. ანას II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1840 წლის 28 ივნისს (მეორე ვერსიით -– 27 აპრილს) სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1841 წლის 15 სექტემბერს იყალთოს ღვთაების ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ევგენიმ (ბაჟენოვი) იღუმენის წოდება მიანიჭა. 1842 წლის 3 აპრილს კახეთის საეკლესიო მამულების მმართველად დაინიშნა. 1842 წლის 4 აპრილს შუამთის მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ნიკიფორე (ჯორჯაძე) ეპისკოპოსად აკურთხეს და მონასტერი უწინამძღვროდ დარჩა. ამავე წლის 9 ივნისს სინოდალურ კანტორაში წინამძღვრის კანდიდატურაზე სამი პიროვნება

39-2   საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 დეკემბერი 2016წ გვ.19
არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ჩოლოყაშვილი) 1783-1850 (გაგრძელება)

შუამთის მონასტერი

იყო წარდგენილი: შიომღვიმის მონასტრის იღუმენი იოანე (იოსელიანი), მარტყოფის ღვთაების ტაძრის იღუმენი იოანე (ჯორჯაძე) და იღუმენი ქრისტეფორე არჩევანი მამა ქრისტეფორეზე გაკეთდა. 1842 წლის 29 ნოემბერს სიონის საკათედრო ტაძარში საქართველოს ეგზარქოსმა ისიდორემ (ნიკოლსკი) მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა და შუამთის მონასტრის წინამძღვრად დაინიშნა. 1849 წლის 8 ოქტომბერს არქიმანდრიტი ქრისტეფორე ეგზარქოს ისიდორეს წერდა: „უპატივცემულესად მაქვს პატივი, მოვახსენო თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, რომელ მახლობელ რწმუნებულისა ჩემდა შუამთის მონასტრისა სიმგვლივ ოთხსავე კუთხით, არანაკლებ მოშორებით ნახევარ ვერსისა, ხშირად აღმოიჩინებიან ტყეში მტერნი ესე იგი ლეკნი, და მეცადინეობენ ყოველ დღე და ღამე რათამცა მოსპონ მონასტერი ესე, გარნა ძმანი ამა მონასტრისანი მღვიძარეობთ და ვყარაულობთ შიგნით გალავნიდამ ამა მონასტრიდან, დაცვისათვის ამა მონასტრისა, რათამცა მონასტერი და ძმანი ამა მონასტრისანი არა აოხრებულ იქმნან აღნიშნულ მტერთაგან, რომელნიცა ორგზის კიდეც მოგვიცვივდნენ ღამე ამა მონასტერსა შინა, და მღვიძარეობისა გამო ჩვენისა ვერ შემობედეს შემოსვლა. ვინაიდგან ჩვენ კრებულთ ყოველ დლე და ღამე არ შეგვიძლიან ყარაულობა ამა მონასტრისა. პირველად -–– რომ დაწესებულნი ყარაულნი ათნი კაცნი არა მდგომარეობენ სრულად და არცა ძალუძსთ ყარაულობა მცირე წლოვანებისა გამო მათისა ამა მონასტერსა ზედა; მეორეს -- ამა მონასტერსა აქუს დაბალი გალავანი და მდგომარეობს სიძველეში და იქცევა, და ყოველთვის მარჯვედ შეუძლიან მტერთ ორსავე მხარეს აღმოსავლეთით და დასავლეთით გადმოვიდნენ და შემოესივნენ ამა მონასტერსა. და აღაოხრონ მონასტერი. კვალადვე იმ განვლილის სეკტემბრის თვის რიცხვში მახლობელ ამა მონასტრისა სოფ. ვარდისუბნის მცხოვრებნი საეკლესიო ყმები ორი სული დაიჭირეს ლეკთ და წაიყვანეს დაღესტანში, მეორეთ ამა მონასტრისავე მახლობლად ამა ოქტომბრის რიცხვში ორი სული მოკლეს, ხელები დააჭრეს და გაიქცენ, ჩვენ, კრებულნი ამა მონასტრისანი, ვსგევართ საშიშარ წერტილზედ და ყოველთვის მოვშიშობთ მტერთაგან. ვსთხოვ რა თქვენს მეუფებას, რომელ იზრუნოთ კრებულისა და მონასტრისათვის, რათამცა პირველად გაუკეთდეს მაღალი ახალი გალავანი დასაცველად ამა მონასტრისა, რომელზედაც ორგზის შემდგარ არს კიდეცა არქიტექტურის ლიპარიტისაგან (იგულისხმება არქიტექტორი რიპარდი -– გ. მ.) სმეტა ამა მონასტრის გალავანსა ზედა, და მეორეთ, დაწესებული მეფეთაგან ათი ყარაული კაცი, მოეცეს უკლებ- ლივ დასაცველად ამა მონასტრისა, რომელზედაც მაქუს პატივი მოხსენებად“. მართლაც, მომდევნო წლის 30 აპრილს სინოდმა დაამტკიცა რიპარდის პროექტი და მამა ქრისტეფორემ მაშინვე დაიწყო მშენებლობა. აგვისტოში ნახევარი საქმე თითქმის გაკეთებული იყო, როცა მონასტერს სახსრები ამოეწურა მშენებლობის გასაგრძელებლად. შეწუხებული წინამძღვარი ეგზარქოსს წერდა, რომ გალავნისათვის დარჩენილი ფულის ნახევარი სასწრაფოდ გამოეგზავნათ და ჩაებარებინათ ეპისკოპოს ნიკიფორესთვის, რომელიც თავის მხრივ მის რწმუნებულ კაცს გამოატანდა შუამთის მონასტერში. ამ თანხით იმედოვნებდა წარმატებულად დაესრულებინა გალავნის მშენებლობა. ამავე წლის 8 სექტემბერს იგი სინოდალურ კანტორას წერდა, რომ „გალავანი ავაშენე ახალი, ერთი საჟენი და ადგილ-ადგილ მომატებული, სიგრძით 607 საჟენი, ხოლო დღეს სიცივის მიზეზით შენება მისი დავაყენე; ესე ახლად აშენებული გალავანი განიხილა არქიტექტორმა რიპარდმა და იგი ყოველსავე გარემოებასა მისსა მოახსენებს სინოდის კანტორასა“. სამწუხაროდ, არქიმანდრიტი ქრისტეფორე ვერ მოესწრო გალავნის მშენებლობის დასრულებას. სიცოცხლის უკანასკნელ წელს მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა. 1849 წლის 8 დეკემბერს იგი ეგზარქოს ისიდორეს (ნიკოლსკი) წერდა: „მაქუს პატივი მოვახსენო მაღალყოვლადუსამღვდელოესობას თქვენსა, რომელ ამა მდგომარის თვის 5 რიცხვსა, მივიღე ერთად ოთხნი მოწერილობანი: 1) თუშთ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუჟნის ნაჩალნიკისგან; 2) ყვარლის უჩასტკის ზასედატელისა; 3) თელავის უჩასტკის ზასედატელისა; 4) თელავის უჩასტკის ზასეტადელ-პომოშნიკისა, რომელნიცა მიმიწვევენ სხვათა და სხვათა ადგილებთა შინა დასასწრებლად ერთსა ვადასა ზედა; მაღალ-

39-3   საპატრიარქოს უწყებანი N39 15-21 დეკემბერი 2016წ გვ.20
არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ჩოლოყაშვილი) 1783-1850 (დასასრული)

ყოვლადუსამღვდელოესო მეუფე და მოწყალეო მწყემსმთავარო მე აღარ ძალმიძს ჯდომა ცხენზედ და მიმოსვლა ყოველთა ადგილებთა და საგამგებლოსა შინა, ჩემი სნეულებისა გამო, და  მოხუცებულობისა გამო ჩემისა. ვინაიდგან თხუთმეტი წელიწადი სრულდება, რაც ვემსახურები მთავრობასა ესრეთითა თანამდებობითა და ხშირად ცხენზედ ჯდომამ და სიარულმან დიდად დამასნეულა, რომელსაც აღარ ძალმიძს თანამდებობისა აღსრულება არა რომლისამე სახითა; ამისთვის ყოვლად უმორჩილესად გთხოვთ თქვენს მაღალყოვლადუსამღვდელოესობას,” კეთილი ინებოთ, მიიღოთ მამობრივი მოწყალება და განთავისუფლებულ მყოთ გამგებლობისა თანამდებობიდან და ვმყოფობდე ჩემდა რწმუნებულსა მონასტერსა შინა“.როგორც ჩანს, ეგზარქოსმა არ დააკმაყოფილა  მისი თხოვნა და ზაფხულში მას მოუწია ფშავში არსებული საეკლესიო მამულების მიმოხილვა, სადაც გაცივდა და 1850 წლის 17 აგვისტოს ხელმეორედ მიმართა თხოვნით ეგზარქოსს: „წარსულის წლის ივლისის თვეში ვიყავი სოფ. თიანეთს და საქმის შესასრულებლად ფშავის ხეობაში სოფ. ქუჩხევს და 17-ს ამა თვისას გავხდი ავად ცხელებისაგან და იქიდან მოყოლებული მწამლობს თელავის მაზრის ექიმი ჩიგიანოვი, ყოველდღე მაცხელებს და არა მაქვს იმედი, მოკლე დროში მივიღო კურნება.
ამის გამო არ ძალმიძს წესისამებრ აღსრულება წინანდელისა ჩემისა თანამდებობისა. ამისთვისუმორჩილესად გთხოვთ, გამანთავისუფლოდ და საქმეების აღსულება მიანდოთ, ვისაც თქვენი  მაღალყოვლადუსამღვდელოება ინებებს, რათა მე საქმის აღუსრულებლობისათვის არა მივიღო ყვედრება მთავრობისაგან“.
საბოლოოდ გამოდის, რომ არქიმანდრიტი ქრისტეფორე ამ მოგზაურობას შეეწირა. მას ასევე აღმოაჩნდა ჭლექი და 1850 წლის 29 ნოემბერს (მეორე 2 დეკემბერს) იგი გარდაიცვალა. შუამთის მონასტრის წევრი, მღვდელ-მონაზონი მაკარი არქიმანდრიტი) იმავედღეს ეგზარქოს ისიდორეს ატყობინებდა წინამძღვრის გარდაცვალებას და თან დასძენდა, რომ „მამა ქრისტეფორეს სურდა დაეკრძალათ იგი მონასტრის ტაძარში, რისი თხოვნაც მან პირადად ვერ მოასწრო, ამიტომ გთხოვთ, დაგვრთოთ ნება, აღვასრულოთ განსვენებულის სურვილი“. მისი ქონების ნაწილი მის ძმისშვილს, ალექსანდრე გრიგოლის ძე ჩოლოყაშვილს გადაეცა. არქიმანდრიტი ქრისტეფორე ქვათახევის მონასტრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ ტარასისა (ალექსი-მესხიშვილი) და დავით გარეჯის ლავრის წინამძღვარ, არქიმანდრიტ თეოფანესთან (მაჩაბელი) ერთად ითვლებოდა მათ რიგებში, რომელთაც ბოლომდე უერთგულეს საქართველოს ეკლესიის ძველ ტრადიციებს და გულის სიღრმეში არ შერიგებიან რუსულ მმართველობას. იგი გახლდათ წმ. კათალიკოს ანტონ II-ის აღზრდილი და ბოლომდე მისი ერთგული დარჩა.

კონტაქტი Facebook

საიტი შექმნილი და დაფინანსებულია დავით ფეიქრიშვილის მიერ, მოზარდებში ისტორიული ცნობადიბოს გაზრდის მიზნით.

დავით ფეიქრიშვილი
დავით ფეიქრიშვილი ატვირთა: 31.12.2025
ბოლო რედაქტირება 31.12.2025
სულ რედაქტირებულია 6





მოიძიე გვარით, სასულიერო პირები, 5000-ზე მეტი ანბანის მიხედვით

2 0

საქართველოს მმართველები უძველესი დროიდან დღემდე

2 0

15000 მდე ქართული გვარი საქართველოში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0

იპოვე შენი გვარი და გაეცანი სად ცხოვრებენ მოგვარეები

საქართველოს მმართველები ძვ. წთ XII-VIII საუკუნის დასაწყისიდან დღემდე

1 0


საქართველოს მეფეები ძვ.წლ. IV-1810 წლები სულ 98 მეფე მეფობის პერიოდი მიახლ 2150 წელი

1 0


3300 გვარი ქართლში ქალაქების და სოფლების მიხედვით

1 0