„ასე რად ამცირებენ ან ქართული ენის მასნავლებლებს, ან მღვდლებს, თუ არა პირადი ანგარიშებისთვის
დეკანოზი ილია 1859 წლის 4 სექტემბერს თბილისის გუბერნიაში, თელავის მაზრის სოფ. ყვარელში, მღვდელ კირილე მათიკაშვილისა და ნინო გულისაშვილის ოჯახში დაიბადა. სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, რომელიც არ დაუმთავრებია. 1880 წლის 21 დეკემბრიდან 1884 წლის 1 აგვისტომდე ყვარლის ორკლასიანი სასოფლო-სახალხო სასწავლებლის პედაგოგად მუშაობდა. 1885 წლიდან სამხედრო სასულიერო უწყებაში მიიღეს და მედავითნედ დაინიშნა, 1885 წლის 30 ნოემბერს დიაკვნად აკურთხეს და თბილისის წმ. ნიკოლოზის სახ. სამხედრო ტაძარში დაადგინეს. ახალგაზრდა მოძღვარი იმთავითვე ჩაერთო საზოგადოებრივი ცხოვრების ფერხულში. ხშირად აქვეყნებდა სხვადასხვა ხასიათის წერილებს იმჟამინდელ ქართულ პრესაში, სადაც სხვადასხვა აქტუალურ თემებს აშუქებდა. 1890 წელს დიაკვანი ილია ქართული საეკლესიო კითხვა-გალობის შესახებ საინტერესო სტატიას აქვეყნებს გაზ. „ივერიის“ ფურცლებზე: „ამ თვის „ივერიის“ 79-ის ახალ ამბებში მოხსენებულია ქ. ტფილისის საბლაღოჩინოს მღვდელთა კრების გარდაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ტფილისის დიაკვნებმა უნდა იარონ ავლაბრის წმინდა მარინეს სამრევლო სკოლაში ოთხშაბათობით და პარასკეობით, საღამოს შვიდს საათზე, სადაც ისინი ისწავლიან მღ. ვასილ კარბელაშვილისაგან ქართულ საეკლესიო გალობასაო. ვინც იცის, რა მდგომარეობაშია ქართული საეკლესიო კითხვა-გალობა, იმათთვის, რასაკვირველია, სასიამოვნოა, სანატრელია ამისთანა მოვლენა. მაგრამ, საუბედუროდ, არ შემიძლიან არ აღვიარო, რომ ეს ერთი ნახევარია იარის წყლულის გასამრთელებლად, მეორე ნახევარი წყლულისა უხეირო კითხვაა. მე იმაზე უკეთესად ვერ დავხატავ, რა გავლენა აქვს ადამიანზე კარგ კითხვას, როგორც გაზეთმა „ივერიამ“ 18 თებერვალს #37-ში გამოსთქვა თავის მეთაურში. დიდი რამ არის, ვინც იცის კარგად წაკითხვა წასაკითხისაო, ამბობს გაზეთი და შემდეგ განაგრძობს: „ხელოვნური კარგი წაკითხვა არა მარტო სასურველია, სასარგებლოც არის, ნამეტნავად იქ, საცა წასაკითხს საქმე გრძნობასთანა აქვს, საცა სიტყვამ გულამდე უნდა მიაღწიოს მთელის თავის სავსეობით, სიღრმე-სიგანით, მთელის თავის მხურვალებით, რომ გული მისძრას-მოსძრას, ჩვეულებრივ თვლემისაგან გამოაფხიზლოს და ფრთა შეასხას ან ნელისა და წყნარის აღტაცებისა და სასოებისათვის, ანუ რისხვისა და წყრომის ქარტეხისა და ჭექა-ქუხილისათვის...“ მკითხველს თუ უნდა თითონვე მიმართოს იმ მეთაურს და მე კი სრულიად ვეთანხმები იმის ავტორს და გულადად ვიტყვი, რომ კითხვას პირველი ალაგი უჭირავს და გალობას მეორე. ახლა ვიკითხავ, საიდამ უნდა იქონიოს ამისთანა გავლენა მკითხველმა მსმენელზე, როდესაც, ზოგჯერ-კი არა, მომეტებულ ნაწილადაც, თითონ არ ესმის, რასაც კითხულობს. აქ საჭიროა ცნობიერი კითხვა და არა მეხანიკური, დიაკვნური. ცნობიერი კითხვისთვინაც ისე უნდა ემზადებოდნენ დიაკვნები, როგორც კარგის გალობისათვის. მამა ვასილ კარბელაშვილი მარტო ვერ გაუძღვება ამისთანა რთულ საქმეს. საჭიროა მთელმა ტფილისის სამღვდელოებამ მიიღოს მონაწილეობა და არ დაზოგოს დრო: კვირაში ორი საათი რომ მოანდომოს თითო მღვდელმა, საქმე წინ წავა. მხოლოდ შესაკრებელი ადგილი განაპირი კი არ უნდა იყოს, როგორც ავლაბარი, შუა ქალაქში, ცენტრში უნდა დაინიშნოს, რაიცა ძლიერ ადვილია. იარმუკის მახლობლად ქ. ტფილისში საღმრთო წიგნთ-საკითხავია, სადაც მსურველნი იკრიბებიან და თითო-ოროლა მამების ხელმძღვანელობით სწავლობენ ცნობიერ კითხვას საეკლესიო წიგნებისას, საღმრთო ისტორიას, გალობას. გალობას სწავლობენ კარბელაანთებურს და გურულს, რომელიც საჭიროა კარბელაანთებურის გალობის შესავსებლად. ჩემის აზრით, არ იქნება ურიგო ეს ორივე ერთ ფერი დაწესებულებანი შეუერთონ ერთმანეთს: რასაც თითოეული ცალკე ვერ მოახერხებს, ორივესთვის ერთად ადვილი მოსახერხებელი იქნება. იმედია, როგორც აქამდის არ დაუზოგავთ თავიანთი შრომა მამა მღ. პ. ყონჩუაშვილსა (იგულისხმება კონჭოშვილი –– გ. მ.) და მელქისედეკ ნაკაშიძეს, გულმოდ- გენით მეცადინეობას, არც ამას იქით დაზოგავენ. ამათ მიემატებათ მამა კარბელაშვილი და სხვები. ამისთანა შეერთებას მეორე უპირატესობაც ექნება. იმათაგანი, რომელნიც ეხლა წიგნთ-საკითხავში დაიარებიან, ბევრნი მიემხრობიან დიაკვნებს და შეეშველებიან ეკლესიაში გალობის დროს, როგორც ეხლა ჩუღურეთის წმ. ნიკოლოზის ეკლესიაშია. თითო დიაკვანი და ორ-ორი, ან სამ-სამი ამათი თანაამხანაგნი პატარა ხოროებს შეადგენენ“. 1893 წლის 24 აგვისტოს დიაკვან ილიას (მეორე ვერსიით -–– 5 სექტემბერს) მლვდლად დაასხეს ხელი
38-1 საპატრიარქოს უწყებანი N 38 14-20დეკემბერი 2017წ გვ.18
დეკანოზი ილია მათიკაშვილი 1859-1929 (გაგრძელება)
და ახტინის სამხედრო ტაძრის კაპელანად განამწესეს. 1895 წლის 20 აგვისტოს ქ. ელიზავეტოპოლის (ეხლ. ქ. განჯა) 156-ე ფეხოსანი პოლკის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძარში გადაიყვანეს. 1898 წლის 8 დეკემბერს ქ. ქუთაისში ადგილობრივ სამხედრო ლაზარეთში არსებულ ყაზანის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახ. ტაძარში დაადგინეს. 1899 წლის 5 ოქტომბრიდან 1905 წლის 30 აგვისტომდე ქუთაისის ექვსწლიანი საქალაქო სასწავლებლის საღვთო სჯულის პედაგოგია.
1901 წლის 5 სექტემბრიდან 1906 წლის 5 ოქტომბრამდე მღვდელი ილია იყო იმერეთის ეპარქიალური სასწავლო საბჭოს ქუთაისის მაზრის განყოფილების თავმჯდომარე და ხაზინადარი. 1902 წელს ქუთაისის ქალთა გიმნაზიაში დაინიშნა. ამასთან დაკავშირებით, ქართული პრესა წერდა: „ქუთაისის დედათა გიმნაზიაში ქართული ენის მასწავლებლად ბ-ნ აკოფოვის ადგილზე დაუნიშნავთ მღვდელი მათიკაშვილი. იგი გულმოდგინედ შესდგომია საქმეს; იმას უკვე შეუდგენია ქართული ენის პროგრამა, მაგრამ, რომ ეს პროგრამა უფრო შემუშავებული ყოფილიყო, მ. მათიკაშვილს უსარგებლნია ს. თ. ხუნდაძის წინადადებით, და 2 ოქტომბერს ქუთაისის საურთიერთო ნდობის საზოგადოების დარბაზში წარუდგინა პროგრამა ქართულის ენის მასწავლებელთა კრებას, რომელსაც ოცამდე კაცი დაესწრო. კრებას ქართული ენის საზოგადო პროგრამა უნდა შეემუშავებინა, მაგრამ რადგანაც ამ კრებას არ დაესწრნენ გიმნაზიისა და რეალურ სასწავლებლის მასწავლებელნი, ამიტომ საზოგადო პროგრამის შემუშავება შემდეგი კრებისათვის გადიდვა. განხილულ და შესწორებულ იქმნა მხოლოდ მ. მათიკაშვილისაგან წარმოდგენილი პროგრამის ერთი ნაწილი, დანარჩენი კი შემდეგის კრებისთვის გადიდვა. ამ შემუშავებულ პროგრამის შინაარსს შემდეგში გავაცნობთ მკითხველებს“. ერთწლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ მღვდელმა ილიამ გაზეთ „ივერიის“ ფურცლებზე პატარა წერილი გამოაქვეყნა, სადაც სასწავლებელზე მდგომარეობაზე და იქ არსებულ მიღწევებზე საუბრობდა: „შარშან, ე. ი. 1902 წელს, ენკენისთვეში, მე დამნიშნეს ქართული ენის მასწავლებლად წმიდა ნინოს ქალების სასწავლებელში. არ შევეხები იმას, რა მითქმა-მოთქმა გამოიწვია მაშინვე ამ ჩემმა დანიშვნამ. ასეც უნდა მომხდარიყო და არც მიკვირდა, რადგან არავინ მიცნობდა. აგერ, გავიდა ერთი წელიწადი, და სასწავლებლის VII კლასის გამოცდის შემდეგ, მადლობა მივიღე ბევრისაგან. გამოცდას დაესწრნენ ისეთნი პირნიც, რომელნიც დიდად დაინტერესებულნი არიან ქართული ენის წარმატებაში და საპატიო ადგილი უჭირავთ საზოგადოებაში. მართალია, XIX ს-ის ლიტერატურის შესახებ არაფერი დაუწერიათ VII კლასელებს, როგორც „ნოვოე ობოზრენი“- ის კორესპონდენტი ანუგეშებდა საზოგადოებას, მაგრამ მცირე დროს შესაფერად შეისწავლეს ზოგი რამ, რაც უფრო საჭირო იყო ამისთანა თემაზედ თხზულების დაწერას, თუ 3-4 წლის შემდეგ მოვესწარით, ღმერთს მადლობას შევსწირავთ: ჯერ ერთი ცოტა გაკვეთილებია ქართული ენისა და მეორე, როგორც ბ-ნმა ს. ხუნდაძემაც აღნიშნა, ქართული ენის სწავლა სავალდებულო არ არის სასწავლებელში და მოწაფეები გულმოდგინედ არ ეკიდებიან; ზოგისთვის სასწავლო წიგნიც კი ვერ მოგვიტანია გაკვეთილზედ. ამ ერთის წლის განმავლობაში ქართული ენის სწავლების გაუმჯობესებას წმ. ნინოს სასწავლებელში ამტკიცებს თვით ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურობის წინამძღოლი თ. ს. ლორთქიფანიძე, რომელიც დიდი წინააღმდეგი იყო ჩემი ქართული ენის მასწავლებლად დანიშვნისა. ასეთი აზრის შეცვლა, ამისთანა ჭკუა დამჯდარი, განვითარებული და პატიოსან მოღვაწისაგან, როგორიც თ. ს, ლორთქიფანიძეა, მგონი უსაფუძვლო არ უნდა იყოს. ამის შემდეგ გამომდგარან ზოგიერთნი ვაჟბატონები და გაიძახიან: „ეხლანდელი მასწავლებლები მცენარეს ფრინველისაგან ვერ არჩევდნენ და ყაყაჩო ხეზედ ზის და გალობსო -- აზეპირებინებდნენ მოწაფეებსო". მღვდლების მასწავლებლად დანიშვნაც ძლიერ უხერხულად მიაჩნიათ, რადგან 840 მანეთად უფრო თავისუფალს კაცს იშოვნიან. ნეტავი გამაგებინა, ასე რად ამცირებენ ეს ვაჟბატონები ან ქართული ენის მასწავლებლებს, ან მღვდლებს, თუ არა პირადი ანგარიშებისთვის? ბარემ ეთქვათ იმ დალოცვილებს, აგერ აქა ვართ, თავისუფალი, მოცლილი კაცები, თანაც ზედმიწევნით ქართული ენის მცოდნენი, გამოაგდეთ ვიღაც მღვდელია და ჩვენ მოგვეცით ეგ ადგილიო, ყაყაჩოს მაგიერ ჩვენ აქლემს შევაჯდენთ ხეზედ და ვაყროყინებთო! ასეა თურმე წესათ განათლებულ ქვეყნებში, სხვა უნდა გაქელო, ტალახში ამოსვარო და შენ ისე ამაღლდე, განსპეტაკდე. საფრანგეთში სამღვდელოებას დევნიან და საქართველოში მღვდელს რომ უბწკინო მაინც, განათლებულს არ დაგიძახებენ. ერთი მითხარით, თქვენ, მოცლილნო -- ქართული ენის გულშემატკივარნო, რომელი ქართველი მღვდელი იცით, რომ მცენარე ფრინველისაგან ვერ გაერჩიოს, ყაყაჩო ხეზედ შეესვას და ეგალობებინოს. ასეთი სიტყვების თქმით, ნეტავი რა გულშემატკივრობას იჩენთ საზოგადოების წინაშე! სხვათა დამცირება და ფეხქვეშ გაჰქელვა არ ვარგა, თორემ თქვენც იცით!.. დასასრულ, ვარწმუნებ პატივცემულ საზოგადოებას და მოსწავლეების მშობლებს, რომ მთელი წლის განმავლობაში, ჩემი მოუცლელობით, გაკვეთილი არ გამომიტოვებია. წინააღმდეგ, სხვის მაგიერადაც მე ვაძლევდი გაკვეთილებს; კითხეთ სასწავლებლის მთავრობას, იმდენი დრო და ენერგია მაქვს, რომ შემიძლიან კვირაში 30 გაკვეთილი მივცე; ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობ; ვისაც სურს, პირადად მომკითხოს აღსნა.
38-2 საპატრიარქოს უწყებანი N 38 14-20დეკემბერი 2017წ გვ.19
დეკანოზი ილია მათიკაშვილი 1859-1929 (გაგრძელება)
რაც შეეხება იმას, ვიცი თუ არა ქართული ენა... ცოტა არ იყოს საჩოთიროა ამის შესახებ ლაპარაკი: თავის ქება კიტრად ღირს. თუ ამ ერთმა წელიწადმა ვერავინ დაარწმუნა, დრო კიდევ წინაა. ამასაც დავსძენ, რომ უნაკლულო კაცთაგანი არავინაა, შეიძლება სრულიად და უნაკლულოდ არ ვიცოდე ენა, მაგრამ ის იმედი კი მაქვს, რომ საქმის სიყვარული ყველა ნაკლს შემივსებს“. 1904 წელს მოძღვარი რამდენიმე თვე ქ. ფოთის 257-ე ფეხოსანი სარეზერვო პოლკის კაპელანი იყო. იმავე წელს ისევ ქუთაისში დააბრუნეს.
1907 წლის 5 სექტემბერს მღვდელი ილია აღმოსავლეთ ციმბირის 16-ე მსროლელი პოლკის მიქაელ მთავარანგელოზის სახ. ტაძრის კაპელანად გადაიყვანეს (ოჯახში შემორჩენილია მოგონება, რომ მოძღვრის ციმბირში გადაყვანა დაკავშირებული იყო მის მეუღლესთან, რომელიც იმ პერიოდში მარქსის ნაშრომებს კითხულობდა და ვიღაცამ დააბეზღა. ხელისუფლებამ იგი ციმბირში გადაასახლა და მამა ილიაც, რა თქმა უნდა, მეუღლეს წაჰყვა). 1914 წლის 18 აგვისტოს პირველი მსოფლიო ომის დროს მისი პოლკი გერმანიის ფრონტზე გადაისროლეს და მღვდ. ილიაც მათთან ერთადაა. 1917 წლის 8 თებერვალს 79-ე ციმბირის პოლკში გადაიყვანეს და ციმბირის მე-20 მსროლელი დივიზიის მთავარხუცესად დაადგინეს. 1917 წლის 8 ივნისს მე-2 ციმბირული მსროლელი კორპუსის სამღვდელოებამ ჩრდილოეთ ფრონტის სამღვდელოების შეკრებაზე თავის წარმომადგენლად აირჩია. 1917 წლის 24 ივნისს ჩატარებულ ამ შეკრებაზე დეკ. ილია ჩრდილოეთ ფრონტის სამღვდელოების მხრიდან მთელი რუსეთის სამხედრო და საზღვაო სამღვდელოების კრებაზე დამსწრე დეპუტატად აირჩიეს, ხოლო 1917 წლის 5 ივლისს უკვე ამ კრებაზე რუსეთის სამხედრო და საზღვაო სამღვდელოების მხრიდან აირჩიეს დეპუტატად რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საეკლესიო კრებაზე დასასწრებად. 1918 წლის 9 ივლისს დეკ. ილია კავკასიის მთავარსარდლის შტაბის განსაკუთრებულ განყოფილებაში განამწესეს, მაგრამ იმავე წლის 29 ივლისს ისევ უკან დააბრუნეს. დაახლოებით 1919 წელს დეკანოზი ილია სამშობლოში დაბრუნდა და ალავერდის ეპარქიაში, სოფ. ყვარლის ერთ-ერთი სამრევლო ჩაიბარა. 1921 წლის 13 ივნისს შედგენილ ალავერდის ეპარქიის სამღვდელოების სიაში აღარ იხსენიება მოქმედ სასულიერო პირთა რიგებში. 1926 წლის 6 მაისს ალავერდის ეპარქიის, ნეკრესის ოლქის მთავარხუცესი, მღვდელი ვასილ მაისურაძე ალავერდელ ეპისკოპოს მელქისედეკს (ფხალაძე) სწერდა: „თანახმად ალავერდის საეპარქიო კანცელარიის მოწერილობისა, ა/წ. 1 აპრილიდან #245 და ს.ს.ს. საბჭოს 28 ნოემბრის 1925წ. #443 დადგენილებისა ეკლესიას ჩამოშორებულ და ანაფორა გახდილ მღვდელთა ცნობების შეკრების შესახებ, მათ მეუფებას მელქისედეკ ალავერდელს მოვახსენებ შეკრებილ ცნობების მიხედვით ჩემდა რწმუნებულ ოლქში სხვადასხვა სამრევლოებში იმყოფებიან შემდეგი ანაფორა გახდილი მღვდლები: სოფ. ყვარელში მათიკაშვილი ილია, მათიკაშვილი ივანე...“ აქ მთავარხუცესი ჩამოთვლის კიდევ რვა სასულიერო პირს. შემდეგ აგრძელებს: „სიტყვიერის შეკითხვისას მათიკაშვილმა ილიამ კირილეს ძემ (ყოფილი სამხედრო დეკანოზი) განაცხადა, რომ მან სავსებით იჯმნა მღვდელობისაგან. მას არა აქვს ნებართვა სამღვდელო ტანისამოსის გახდისათვის, მიწერილი არის ყვარლის კვირაცხოვლის ეკლესიაზედ და არა აქვს სურვილი, დაუბრუნდეს ძველ სამსახურს. მათიკაშვილი ილია იმყოფება მასწავლებლად“. 1929 წლის 19 იანვარს ყოფილი დეკანოზი საქართველოს ცენტრალურ აღმასკომის თავმჯდომარეს ფილიპე მახარაძეს სწერდა: „...ამხანაგო ფილიპე, მე პირადად მინდოდა ტფილისში ჩამოსვლა და ამ საქმის მოხსენება, მაგრამ ამისთვის მატერიალური გარემოება ხელს არ მიწყობს. გთხოვთ გამოიძიოთ საქმე და აღმიდგინოთ მოქალაქეობრივი უფლება“. მიუხედავად ამისა, მისი თხოვნა არ იქნა გათვალისწინებული და 1929 წლის 24 მაისს სრ. საქართველოს ცაკის საორგანიზაციო განყოფილებამ დაადგინა: „როგორც ყოფ. მღვდელს უარი ეთქვას საარჩევნო ხმის უფლების აღდგენაზე“. ამ უარის შემდეგ დიდხანს აღარ უცოცხლია გაწამებულ და დატანჯულ მოძღვარს. შთამომავლების გადმოცემით, იგი იმავე, 1929 წელს აღესრულა. დეკანოზი ილია დედაეკლესიაში ერთგული და თავდადებული სამსახურისთვის დაჯილდოებული იყო: 1899 წლის 5 სექტემბერს საგვერდულით;
38-3 საპატრიარქოს უწყებანი N 38 14-20დეკემბერი 2017წ გვ.20
დეკანოზი ილია მათიკაშვილი 1859-1929 (დასასრული)
1902 წლის 14 მაისს სკუფიით; რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე III-ის სახ. სამახსოვრო ვერცხლის მედლით; 1905 წლის 14 მაისს კამილავკით; 1908 წელს –– რუსეთის წმ. სინოდის მადლობის სიგელით; 1913 წელს თებერვალში -- რომანოვების 300 წლის მეფობასთან დაკავშირებით მოჭრილი საიუბილეო გულზე დასაკიდი მედლით; 1915 წლის 26 მარტს რუსეთის იმპერატორის კაბინეტიდან გაცემული წმ. გიორგის ლენტიანი სამკერდე ოქროს ჯვრით; 1915 წლის 18 აპრილს წმ. ანას III ხარისხის მახვილებიანი ორდენით; 1915 წლის 8 ივლისს წმ. ანას II ხარისხის მახვილებიანი ორდენით; 1917 წლის 20 იანვარს -- წმ. ვლადიმერის IV ხარისხის მახვილებიანი ორდენით; 1917 წლის 1 თებერვალს დეკანოზის წოდებით; 1917 წლის 7 ოქტომბერს -– ენქერით. მეუღლე მარიამ/მაგდანა ილიას ასული შიუკაშვილი (დაბ. 1866წ.) და შვილები: ელისაბედი (თავდაპირველად სწავლობდა ქუთაისის ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში, შემდეგ სწავლა „ განაგრძო ავსტრიაში, სადაც უმაღლესი | განათლება მიიღო. მუშაობდა ქ. რიგაში, ქალთა გიმნაზიაში პედაგოგად. მიღე- ბული ჰქონდა არაერთი ჯილდო. 32 წლის ასაკში მოკლული და გაძარცვული იპოვეს მატარებელში, როდესაც არდადეგებზე სამშობლოში ბრუნდებოდა); იოსები (დაბ. 22.06.1888წ., მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში, სადაც დაიჭრა. რევოლუციის შემდეგ წავიდა ემიგრაციაში, ჯერ ქ. ხარბინში, იქიდან კი აშშ-ი გადავიდა); კირილე (დაბ. 5.08.189ვწ., დაიღუპა პირველ მსოფლიო ომში); სამსონი (დაბ. 27.01.1897წ., სწავლობდა პეტროგრადის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. რევოლუციის შემდეგ თავის უფროს ძმასთან ერთად ისიც ქ. ხარბინში გადავიდა, იქიდან კი აშშ-ი ჩავიდა. 1923 წელს დაამთავრა ბერკლის უნივერსიტეტი. გარდაიცვალა 1961 წელს ქ. ნიუ-იორკში).