ღმერთს უყვარს იხ ხალხი რომელსაც ამისთანა კაცებს გამოუჩენს გაუზრდის და უცოცხლებს დიდხანს დეკანოზი მიხეილ ესტატეს ძე მძინარაშვილი 1839 წელს გორის მაზრის სოფ. დიცში, მღვდლის ოჯახში დაიბადა.
მისი წინაპრები ასევე სასულიერო პირები გახლდნენ, რომელნიც ერთგულად ემსახურებოდნენ საქართველოს დედაეკლესიას. 1781 წელს ნიქოზის ეპარქიაში, სოფ. დიცის სამრევლოში იხსენიება მღვდ. ბესარიონ მძინარაშვილი, რომელიც თავად მაჩაბლის ყმა იყო. მოძღვრის ბაბუა, მღვდელი იოსებ ესტატეს ძე მძინარაშვილი, 1790 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. მიღებული ჰქონდა შინაური განათლება. XIX ს-ის 10-იანი წლების დასაწყისში მღვდლად დაასხეს ხელი და ოსეთის სასულიერო კომისიაში განამწესეს. თავდაპირველად მსახურობდა დიდი ლიახვის ხეობაში, სოფ. დამწვარის ღვთისმშობლის შობის სახ. ტაძარში. 1836 წელს ქეშელთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში იხსენიება. 1843 წლიდან უშტატო მღვდელმსახურია. წელიწადში იღებდა 25 მანეთ პენსიას. მღვდელი იოსები 1871 წლის 18 აპრილს გარდაიცვალა.
მღვდელი ესტატე მამა იოსების ვაჟი იყო. იგი რუისის მაცხოვრის ფერისცვალების სახ. საკათედრო ტაძარში მსახურობდა და წლების განმავლობაში რუისის ოლქის მთავარხუცესი გახლდათ.
1861 წელს მიხეილმა წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. 1861 წლის 21 ივნისს თელავის სასულიერო სასწავლებელში პირველი კლასების მასწავლებლად დაინიშნა. 1864 წლის 4 მარტს სასულიერო სასწავლებლის მმართველობამ ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის მადლობა გამოუცხადა. 1864 წლის 2 სექტემბერს თბილისის სასულიერო სასწავლებელში იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს. 1864 წლის 30 ნოემბერს საქართველოს ეგზარქოსმა ევსევიმ (ილინსკი) დიაკვნად აკურთხა და სემინარიის კარის ეკლესიაში განამწესა მასწავლებლის თანამდებობის შენარჩუნებით. 1866 წლის 1 დეკემბერს კეთილსინდისიერი სამსახურისათვის 35 მანეთით დააჯილდოვეს.
1867 წლის 15 იანვარს მღვდლად დაასხა ხელი და ელიზავეტოპოლის წმ. ზაქარიასა და ელისაბედის სახ. ტაძრის წინამძღვრად განამწესეს. 1867-1876 წლებში ელიზავეტოპოლის გუბერნიაში მდგარი საჯარისო განყოფილების სულიერი მოძღვარია და აღნიშნულ პოლკში ჯარისკაცებს საეკლესიო წესებს უსრულებს. 1868 წლის 16 აპრილს საგვერდულით დაჯილდოვდა. 1868 წლის 16 ნოემბერს ელიზავეტოპოლის სამაზრო სასწავლებელში საღვთო სჯულისა და ქართული ენის მასწავლებლადდაინიშნა. 1870 წლის 1 ივნისს ეს სასწავლებელი კლასიკურ პროგიმნაზიად გადაკეთდა და მღვდელი მიხეილი საღვთო სჯულის მასწავლებლად დაამტკიცეს. 1870 წლის 22 მარტს მწყემსმთავრული მადლობა გამოეცხადა. 1873 წლის 8 აპრილს სკუფია უბოძეს. 1874 წლის 22 მაისს, ავადმყოფობის დროს, კავკასიის სამზრუნველოს სასწავლო ოლქის გადაწყვეტილებით აღნიშნული სასწავლებლიდან სამკურნალოდ მიიღო ფულადი დახმარება -150 მანეთი. 1880 წელს კვლავ გამოეცხადა მწყემსმთავრული მადლობა. 1881 წლის 18 აპრილს კამილავკა ეწყალობა. 1881 წელს პროგიმნაზია გადაკეთდა სრულ გიმნაზიად და მღვდელი მიხეილი აქაც საღვთო სჯულის მასწავლებლად დაინიშნა. 1881 წლის 21 ნოემბერს გიმნაზიაში რამდენიმეწლიანი ნაყოფიერი და თავდადებული მოღვაწეობისათვის ფულადი ჯილდო მიიღო. 1882 წლის 20 ივნისს წითელი ჯვრის საზოგადოებამ თავისი ჯვრით
დააჯილდოვა. 1885 წელს კვლავ გამოუყვეს ფული სასწავლებლიდან სამკურნალოდ, მაგრამ ჯანმრთელობის გაუარესების გამო მან ვეღარ შეძლო მასწავლებლად მუშაობა და მისივე თხოვნით სასწავლებლიდან გათავისუფლდა. 1887 წლის 1 ივნისს 24-წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის გამო სიკვდილამდე 800 მანეთი პენსია დაენიშნა. 1887 წლის
7 დეკემბერს ელიზავეტოპოლის ოლქის მთავარხუცესად აირჩიეს. 1888 წლის 24 აპრილს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო. 1889 წლის 19 მარტს ახალი ტაძრის კურთხევის დღეს დედაეკლესიაში გაწეული ღვაწლისათვის დეკანოზის წოდება მიენიჭა და განსაკუთრებული სიგელი გადასცა. 1889 წლის 12 აპრილს, კავკასიაში ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოების საპატიო წევრად აირჩიეს და მიეცა უფლება, სიკვდილამდე ეტარებინა საზოგადოების თეთრი ვერცხლის ჯვარი. 1891 წლის 3 თებერვალს ელიზავეტოპოლის გუბერნიაში 125 კაცის ქრისტიანობაზე მოქცევისთვის წმ. ანასIII ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1892 წლის 15 მაისს სასწავლო დარგში და სასულიერო ასპარეზზე მრავალწლიანი
25-1 საპატრიარქოს უწყებანი N25 10-23ოქტომბერი 2019წ გვ.18
დეკანოზი მიხეილ ესტატეს ძე მძინარაშვილი 1839-1917 (გაგრძელება)
დეკანოზი მიხეილ მძინარაშვილი (ზის ცენტრში) ელიზავეტოპოლის ოლქის სამღვდელოებასთან ერთად;
კეთილსინდისიერი მოღვაწეობისათვის საეპარქიო მმართველობის წარდგენით რუსეთის წმ. სინოდმა მადლობის ფურცელი უბოძა. 1892 წლის 9 ოქტომბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე დადგინდა დიდი ქართველი მგოსნის, ნიკოლოზ მელიტონის ძე ბარათაშვილის ნეშტის სამშობლოში გადმოსვენების საკითხი. სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ წლების განმავლობაში მისი საფლავი ელიზავეტოპოლში (ეხლ. განჯა) მიტოვებული და ფაქტობრივად დაკარგული იყო. ამ საქმეში თავისი ლვაწლი შეიტანა დეკანოზმა მიხეილმა, რომელიც რამდენიმე ათეული წელი მსახურობდა ელიზავეტოპოლის ტაძარში. აი, რას წერდა იგი 1892 წლის 21 ოქტომბერს გაზეთ „ივერიაში“: „რადგან ნ. ბარათაშვილის საფლავის საქმე ბევრთ ისე გამოარკვიეს, ვითომ ბარათაშვილის საფლავი სრულად დაკარგული იყოს, აღარავითარი ნიშანი და კვალი აღარა სჩანდესო, ამიტომ მე მინდა ორიოდე სიტყვა მოგახენოთ ამის შესახებ, ვითარცა ადგილობრივი ეკლესიის მღვდელ-დეკანოზმა. გარეგან, მართლაც, ძნელი საცნობელია, სად არის განსვენებული დასაფლავებული, რადგან ქვა აღარ ადევს ზედ, მაგრამ მაინც კი დაჭეშმარიტებით შეიძლება იმ ადგილის აღნიშვნა და აი, რა მიზეზით: მე განჯის ალექსანდრე ნეველის ტაძრის მღვდლად დამნიშნეს 1867-1868 წლებში. გზად გამოიარა დამ განსვენებულ ნ. ბარათაშვილისამ, დამოჟნის მოხელეს ბარათაშვილისავე
მეუღლემ და მთხოვა, პანაშვიდი გადამეხადნა, მისის ძმის სულის მოსახსენებლად. მე არ ვიცოდი, სად იყო განსვენებული დასაფლავებული, და მისმა დამ მაჩვენა ეს ადგილი. ამასთან, მითხრა, რომ განსვენებულის საფლავის ქვის შუაგული მარმარილო წარწერითურთ ეკლესიაშია შენახული და ქვა კი დაიმფხვნა, წვიმა-ნიაღვარისაგან გაუქმდაო. მე იმის ჩვენებისამებრ გადავიხადე პანაშვიდი. ის ქვა მართლაც ეკლესიაშია და ეხლაც მაქვს შენახული. ასლი მისის ზედ წარწერისა გამოვუგზავნე კიდეც გენერალს კონსტანტინე მამაცაშვილს და გიორგი სპირიდონის ძე განზიელს, განჯის მაზრის უფროსად ნამყოფს.
ამიტომ მართალი არ არის ის ცნობა, ვითომ განსვენებულის ნ. ბარათაშვილის სამარე დაკარგული იყოს და აღარავინ იცოდეს მისი ადგილი“. მართლაც, რამდენიმეთვიანი მომზადების შემდეგ, 1893 წლის აპრილში პოეტის ნეშტის ელიზავეტოპოლიდან თბილისში გადმოსვენება დაევალა პოეტის ნათესავს, თავად გიორგი ილიას ძე ორბელიანს და წერა-კითხვის საზოგადოების გამგეობის წევრებს – გ. ნ. იოსელიანსა და ალექსანდრე ჭყონიას. 23 აპრილს ისინი ელიზავეტოპოლში ჩავიდნენ და მეორე დღეს, 24 აპრილს, პოეტის ნეშტს მიაგნეს. გვამის ამოსვენების შემდეგ პანაშვიდი გადაიხადა ელიზავეტოპოლის სამღვდელოებამ ქართულ ენაზე მშვენიერი ქართული გალობითვე, სადაც დეკანოზ- მა მიხეილმა იქ მყოფთ სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ქართველებმა უდიდესი ვალი მოიხადეს, ძველ მამამთავართაგან დავედრებული,და მშობელს ქვეყანას მიაბარეს ძვლები იმ კაცისა, რომელსაც თვისვე მამულის ბედი და უბედურება აფიქრებდა. დეკანოზ მიხეილის თაოსნობით სამღვდელოებამ რკინიგზის სადგურამდე მიაცილა პოეტის ცხედარი და დასასრულს, „წმიდაო ღმერთოს“ გალობით შეასვენეს კუბო სპეციალურად მომზადებულ ვაგონში და თავ-ფეხთით სანთლები დაუნთეს.
25-2 საპატრიარქოს უწყებანი N25 10-23ოქტომბერი 2019წ გვ.19
დეკანოზი მიხეილ ესტატეს ძე მძინარაშვილი 1839-1917 (გაგრძელება)
1895 წლის ოქტომბერში ქართველმა საზოგადოებამ დიდი ზეიმით აღნიშნა ქართველი პოეტის რაფიელ ერისთავის 50 წლის იიუბილე. ამასთან დაკავშირებით საქართველოს საეგზარქოსოს პროვინციებში შეიქმნა კომიტეტები, რათა მათაც აღენიშნათ მგოსნის იუბილე. 22 ოქტომბერს ქ. ელიზავეტოპოლის ტაძარში წირვის შემდეგ დეკანოზმა მიხეილმა გადაიხადა პარაკლისი, რომელსაც დაესწრნენ თითქმის მთელი განჯის ქართველობა. პარაკლისის დაწყების წინ, დეკანოზმა მიხეილმა ქადაგებით მიმართა მრევლს და მოუთხრო რაფიელ ერისთავის მოღვაწეობა ლიტერატურულ ასპარეზზე: „სასიხარულო შემთხვევაა ის, რისთვისაც ჩვენ შევიკრიბენით დღეს ამ წმიდა ეკლესიაში, ივერიელნო! საგანი ამ სასიხარულო დღესასწაულისა არის ჩვენი დიდად პატივსაცემელი, ღვაწლით შემოსილი პოეტი თ. რაფ. ერისთავი. ვინ არ იცნობს
ამ კაცს? ვისაც კი რაიმე შეუსწავლია ამ ორმოცდაათის წლის განმავლობაში, ვგონებ, ამ სამშობლოს მოყვარულს ადამიანს ყველა ჩვენგანი იცნობს. დღეს 50 წელი შესრულდა, რაც ეს კაცი დაუღალავად და უსასყიდლოდ მუშაობს ქართულ მწერლობისათვის. ადვილი არ არის ამ დროში კაცი სრული ნახევარი საუკუნე ემსახუროს უბიწოდ და ერთგულად სიმართლესა და სამშობლოსა, როგორც ჩვენი საყვარელი პოეტი რაფიელი. უეჭველად ამისთანა შემთხვევაში უნდა წინ უძღოდეს კაცს განგება ღვთისა და ეწეოდეს მადლი და წყალობა მისი. სამოცდათერთმეტი წლის მოხუცი რაფიელი დღესაც კიდეც არ აძლევს მოსვენებასა თავისს მოხუცებისაგან დასუსტებულს მარჯვენასა და კვლავ ამდიდრებს ქართულ მწერლობასა თავისის მამულისშვილების სახელმძღვანელოდ. რაფიელის ქართული სამწერლო ქმნილებანი მრავალია და ქართველი ხალხის აღზრდას, მის წარმომდინარეობას და ღირსებას უმეტესად შეეხება და არ ვიცი, რომელი მათგანი ამჟამად მის სახსოვრად მოვიხსენიო. უმეტესად ღირსია ყურადღებისა მისი „სამშობლო ხევსურისა“ და ის ლექსები, რომელნიც შეეხებიან გლეხ-კაცის ყოფა-მდგომარეობას. ეს ლექსები შეიცავენ ღრმა აზრებსა, შესანიშნავ გულასაძგერებელს მოძღვრებას და კაცთ-მოყვარეობის მოვალეობის აღსრულებას აღუძრავენ ყოველს უგრძნობელსაც, არამცთუ გრძნობიერს ქართველს. ჭეშმარიტად სანატრელია ამისთანა კაცი ყველა ეროვნებაში. ნეტარება იმისთანა მოკვდავს, რომელიც თავისის ღვაწლით და დაუღალავის ფიქრით და შრომით თავისს თავს უკვდავ მოსახსენებლად გაუხდის თავისს ერის შთამომავლობას. ვინ არ უნდა მიჰბაძოს ამისთანა კაცსა, ვინ არუნდა ეცადოს ამისთანა ქართველობასა! წარმოიდგინეთ, რა დიდი ზნეობრივი სწავლა ისახვის თ. რაფიელის ლექსებში გლეხის შესახებ, რომელშიაც ის მარტავს სიყვარულსა და სიბრალულს თავისს უმცროს მოძმისადმი, ბედისაგან დავიწყებულ და დამდაბლებულ გლეხისადმი და აღუღორძინებს კაცსა სურვილსა და მოვალეობას მისის აღდგინებისათვის. ლექსში: „სამშობლო ხევსურისა“ პოეტი უღვიძებს კაცს სამშობლოს ერთგულს მოვალეობას და სიყვარულს. უნდა გვრწამდეს, რომ
ღმერთს უყვარს ის ხალხი, რომელსაც ამისთანა კაცებს გამოუჩენს, გაუზრდის და უცოცხლებს დიდხანს, რადგანაც ესენი შეადგენენ შთამომავლობისათვის დაუფასებელ საუნჯეს. შეიძლება ეს კაცი ამ 50 წლის განმავლობაში, დაუღალავად მშრომელი სამწერლო ასპარეზზედ, არავითარის ყურადღებისა და ჯილდოს ღირსად არა ჰრაცხდა თავისს შრომასა, მაგრამ დროებამ და ეროვნულმა გრძნობამ დღეს თითონ დააფასეს ეს კაცი და მისი ღვაწლი. მთელი საქართველო დღეს შემოკრებილა და გულით დღესასწაულობს იმის 50 წლის იუბულეს; ათასნაირად ცდილობს საქართველო ღირსი და ჭეშმარიტი მადლობა გამოუცხადოს თავისს საყვარელსა და დაუფასებელს პოეტსა. ამისათვის
სხვა ქართველთა შორის ვთხოვოთ, ძმანო და დანო, მას, რათა ჩვენც გვიგულოს თავის ღრმად პატივისმცემელად. ჩვენც აქ, წინაშე მღვთისა,
გარდავიხადოთ მისი სადღეგრძელო პარაკლისი, შევევედრნეთ მის მოსახელე წმიდა ანგელოსს რაფიელს, რათა დაიცვას შემდეგისათვისაც მისი სიცოცხლე მრავალჟამიერ“. იმავე საღამოს გაიმართა რაფიელის სახელობაზე ქართული წარმოდგენა, სადაც წაიკითხეს მისი ლექსები. აქვე შეიკრიბა მცირედი თანხა 100 მანეთი იუბილარის სახელობაზე. 1894 წლის 15 მაისს დეკანოზი მიხეილის წმ. ანას I ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1897 წლის 6 მა-
25-3 საპატრიარქოს უწყებანი N25 10-23ოქტომბერი 2019წ გვ.20
დეკანოზი მიხეილ ესტატეს ძე მძინარაშვილი 1839-1917 (დასასრული)
ისს წმ. ვლადიმერის IV ხარისხის ორდენი ეწყალობა. 1902 წელს წმ. ვლადიმერისIII ხარისხის ორდენი მიიღო. 1912 წლის 15 მაისს ენქერი უბოძეს. 1914 წლის 23 იანვარს, თავისი თხოვნით, გათავისუფლდა ელიზავეტოპოლის სამრევლოდან. 1914 წლის 13 მარტს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის წინამძღვრად დაინიშნა. 1915 წლის 5 თებერვალს, მოხუცებულობისა და ჯანმრთელობის გაუარესების გამო, პენსიაზე გავიდა.
დეკანოზი მიხეილი 1917 წლის 21 ივნისს, ქ. თბილისში, მიხეილის საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ცხედარი ქაშვეთის წმ. გიორგის სახ. ტაძარში დაასვენეს, სადაც 25 ივნისს საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის მოსაყდრემ, გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) ადგილობრივი სამღვდელოების თანამწირველობით შეასრულა წირვა და წესის აგება. ღვაწლმოსილი დეკანოზი ქაშვეთის ტაძრის ეზოში დაკრძალეს. მას ჰყავდა მეუღლე ალექსანდრა სოლომონის ასული (დაბ. 1847წ.) და შვილები: მართა (დაბ. 1868წ.), ელისაბედი (დაბ. 1870წ.), მიხეილი (დაბ. 1878წ.), ალექსანდრა (დაბ. 1880წ.), გიორგი (დაბ. 1883წ.), ევსტათი (დაბ. 1885წ.), სოლომონი (დაბ. 1887წ.).