15.06.2007
თუ რას გულისხმობს ერთგულება ან რა ძალა აქვს მას, ქვემოთ მოთხრობილი ამბავი ცხადად დაგიმოწმებთ.
...მამა სამსონის დახვრეტიდან თვეც არ იყო გასული, მისი ცხენი დარდით რომ მოკვდა - ვიღაცებს მიბარებულმა პატრონთან განშორება ვერ აიტანა, საკვებზე უარი თქვა და შიმშილით სული დალია, თუმცა ბოლშევიკებმა საწყალ პირუტყვთან ანგარიშის გასწორება მაინც მოასწრეს - გაზეთში გაძვალტყავებული ცხენის ფოტო გამოაქვეყნეს და მიაწერეს: - "სანამ მღვდელს ვატარებდი, მსუქანი და მოვლილი ვიყავი და აი, ახლა რას დავემსგავსე..."
ეს მძიმე და სისხლიანი ამბავი 1937 წლის რეპრესიებისას მოხდა: უღმერთო კომუნისტურ ხელისუფლებას მოთმინების ძაფი გაუწყდა და ხანგრძლივი ტანჯვა-წამებისა და დევნის შემდეგ ერთი ქართული სოფლის, მოხისის ახალგაზრდა და "მოურჯულებელი" მღვდელი სამსონ მძინარაშვილი დააპატიმრა...
მამა სამსონს იქამდეც ხშირად აპატიმრებდნენ - ყოველი აღდგომის წინ, რომ არ ეწირა და სოფლის ეკლესიის ზარები არ ეგუგუნებინა, ჩასვამდნენ ხოლმე საკანში და აღდგომაჩავლილს ისევ უშვებდნენ... ხალხში მისი დიდი ავტორიტეტის ეშინოდათ და, როგორც ჩანს, ამ მიზეზითაც უთმინეს ამდენ ხანს...
მერე მოსთხოვეს - მღვდლობას თავი დაანებე და ეგ წვერიც გაიპარსეო, მაგრამ მამა სამსონმა - მორწმუნე კაცი ვარ, ხალხს როგორ ვუღალატებ, ადექით და მომჭერით თავი, - აღარც მღვდელი ვიქნები და აღარც წვერი მექნებაო...
მორიგი დაპატიმრების შემდეგ, გამოსულა თუ არა, ფოტო გადაუღია (ამის შემდგომი დაპატიმრება უკანასკნელი აღმოჩნდა): - ნაჯაფი, ახალგაზრდა ხელები, ნათელი და დაწმენდილი სახე, მუქი სამოსი, ფეხებთან კი - დაკერებული, ჭრელი აბგა, როგორც უკანასკნელი საგზალი, უკანასკნელი სახსოვარი და აღსასრულის წინასწარმეტყველება...
გზა
მამა სამსონ მძინარაშვილი გორის რაიონის სოფელ დიცში 1894 წელს დაბადებულა. სამი შვილი შესძენია - შოთა, მარიამი და რუსუდანი. ოჯახს თავიდან სოფელ დიცში უცხოვრია, მამა სამსონი იქაურ თავად მაჩაბელთანაც მეგობრობდა.
1921 წელს, როდესაც ოსებსა და ქართველებს შორის კონფლიქტი მოხდა, ოსებს მაჩაბლის ოჯახიდან მათთან ერთად მამა სამსონიც დასახვრეტად გაუყვანიათ, მაგრამ მოძღვარი ერთ მორწმუნე ოს ქალს გადაურჩენია - მღვდელს გადაჰფარებია და უთქვამს: - ჯერ მე მესროლეთ და მერე ამასო... ერთ-ერთი მოძალადე ამ ქალის შვილი ყოფილა...
მამა სამსონი იძულებული გამხდარა, სამაჩაბლოს გამორიდებოდა და ხაშურში დასახლებულიყო. ღვთისმსახურებას ჯერ ხაშურის რაიონის სოფლებში აღასრულებდა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე კი - სოფელ მოხისში.
თავისი მისიის აღსასრულებლად მამა სამსონი ზემოხსენებული ცხენით დადიოდა. როგორც მისი შთამომავალი, პროფესორი ზურაბ გასიტაშვილი იგონებს, ეს ცხენი ფრიად უკარება ყოფილა, - ადამიანს მხოლოდ იმ შემთხვევაში ისვამდა ზურგზე, თუ პატრონი ყურში ჩასჩურჩულებდა...
სამსონ მღვდელი და მასთან დაკავშირებული ამბები, როგორც აღმოჩნდა, იქაურებს დღემდე ახსოვთ: თურმე ცხენი საძოვარზე კილომეტრს იქით რომ ყოფილიყო და პატრონს ჩურჩულით მოეხმო, დაოთხილი გამორბოდა.
ზურაბ გასიტაშვილი: - "პაპას მოსახლეობაში დიდი გავლენა ჰქონია. თურმე მაშინდელ თანამდებობის პირებსაც კი მიჰყავდათ მასთან ღამღამობით შვილები მოსანათლად... მაშინ ხომ უამრავი ტაძარი მოსრეს, შებილწეს და გააუქმეს, მღვდლობაზეც უამრავს ათქმევინეს უარი, რის გამოც პაპაჩემის სამოღვაწეო არეალი სოფელ მოხისზე გაცილებით ფართო გახლდათ.
პაპაჩემის დანიშვნამდე სოფელში ერთ მღვდელს უმსახურია, - სახელი, სამწუხაროდ, არ ვიცი, - რომელიც 1921 წელს ბოლშევიკებს დაუხვრეტიათ... თუ ვინმე პაპას ღვაწლს და მსახურებას შეუქებდა, ეტყოდა ხოლმე: - აბა, მღვდელი ის იყო, რომ ვერ გატეხეს და მოწამედ იქცა, მე იმასთან რა სახსენებელი ვარო...
როგორც გითხარით, პაპას დიდზეც და პატარაზეც დიდი გავლენა ჰქონდა, რასაც კომუნისტები თავიანთი პროპაგანდის მარცხად აღიქვამდნენ. დედა იგონებს, - ეკლესიის ზარი რომ დარეკავდა, მთელი სოფელი ტაძრისაკენ მირბოდაო...
KARIBCHEდედაჩემის ნაამბობით ვიცი, პაპას მღვდლობაზე უარის თქმა და წვერის გაპარსვა რომ მოსთხოვეს, ევედრა თურმე ბებიაჩემი, - დასთანხმდი, შვილები არ დაგვეღუპოსო...
არქივიდან:
"ანტირელიგიური ბრძოლა უნდა ვაწარმოოთ არა ეკლესიების ნგრევითა და მორწმუნეებისათვის რელიგიური ცერემონიების აკრძალვით, არამედ მებრძოლ უღმერთოთა უჯრედების შექმნით... ათეიზმის პროპაგანდით და ჩვენს მთელ ფართო მოსახლეობის მიერ დიალექტიკურ-მატერიალისტური მსოფლმხედველობის დაუფლებით..."
"მუშაობის ეს დარგი სავსებით მივიწყებული აქვს განათლების განყოფილებასაც, მას არც ერთ სკოლაში უღმერთოთა კავშირი არ ჩამოუყალიბებია... ეს კი იწვევს იმას, რომ ზოგიერთ კოლმეურნეობაში, მაგალითად, მოხისში, რელიგიური განწყობილებები ჯერ კიდევ ძლიერია..."
"თვითკრიტიკის საფუძველზე უნდა ითქვას, რომ ჩვენს რაიონში ანტირელიგიური მუშაობა უკანასკნელ დრომდე წარმოადგენს მივიწყებულ უბანს. ამის შედეგია ის, რომ მღვდლებმა აქა-იქ გამოაცოცხლეს თავისი მუშაობა (მოხისი, ხაშური), ეწევიან აგიტაციას მოზრდილ ბავშვთა მოსანათლად და სხვა, ხოლო პარტიული ორგანიზაციები, კომკავშირი, მასწავლებლობა კი არ აწარმოებენ თითქმის არავითარ ანტირელიგიურ მუშაობას..."
გაზეთი "ბოლშევიკური სიტყვა"
#5, 1937 წ.
ამგვარი ფრაზეოლოგიითაა სავსე მაშინდელი წითელი "პრესა" თუ სააგიტაციო ფურცლები და ამ ალიაქოთის "მიზეზი" სწორედ მამა სამსონ მძინარაშვილი გახლავთ (თუმცა გვარისა და სახელის დაკონკრეტებისაგან ძალიან ხშირად თავს იკავებენ - ალბათ ზედმეტ პოპულარიზაციას მოერიდნენ).
მოგვიანებით მებრძოლ უღმერთოთა კავშირის (მუკი) ოფიციალურ ორგანოში, ჟურნალ "მებრძოლ ათეისტში" ისეთ თემებზე იწყეს წერა, როგორიც ანტირელიგიური დრამბრიგადის ჩამოყალიბება და ესტრადის მეშვეობით ანტირელიგიური პროპაგანდა იყო.
...1938 წელს ბრწყინვალე აღდგომა 24 აპრილს უწევდა. მამა სამსონი, როგორც ყოველთვის, აღდგომის წინ, 23 მარტს, დიდმარხვის პირველი კვირის ჩათავებისთანავე დააპატიმრეს - სხვა გზა აღარ ჰქონდათ: თავიანთი დრამბრიგადებით, პროპაგანდითა და კონცერტებით მამა სამსონს ვერაფერი დააკლეს, თანაც ივნისში არჩევნები იწყებოდა, რომელიც ზარ-ზეიმით უნდა ჩაეტარებინათ...
KARIBCHEმენელსაცხებლე დედათა კვირას, სამეულის განჩინებით, იგი დახვრიტეს...
ოჯახს მამა დაპატიმრების შემდეგ აღარც უნახავს. მოგვიანებით (1956 წელს), ხრუშჩოვის ეპოქაში, მისი ხვედრის გასაგებად შთამომავლებმა სათანადო ორგანოებს მიმართეს. უპასუხეს, - გადასახლებაში გარდაიცვალაო.
სრული სიმართლე მხოლოდ 1989 წელს გაირკვა: - "დახვრეტილ იქნა სამეულის გადაწყვეტილებით და რეაბილიტირებულია გივი გუმბარიძის (მაშინდელი ცეკას მდივნის) გადაწყვეტილებით".
მამა სამსონის ვაჟის ჩანაწერებში ამ ტრაგედიამ უმძიმეს გულისტკივილად გამოჟონა: "წვრილშვილისათვის სარჩოს საშოვნად გაფრენილი მამა მერცხალი შურიანმა თვისტომებმა ყვავთან დააბეზღეს: - შენი წყევლისა და ლანძღვის მეტს არაფერს აკეთებსო.
ყვავი, თავის ამხანაგებთან ერთად, გაფრინდა სოფელ მ-სკენ, სადაც მეზობელ სახლში მყოფი მამა მერცხალი შეიპყრო... შურიანი მერცხლები კი ისევ დაჟინებით სწამებდნენ მერცხალს ცილს. ამ საბრალოსაც არ გაუვიდა სიმართლე და მოაშორეს ტკბილ ოჯახს. ეს მოხდა 1938 წლის მარტის 23-ში".
ცრემლში, რომელიც უკანასკნელ გზაზე გაჰყვა მამა სამსონს, ერია ცრემლი მისი ცხენისა, - არსებისა, რომელმაც ასე საარაკოდ უერთგულა თავის საოცარ პატრონს...
დოკუმენტური და ფოტომასალის მოწოდებისათვის
მადლობას მოვახსენებთ ქალბატონ მანანა ყიფიანს.
P.S. მკითხველს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ნებისმიერი მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.
ტელ.: 899-93-48-40; 899-54-82-29
წინასწარ გიხდით მადლობას.
სტატიის ავტორი: მანანა ტუაევა